დილის კრუასანი


რამდენგან ვნახე.
სულ მინდა
ვკითხო სახლის პატრონებს,
რატომ დებენ ხატების კუთხესთან,
თითო კაკალს,გირჩას, ქვას ან
მზესუმზირას.
რამდენჯერ მაქვს ამის სურვილი,
იმდენჯერ მავიწყდება  გავუგზავნო ჯარისკაცს
მტრედებს გამობმული კონვერტით
დაუწერელი სასიყვარულო ბარათები,
როგორც  დატოვებულმა სატრფომ.
ობოლ ომის ტყვეს,
შავზღვისპირეთს და ქართლის მინვდრებში
ქარი თუ უბნევს უკან მოსასვლელ
სახლის გზის ბილიკს.

რა გამომდის,
ნაპირზე ვაცურებ ხის დაფაზე დამაგრებულ ფარანს
ანთებულ სანთლით,
გარს შემოვახვევ ფრანს და წარწერებს:
მახსოვხარ სულ.
სულ გელი და უშენოდ არ ვარ.
ზღვის ტალღებს კი მიაქვთ სიღრმისკენ,
ჩამავალ მზის სამფლობელოში
სურვილი
ისევ შეხვედრების, დაბრუნების, გადახვევის ან
გამრავლების.

რატომ ხდება ასე,
გაივლი და პატარა ეკლესიის სარკმელთან
დევს ერთი ცალი კარამელი ან პიტნა ან
დათუნია-შოკოლადი.
ვის უტოვებენ გამვლელები
ტკბილეულს,
თუ წმინდანები
და ღმერთი  სიტკბოებით ჩამდნარნი არიან უკვდავებაში.

დილაა.
ვზივარ ჩუმ კაფეში,
ილუზიების დედოფალი.
წინ შოკოლადის კრუასანი და ქაფქაფა ყავა.
სადაცაა დაიწყება,
კმაყოფილი ერთფეროვნების მეჯლისი -
ახალი სამუშაო დღე
დამთავრებულად დაბადებული.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო