Marka. ამიტას დაკიდებული დარდები


ხელოვნურად გაშენებულ თაღების ქალაქს,

ექვსი კოშკიდან მეშვიდეს რომ თავზე დაადგამს,

ცოცხალ ურჩხულს შინაური ცხოველივით კართან დაგიბამს,

ქერცლიან ტანით და ფასკუნჯის რქოვან ფეხებით

ძნელია თვალი გაუსწორო ორკაპა ენა მოსავსავის გარეცხილ თვალებს -

გარქმევს ნახევარს.

ტუსაღი ხარ. რადგან ქურუმი,

ქალწულობისას, სხვა ქალღმერთის ტაძარში გნახა.

მოიხიბლა შენი თვალებით, ჩადრის მიღმა დალანდული მუქი სხეულით, მიდიების კუნთმაგარ მამრებს, თვალწინ აგართვა, შუამდინარეთს იალქნები შეაბა და ქარი მოღალა - რომ ახლოს ყავდე, ისე ახლოს, აღმოსავლეთი მის საწოლთან იწყებოდეს - გერქვას პოლუსი. შენით რიჟრაჟი ჩამოყავდეს ზეციდან ფეხით და კაჭკაჭები ირმის ნახტომს აფრინდებოდნენ, როგორც ეზოში ხუთშაბათობით, ჭიაკოკონას ახტებიან ჭინკები ღამით.

მის პროცესიას ყოველკვირა თუ არ გაყევი, პროცესიით, სხვა ღმერთების მრისხანებას ნელი სვლით აცხრობს, ჯაჭვს ახსნის ურჩხულს და მოგიქსევს - პატრონს ჩამოჰგავს - თუმცა პატარძალს, მოგიცუცქდეს ერთგული ძუკნა და ფეხები აგილოკოს, ისე გლოკოს ორკაპა ენით, გაოცებულმა დაიჯეროს, რომ ღმერთებმა ტალღასავით შეიბრუნეს უგუნებობა და ქალღმერთი გამოუგზავნეს ბნელეთიდან მუგუზალივით - წუხელ ქალღმერთის ძუძუს თავს კბენდი, თბილი საშოს, ნესტიან კედლებს ანიავებდი.
თუმცა მიწაზე მოსაწყენი გახდა სიცოცხლე, უბრალო მეფეს, შვიდი კოშკის უბრალო ხარატს, განა ისეთი რა შეუძლია, უნაყოფოა - სარცხვინელის სიგრძე-სიგანე, ქალღმერთების სასაცილოა.
და გააშენე, დიდი ბაღი იარუსებით, დაგზავნო შენი ურჩხულისგან დაგესლილი მსახურები ჰორიზონტზე, განედზე, სადმე და ყველა თესლი, მცენარისა ჩამოზიდო, რომ გააღვივო ბაღში სადაც ხელოვნურია ყველა გოჯი და ნიავივით ჩამოვივლი სეირნობისას.
სანამ ღმერთი მოვიდოდა და ოკეანის ნაპირას მჯდარს, სილის კოშკებს დაგინგრევდა, რომ გულამომჯდარს გეტირა ცხრა თვე - ბერძნებს ხარკი გადავუხადე, ყველა ბერძენ მეჭორიკნესთან მქონდა ორგია და ივლისის მთვარიან ღამეს, ბაღის ბნელ მხარეს ვთავაზობდი კუნილუნგუსის ათასგვარ ხრიკებს, ისინი ისე მოიხიბლნენ და აერიათ ტვინი ისე, როგორც მედეა საწმისის მცველ ურჩხულს აშტერებს და მეჭორიკნე, ცნობისმოყვარე ქოსა ბერძნებმა, ისეთი ჭორი მოიგონეს, ისეთი რამ თქვეს - ჩადგა გვალვა. გახმა მცენარე. ამოშრა ჭები და იარუსებს ბზარი გაუჩნდათ. სემირამიდას გაქორწინეს - თითქოს ღამეებს უთენებდი სემირამიდას - ბაღში იდექი - უმღეროდი სერენადებს. გაგავერანეს.
ამიტა დავრჩი სხვა დროში და შენ დაგეკარგე, შენ მიწიდან ამოიზარდე - როგორც ლიანებს კლანჭებს იზრდი, მაღლა მოიწევ - დროს გინდა რომ გაურღვიო ჯაჭვის პერანგი, დაულეწო საუკუნეებს ნეკნი და ასე, დაიბრუნო ნაბუს სახელი.
სემირამიდას ეგონოს რომ მან გაიმარჯვა, მან რა იცის, ისიც არ იცის, მან ჩემს თავზე მადლი მოისხა. დავუბრუნდი ნილოსის და ევფრატის გასწვრივ, ზე ცის საწყისს, ვსახლობ წალკოტში და ხელოვნური მხოლოდ ოქროს სირმები მაქვს - ვმალავ ნაოჭებს.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო