ნაზმი


ჩვენ ხომ მხურვალე დუღილისას
ცეცხლით გამოგვჭედა ჩვენმა დებეჩიმ.
ჩვენ ვართ ომის ღმერთების სუნთქვა, ორი ძმა,
ახლა მიწისთვის ერთმანეთის სისხლის სმაში
ვეჯიბრებით ერთმანეთს.
ჰე, ერთო, მოგვიხედე ჩვენსა მშვიდობას,
გამოითხოვე ორთა სულები სამზეოსკენ,
მტყუან-მართლის მხარეზე მორიგეობა დაგვიწესე,
შენი სამსახური და რისხვა გვაღირსე.
კლდეების ეხში დავიბუდეთ, დევების ცოლები
მონებად გვყავს.
აბა რა ეგონათ,
რას გვიცინოდა დევის ქალა,
რას გვიელვებდა თეთრსა კბილსა.
ჩვენ ვუჭედავთ ვულკანის ლავისგან
ახალ კაცებს სხეულს და ვჭედთ,
რომ ზღვა და მთა ცხრაჯერ გადაიარონ,
რომ რკინის ქალამნები აღარ დაჭირდეთ,
რომ ფასკუნჯის ფრთებმა უწამლოთ,
თუკი ჯოჯოხეთისკენ გეზით გაიგნეს, ჩაწვდნენ თავიაანთ
ჯალაბობას, თავიაანთ მკვდრებს,
ხმა მიაწვდინონ, გაიხარონ ათასწლოვანმა ხავსიანმა სულებმა,
ლოპრიანი მკლავები გაუწოდონ.
სიყვარულის და გრძნობების სიმხურვალემ,
ჩვენი ლავისგან ნაჭედი გულები დაულღოთ.

ცამცუმის სადიდებელი
ნეტაი მათ, ვინც შუაღამეს ადგა სიფხიზლით,
ვინც, გალობით მოელის სიძეს, ვინც არ ზიდა ლოდი სიზიფის.
ნეტაი მასაც, ვისაც თავი წაართვა ძილმა,
ღრმა ჯურღმულებში გადააფრინა,
კლდეების, ჭალების საუფლოს მიწა მოუნიშნა.
მისცა ერთი ადლი, მადლობა.
ცეცხლის საგალობელი ასწავლა, მადლობა.
ვარდისფერი თენების მსგავსი ცოლი, მადლობა.
დედა, დედაბერი, გულთმისანი, მადლობა.
დები, მჩხიბავები, მადლობა.
შუბი და ხმალი, რკინის მკვნეტელნი, მადლობა.
ცხენი თეთრონის დარი, მადლობა.
ნეტაი მათ, ვინც შუადღეს ხვდება ლოცვისას,
ვინც, მუხლში კვეთით, თავით მიწაზე სიძეს ემადლობება.
ნეტაი მათაც, ვინც მიუვალ, უღრან ტყეებში,
ხვდება დევების თეთრკბილა ქალებს,
ვინც, გადმოიღებს თავის მშვიდ მშვილდ-ისარს
და ბაყბაყანას გზად გაილალებს.
ნეტაი მას, ვინც ბაყბაყიანმა მოკლა შარა-გზაზე,
გმირის სახელი აქვს იქეთაც, აქეთაც.
სახელიანია, მორჩა,  მიწიერ სხეულს
ხელი მოუთავა. ჭენებით გადაფრინდა სალ კლდეს და
ედემში მისი სული გოგირდისფრად გადაწითლდა.
სახელი დატოვა, სიტყვა დატოვა:
ვინც მე მომივლის, დამმარხავს, ცოლიც, რაშიც ალალ მისა
ვინაც მოჰკლავს ბაყბაყანსა, ჩემი შუბი ალალ მისა.
ცამცუმის სიკვდილი ალალია.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო