კადრი, პავლიკა


ახალ ბინაში ხუთიოდე ნაბიჯის შემდეგ, შავი, ტყავგაცრეცილი ჩემოდნიდან ტანსაცმელი გადმოვყარე და ისეთი სიჩქარით ამოვათრიე სურათების ალბომი, ზედატუჩზე წვრილმა ოფლმა დამასხა. ოფლი ასევე ნამიანი ხელისგულით გადავიწმინდე და იქვე, ცივ აგურისფერ მეტლახზე ჩავიკეცე. ალბომის ყდა ყავისფერი იყო და ბებიაჩემის ნაქონ ნივთს სულ შემოხეოდა ის საწყალი ყდა. საქმე ისაა, რომ ბებიაჩემი როცა გარდაიცვალა მაისის ბოლოს, და ზუსტად ჩემი დის, კოხტაპრუწა მზიას დაბადების დღეს 4 ივნისს დავმარხეთ, ამ ალბომის დაპატრონება უფროსმა ბიძაშვილმა მანანამ, მწერლის ოჯახში გათხოვილმა მოინდომა, მოინდომა და გააკეთა კიდეც. თუმცა, რამდენიმე თვეში უცნაური რამ დაემართა. ბიჭი ეყოლა, რომელსაც ცხვირზე ცალი ნესტო არ ჰქონდა. ცრურწმენის მიხედვით, ეს ცოდვის გამო დასჯა იყო და ამიტომაც, ეს ალბომი ისევე უკან მოაბრუნა, სოფლის ძველ თაღებიან სახლში ბიძის მხარე გადაკეტილი იყო იმ გასაღებით, რომელიც ერთადერთი არ გახლდათ. სწორედ ასეთი კლიტე ვენახში თაღარს ეკეთა და დღემდე ჩემი საოცნებო ნივთია, რამენაირად მინდა დავითრიო, ის კლიტე და მისი უცნაური მრგვალი გასაღებიც, პატარა. თუმცა საოჯახო ალბომთან ის არაფერ კავშირში არაა.  სხვა გზა არ დამიტოვეს, თან იმ ზაფხულს ზუსტად 35 კილოს ვიწონიდი. სარკმლის მინა ამოვიღე და იქედან შევძვერი. ალბომი ძველ სკივრში ჩადებული ვნახე, თუმცა გადავშალე და ხელიდან გამივარდა. წარმოგიდგენიათ, ყველა ფოტო-სურათი ამოგლეჯილი დამხვდა და გამოტყავებულ, გამოშიგნულ ხბოს ჰგავდა. თუმცა, ამდენ შრომას წყალში ვერ ჩავყრიდი, გადმოვატრიალე და გამიკვირდა, გაზეთიდან ამოჭრილი ის ნაგლეჯი ისევ ზედ ჰქონდა მიკრული - ჩვენი ოჯახის შესახებ რაიონულ პრესაში მოლამ დაწერა. ოჰოო, ჰო. შიგ რაები აღარ ეწერა, ტყუილ-მართალი აეზილა და ციმბირში პაპაჩემმა, თურმე ფეხშველამ კილომეტრები იარა, გაყინულ თოვლში, მოჩვენება დაესხა თავს და უნდოდა შეეცდინა იმ ცისბერკაბიან, გრძელ კოჭამდე შავთმიანს, მაგრამ პაპაჩემი საბა კაჟის ქვასავით მაგრად დაუხვდა. რას არ მოისმენ საკუთარ ოჯახზე. გატყავებულ ხბოში ჩემი ფოტოები ჩავაწყვე. ასე მოვათვინიერე ეს გასული საუკუნის, ურჩი და დაუნდობელი, თითქმის სამაგიეროზე მფიქრობელი საოჯახო ალბომი. აგვისტო ყელში მიჭერდა გაუსაძლის სიცხეს. მაცივარი გუგუნებდა, უცნაური იყო, პირველ სართულზე, სამიოდე წლის ავადმყოფი ბიჭუნა ცხოვრობდა, რომელსაც დედა გადმოსვამდა ხოლმე რკინის რიკულებს შუა და ტოვებდა. ბიჭი ლეღვის ხის ქვეშ მცხოვრებ დედა კატას ესაუბრებოდა, თუმცა უფრო ებლუყუნებოდა, იმიტომ , რომ საწყალი პატარა ენაბლუ იყო. მამალი კატა გადატეხილი და წინაპრეხილი კუდით გვერდულად მიმოდიოდა. იცოდა გაზაფხულზე არ აცდებოდა კვლავ შეტაკებები სხვა მამალ კატებთან და კუნთებს თუ ივარჯიშებდა. კნუტები შორი-ახლოს დახტოდნენ. მოულოდნელად ბიჭმა ზმუილი დაიწყო.    - დედააა, ეზოში მინდა,- გარკვევით გავიგონე.

 არავინაც არ გამოეხმაურა. ზმუილს უმატა და მეტი სიტყვა აღარც დასცდენია საბრალოს. ცოტა ხანში კი სიმღერა დაიწყო. დაახლოებით მრავალჟამიერში ან წინ წყაროში რომ ბანს აძლევენ მსუქანი და დიდღიპიანი კაცნი, აი, ისეთი ხმით. სხვა გზა არ მქონდა. ფანჯარა მივხურე. მაცივრის საყინულედან ყინულები წამოვყარე,  სამზარეულოს ოდნავ ხის ჭიისგან დაფუტურავებულ, ოღონდ ოდნავ, არც ეტყობოდა, ალაგ-ალაგ პატარა ფუტუროები კაკლის მაგიდაზე. მერე, მამაჩემის გამოგზავნილი არყის ბოთლიდან ერთი სირჩა არაყი დავაყენე, დავამატე გამხმარი პიტნა, რომელიც ჩემოდნიდან გადმოცვენილიყო და ყინულები ჩავყარე. მერე რა, რაც შემეძლო, სიგრძე სიგანეზე მეტლახზე გავწექი. საპირპარეშოს კარი გამოვხსენი, სასიამოვნო სიგრილე გამოიფრქვა და ალბომიც გადავშალე.

*

პატარაობის სურათებით ვიწყებდი. ყველა ფოტო პავლიკას გადაღებულია. პავლიკა ასე 26 წლის ბიჭი იყო. ახალსოფლიდან ველოსიპედით დადიოდა ჩვენსა. დიდი აპარატი ჰქონდა, თავის თავზე დიდიც კი, წარმოგიდგენიათ ან აპარატის ზომა, ან ამ ვირგლა პავლიკას თავის ზომა. თავბერასაც ვეძახდით ხოლმე, როცა მოწყენილობისგან ვკვდებოდით და ახალი გასართობი ან გამრთობი გვინდოდა. პავლიკა, პაპაჩემის მოჭადრაკე ანუ მისი ჭადრაკის თამაშისას პარტნიორიც იყო, თან მისი ველოსიპედის გაკეთება მხოლოდ პაპას შეეძლო და გარდა ამისა, შემოსული არ იყო, ბებიაჩემი სუფრას უშლიდა, გარეთ სათონესთან, ამის გამო ითმენდა ამ თავბერა, თავბერაას. თუმცა ერთხელ, გვალვისას, მაინც მიაძახა სქელუა რუსოს, იცოდე,  გაგბერავ. პავლიკა ცალთვალმოჭუტული დარბოდა ამ თავის ველოსიპედზე ამხედრებული. გულისპირზე თავისხელა ზენიტი თუ რაღაც სხვა ფოტოაპარატი ეკიდა და ამის გამო, გვერდულად, გადაზნექილი მორბოდა ხოლმე, თავისი ორთვალათი. მისი გამოჩენა ერთი სიხარული იყო. ლოყებზე წვრილი ჭიამაიებივით გამონაყარი ამშვენებდა, ხოლოს ხელის თითების ფრჩხილები მუდმივად შავი უცნაური, ფისის მაგვარი სქელი მასით ჰქონდა გამოტენილი.
-
პავლიკ, სახლის მშენებლობას სანამ არ დავასრულებთ, ხშირად იარე ჩვენსა - უთხრა ერთ საღამოს, საზამთროს ტკბილი წითელი წვენით სახემოთხუპნულ ფოტოგრაფს პაპამ. პავლიკა იჭყანება, საზამთროს კურკებს აპურჭყებს და მერე სასაცილოდ კი არა, უფრო კი შესაბრალისად იჭყანება.
-
თავი მაინც დააქნიე ორჯერ, იცინის პაპა. პავლიკა კვლავ იჭყანება და იჭყანება, ჩვენ შიშვლები და  ქვიშიანები, მიწაზე ვგორავთ გაგუდულები სიცილისგან.
-
თან იქნებ ეს ჭადრაკიც ისწავლო ამასობაში - ხალისობს პაპა. პავლიკა ამბობს რომ ლენტა აქვს შესაძენი. პაპამ ბებიას დაუძახა, გარდერობიდან ფული ამოაღებინა და ის წითელი თუმნიანი, ერთხელ ჯიბიდან რომ გადმოუვარდა, მე რომ ვიპოვნე და არ ვუჩენდი, ბებიაჩემი რომ მიმიხვდა ისეთი გაყალაზნებული ვიყავი იმ დღეებში, თან წითელი გოჭის ყულაბა ხო მარტო მე მქონდა იმ ხანებში და მოკლედ, უკან დამაბრუნებინეს. თუმცა არ ვიცი, შესაძლოა ჩემი დღიურიც წაიკითხეს მალულად, იქ კი გარკვევით მეწერა, დღეს ინდური ხურმის ქვეშ ვიპოვნე ტკიცინა თუმნიანი, ამ ფულით უახლოეს კვირას თბილისში გავიპარები. მოკლედ, გადაწყდა. პავლიკა მთელი ზაფხული ჩვენთან ირბენდა თავისი აპარატით, ველოსიპედით და დიდი გაბურძნული თავით. აი, ეს ფოტო, მშენებარე სახლის მეორე სართულზე რომ ვდგავართ მე, სოფო და მამა პავლიკამ ზუსტად ათი ცალი დაბეჭდა, ერთი პატარა, მეორე დიდი, მესამე უფრო დიდი, და დანარჩენი აღარ მახსოვს. მამა შუაში დგას, ჩემზე ხელი აქვს მოხვეული, ხოლო სოფოს მხარეს ოდნავ დახრილია. მე ძალიან კარგად მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით მხოლოდ და მხოლოდ სამი წლის ვარ, რომ ამ სურათის გადაღება მოხდა, შუადღეს. მე ქვევით ვეჯექი დედას. დედა როცა გაბრაზდებოდა, გამწარებული იძახდა:
-
დაგრისხათ ღმერთმა, თქვე უბედურებოო და მოგვდევდა. ძირითად იმის გამო, რომ ნაჭამებს ეზოს უკან პირდაპირ სამზარეულოს ფანჯრიდან ვყრიდით, ქათმის ძვლებსა და ატმის კურკებს და ხელებს კი პირდაპირ ღამის წითელ ვარდებიან ფარდაზე ვიწმენდით. ეგ რა არის ერთხელ, მე ნახერხში უკაცრავად და კუჭში გავედი და ის კურკლი შევჭამე. ამის გამო დედაჩემი რომ გამოენთო, დედალ ქორს ჰგავდა, წიწილას რომ უნდა დააცხრეს, რათა თავისი ბარტყი გამოკვებოს, ჯერ კი გავრბოდი, მაგრამ ტრუსიკჩახდილი სად გავიქცეოდი?! მას შემდეგ სკოლაში მისვლამდე აღარ ჩამიცვამს ტრუსიკი. მერე მომბეზრდა ასე ჩახდილი სირბილი. გავიფიქრე - ჯანდაბას მცემოს და დედაჩემიც მომაფრინდა. კარგად მიმბეგვა. საღამოს კი რომ ვთხოვდი ფეხები გაეზილა, მე ხომ იშიაზით ვიტანჯებოდი, ასე მითხრა: - როცა მოგდევ საცემად, გაიქეცი, ნუ დამიდგები ხოლმეო. ხინკალს ახვევს დედა. მე იქვე ვზივარ და ვუყურებ. ეს ჩვევა დღემდე გამომყვა. მიყვარს ყურება, როცა საყვარელი ადამიანი საქმიანობს, ჩალიჩობს რაღაცას. სამზარეულოში სოფო შემოვარდა - წამოდით პავლიკა სურათებს გვიღებსო. დედა არ გამოგვყვა, ფქვილიანი ვარო, მომწყდით თავიდანაო. მე წამოვხტიი. - ოო, რას გავხარ, აბუზღუნდა სოფო. ავარდა მაღლა, არ მოდიანო. მამაჩემმი კი უკან აგზავნის. ნატოს გარეშე არაო. მეც ამოვასკდი ნახევრად დამთავრებულ კიბეს და აი, ლოდინისაგან ნერვებაწეწილმა პავლიკამ ეგრევე დააჩხაკუნა, სწრაფი ფოტოგრაფი იყო. მარცხენა თვალი ისედავ ბუნებრივად მოჭუტული ჰქონდა და ამის გაკეთება აღარ სჭირდებოდა.


*

ჩვენ, თავად სახელგანთქმული პავლიკას არც ერთი ფოტო არ გვქონდა სახლში, თვითონ არ უყვარდა საკუთარი სურათები და სულ წვავდა. ერთხელ, სკოლა იყო უკვე დაწყებული, დავინახეთ მისი ორთვალა, სკოლის კართან მიყუდებული. მოვძებნეთ ჩვენი დიდთავა მეგობარი. პატარა, პირველკლასელებს საალბომო ფოტოებს უღებდა. დაგვინახა თვითონაც და გამოენთო ჩვენკენ. პავლიკამ სკოლის ეზოში გადაგვიღო სურათები. პაპამ, წინასწარ მისცა ფული, იმ დღეებში, რაღაცას უჩიოდა ხოლმე, ბიჭი. მთელი შემოდგომა ველოდეთ, ზამთარიც. არა და არ გამოჩნდა. რომ მოთოვა, პაპამ თქვა ველოსიპედით ვერ ამოვაო, ახალსოფელი კავკასიონის ძირას არის გაშენებული, ძველი გავაზის ადგილას, იქედან ჩამოვიღვეწეთ ჩვენც. ძაან მაგრად ვიბრაზეთ. სულ დიდთავა და სულელი ვიძახეთ პავლიკაზე.

*
  
ახალი წელი უნდა დამდგარიყო. თაფლი, კაკალი, ინდაური, დიდი ღორი, ნამცხვრების მასალა, მანდარინები და ფორთოხლები, ყუთით ლიმონათები და მამაჩემმა მთელი ქვაბით მაღაზიიდან რძეც კი მოათრია. ამაზე ბევრი ვიცინეთ. მთელი ქვაბი. პაპა და ბებო თავიაანთ სამფლობელოში, აგიზგიზებულ ბუხართან ნარდს აგორებენ. პაპა დინჯად თამაშობს. ხუთ ხელს ვუყურეთ და მერე სოფომ ტახტის ქვეშ შეძრომაობა მოინდომა. ეს ძალიან მაგარი თამაშია. იწყება ასე: ვითომ ოთახიდან გავდივართ. მერე, მეორე კარით უკანვე ვიპარებით, ტახტის ქვეშ ვძვრებით, კამათლების ხმაში და თამაშში გართული მოხუცები ყურს იყრუებენ, ჩვენ ეგეც ვიცით. მერე ვკნავით, ვყეფთ, ვზმუით, მეხდაცემული კამეჩივით ვყროყინებთ და ვირის ხმაზეც ვჩოკინობთ, ბოლოს განრისხებული პაპა ან ბებო, გააჩნია რომელმა წააგო ნარდში, მამაჩვენს იხმობს და ეს თამაში, მთავრდება ჩვენი გაძევებით და საწოლებში შერეკვით. თუმცა, რაღაცნაირად გადავაკეთეთ რატომღაც იმ თოვლიან საღამოს თამაში. ჩუმად შევძვერით და გავიტრუნეთ. გავიდა თითქმის ნახევარი საათი ან იქნებ მთელი საუკუნე.

ვრემიის" მუსიკა დაიწყო ტელევიზორში.
პაპამ ჯერ ნარდი დახურა, მერე საოჯახო ალბომი გადაშალა, რომელიც მაგიდაზე ვაშლთან და სათვალესთან ერთად სულ იდო და რაღაცნაირი ხმით ჩაილაპარაკა: ეეჰ, საწყალი პავლიკა, ახალგაზრდა კაცი არ უნდა მომკვდარიყოო.
 

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო