shortcut
სამსახურისკენ მიმავლისთვის,
დილის ალბათ ასე,
რვისთვის, რა
კარგია,
გაჩერებამდე ლოკაცია სკოლა,
სკოლისაკენ ჰერია, ჰერი...
ახალ მზე ამოწვერილზე,
ახლად კვირტებ ამოყრილზე,
რამდენიმე წუთიანი
გაბავშვება.
რა კარგია, ასეც,
რომ… მზეს აასწრებენ პატარა გოგონები,
თივთიკივით რბილ
თავსასთუმალს - მიანებებენ.
მიყვებიან თავდახრილები,
ეშმაკუნებით თვალებში,
საკუთარ ბაბუა-ბედნიერებს.
ისინი,
ზურგზე, სკოლის წიგნების ჩანთა ამოზრდილები,
თითქოს, თავად მიეჩქაროდეთ
და სკოლის ზარი სანამ დარეკდეს:
- აბა, შევასწროთ მასწავლებლებს კლასებში
-
ბაბუები შენც გიღიმიან.
მათ ღიმილში მზე
ირეკლება გაბადრული.
რა კარგია, რომ
სამსახურში დაგვიანება
მხოლოდ ერთი ევრო
ღირს,
მე შემიძლია ეს
ბავშვობა გავიხანგრძლივო.
როცა პატარა გოგონები
ბინავდებიან კლასებში, ხოლო
ისინი, მოკლე გზით,
თმა გათეთრებული
თავებით უბრუნდებიან ცხოვრებას ანუ
ამ აბეზარი ტყუილების
სკოლას.
მათთვის ზარი არასოდეს
არ აგვიანებს.
და ერთხელაც, როცა
პაპა ნაწისქვილარზე, ვენახის ჩრდილმა
აღარ მიიღო, გაუსკდა
ვენა, იდინა სისხლმა და
ყრუ მდინარემ თავისი
თავი გაახმოვანა,
როცა იების სიმწიფეში
სისხლი წითლად ამოხასხასდა.
მეთევზეებმა შეამჩნიეს
თეთრი ბლის ქვეშ,
იწვა მორჩილად და
დასაწურად გამზადებულ ვენახივით
ვეღარ ღუოდა.
მაშინ და მერეც,
ჩვენ მივდიოდით ფოსტის გზაზე,
ხელებჩაკიდებულები,
როგორც თანატოლები,
როგორც უდარდელები,
როგორც პირიქით,
პაპა მიმყავდა.
ერთხელაც, ბავშვურ
გულწრფელობით გამექცა თვალი,
ცისკენ, ღრუბლისკენ,
მეზობელი ბიჭის
სტოპებიან ველოსიპედისკენ. გულის
დაქცევას
მოასწავებდა პაპის
წაქცევა მოედანზე, სოფლის.
მას მერეღაა სათუო
ეს ამბავი, რა შუაშია ან იქნება თავშიც კი
არის -
იყო და არა იყო
რა, უკანმოუხედავად გავურბივარ ბაბუების
ცარიელ ზურგებს,
მინდა მოსახვევში შევასწრო
და, ვეღარც კი ვითვლი,
რამდენ ევროს გადავიხდი
სახელფასო ბარათიდან
დაგვიანებისთვის კვირაში,
თვესა თუ სხვა დანარჩენ
წელიწადებში.
Comments
Post a Comment