ევრიდიკე

ვიმახსოვრებდი გამუდმებით,
გულში ვივლებდი, გულში ხშირად ვიმეორებდი
როგორ მეძახდი შუაღამეს,
როცა ყველა იძინებდა მტერიც, მოკეთეც.
როცა ჩემს გამო,
უცხო ქალები, ჭოტებივით მოგკიოდნენ,
სადაც გხვდებოდნენ.
და ჭრილობა თუ გეხსნებოდა,
მე ფეხი ქვაზე მიბრუნდებოდა.
გიმეორებდი გამუდმებით, ათასწლეულებს გავაწვდინე
შენი ხმა,
და მჯეროდა, რომ გავიგონებდი, თუკი
გნახავდი.


ვიცოდი, განა არ ვიცოდი
ჯოჯოხეთიდან ამომავალ გზის დასასრული,
უკანაც რომ მომეხედა,
ან არც კი...

როგორც კი მზის სხივი გაიბლანდებოდა,
ალვის ხეების გადაჭრილ მორებზე -
ფეხი დამიცდებოდა -
მოჩვენების სიყვარული, მოჩვენებისთვის გულის მოგება -
ეს ხომ ყამირი მიწის თხრაა -
ეს ხომ ნაღმია,
ფესვებს რომ ხარ გამოდებული,
და გაღიებულ გაზაფხულის პირველ ყვავილებს
სხეულზე ითესს.

დაკარგულის დაკარგვა კი სამყაროსთვის
ღმერთის შობაა.
ახლა გაგიშვებ ხელს, გულს, თმას,
ახლა შენსკენ მოსასვლელ გზებს დავტბორავ,
ახლა
გაგიშვებ შენი ღმერთის გულისაკენ,
მე აღარ მესმის შენი გულის ხმა.


მე კი....
სადმე...
იქნებ ოდესმე...
მიწისქვეშეთის ქალღმერთს დავუძვრე,
როგორც გველი, ტყავს გამოვიცვლი...
როგორმე გოგოდ ვტრანსფორმირდები,
რომელიც მუდამ გესიზმრებოდა, შენს ძილში
შენთან იძინებდა,
და არასდროს არსად ტოვებდი,
თუნდაც ვულკანებს გამოეღვიძათ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო