გაიცინეთ, ახლა ჩიტი გამოფრინდება

აითქვიფება ჰორიზონტი თოხლო კვერცხივით,
კოლოფში, ღერების საწოლზე, პაპის გაფუფქული ცხვრები
და დაკლული ფრინველები, ჩრჩილმოდებულ
პლედიდან და ბალიშიდან
ამოდიან,
გლდანის მასივს ედებიან. დამეძებენ შობა ღამეს.
გახრწნილ შუა ნისლში წვებიან.

ჩხიკ.
თავდაყირა ვეკიდე და ჩიტი მივლიდა.
ცოტა შევშრი და ქარმაც მზერა ისე შემავლო,
როგორც გამვლელი მამაკაცის ბერწი გუგები.
თვალებიდან გამდიოდა ნერწყვი ნამდვილი.
შენ რომ გეძინა, ღია პირიდან გადმოგდიოდა,
მე ვისრუტავდი.
როცა ჩამალბე, ისიც მოლღვა, წამომივიდა

ჩხაკ.
ყველა ალვის ხე იწვა ჩემთან დაუკითხავად.
შუაღამეს დაიწყეს დენა და განთიადზე ძლივს მოილივნენ.
მახოცავდნენ თითო ტოტს, ფოთოლს.
უნაყოფობას შემჩიოდნენ ულაყებივით აფაფრულები.
-
ჩვენი ქალები, მტევანთხელები,
უშვილოები, გვაბრალებენ უთესლოებას.
ნაყოფი ჩვენი შინ შეიტანე და მორცხვი გოგო თანაგვიყავ.

ჩხიკ.
შუადღის მზე შუბისტარზე წამოცმული
დამრეც-დამრეც აგორებდა კაცსა რასმეს.
კბილებშუა დაჰყოლოდა ენა გრძელი
და ყულფივით კისერზედა,
ვერცხლის ქისა მიწა-მიწა წკრიალებდა.
მე, გადმომძახა კაცმა გაღმიდან, თავგადაქნევით:
-
უთხარი გოგოს, ხელით რომ გრეცხავს,
წავა მარცხნივ, გველეშაპი გადასანსლავს.
წავა მარჯვნივ, თვალბოროტი დედაბერი
თითისტარა ბალღს გასტაცებს.
პირდაპირ წავა, ჩემთან მოვა.

ჩხაკ.
საღამოს სიმშვიდე სიბაცებს იცხებდა,
პატარა ბიჭს მოყავდა გამხდარი ცხვარი და
ჩემნაბუღარ ალვას აბამდა.
იჯდა ბიჭი სიპ ქვაზე, ყვითელ თუთუნს ცას ამჩნევდა.
შენი შინაბერა და, დევების დედის სარძლო,
გადმოდგებოდა აივანს, შენს თეთრეულს ჯოხით გაგვწევ-გამოგვწევდა,
ბიჭს ჩასქეროდა: - შვილო, შვილოოო.
რად მამას ემსგავსეო?
ადამიანები დაფრთხებიანო შენდა ნახვაზე.
პირჯვარს დაიწერენ და გაგეცლებიანო
ბიჭი იყო მოხუცი, სიყმის ძე.

ჩხიკ.
ლეღვის ხე ფუტკრის ხმას დაიმსგავსებს.
ასხდებოდნენ ღრუბელს დაცვენილი ყორნები და კენკავდნენ
მსხვილ ხის ჭიებს და მიჰქონდათ შორს
გამომშრალი ფითრის გორგალები .. თან გზა-გზა იხვევდნენ ფრთებს.
ჰაერს ყივილი ამოსდიოდა.. სამპირიანი დრო ირეკლავდა
წაშლილ სიხარულს, ვითომ გრილოში იჯდა ვინმე,
ჭის წყალს ითხოვდა და ქვიშაზე ჩხირით წერდა:
-
მე ვარ შენ.

ჩხაკ.
ფილაქანი კვირის სურვილით იმსხვრეოდა.
არც არსებობდა - იგონებდა,
როგორც ქალი გაბახებულ მუცელს წინ რომ გაიზნიქავს,
შვილს მოვკლავ თუ არ წამიყვან -
გადაუცდა
ასრულების მოლოდინით
დილა, შუადღე, საღამო, ღამე -
სურვილი იყო ცალხელა და
სურვილი სიზმრად ახდებოდა.
კვირა დილას შენ აღებ კარს,
შენს თავთან ჩუმად მოლაპარაკე,
გვხსნი თოკებიდან და
პლედიდან, დან და ბალიშიდან და
გამომწყვდეული ცხვრები და ბატები თავს იშვებენ -
ბუმბულდაცვენილები და მატყლდაჩეჩილები,
მუნჯ ორგაზმებს ახმოვანებენ.
ეს შენ გეგონა, გაფრინდნენ შორს,
შენი ამბავი ქვეყანას მოსდეს.

გოგონა, რომელსაც გძინავს ჩვენთან ერთად,
ღამეებს თვალღია მიაცილებ გზაგასაყართან,
მთელი კვირით სახლიდან გახვალ და კვირის ბოლოს,
ვითომ ბრუნდებიი.
კვირის ბოლოს, კანგადაცლილ სხეულს აგზავნი.
ოდესმე, ალბათ, ადუღებისას სიზმარი აგეჭრება -
მეორე მხარე - ჩვენ დაგვრჩები.

ლილას გაგავლებთ. გაგფენთ
კვარტალთა შორის წვეთ-წვეთ.
იწყება წელი.

(
იცინის)
2009.01.01

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო