Marka. ფარაონის ორი მლაშე ტბა.

ხავსიან ლოდებს ვუზივართ ზურგით.
დიდი ხანია ბინდი გვადგა გვირგვინებად –
მთვარის სხივები, მოარულ სულებს მოგვალანდებენ,
რომ უფრო ახლოს,
რომ თვალებიც ამოვიქოლოთ – თუ გაგვიგეს,
რომ ერთმანეთს ვასმევთ სამსალას,
მოუსავლეთში წასასვლელ ნავებს,
ძირს გაუხვრეტენ და ჩაგვძირავენ.
კვირაში ორჯერ,
სახელოსნოს ცივ ვერანდაზე ,
ნეფრიტის ქვას თლის ფირდოუსი.
ათას საღებავს გადაუსვამს – მეკავშირე კარის მხატვარი,
ნეფერტიტი მთელი შუადღე,
თვალსაც კი არ დაახამხამებს -
გაშეშებულს ასხდებიან მხრებზე ბუები.
ჩვენ სიბნელეში შეზიდული სხეულებით,
ერთმანეთში ავიზილებით.
ამომატვიფრავ თხელ მკლავებზე იეროგლიფებს –
ამომატვიფრავ თხელ მკლავებზე იეროგლიფებს –
ჩიტი ლელქაშში.
ქათმისფეხება ურჩხულები.
სოკოების წყევლა დაბოლოს,
ქოსა ჯალათს, შუამდინარეთს გადმოყოლილს,
მარჯვენა ხელის არათითი გავატანოთ სახლში ბავშვებთან –
შვილები - ნილოსს.
გარდაცვლილ მზეს ჭირისუფლად ჩამოუჯდები,
გარეული ბატების გუნდებს დანანებით აყოლებ თვალებს,
ყიყინებენ და მიფრინავენ წყვილად, ბუდისკენ.
ასე მოწყენილს, სველ გუგებში ჩაგიწვები -
მლაშე ტბის ფსკერზე,
მარცვლავ ჩემს სახელს:
კი არა კი არა.
კი არა კი არა.
Comments
Post a Comment