დაგეროტიპი



პატარა გოგოს, 11 წლის რომ გავხდი, პაპა გარდამეცვალა.
სამყარო დაყრუვდა. ედემის ბაღის მაღალი ხიდან ჩამოვვარდი და მიწას ჩავცდი. მე, როგორც ჩანს, ჩემმა ადამმა ვაშლის მწიფობამდე მიმატოვა და მისი ძებნის და დაბრუნების წესები არც არავის დაუბარებია, ამიტომ ამ ჩემი ქვესკნელიდან ამომყვანისთვის დასალოდებლად სად მეცალა. ფასკუნჯები, მოშინაურებული მამლების საქათმეებში არ იჩეკებიან, ამას 11 წლის ასაკში უკვე ვხვდებოდი და ახლა, სულ ისეთ რამეს ვიტყვი, რომ საერთოდ, იქნებ არაფერ შუაში იყოს, მაგრამ შუაში კი არა, თავშია.
მოკლედ, 11 წლის გოგო დავმუნჯდი. ეს ქაჯანას ამბავი კი არ არის, შიშზე რომ გამოსალოცი გახდა, არა, ეს ჩემი პირველი პროტესტი იყო დედამიწის კანონების მიმართ. თანატოლებს გავურბოდი და მერჩივნა ან წიგნები მეკითხა, ან ტელევიზორისთის მეყურებინა, მაგრამ ორარხიანი მოლაპარაკე რობოტი, მალე მოსაბეზრებელი გახდა და ან კი გარეული და შიაური ფრინველები უნდა გამომეკვება. ასე თუ დავუძვრებოდი საკუთარი ფიქრის ხაროს, მაგრამ, მოულოდნელად, რაღაც განგების ნებით, ჩვენი უბნის ბებიების მეტად გასაიდუმლოებულ-იდუმალმა გაერთიანებამ შემიფარა. რძლებთან, შვილებთან, ბავშვებთან დამალული ამბებით შეფიცულებმა, ჩემდა გასაოცრად, თავიაანთ მისტიურ სამყაროში შეღწევის უფლება მომანიჭეს და მაშინ ტკბილეული, ხილი, ნიგოზი, ახალი კიტრი, პიტნის კანფეტები და ასეთი რამეები ხომ გამოულევად გამომიჩნდა და  კვლავ ჩემდა გასაკვირად, ერთად რომ ჩამოსხდებოდნენ საღამოს თუთის ძირში, მეც იქვე შუაში ჩამისვამდნენ და აჩურჩულდებოდნენ  ხოლმე. თუ ვინმე გამოივლიდა, დადუმდებოდნენ. ბალღი შემოვარდებოდა, რძალი შემოყოფდა ცნობისმოყვარე გრძელ ცხვირს თუ მათი რომელიმე ვაჟი ან ქმარი - თეთრი პაპა შემოსკუპდებოდა... პირს გაიკერავდნენ და ასე ისხდნენ, სანამ არამკითხე მოამბეს არ დაიფრენდნენ. აბა, იმათ რა იცოდნენ, რომ 13 წლის მერე ასე ავლაპარაკდებოდი ის მუნჯაილა გოგო და საქვეყნოდ გამოვაჭენებდი მათ ამბებს, მაგრამ, არ მიწყენენ. იქნებ სწორედ ამის გამოც დამიმეგობრეს.
მთავარი ამბავი მაშინ დაიწყო თურმე, ფარული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი თამარა ბაბო რომ გარდაიცვალა. როგორც ელო ბაბო დაიჩურჩულებდა ხოლმე, თამარას შვიდზე დაეწყო სიზმრები, რომელთა ხმამაღლა თქმის უფლებას დასიზმრებული არსებები არ აძლევდნენ და მხოლოდ, დიდი ხნის მეგობარი, თამარა არღვევდა კანონსა თუ წესს და უბნელ ბებიებს საიდუმლოს იმქვეყნიდან ატყობინებდა. თამარამ თავის შვიდზე ელოს სიზმარში ნამდვილი სიუპრიზი მოუწყო. ქალი იმქვეყნად, უცნაურ კლდეში შეაპარა და ამოგზაურა. ბოლოს, გრძელი გრაგნილიც უჩვენა და წააკითხა, ვინ ვის შემდეგ უნდა მიჰყოლოდა ერთი-მეორეს. ელო ბებო ამ ადგილას ჩერდებოდა და ენაზე იკბენდა, კბილებს წააშველებდა, არ წამომცდეს მისი სახელიო და  თვალებსაც მიწას დააშტერებდა, არ გამცეს მზერამაო, მაგრამ გუმანით, რიგში მდგარი ხვდებოდა თავის ბედს  და გამოსამშვიდობებელ საღამოს მოაწყობდა. უცნაურ აღსარებას წარმოსთქვამდა. დიდი დღე არ მიწერია და თან არ წამყვესო. 
მაგალითად, ბებიაჩემმა მარიამ-მანანამ თქვა: სამამულო ომში წასული თექვსმეტი წლის ჩემი ერთადერთი ძმა, არჩილა რომ დაბრუნდება დღემდე ეჭვიც არ მეპარება. სადილს რომ ვამზადებ მთელი ამ წლების მანძილზე ერთი თავით მეტს გავაკეთებ, ვინიცობაა უეცრად კარი შემოხსნა და დაეძახა არჩილასა: მარიააამაოო. ელო ბებომ, ბებიაჩემი რომ გარდაიცვალა და ორმოცი გაუვიდა, მეორე საღამოს მოყვა, მეც კი ველოდები ჩემს ძმასაო, ველოდები და მგონია ისევ ისეთი ახალგაზრდა ჩამომივა გოგია ბიჭი. ისევ უდარდელა იქნება. ჯარიდან რომ დაუძახეს, მინდვრად იყო წასული, ბალახს თიბავდა და ის თავისი მოკაუჭებულ პირიანი ნამგალი მუხის განიერ ზურგს დაარჭო, წავალ და მოვალო. ისევ იქ უნდა იყოს, თუ არ წაიქცა ის მუხა, ამდენი ვაი-ვიშითა.  ჩვენ კი მოვხუცდით, წელში მოვიხარეთ, მაგრამ იმათ რა მოღლიდათ, უწინ ფუძის ანგელოზები ერეოდნენ ვაჟის დაბადებაში.
ომისა და შინმოუსვლელობისა დიდად მიკვირდა. ზღაპრადა ვთვლიდი, მაგრამ ზღაპარშიც ურევია თურმე სიცხადის მწიკვი.
წინა მომდევნოს თავს დაასიზმრებდა და ასე ნელ-ნელა სამიოდე წელიწადში სულ გაიკრიფნენ მოხუცები უბნიდან. თან წაიყვანაო, რა გაიყოლა თანაო, ამბობდნენ ხოლმე დიდები. პატარებს ეშინოდათ და ყვავილებს მიარბენინებდნენ, მე დამუნჯებული ვიყავი, თორემ ხომ ვიტყოდი, რომ ეს თამაშია „სიზმრობანა”. ბავშვამდე სულის მიტანისა და ახალი, სხვა განზომილების წიაღში დავანებისა.   
აი, ცამეტი წლის მერე, შემოდგომის მიწურულს ავიბარგე და წავედი ჩემს კახეთში. დავდექი შუადღისას გარეთ, ოქტომბრის მზეს მივეფიცხე და თან ყვითელი ბოტები მაცვია. თავზე ბავშვობის დროინდელი მწვანე თავსაკრავი გავიკარი და გამვლელ-გამომვლელი მიცინის, მიცინის რომ მხედავს, შენა ხარ, გო?! ეცინებათ, უეცრად დაკარგულს და დავიწყებულს რომ თვალს მოჰკრავენ, თავიაანთ თავსგადახდენილს გაიხსენებენ და უხარიათ ალალად. ის გამახსენდა, ქვემო უბნეი, ქვრივჩუმი ქალი რომ მოვიდა ერთ წვიმიან დღეს დედაჩემთან და ასე მიკითხა თურმე: ის პატარა ბალღი რო გყავდათ, მწვანთვალა და გუზგუზა თმითა, სად არი, ჰა, მერიი?!  რამ გაახსენა ჩემი მუნჯი თავი..
სახლის კუთხე-კუნჭული მოვიარე, დავძებნე ღრიჭოები. ახლადგავლებული ჩურჩხელებიც მოვიპარე ვერანდაზე გაკიდულები და შევახრამუნე. სახურავზეც ავძვერი და ნისლიან კავკასიონს, ახლად გათეთრებულ მწვერვალებს, დაღესტნისკენ პირშექცეულებს, კარალიოკის ჩირივით თავწვერ დაფიფქულებს ფოტო-სეანსი გავუმართე. მწვადების ავარდნილი კვამლ-სურნელი  და წითელ ბიბილოიან მამლის უეცარი კუნძზე თავის დადებაც დავიმახსოვრე და...
იცი, როგორ დამთავრდა ეს შემოდგომა?!
ეზოს გარეთ, ტკბილი შავი თუთა, ნაადრევად მწვანე გაფოთვლითა და ასევე, გაყვითლებით რომ თავს იწონებდა ახლა აღარ ჩანდა არსაით. მის ძირში,  კაკლის ხისგან გამოთლილი სკამიც აეღოთ. ბებიების საიდუმლო ხისქვეშეთი დროს შეუცნობ გზისკენ გაუყენებია, ან იქნებ ასეც მოხდა:
როცა საიდუმლოს ყველა წევრი უხილავი ენერგიით, განზომილებათა უარყოფით ერთმანეთს დაუკავშირდა და მეუფესთან დამწკრივდნენ თავიანთი ქალწულებრივი სურვილებით, იმ სალ-კდლოვან ედემის ბაღშიც ვერ დაივიწყეს და  გაახსენდათ ასწლოვანი  ტოტებდაზნექილი თუთა და ერთ შემოდგომის შუაღამეს, დაესიზმრნენ ეს ბებიები რომელიმე თოვლის მწვერვალივით თმა-წვერ გათეთრებულ პაპას.
მეორე დილა კი პაპამ ცული-ცუნცულა აიღო და.. მთლიანი თუთის ხე საჩუქრად მხარზე გაიდო ჩათბუნებული შეხვედრის სიხარულით თუ გაუყვა გზასა –  ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთ ქვეყნისას.







Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო