დევნა

რა მაღვიძებს დილის ხუთზე, ეგეც მითხარი,
დილისაა თუ შუაღამის,
როცა სულდგმულებს მკვდარივით სძინავთ,
უსულოები ტოვებენ სახლებს?!
როცა სხვა ძალა (გა) დაიბარებს,
გა და იბირებს ახლად მომკვდარებს.

უცხო ბინაში,
მოხუცი ქალის თეთრი პროფილი.
მოხრილი ზურგი დარდის სიმუნჯით.
სკამიდან მტვერი ყინულივით წვეთობით ადის
და იატაკიც გაიტკაცუნებს, როგორც ნაყოფი ხიდან
ჩამოდის, ეცემა გამხმარ, დატეხილ ტოტებს,
ოდესღაც, როგორც ხელი გაწვდილი, ახლა მიწაზე.

დედამიწა თუ ამობრუნდეს,
თავით ყირაზე.
ვპატარავდები, მამა ჩემი, ისევ მამაა.
ალვის ხეების მოძახილით ჩვენი მანქანა მიჰქრის გზაზე,
მოგვდევს უკან უთავო ტანი,
საქარე მინას ეღობება, ჩვენ კი გავრბივართ.
ალვის ხეებს თავს ახურავთ კაჭკაჭების ხმელი ბუდე -
კაკლის ხეებზე მოსახლე ფრინველები,
ბარტყებ-ბუდეთი, ფუღუროში ციყვების წყვილით,
ჭიანჭველები - სახალხო ლაშქრით და კოდალა ქერქზე კაკუნით -
მოგვდევენ, რაღაც თავგანწირვით,
გვდევნიან ხმები.
ჩრდილებამდე გათენებაა, გზაზე გვეწევა დღის სინათლე,
თამაშს აქრობს მზის მრგვალი დისკო.

თუ კი ოდესმე, ეს დედამიწა, დაკარგავს ღერძს და
თავით მიწაზე,
გაქცეულს, იქნებ დამადევნოს მეკობრეების წითელი გემი.
მე ფეხებით ვეკვრებოდე მაგნიტურ ქვიშას,
სანაპიროთი მომყვებოდეს მსუქანი წყალი
ანუ პონტოს ზღვა, ანუ სპერის ანუ შავი.
დედალ ფაშატის ფაშვს მიუგავდეს აქაფებული, ლორწო ნაპირი.
რვაფეხებით, დელფინებით, ლოკოკინების ნიჟარებით,
ტალღების ცემით,
მითვალთვალებდეს და გაქცეულს მაბრუნებდეს,
ისე მიყვარდეს,
დედალ ფაშატის ფაშვში ცხრა თვეს
დაბერებული ვმოგზაურობდე,
მეათეს კი ჩვილად კვლავ გავჩნდე.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო