ელექტროდეპო
იმ დღეს დილით მოსული თოვლი შუადღეს ატალახდა. მალევე მობინდდა. სახლში ადრე მოსული მამაჩემი მთვრალი იჯდა ღუმელთან და როგორც იცოდა, თავს აქეთ-იქით აქნევდა. დასაძინებლად ავდიოდი შიდა კიბით მეორე სართულზე.
- დღეს დაწექი ადრევე, გრაფიკი დაირღვა, შუქი არ მოვა.
- რამდენი დასაუთავებელი დამრჩა. დაგრისხათ, ღმერთმა.
- ქალო, ვინა ხარ შენა?! დღეს შუქი არ მოვა. დღეს ყველა ადრე უნდა დაწვეს. ტელევიზორებს არ უნდა ვუყუროთ, დღეს მე ვთიშავ შუქს მთელ რაიონში და არ მოვა.
- რა მოხდა?! რაც მაგ თანამდებობაზე ხარ, არასოდეს გაგიკეთებია ასეთი რამ. გრაფიკს არღვევ და ისედაც დღეობით რომ არ გვაქვს სინათლე, ცეცხლზე ნავთს ასხამ?!
- დაწვნენ ბავშვები და გეტყვი.
- მითხარი, ავიდნენ უკვე.
- მიდი, კარი ჩაკეტე მაშინ.
ურდული გადაწია დედამ.
გავიგე მაინც.
- ბალღები ჩაქოლეს, მე მაგათი პატრონი დედები, ეგენი, ხო ხალხი არ არიან..
- ვინ? რას ამბობ? მთვრალი ხარ, დაწექი.
- ხოო... ვიცი, გაიგე შენ, რასაც გელაპარაკებიან. უდანაშაულო ბალღები არიან, უპატრონოების შვილები. დედა არ ჰყავთ, ზევით უბანში ცხოვრობენ.
- რას ამბობ, ლაშა?
- მაგათ არ უნდა მისცე ხელში ძალა, თორემ შემთხვევით გამდიდრებული კაცი, ოღონდ ფულს ფული მიუმატოს, არაფერზე უკან არ დაიხევს. რაიონის თავკაცმა სიმამრი თავისნაირ არაკაცებს მოაკვლევინა და მისი გადამალული ფულები მიისაკუთრა, მერე ეს ორი ბალღი ტყეში ფიჩხს რომ აგროვებდნენ, დააჭერინა თავის ხელქვეით კაცუნებს, იმ ღორის ფერმაში, სადაც მკვლელობა მოაწყო და ქვით ჩააქოლინა, ვითომ დიდ ბიჭს, რვა წლისას, ავტომატი ხელიდან გაუვარდა და შემოაკვდა მეზობლის პაპისტოლა კაცი.
- არავინ არ ჰყავთ? რატო არ დააჭერინა, თუ დამნაშავეები იყვნენ?! სულ არავინ არ ჰყავთ?!
- მაგათი პატრონი დედები მე, არაკაცების ქვეყანა. ისეთი დროა, თვალების დახუჭვისას და ყურების დახშობისასაც კი სიმწრის და სირცხვილის ოფლი გასხავს, თითქოს ცხელ-ცხელ ნაკვერჩხლებზე დადიხარ. ამ ბიჭების, ჩაქოლილების მამა ავადმყოფია, ჩაწოლილია წლებია. არავინ მოიკითხავს მაგათ სისხლს.
- შერჩებათ. საწყალი, საწყალი, ვაი, მაგათ მკვდარ დედას. დაგრისხათ ღმერთმა, მართლა რა დროში ვცხოვრობთ.
- მიდი, ქალო, დაწექი. წავალ მე ეზოს კარს ჩავკეტავ. დღეს შუქს არ ჩართავს ჩემი მანტიორი ლეკი ტიღა. ვერ გაბედავს. დღეს გოგოებიც ადრე უნდა დაწვნენ.
ნეტა მართლა დამძინებოდა და ამესწრო მამის მოსვლამდე მაღლა, საძინებელში. ქანდაკებასავით გაშეშებული შევწექი საწოლში და საბანი თავზეც კი გადავიფარე. ემბრიონის პოზაში მოვიკრუნჩხე და ვიგრძენი, როგორ წამოვედი. ხო. ხვალ უკვე სხვანაირი იქნება ეს სოფელი, ეს სახლი, მზე, თანაკლასელები.
ყორიანის ტყეოო, ჩემი შვილები მანდ არიან, კარგად შამინახეოო... ყორიანის ტყეოო. ბარჯისხევთან ნისლი იწვა, რძისფერი და რბილი.
წამოვედი, მაგრამ ზაფხულამდე, სანამ სკოლა არ დამთავრებოდა და ბოლო კლასს არ დავხურავდი, სანამ საბუთებს არ შევკრებდი და დედაქალაქის რომელიმე უნივერსიტეტში, თუნდაც, ალმა-მატერში არ შევიტანდი, როგორ წამოვიდოდი?!
თუმცა ერთწამს დაიხურა დიდი კარი, ჩაიზარა. Gაილანდა და გაწყდა ძაფი, რომელიც ადგილობრივებთან მაკავშირებდა.
***
სკოლის ბოლო კლასში პირველ გაკვეთილს ყოველთვის ვაცდენდი. დილით მეძინებოდა. დედა, როგორც ჩანს, მამას გაჰყვა რაიონულ ცენტრში, რაღაც პრობლემები ჰქონდა, მკურნალობდა. ჩემი დაც მამაჩემს დაჰყვებოდა. ბებიაჩემს კიდევ არ უყვარდა ჩემი გაღვიძება. იცოდა, თუ ადრე ავდგებოდი, ეგრევე ნაღველი შემაწუხებდა. ჩამოვედი კიბეზე და დგას ბებიაჩემი დიდი ჩამჩით.
- მოდი, წიწიბურა გაგიკეთე, მოდი, აბა, გასინჯე.
ხელი მქონდა კუჭთან მიტანილი მთელი ღამის უძინარს. რა დამაძინებდა, ჩამთვლემდა და მამის ხმა მაღვიძებდა: ობლები. ბიჭები. ამათი.
სახლის უკან ქვის გალავანთან წავიდა. მოკრიფა პიტნა და ადუღებული წყალი დაასხა.
- დალიე, პიტნის ნაყენი, ხო იცი, რომ გშველის და წამოწექი, შვილო.
პაპა რომ გარდაიცვალა, მე ვიყავი, ვინც პაპის მხარეს ბებიაჩემის გვერდით დავწექი. ეს მე უფრო მჭირდებოდა, ვიდრე ბებიაჩემს, პაპამ იქ დალია სული. მე მახსოვს მის მფეთქავ სასულესთან რაღაც გორგალი. ორმოცამდე დოქით წყალსაც მე ვუსხამდი ალუჩას და პაპის სულის კუთხესაც მე ვუნთებდი სანთელს.
- ღამე ტრუსი უნდა გაიხადო, შეგაწუხებს, _ მეუბნება ბებიაჩემი.
ვიხდი, ვუჯერებ. მეშვება რაღაც.
- ოქროს კალიცო რომ მაქვს, ვეტყვი ბიცოლაშენს და შენ გაჩუქებ.
ასე ვიყავით, მაგრამ მერე დებმა გაიგეს საცვლის ამბავი. ბიცოლაჩემიც გაიბრუნჩა, მე მომეცი და ჩემიაო და მეც მაღლა ავიბარგე.
***
პიტნის ნაყენმა კუჭი დამიმშვიდა. წიწიბურა ორჯერ დავიმატე, უკვე ჩანთა მქონდა ზურგზე მოკიდებული, რომ ეზოს დიდი ჭიშკარი შემოიხსნა და ორმოცამდე ფეხშიშველი, წელზევით შიშველი და ხელში ნამგალ-ცელმომარჯვებული ქვემოუბნელთა ბრბო შემოიჭრა და ველურთა გამომეტყველებით, უცნაური ღმუილით ეზოს სიღრმისკენ დაიძრა.
Comments
Post a Comment