მანგლისის ციხე


ერთხელ, უხსოვარი დროისას, ისე ძალიან ავყევი უხასიათობას, კაი გვარიანი დეპრესია ავიკიდე, ისეთი, შენ კი არ გაქვს, მას რომ ჰყავხარ, ზედმეტი მიკრობივით გამოგზრდია სხეულიდან და ისე ჩაგჭიდებია მარწუხებით ხორცამდეა ჩასული, სისხლამდე და ტკივილამდე დაგიჯდება მისი მოშორება და თავს ძალას დაატან, დახედავ და გამოიცნობ, დაავადებულ კაცს გადაყრილხარ.
მომდგა დეიდაჩემი სამსახურის ტელეფონით, შენ სულ აიღე ხელი ჩემზეო, დამივიწყეო, განა ასე შორს ვარო, განა რა გახდა ერთი ასათიანიო და დამიყოლია, წავედი, როგორც კი ეს ექვსი საათი დამთავრდა, და ასათიანზე გამიყვანე, რომ ვუთხარი ტაქსისტს, მან ერთი გვარიანად შემათვალიერა, შემდეგ საჭეზე პროფესიონალურად ჩაიქნია ხელი - დამნებდა. თვალებით მანიშნა - დამსვა უკანა სავარძელზე. მის აზროვნებაში, ალბათ, რომელიმე პაციენტი ან პაციენტის ახლობელი ვიყავი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოს აკითხავდა, რომელიც საშიშია უფრო ახლო ურთიერთობებისთვის და თავიდანვე, მისი სიგარეტზე ნერვიულად ანთებული სანთებელა, დისტანციის კანონებს მიდგენდა.
-
რა გახდა ეს ცირკი?! - ვთქვი, უფრო ჩემთვის და სარკიდან ამ შუახნის მამაკაცის თვალებს მზერა ვეღარ გავუსწორე. არც ირიბი, არც დაჟინებული, არც მიჯრით, ერთია აშკარად ნანობდა. აქეთ გადამიხდიდა ხუთ ლარს, თუ ჩასვლას და ფეხით გასეირნებას მოვინდომებდი.
-
აბა; - ეს კი თქვა.
-
არაფერი შველის ამ ადგილს, ვითომ გაჭირვებაა და მანქანები არ აკლია; - კვლავ ის მზერა, ხაფანგში მოყოლილი შინაური ნადირის, მგელს ან ტურას რომ დაუგეს და თვითონ კი ამოჰყო პატრონის, ვინც პურს აჭმევს, იმის დაგებულ გალიაში თავი. ხო, რაღაც ამის მსგავსი.
-  
მაპატიეთ, გენაცვალე, ვერ მივხვდი, რას უნდა გულისხმობდეთ?!
მე გამეცინა, და სარკეში შევხედე. გამომხედა, და იმანაც გაიცინა.
-
მანქანების ეგრეთ წოდებულ საცობზე გამოვთქვი აზრი და ასათიანზე კი დეიდაჩემი ცხოვრობს; - ხმა ახალგაზრდა მეცნიერის ამომივიდა.
-
არა, როგორ გეკადრებათ; -  დაიწყო კაცმა. სიმინდის ყანის ბოლოს, დაბინდებამდე პატრონმა ხაფანგს მიაკითხა, ერთი შევამოწმოო გაება თუ არაო და წკმუტუნზე და შარი-შურზე გაინაბა, მივიდა ახლოს, მიწას ფეხს არ აკარებს და ჰა, უყურე აბა, ამას, მისი გოშია კი სათაგურში კუდმოყოლილი თაგუნასავით არ გატრუნულა?!
-
გააჩერე აქ, - ვუთხარი ლმობიერად. თანხა გადავაწოდე, ხურდაც გამოვართვი და გავუშვი: - ღმერთი შენსკენ.
გაუხარდა. მშვიდობაო მომაძახა, კარში მოიყოლია ხმა და წავიდა.
ესღმერთი შენსკენკოლმეურნეობაზე გავიგე პირველად. მანგლისის ავტობუსების გაჩერებასთან, აი, ძალიან დამდნარ აგვისტოს ხვათქში, ვედროებიანი ქალი და ღიპიანი კაცი ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ქალს, თან გოგო ახლდა, წითური. სახე წვრილი ჭორფლებით ჰქონდა გადაპეპკილი, ეცვა ცისფერი ჯინსის ვიწრო შარვალი, უბრალო, თხელი ყვავილებიანი კედები და ბროწეულისფერი მუხლამდე სიფრიფანა სარაფანი. გოგომ იქედნურად გახედა კაცს. - ღმერთი შენსკენ;- გაუმეორა ქერათმიანმა, ზონზროხა ქალმა და ავტობუსიც დაიძრა.
მე, ბავშვობაში, ჩემს ნებაზე ჩაცმაზე ძილის წინ, სანამ დამეძინებოდა ვოცნებობდი, იმიტომ, რომ ყოველთვის სანამ სკოლა არ დავამთავრე ან დების ან ბიძაშვილების და ან კიდევ დედაჩემის, აი, წარმოიდგინე ახლა, ბებიაჩემისაც კი კაბები და ზედები მერგებოდა, წილად. ძალიან იშვიათად ჩემთვის ახალი კაბები ეყიდათ, ერთხელ წავიდნენ მოსკოვში და იქედან წითელი ლაბადა ჩამომიტანეს, ორი ლამაზი ფერადი ბოტი, დიდყელიანი ნაქსოვი ჯემპრი და (სვიტერს წერდნენცისკარშიდასაუნჯეში“)  და კიდევ რაღაც სათამაშო. წყალში ორი, პატარა და დიდი ხის ძელი იყო დამაგრებული და თხელი რგოლები ცურავდნენ, შენ პატარა ღილაკს ხელს აჭერდი და ამ რგოლებს ზევით სწევდა ჰაერი, უნდა ჩამოგეცვა ეს რგოლები ძელებზე და ისეთი კარგი იყო. ბევრი წვიმიანი დღე გადამატანინა. მერე გამიჩუქა დედამ, როგორც სხვა დანარჩენი ნივთები. ყოველ ახალ გაჩუქებულზე, მეგონა, რომ მოვკვდი, მაგრამ მე მხოლოდ მაშინ ვიგებდი, როცა მივიდოდი იმ ადგილას, სადაც ჩემი რაიმე მეგულებოდა და, იმ ადგილას სიცარიელე მხვდებოდა: „მე რა მოვკვდი?!“ - ვფიქრობდი და ხმამაღლა ვტიროდი.
ეს წითური გოგო ჩემზე ბევრად მოხერხებული ჩანდა. მის ჩანთაში სუნამოს ფლაკონი, ოღონდ დაცლილი, საზაფხულო ტუჩსაცხი, (ესეცმნათობისფურცლებიდან მახსოვს - ტუჩსაცხი),  დიდი თვლებით და ჩხირებით მოქსოვილ, გრძელყურიან ჩანთაში კიდევ ფერადი მძივები ეყარა.
-
ეგეის კაცი, აღარ დამანახო თვალით;- უკან ზის მარტო და წინ, მძღოლის გვერდით სკამზე მჯდომ ქერათმიან ზონზროხას უბღვერს.
-
გაწყვიტე ხმაა.
-
იცოდე, აღარ წამოგყვები ბაზარში და როგორც გინდა ისე ათრიე ეგ მარწყვაბალი.
-
ხმაა-მეთქი.
-
მე გითხარი, არც კაბა მინდა სასექტემბროდ ახალი და არც ფეხსაცმელი, ჩემი ფეხი არ იქნება ამ ქალაქში.
-
სუსი.
უცბად, გამახსენდა ის ლექსი, მანგლისის ციხეზე, აი, სურამის ციხე ხო ვიცით, გვინახავს, თინაიბექისაც, თათარაიძეს სიმღერად მოგვისმენია მლეთური ნატირალი. ძველები, ჩვენები, სანამ ჯერ კიდევ ტომებად ცხოვრობდნენ და მომთაბარეობდნენ, სანამ მცხეთის თოხთის მთაზე გაიც და გაი მხიარულობდნენ და მათ გაზაფხულობით ჩვილვაჟებს სწირავდნენ, სერაფიტას შვილიც, სავარაუდოდ არმაზს დაუკლეს, ციხეებს რომ აშენებდნენ, თუ სველი კედელი თავისით გადაიქცეოდა, აიყვანდნენ ლამაზ გოგოს ან ბიჭსა, მოზრდილსა, და ციხეს მსხვერპლად და ცოცხლად სწირავდნენ. სანამ არ მოვიდა ჩვენი საცოდაობით, შორეულ კიბეებით ჭაბუკი მკურნალი და ცხვრის ფარა არ მოგვაშენებინა, ურთიერთას ცოცხლად დამარხვას მოეშვით, გიყუარდეთაო, და როგორც დროშის ტარზე დროშა,  ასე გვიფრიალა სიტყვები: აწი მეც საკმარის გეყოთ.
აი, ეს კუპლეტი კიდევ მანგლისის ციხეზეა, ოღონდ აქ ქალზე ამბობს მთქმელი.   „ადგან კალატოზები,
გვერდებს ულესენ კირითა,
შიგ ქალი ჩასვეს ლამაზი,
თმა შეუღებეს ინითა.“
სკოლის გვერდით კლუბი გაიხსნა. კინოს დროს გამოჰყავდათ ხოლმე ნინო და ბნელ კუთხეში ბურჯგნიდნენ. ერთი წავიდოდა, მეორე მივიდოდა. ნინო იყო ყაბარდოელი. მამამისი აქეთ გამოიქცა, კაცი შემოაკვდა, მესისხლეებს ემალებოდა. შავი გოგოა ნინო, შავი თმა აქვს და ულამაზესი წარბები. სახეზე წითლად ღუის. ისეთი ლამაზია, რომ გამოივლის, გამოირწევა და მიდის დილით სკოლისაკენ, მე მინდა მისნაირი სილამაზე მქონდეს.
ნინოს დედას სახლში ცუდი ქცევის ქალები მოჰყავს და შედარებით დაბალი წრის მამაკაცებს გაუდით ბურ-ბური.
სკოლას რომ ამთავრებდა, ვიღაც გარემხრიდან, მლესავი მიადგა დედამისის ბუნაგს. მისცა იმ გასიებულ ქალს ერთი ათმანეთიანი და ნინო, პირდაპირ ბანზე იხმარა.
-
ეხვეწებოდაოო, ქაა, ეხვეწებოდა დედას,იმას გაუწყალდეს გულ-მუცელი. აემ ტურტლიანზე ოღონდ არააა, მე მოგცემდი ფულსა. სადა ჰქონდა ბალღსა ათი თუმანი?! კარგად იცოდა დედამისმა, კაი ჩიტი გახლდათ, ისიცა.
ბანკეტის მერე არავის აღარ უნახავს, სავარაუდოდ თბილისში წაიყვანეს. მერე თქვეს, რომ რაღაც იშვიათი დაავადება, სხეული თეთრად ეფიფქებათ და ეფრცქვნებათო, აი, ასეთი აიკიდა და ცუდად არისო. ერთხელ იყო დღეობაზე ჩამოსული. ფერმკრთალი, გამხდარი, იცინოდა და სხეულშივე გამქრალს მოჰქონდა თავისი სილამაზის აჩრდილი. მხრებზე კი ეყარა თეთრად, ნაფიფქივით, შორიდან კავკასიონის მაღალმთაგრეხილის გასწვრივ ზამთარ-ზაფხულ თოვლიან, მოთეთრო-მომწვანო მწვერვალს მოჰგავდა.
მალევე ჩამოიტანეს.
იმ ბიჭებმა, კლუბის უკან ინდური კინო, როცა გადიოდა და ესენი გახელებულები ნინოს კოცნიდნე, მისი ფარღალალა, თითქოს ცარიელი კუბომხრებზე, წელში გატეხილებმა და თეთრთმიანებმა გაიდეს.”
დეიდაჩემი ცხოვრობს ეზოიან სახლში, თუ სახლში, რომელსაც ეზო აქვს, თუ კერძო სახლში. მისი ორი ოთახი და ვიწრო, ვიწრო ეზო, ჩვენი განიერი და ვეებერთელა სახლის მერე იყო ძალიან კეთილი, მოკრძალებული და წმინდანის თავშესაფარი ალაგი. ონკანთან ათამდე ხვადი და ძუ კატები, შავი, თეთრი, ჟანგისფერი ახლადგაშლილ იებთან ახლოს ფუტკნაობდა. ამას, ფუტკნაობას, ქათმები აკეთებენ ნაცარში როცა კოტრიალობენ, ფრთებს იქექავენ და აბაზანა ჰქვია ქათმურ ენაზე, მაგრამ კატებზეც წავა. დეიდაჩემს კარტოფილი შეეწვა და ახლა სოსისებს ხარშავდა.
-
რატო არ დამიძახეო?!
არ ვიცი რა უნდოდა, მეზობლებს გაეგოთ რომ მივედი, თუ უფრო სხვანაირად უნდოდა დამხვედროდა.
ამ სახლში, მე, ის დღე მიყვარს.
საზაფხულო არდადეგებზე დედაჩემმა ორი დღით წამომიყვანა. მაცვია ბიცოლაჩემის ნაქსოვი და მესამე დის მერე ჩემამდე მოღწეული ყვითელი კაბა, გულთან გრძელი დიდი ყაყაჩოთი.
-    
ზოოპარკში სპილო ჩამოიყვანეს და წამო, ნატოს ვაჩვენოთ.
არ ვიცი , როგორ მოხდა, მივედით და ამ ვეებერთელა მდედრ სპილოს ჭამის და სმის დრო ჰქონდა, კიდევ კარგი, და მომვლელიც იქ იყო. ამათ აუხსნეს, რომ, მე ძალიან მიყვარს შინაური ცხოველები და ფრინველები. კი  ბატონო, თავიც დავხარე და დავთანხმდი, მაგრამ ბიაკოაანთ კამეჩების ყველაზე მზარდი და ბუთქუნა ზაქიც კი ამ სპილოს მესამედი იქნება. მომვლელმა:-  წამო ახლოს მიგიყვანოო, და რას ვხედავ, ამხელა სპილოს უკან პაწია სპილუკა არ დგას,  დედამისს ამოფარებული და ონავარი?! წყალს ხორთუმიდან თავზე ისხამს და ყურებს აფართხუნებს. მივედი და ვდგავარ და ამ პატარა სპილოზე ვფიქრობ, როცა დედამისი მომიახლოვდა, გრძელ და მსუქან ხორთუმში დაგროვილი წყალი თავზე გადამავლო და, თან წაიფრუტუნ-ჩაუსტვინა. მე გავშრი, აი, ემოცია ის იყო. თან შემრცხვა, თან თითქოს ადამიანი აღარ ვიყავი და სპილოსნაირების ოჯახისებრი გავხდი. მომვლელმა აბანავებსო, თავისი პატარა ისე ძალიან უყვარს, ახლა ეს გოგონა მოეწონა და დაეკონტაქტაო. მე კი ის ნაქსოვი კაბა პატარების მოყვარულმა დედა სპილომ ერთიანადგამილუმპა და ასეთი გაწუწული დავბრუნდი უკან.
-
არაუშავს, წამში გაშრება.
დეიდაჩემმა ჯერ დამაპურა. აი, დამაპურა ხო ისე ჟღერს, თითქოს თინას ლეკურს ვწერდე, ან ცქალა, გიქოლ, ცქალას. მოკლედ, მაგიდა გაშალა და ვჭამეთ. ასე დაწერ და რაღაც უხეშია.
მერე ძველი ალბომები გადმოიღო თავისი ნამზითვარი ბუფეტიდან. აიო, ჩემი მშობლებიო, შენი პაპა-ბებიაო. ისეთი ლამაზები იყვნენო, მამაჩემს ცისფერი თვალები ჰქონდაო, დედაჩემს მომწვანოო. ისეთს მღეროდნენ, ისეთი მოლხენა იცოდნენო. საწყალი დედაჩემის დედა მარგარიტა შვილის დარდზე დაბრმავდაო.
მე მახსოვს მარგარიტა. 10 წლის ვიყავი რომ მიმიყვანეს, დიღომში, კორპუსში. ის იწვა ბრმა და წამოიწა, ჩემი რუსიკოს ნატო მოვიდა?! მოიყვანეთ ახლოსო. მე პირველად ვნახე ბრმა ქალი და თან ის, დედაჩემის ალალი ბებია იყო. გამხმარი, გრძელი ხელები დამადო, ჯერ თავზე, ყელთან, ჩამოყვა ქვევით.
-
უი, რა გრძელიგოგოა?!
მე ავიწურე, ტანი შემეკრა და თითქოს, მეორედ, მირონცხებასავით ტანში ჭიანჭველები ამიფუტფუტდნენ.
-    
აჩუქეთინდური ჭრელი ვაზა, ისე არ გაუშვათ, რამე აჩუქეთ ჩემს სახელზე.
მე დიდად ვერ გამოვხატავ ემოციებს და ამას უნდა რომ მდგომარეობიდან გამომიყვანოს შოკური თერაპიით, იცის, მცირე ქალური უსიამოვნება შემემთხვევა და დეპრესიის კლინიკური შემთხვევა მაქვს. ბოლოს, ასწია ტახტი, ამოიღო ლეიბ-საბნები და ყუთი ამოაცურა. აბა, თუ იცი რა არისო აქ?! - მხრები ავიჩეჩე, მაგრამ თავში კი გამკრა, რომ აქ დამთავრდებოდა, რაღაც ხანა, პერიოდი ჩემივე პირადი ხანმოკლე ცხოვრებისა.
ისეთი არაფერი, დამიმესიჯა, სკაიპში შემოდიო. შევედი, იღმაჭება უშნოდ, ჩვენ ახალი დაწყებული გვაქვს ურთიერთობა, ერთ უბანში ვცხოვრობთ, როცა მასთან მივდივარ უბნის ბირჟავიკები, ამას ხელით ანიშნებენ ცერა თითი ზევით, კაიაო, რა. ეს იღმაჭნება. ცხოვრობს, სადღაც ცასწავალას, მეორედ, სიმართლე ითქვას, ამ სიმაღლის სურვილმა ამიყვანა, ოღონდ მარტო არ ამოხვიდეო, შენ და . წამოდითო, მან გზა არ იცის, სურვილი დიდი აქვს და უმეგზურეო. გულთან გაირბინა პატარა წითელმა ანკარა გველმა.
შესვენებაზე გადავედი ფეხსაცმელზე ქუსლი დავამაგრე, რა ვიცოდი უნდა გამომეყენებინა და ფეხსაცმლის ქუსლით ან წვეროთი, როგორც პაპაჩემი ლეკურ ვერცხლის ქამარ-ხანჯალს ისე მეომა, მაგრამ,  მარხვის დრო იყო, თავდამბლობდი.
რუსთაველის მეტროსთან ამ .-, ჩემს აწ უკვე მეგობარს, ერთი საათი ველოდე, მხატვრების გამოფენასთან ორი ნიჟარების სამაჯური ვიყიდე და როცა ისიც მოვიდა, ისეთი მორთულ-მოკოკლოზავებული ტურფა იყოო, წინდები ტაქსში გამოიცვალა და მთელი გზა მიმეორა, ბოშა მათხოვარმა ტურტლიანმა ბავშვმა,  ასე დამიძახა: დეეო. ციგნები.
ლიფტთან დაგვხდა, სახლის ფლოსტებში, ფოსტლებიანი მინოტავრი. საგვარეულო შერეული ხილის წვენით გაგვიმასპინძლდა და ჩვენ ორი კოლოფი მწარე სიგარეტი მოვწიეთ, ზუსტად ორჯერ ჩავედი ტუალეტში, ერთხელ, როცა ამან, თავის რაღაც საამაყო რბილ სკამზე . დასვა, უპირატესობა, და მეორედ, როცა მასაჟის დემონსტრირება მოაწყეს, მამალი ღორივით გაწვა მწვანე, ლილოს გადასაფარებელზე და ესეც ცალფეხაწეული ბეჭებზე, თითქმის ეხორცებოდა, ტუალეტთან ამის მამა შემეფეთა,  კაცს ცალი თვალი აფსაიტში ჰქონდა და მაინც ისეთი თანაგანცდით შემომხედა, დაერთჯერად საპარსზე" ამის მომწითურო წვერის ბეწვები - წამომაზიდა და სანამ, გამოვიდოდით ლაბირინთიდან, უკვე შემეძლო, დარწმუნებით მეთქვა, იქედან. ნიჟარების აცმა მინდოდა დამეტოვებინა, მაგრამ ზღარბის, მეორადებში ნაყიდი სათამაშოც მეზედმეტა და ეს ყვითელ-ზამბახისფერი ნიჟარები სახლში, ამ .სთან ერთად დაბრუნებულმა, დავშალე, შუშის ქილაში ჩავყარე, წყალი დავასხი და აი, ახლაც გავხედე, მოფუხულს ვინახავ, მოვა ის დღე, მოვკიდებ ხელს და ვისვრი დასუფთავების სპილენძისფერ ურნაში, ჯერ იყოს.”
ყუთს თავსახური მოხსნა. პერგამენტის ქაღალდი შრიალით გადასწია და ვხედავ წაბლისფერ სქელ ნაწნავებს. ხასხასებს მზეზე თმა. ბებიაჩემის, მართას თმაა, შეეხეო. დავადე ხელი. გავიდა გარეთ, სოსისები სულ დამავიწყდაო. წამოვიდა თბილი ნაკადივით და  თმის ენერგია ახალი სისხლივით შემომიცურდა ხელისგულებიდან გულისგულებში. იქ დამთავრდა მოწყენაც და გრავიტაციაც, და უცბად, სანამ რამეს გავიაზრებდი, ის გამახსენდა, მამაჩემი ერთი თვე თხილებში რომ გაიბარგებოდა და ღამეებს ათევდა.
თოფიც ჰქონდა და მურაც თან ჰყავდა. ხიდან ფოთოლი ვერ ჩამოდის, მურა იმ ხის ქვეშ დარჭმულა და ირგვლივ ტრიალებს, წრეს ჰკრავს. აბა, გაბედოს, სხვა მაწანწალა ცხოველმა, ან სხვის ბუდისკენ გულმიცემულმა კაჭკაჭმა და ჩვენი ბაღისკენ კუდი ჰქნას, მურა იმწამს იქ ჩნდება, თითქოს მიწიდან ამოდის და ცაზე ფრინველს ვერ გაუფრენია, მიწაში ჭიანჭველას, მიწაზე კიდევ ადამიანს. ჩვეულებრივი ჯიშის ქოფაკია, მაგრამ ზოგ კაცს კი სჯობს სიმარდეში და გონებაშიც, ერთგულებაში.
ასეთი რამ მე არასოდეს გამიგონიაო, შუაღამისას, აი, რომ უკვე უნდა ინათოს, დაიძრება მინდვრიდან და ვენახებისკენ გადადის, კი არ დადის მიშრიალებს, ფეხის ნაბიჯსაც არ ჰგავს, თითქოს მიფრინავს
-მურა?! 
- მურა იტრუნება და კუდს აქიცინებს.
-
ზღარბი იქნება.
-
ზღარბი დაბაკუნობს.
-
მაშინ ღამის რომელიმე ცხოველი.
-
აბა, რომელი?!
-
რავი, რომელიმე.
-
ერთი თქვი.
-
წავი.
-
წავს იქ რა უნდა, წავი წყალში ცხოვრობს.
-
მაშინ თახვი.
-
არც თახვი. ეგენი ცმაცუნობენ, ეს თითქოს მიფრინავს, მაგრამ ნაბიჯების ხმაა მძიმე.  თან ხმას გმოსცემს: - არც ჭოტის ხმაა, არც ცხოველისა, არც კატისა, არ ვიცი, რა და რისი.
-
მაინც როგორი აბა, მიმსგავსებულად;-  ჩურჩულით ვეკითხები.
-
სუუუუ, ქსუუუ.
ბოლოსკენ უმდაბლებს, ოდნავ ქსუტუნებს, გულიდან ამოსდის, ხორხში უცოტავდება. მამაჩემი ცდილობს გამოჯავრებას და არ გამოსდის, ან თვითონვე ხდება ის შეუცნობი ხმისა და ნაბიჯების მქონე, ჩვენი თხილების, ბაღ-ვენახისადგილის დედა", ხოო, მამაჩემიადგილის დედა", და მაინც ჩავეძიე, მაინც საიდან სად დადის მეთქი ეგ ქსუტუნა და: - აი, კორომი რომ არის ბუნებრივი, ქვებისა და მუხის ხეები, წამოვა იქედან და მოდის ჯერ სიმინდებზე, მერე ვენახებზე და ჩვენს თხილებს მხარს აუქცევს, თითქოს მე მემერიდება და წავა, წავაა ძველი ციხის ნაშალისაკენ,  იქ კი ჩერდება.
ერთ დილა-ბნელზე წავყევი, ფეხს მიწაზე არ ვაკარებდი. ამასობაში, ზურგიდან, დიდი წითელი მზე წამომადგა აღმოსავლეთიდან და ღობეზე, თოჯინის ბღუჯა-ბღუჯა თმას დაადგა.
-  
რა ფერის იყო თოჯინის თმა?!
-  
შვილო, მოწითალო შენფერს ჰგავდა
 

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო