ნაგვის ურნების გუბერნია



**
კოლა გახლდათ თვითმარქვია მოსიარულე.
სახლი ჰქონდა და ცოლიც დაიმგვანა. თუმცა, იმის გამო, რომ სამსახური ვერადავერ იშოვა, ყველგან იწუნებდნენ და იწუნებდნენ, გადაწყვიტა ისე გაღარიბებულიყო, რომ რამენაირად სიღატაკის ზღვარს ქვევით აღმოჩენილიყო და შესულიყო იმ პროექტში, რომელსაც სახელმწიფოს სამსახური ანხორციელებდა და ასე ერქვა სიტყვა-სიტყვით: სოციალურად დაუცველი.
არა ტელევიზორი,  არა გათბობის საშუალება, არა გაზი, არა მაცივარი, არა ჭერი, არა წამალი, არა სკამი და მერე ქულების დაბალი ჯამით შენ დაგენიშნება 100 ლარი, თანხა, რომელსაც მარტოც რომ ცხოვრობდე რას არ გეყოფა:
სარეცხის ფხვნილი, საპონი, ჟელე, პური, კარაქი, ჩაი, გზის ფული, გაზის და დენის და ნაგვის, (ეს ორი გარიგებით შექმნილი ოჯახივით ერთად), ფული, შაქარი.
კოლას ჩანაფიქრი მისმა ცოლმა ვერაფრით ამოიცნო და გულით იდარდა ასეთი კარგი ოჯახის გაჩანაგება, ინტელიგენტი დედამთილ-მამამთილის მიერ შექმნილი ცოტაოდენი წიგნები, ჭურჭელი, საბანი, ლეიბი ნელ-ნელა გაიყიდა და როცა ავეჯზე და ტექნიკაზე მივიდა საქმე, საწყალ ქალს გულმა უღალატა.
ბავშვი, სანათესაომ წაიყვანა.
- ერთ ლუკმას რავა არ დავამადლითო?!
მიუხედავად ამხელა რისკისა, კოლა დარჩა სოციალური დახმარების პაკეტის გარეშე. თუმცა ოჯახი კი დაინგრა და გაუბედურდა.
სხვა რა გზა ადგა, ადგა კოლა და ქუჩაში თვითმარქვია მოსიარულე გახდა.
კოლას, ნელ-ნელა გარეგნულადაც დაეწყო-დაეტყო მაწანწალობა.
ტანსაცმელი დაესვარა, დაეძონძა. სახე მშიერი და უსახლკარო ძაღლის მსგავსად ჩამოუგრძელდა. მუდმივად მარტო ყოფნამ და სიჩუმემ ლაპარაკს გადააჩვია და ძირითად დროს დუმილში მყოფი ატარებდა.
ღამეს ავტოსადგურებში ათენებდა. მუყაოს ყუთების კედლებიან სახლს აგებდა სახელდახელოდ და წაიფარებდა ხოლმე კიდეც, ამ ქაღალდის ნაგლეჯებს. ქარი, წვიმა, თოვლი, ყინვა სულ ერთი იყო. ამინდი, დრო, რიტმი, ამქვეყნიური ვნებანი და ღელვები კოლას გულიდან განიდევნა და რამდენიმე წელიწადში ის ჩამოყალიბდა, გარიყულ, უსახურ და მარტოსულ მაწანწალად.
უფრო მართალი კაცის სახელი მექნება, თუ ასე დავწერ: კოლა ნაგვის ურნების გუბერნიის არაოფიციალურ მოქალაქეთა დიდ არმიას შეურთდა და ქალაქში ქალაქის, ბუფერურ ზონაში ამოყო თავი.
პირადობის მოწმობის, სახლის ბინადრობისა და დიპლომის, ასევე, სხვადასხვა სახის მოწმობებისა თუ ბარათების არქონის საჭიროების მქონე გუბერნია, ხელოვნურად გახლდათ შექმნილი ქვეყნის და კონკრეტულად ამ ქალაქის მერის სამსახურის მიერ. ქვედა ფენებზე საუბარი იწყებოდა ნაგავში მქექავთა თაოსნობით და საოცრად გაღატაკებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, იმის იქეთ რომ ჯოჯოხეთი იწყება, ასეთ კატეგორიას, ღაბაბ დაფენილი მერი მოსახლეობასთან შეხვედრებზე ყოველთვის საგანგებოდ იმ ადგილას დადგმულ ნაგვის ურნისკენ მიახედებდა ბრბოს საჩვენებელი თითით: - მადლობა გვითხარით, რომ თითოეული თქვენთაგანი კოლას და კოლასნაირების ადგილას არ ხართო.
ნაგვის ურნების გუბერნიაში, კონტროლი, ისევე ვრცელდება, როგორც კონსტიტუცია მორგებულ სახელმწიფოში.
ეს არის შრე ქალაქისა, რომელიც ცხოვრობს 21 საუკუნეში, მეოთხე მსოფლიო ომისა და ვეებერთელა უცხო ასტეროიდის ჩამოვარდნა-აფეთქების მიჯნაზე.
კაპიტალიზმის ხელი ქალაქის ინფრასტრუქტურასთან ერთად, მკაფიოდ დაეტყო მოსახლეობის  ფენებს. ნაწილი გამდიდრდა, მოჯდა მაღალსართულებიან ახლადაშენებულ მეგაპოლისისთვის დამახასიათებელ კორპუსის ბინაში, მოაჯდა ძვირადღირებულ საკაიფო ფირმის მანქანას, გახსნა სათამაშო აპარატების ქარხანა და რამდენიმე ხელქვეითი მონად გაიხადა, მეოე ნაწილი უკიდურეს სიღატაკის, ზღვარს ქვემოთ გაიყინა.
თუმცა, ნაგვის ურნების ბიზნესის გარკვეული ფენა ბედს არ უჩიოდა. ამ გუბერნიაში ქუჩის წესები ვრცელდებოდა, რომელიც საათივით აწყობილ მექანიზმს, ქალაქის დასუფავების სამსახურის რეჟიმს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა და მაწანწალათა ბრბო მეტად ორგანიზებული გახდა, ვიდრე ეს წინა რეჟიმის, ე.წ. შევარდენის დროს ხდებოდა. მაგ დროს, მოსწორებულ იქმნა მთლიანად ამ ქალაქის, რომელსაც დედასაც ეძახდნენ გზები, ქუჩები, განათება, სატრანსპორტო საშუალება, გათბობა, სწავლა და მოქალაქეთა 80 პროცენტი გალოთდა. ქალები და ბავშვები საჭმლის ნაცვლად იღებდნენ ალოლურ სასმელს და ამას კი ღამის გაუთავებელი ორგიები გათენებამდეს, წარმოქმას საფუძველს უქმნიდა.
მაშინდელი ნაგვის ურნების გუბერნია, შესდგებოდა ისეთი ადამიანებისგან, ვინც ომს და ბუფერულ ორ ავტონომიურ რესპუბლიკიდან გამოქცეულ მოსახლეობას წარმოადგენდა, ასევე, ყოფილი ჯარისკაცები, ვინც ომის შედეგად დაინვალიდდა, შემდეგ ისინი გასამართლდნენ დეზერტიობის მუხლით და ომის ინვალიდობის პენსიების გარეშე დარჩნენ, ასევე უმწეო მოხუცები და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები, ასე მოზღვავებული ბოშების ბანაკის მშიერი ქურდბაცაცები, რომლებსაც მოსაპარი არაფერი ჰქონდათ.
ნაგვის ბუნკერები ჯერ კიდევ შევარდენ პირველი მეფობის ჟამს კორპუსების სარდაფებში იყო განთავსებული, ხალხი, ვირთაგვებს ებრძოდა და გადაყრილ ნაგავს კი თვეობით და ხანდახან წლობით აგროვებდა. დასუფთავების სამსახური დატაცების, სახელმწიფო ქონების მოპარვისა და სახლში გაზიდვით იყო დაკავებული, ეს მაშინ ყველა სახელმწიფო დაწესებულების აპრიორად ითვლებოდა. საქმე ისაა, რომ ბობოლები უფრო ძვირადღირებულ, დიდი ქარხნების დანადგარების მეზობელ თურქესა და რუსეში ჯარად გაზიდვის ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, ასევე, გაზისა და დენის მოპარვით ფულებს ღუნავდა, სხვა ნარკობიზნესის პანკისურ ამბებს რომ გვერდი ავუაროთ.
ამ მცირე მიმოხილვით მიხვდებით თუ რა განსხვავებაა დღევანდელ ნაგვის გუბერნიასა და შევარდენის დროს, ვირთხებისა და ქვეწარმავლებით სავსე ბუნკერების დამპურებელ მაწანწალათა შორის.
ქალაქის დასუფთავების სამსახური შესანიშნავად მოეწყო. ქალაქის გალაქტიონმა ტარიფი სამმაგად გაზარდა, თან ეს ისე მოახერხა, რომ შევარდნაძის დროს მიჩვეული ხალხი, რომ ნაგვის ფულს საერთოდ არ იხდიდა, ახლა ვერაფრით აუვლიდა გვერდს, დენს ნაგავი მიაბეს და გამორთე დენი ნაგავი იწვება, ზამთარში ყველა დედაოელის სახლში ხშირად გასაგონ მოარულ გამოთქმად მყის იქცა.
დენის ფულს იხდიდა მოსახლეობა, ყინვებისგან რომ არ დაზრობოდა კიდურები, თან ერთი-ორად გაზრდილ ნაგვის გადახდასაც უნებურად თუ ძალდატანებით განახორციელებდა ხოლმე და ამან კი ის შედეგი გამოიღო, რომ გაზულუქდა დედაოეთა მმართველი წრე. დასუფავების სამსახურმა საათის მექანიზმის პრინციპით ააწყო საქმე. ჯერ თურქული წარმოების ურნები შემოიტანეს, რააც ჯართში მილიონობით უცხოური ვალუტა გადაყარეს, მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესობას სიმშილით მცირეწლოვანი ბავშვები დღე-დღეზე შიმშილით უწყდებოდა, შემდეგ მანქანები შეისყიდეს, მეორადი გახლდათ, თუმცა კაი გვარიანი თანხა დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს. შემდეგ, ამ ქალაქის უძველესი მოსახლეობა, შავკანიანი აზერები შემოიკრიბეს, ცოცხები დააჭერინეს ხელში, შოფრობის სხვადასხვა კატეგორიები მიანიჭეს და მანქანებზე შემოსხეს.
ნაგვის ურნების გუბერნიასაც არ ეძინა. ბანკში ადებული და დაყადაღებული ბინების გაყიდვის გამო უბინაოდ დარჩენილი ოჯახები, სხვადასხვა ქვეყნის შიგნით მომხდარი ომების, სისხლიანი დაპირისპირებებისა თუ გაჭირვების გამო ქუჩაში დარჩენილები და კოლა ამ ახლად შექმნილ საკმაოდ კარგად მოფიქრებულ კორუფციულ სისტემას უნდა მორგებოდნენ.
და ასეც მოხდა.
გუბერნიის თითქმის ყველა მაწანაწალამ მშრალ ხიდზე გამართულ ოჯახებიდან გამოტანილი მეწვრილმანეთა ბაზრობაზე საათები შეიძინეს, ზოგმა ადვილი სათქმელი არ არის და ვაგზალზე მიწისპირზე გამართულ ბაზრობაზე სოფლელებს აწაპნ, ზოგმა მთვრალ ქალაქელთა ქუჩაში მობოდიალე შეხსნა მაჯიდან, რამდენიმემ მეორადებისა და ჩინელების მაღაზიებში ინათხოვრა.
ყოველი ერი საათის გასვლის ჟამს ნაგვის ურნების დამსუფავებელი მანქანა, უცნაური შავკანიანი ბრიგადით ჩამოუქროლებდა ხომე, ზაფხულის სიცხეზე სატიკი სუნით სავსე ურნებს და ცლიდა. თუმცა, შუალედებში გუბერნიის წევრები ასწრებდნენ ურნის ცელოფნების გაქექვას.
კოლა ამოიღებდა შუშის ბოთლებს და გაზინტლულ ჩანთაში ჩატენიდა, ხანდახან საჭმლის ნარჩენებს ან პურის ქერქებს გადაწყდებოდა, იმას ცალკე ანაში ტუცავდა და ეს მექანიზმი, სწრაფი გადაადგილებითა და მონაცვლეობით, ლაივში ცხოვრების დიდ, კინოეკრანზე უფასოდ უშვებდა მუნჯურ, შავ-თეთრ კინოს, ვიღაც „მეხანიკი”, დამკვირვებელი, მოთვალთვალე ზეციდან.
ერთხელ კი მოხდა მოსახდენი.
კოლას გამთენიისას, როცა არც დღეა და არც ღამე, თვალებში ჩაუწვა ჩრდილოეთის ციალის მსგავსი ნათება. გარეუბნის ბუნკერის სიახლოვეს ნაპოვნა პატარა მსუქანა, ღიპიანი კაცის ქანდაკებამ მას ირიბად გაუღიმა და ხელით ანიშნა, იმ გზისკენ, საიდანაც უკან დამბრუნებელი აღარავის არავინ არასოდეს არ უნახავს და სადაც, ყველა სოციალური სტატუსის მქონე თუ არ მქონე დაადგება ადრე თუ გვიან.



Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო