ფრთოსნები მიკრორაიონში



შეჩვევა იციან...  ვინც სულიერია,
მათ, ვინც უენო არ შექმნილა,
შეჩვევაა თუ სიყვარული, რას  გაუგებ.
მე, ამ ქალაქის ათამდე მიკრორაიონში
გამოვიცვალე კორპუსების ლაბირინთები,
ადამიანთა უცნაურ სისხლზე, ხასიათზე,
მტაცებლობაზე სხვა დროს იყოს.
მე ახლა ვზივარ ზღვასთან ახლოს,
მასივში, სადაც შერეული  ხალხი სახლობს,
უფრო სომხები, ქურთები, აისორები _
ვინც გამოექცნენ ძველი თბილისის სარდაფების მღრღნელებს.
ახლა კი მეტროს სიახლოვეს ცხრასართულიან კორპუსების
ძირას, დადიან მოხუცები, თვალებში ბრაზით,
ყურებზე ოქროს ბურთულებით, თავზე ჭრელი თავსაფრებით.
იცი, რა ხდება, როცა სძინავთ ადამიანებს,
მოლაპარაკე ფრინველების დღე დგება, მაშინ,
როდესაც თენდება უენოდ.
აი, ეს ჩიტი, მე დამყვება „ბიჭო, გოგიავ“.
შეჩვეული მყავს, ყველა სახლში  ჩემთან ერთად გადმოდის.
ალბათ, არასდროს არ დამთავრდება, ჩემი და მისი სიყვარული,
რადგან ერთხელ ეს უკვე იყო, რადგან ერთხელ,
პაპაჩემი სახლობდა სოფელს
და მან ვენახში შეიჩვია წნორის ხეზე შებუდული
ტკბილი ბულბული.
როცა პაპა ვენახში წასვლას ვერ ახერხებდა,
ეუბნებოდნენ: დღეს არ გვინახავს შენი ბულბული,
და ვენახსაც  ეტყობოდა ძლიერ მოწყენა.
მაგრამ წყლის და მზისა არ იყოს,
კაცის სიცოცხლეც ილევა და ჩადის,
იქ, სადაც კარიბჭეა და მხოლოდ სულად
ქცეულს შეგიძლია მარტომ შეცურო.
სასაფლაოზე, პაპის საფლავს ნაძვი და ლურჯი იასამანი
გვერდს უმშვენებდნენ და ორმოცის გასვლისთანავე,
იქ დასახლდა მგალობელი.
- ლადოს ბულბული, ლადოს ბულბული -
მესაფლავე გულგადმოვარდნილი,
თვალებამღვრეული მოვარდა ჩვენთან, გაოგნებული.
სულ არ მიკვირს, „ბიჭო გოგიავ“,
რომ დამყვება შეჩენილივით,
მე ხომ მან მიწიდან უნდა გამახმოვანოს,
როცა ენაზე დამედება გოროხების ცხრაკლიტული,
როცა წამომივლის სენივით სიყვარული,
როცა მომინდება,  დავიძახო შენი სახელი,
უკუნეთიდან.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო