ხელმწიფის შვილის ყამარის მოთქმა



როდესაც მზე ლღვება, ჩემ საბრძანებლის,
კოშკის ვიტრაჟი ფერებად იღვრება.
აქ, სარკეებს სული აქვთ იმათი, ვისი სხეულებიც ტალღებმა
შესანსლეს.
ღრუბელთა მეუფემ ააგო,
უპატრონო დამხრჩვალ სულების სანუგეშოთ,
ასეთია მისი ერთადერთი ქალიშვილის
 შუა ზღვაში გაშლილი სამყოფელი.
როდესაც მზე ჩადის, როდესაც წითლდებ დასალიერ
ავხორცული ცხელება,
შემოდის ზღვის კარით მკვდრების მზე,
მინები მღერიან ფერებით მე სისხლში ვბანაობ,
მო-ფერებით.
და ახლა, შორიდან ჭიხვინი მომეყურა.
და ახლა, ნესტოებს დავბერავ, უნებურად,
ეს უცხო სუნი მამრის სხეულს მართმევს,
თავბრუს მხვევს მიყვარხარ.
თეთრონი ღრუბელია თუ ცხენი აბრსკილის?!
უეჭველია, ქარბორბალა ცხადდება.
უკარო კოშკში ჩემი თმით შემოგაძვრენ,
სვილისფერი თმა ჯიხვები მწვერვალებს გადარბიან,
ღიმილი მაღალი მყინვარი იცინის.
ასეთი სილამაზე მე ჯერ არ მინახავს.
ბრმა სარკე-ჯარისკაცი ტყდება
და ამბავს ნატეხ-ნატეხ წაიღებს.
დროზე გავასწროთ მამაჩემს,
სულებზე მონადირე ბერიკაცს.
ხელეწიფება ტალღების მიქცევა-მოქცევა,
ხელმწიფის ასული, ვტოვებ ზღვას,
მწიფს მიწა,  ხმელეთის ქალღმერთის ვაჟწულის
აბრსკილის სხეულში.
მივქრივართ,
შავი ღრუბლები შეგვესიენ.
თეთრონით ღრუბლებზე მივაჭენებთ.
ზღვას არ ჩახედო კლდეებში
 გაჩენილო,
მონადირე  სულკალმახის სული,
ვეღარ შეგმალავს კუროს ფაშვში.
ვერც დედა,  ქალღმერთი გასკდება ნაკერზე.
სიკვდილის შემდეგ, მოხდა სასწაული,
ოქროს თმები ბოლომძუარებით დაკუტდნენ,
მის სილამაზეს კლდის ხავსმა გადაუარა,
მისი ჯიხვები დადიან უპატრონოდ.

მიყურე მამაჩემო, განა დამავიწყდა, შენ მატირებდ ჩვილ ქალწულს,
როდესაც ჩემთან სათამაშოთ,
 ზღვის ფსკერზე ნაპვნი უცნობი სულები მოგყავდა,
ისინი მიამბობდნენ მიწის კაცების დარდებს,
ისინი წყევლიდნენ უდროო ავდარსა და ტაროსს.
ბოზი ვარ, კახპა ვარ, გაგყიდე სიყვარულს მივყავარ.
მაგრამ, აბრსკილი უბრალო კაცი არ აღმოჩნდა,
ჩავიდა ავის ძმებთან, ჩავიდა,
უკუნეთს ჩავიდა და მთელი ამოვიდა.

აბრსკილ,  არც როდის მოკვდები,
შენ დალის ძუძუ გიწოვია,
შენ ქალღმერთის ძეო, ღმერთების რძეს გემულო.
დავჯდები მეც აქ ტიალი, ზღვათა მეფის ასული,
ხმელეთს ვეხორცები წყლის არსება,
მინდორზე ფრჩხილებით მოვფხოჭნე მიწა:
ჩემი მკვდარი და შენი ღალატი.

აჰა, თაგვო, ჩემი სიბრძნის კბილი,
ყამარის, ოქროსია,
წაიღე და მომიტანე უკვდავების წამალია.

გაცოცხლდი, მკვდარო, ჩემო ქმარო, გაცოცხლდი და გულს ჩამიკარი.
ღმერთებს სიყვარულის და სიკვდილის შური აქვთ,
მიუვალ ჭიუხებს ადამიან-ჯვარივით გამოკრულო,
რატომ დამივიწყე, მე შენი ყამარი,
ხმელეთზე უწყლო თევზივით უწყალოდ ვაგდივარ.
ათასი საუკუნე, გინდ ათი ათასი ცოცხალ-მკვდარისათვის,
სიყვარული კი ჩვენ შორის ნისლებივით მიმოირწევა.
(აბრსკილი აფხაზურ მითოლოგიაში ამირანი)

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო