ტალითა, კუმი*

                       წინაპრებს, მათეს და მართას სულებს

 

ლამაზმაო თუშის ქალამა,

თმანზე შაიჭრანაო თმანიაა*

 

ასული _ 16 წლისა ქალი

   თექვსმეტი წლის  ასული ჩემს სიცოცხლეში კვავლოს ვცხოვრობდი.

ჭრიჭინობელა პატარა ქალოსმიძახის მამა. დიახ. ახლაც იქ ვცხოვრობ, არსად წავსულვარ. ჩემი ანგელოზი ძუძუმწოვარაც აქვეა, თებჟორიკებთან ვათევ ღამეს ძველ აკლდამაში.

- ჭრიჭინობელა, პატარა ქალოო, თუნგულა აიღე, წყაროს წყალი მომიტანე, მამა გენაცვალოს, მამას ოქრო გოგო, ვინ არიო?! _ წამიმღერებდა მამილო ჩემი, ტყაპუჭიანი და მეც მიყვარდა ღელეზე სირბილი, პეპლებსა და დეკებს დავსდევდი, ფეხს, შიშველს, სიპ ქვებს ვანდობდი და ადევნებულ კუტკალიებს კუდებს ვაცლიდი.

- მამი, ეგ კომბალ მამეცი და მე ვიცი-მეთქი.

მზე სანამ ამაიწვერებოდეს დავადგები გზასა და ავალ აკლდამების ალაგასა. გავხსნი ხის ურდულს, შევიკეცები და დაველოდები იმ უცნაური ქვეყნის მინდვრების, ყაყაჩოებისა და ჩიტირეკიების მოსვლას, სადაც მე თვითონ გამიწევია.

დიდი ქვაა.

ვზივარ.

არავინ მოვა, არც არვინ მეტყვის, გაცივდები პატარა ქალო, ემაგ ქვაზე ნუ ზიხარო.

           ირგვლივ სულ ძვლებია, წყება-წყება. თავმოისრული შუკუმა, ჩემი მატურა, სანაწვთიანი გადახურვის ზედა ფიქალის ცენტრში გახვრეტილია და ამ ნახვრეტში ცალი წვერით ჩასმულია რიყის მოგრძო ქვა ისე, რომ მატურის თავზე ის ვერტიკალურად აღმართეს.*

         აქვე არის კაცების გადასაგდები ყორე. იი, ამოვიყვანო მათეი და გადავაგდო აქედანა. ვხუმრობ ამასაცაი, მარიამწმინდას ტყუილს არ ვიტყვი, არც ცუდას, ხბოების ძვლებიცაა აქა, მოდიან მხოლოდ მანდილიანები, მოხუცი დედაკაცები და ხბოებს სწირავენ სალოცავსა. სამაგიეროდ ახალრძლების მოლოგინებასა და ნაყოფიერების გაზრდას ელიან.

მარიამწმინდამ, დედამა ღთისამა რო იცოდეს, აეგრე ვზივარ კეთილად ობოლი ბალღი და მე კიდე თექვსმეტის ახლახანს გავხდი, ჭრიჭინობელას მიძახის მამა, ჭრიჭინობელა პატარა ქალოს. ეს რომ იცოდეს, მარიამწმინდა კოშკმცოცავ ანგელოზს გამააფრენდა ჩემკენა. შენამც იდიდები, დედაო ღვთისმშობელო, ღვთის პირის მეღვინეო, ჩვენო ძუძუს მაწოვებელო.

აქ ცივა. Bბალალაიკა მაქვს და იმას დავმღერ ხოლმე.

ცოტაცა და გაიზაფხულებს, ნინოობას უკვე შემოდის ია-ენძელთა ქარია, თოვლის ქვეშ არიან დობილნი, გამტკბარნი ურთიერთით და მდინარის ყინულებიცა ტყდება, ნინოობას თითქოს ცა იღვიძებდეს, თითქოს ღრუბელთ ესმოდეთ აქეთ ჩვენობისაკენ მომფრენ ფრინველთა ხმა-გალობა.

საღამოობით, როცა უმთვარო ღამეა, ტურები თუ აფთრები მოდიან და

გაბმით ყმუიან.

გადავიწერავ პირჯვარსა.

ნაუცბათევად ვიძახი: იესო ქრისტე, უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი, მამშორდება შიში. ისე თქვენ გაიხარენით.

გამთენიის კიდენა მამცილდება ხოლმე ეს შიშიანობა. დაცდილი ვარ თუ რა არის, არ ვიცი, დები მაინცა მყოლოდა, ან კიდე დედა ცოცხალი. ეს ძალიანა მინდა. დედა მინდა. მასწავლიდა ხოლმე პირის დაბანას, ფეხთ გამშრალებას, ქადებისა და ნაზუქების ცხობას.

სისხამზე, დილის ნამს ვუშვერ პირსახეს. მოდიან ცისფერი, წითელი, ყვითელი პეპლები, პატარები. მოდიან ჩიტირეკიები, უცნაური წიწკანები, მოლაღურები, მოდიან ერთი ციდა ბატკნებით ახალნამშობიარები დედა ცხვრები, წინა ღამით თუ გამოქცევიან ფარას და სადგომს და მარტოს ღვთის ანაბარად ურჩევნიათ მოლოგინება. ამოდის დიიდი ბურთი, გაბრდღვიალებული სიცოცხლის მანათობელი.

 

 

მიწისა სტუმარ და სოფო ბაბოსა 

   მითბება ძვლები, ვზივარ ცივ, სლიპინა ქვაზე და ვუცდი.

ანგელოზთა ბურთაობა არადა არ ხდება. ვიცი ეგეთებისა, გამიგონია. ერთი დიდი მანათობელი და სამიც ან ოთხიცა, პატარები დამწკრივდებიან, თან ტრიალებენ, ტრიალებენ და დაბრძანდებიან ხატ-სალოცავებიდან წმინდა ჭალებისაკენ. ჯერ არ მინახავს ეგეცა, ძალიან კი მინდა.

სოფო მქვია.

    თებჟორიკებმა უხმოდ იციან მოვარდნა. ამათი პატარა დაი, ენაჭარტალაა და ცუდ ამბებს მიყვება ხოლმე, ჰგონია მართობს, მოწყენილი ვგონივარ, მარტოს რომ მხედავს უსიერ ტყეში, მე კიდევ არა მსიამოვნებს. ერთხელაც არის, დავუარე მუხის ხეებს, მთავარანგელოზებს დამსხდრებს, სათითაოდ ქადის ნახევრები ჩამოვურიგე და ძლისპირიც ვუმღერე, გავწელე პატარა გარმონიკა და ეს რომ მოვრჩი, მოვიდა სანათაი. წაგიყვანოო ჩვენთანაო? იცის, რომ მინდა სადმე გასვლა. აღარ მინდა სულ აქ, ძველ საფლავებში ბღოტიალი. წაგიყვან, მაგრამ დედას არ უნდა დაენახვოო. ვის დედას მეთქი? გულგადაქანებულმა დავკითხე და ჩემს დედასაო, თორემ აეგრე იტყვის შენს დანახვაზე, ვახშამი თავისი ფეხით მეახლაო. მზის ჩასვლამდე მის სოფელში კლდეების ძირას, უზარმაზარი ქვების დარბაზებში ვიყავით. იქა ვნახე პირველად გოლიათები.

სახელგანთქმული დევებიმუზა და ბეღელა. მუზა ყოფილა დევების მეფე, ხოლო ბეღელა ლამაზი დევის ქალი. ხაშარს ბეღელას სკამი ჰქონია ქვისა, მაღალი. თურმე სკამზე რომ დაჯდებოდა, ისეთი გრძელი თმა ჰქონოდა, რომ მიწაზე შვიდკეცად დაიდებოდა. ირემთკალოზეიორზე ფაცერი ჰქონდათ გაბმული  და ადამიანებს იჭერდნენ და ჭამდნენ, იახსარი და კოპალა დიდი ქვებითა კლავდნენ დევებს და ასე მოკლეს ბეღელა და მუზა. გამხვეურას ცხრათავა ქალი დევი ცხოვრობდა. ავისგორს გამრავლებულაცხრა დევი გაუზრდია. თებჟორიკა დაიამ ისიც მითხრა, რომ ქაჯავეთის ქალები წაღმა-უკუღმა ქსოვენ, მაგათ ნაქსოვი ობობას (ბებერაის) ქსოვილივითააუჩინარი იყო (უჩინარს ქსოვენო). იმას ადამიანი თუ მოისხამდა, არც ტყვია ეკარებოდა, არც ისარი, მზეზე ლივლივებდა გველის ჭარივითა. მისი შოვნა ძალიან ძნელია, ქაჯები მხოლოდ ნაწილიან კაცს აძლევენო.

    კიდე იცი რა? მოხუცი პაპდევი ჰყავდათ. ისა ჰყვებოდა თავისთვისა, მაგრამ ხმამაღლა გაჰყვიროდაწინათაო პირველეებით  ბალღ უკლავო, ბალღ. კანონ ეგრე ყოფილა, წესი, რა წესი. არ შეიძლებოდა გადახვევა. ერთხელ თურმე დანასა ლესავს, წამოზრდილია შვილი და ვერა ბედავს. Kაცო, ერთი ჰყავს და როგორ უნდა დაკლას ბიჭი, უთქვია მერე ბალღს: დამკალ, მამავ, რაღას ელი, სამსახურიაო და რო მაინც ვერა ბედავს, ვერა ბედავს, ქრისტე ღმერთსა ჭედილა წამაუყენებავ და ის დაუკლამ და ბალღი დამრჩალა. მერე გადასულან ცხვრის ჭედილებზე. აეგეთები არიან მაგათი მოდგმაო, იახსარისა და კოპალასიო. ეგენი რომ არ გვხოცავდნენყველას დავიჭერდით და ჩავქაფავდით, ადამიანი რა სასიცოცხლოა, მაგრამ იგეთი ბიჭები არიან, ძალითა და უშიშრობითა ბადალი არ ჰყავთ იმათ მხარეში. სანათამ გამახედა იმ დევპაპისკენ და ასე მითხრა, ყური არ უგდო, მაგას ისევე ძველი დრო ჰგონიაო.

     ანგელოზების ბურთაობის ნახვა არ მეღირსა, მაგრამ ერთხელ ვნახე მაგათი პირწავარდნილობისა იყო ისიც.

     -    ბურჯგუმ-ბურჯგუმით იცის ანგელოზმა კიდენა სიარული, ღამღამობით მურგვლად. ცაცხვის ხესთან უყვარს დასვენება.   - ესეც თებჟორიკა ქალაიმ მომიყვა, მაგრამ მე ვითომა ვნახეე. ვითომაა იმათთან კლდისუბანშიც ვიყავიი.

     მხოლოდ თებჟორიკები მოდიან ღამითღამემაც იცის ნისლის აყრა. დადგება ხოლმე ნისლის კორიანტელი, ადიან ზევით მთების საბურველით ტყის სულები და მაშინ შემომირბენენ ხოლმე ჩემი დობილები, თებჟორიკები. არ ვიცი, თუ ვცდები, მაგრამ ადრე მითხრა მეზობლის მათემ, ეგ შენი თებჟორიკები ალები, ქალთარაფრები, ჭინკების სულები არიანო. შეცდომილივითა ხარ ხოლმე, , მაგ ჩალის კუკლებთან რო თამაშობ და იძახი, თებჟორიკებიც აქ არიანო.

 

საფლავსა შიგა მდებარე ვარ მე უდროვოთ

    ერთი დაი ამათი, მთვარეულა დაბალია, გრძელთმიანი და მწვანთვალა. იცინის, იცინის, აგიყოლიებს, რომ არ გეცინება მაშინაც? კი. კი. მაშინ უფრო, იმდენს იცინის, სანამ არ აგიყოლიებს. მხოლოდ მან იცის, რომ ცხრა წლისას გმირი კოპალა მიყვარს, თავგადაკლული ვარ. მეთქი არაგვის ჭალას წავალ, ვივლი, ვივლი დევთა ავკაცა გორას გადავივლი, იახსარის და კვირიას ნაბუდარსა და კოპალას ქვების ნასახლარში მივალსიპით ყრუდ ნაშენ ნაგებობას, ბრტყელი სიპები აქვს გადახურული. სასანთლე შუკუმასთან ჩამეძინა და მხოლოდ ცვარ-ნამიანს გამომეღვიძა, იქვე ორი ბრტყელი სიპი ეგდო, ერთი გახვრეტილი, ალბათ, სადროშე. უკვე კოპალა მიყვარდა თავისი შავი თმითა და მწვანე თვალებით, გრძელთითა და ღონიერი. მთვარეულამ კიდეეგ კოპალა შენი მეზობელი მათეს გარე ბიძაშვილი გიორგი ხო არ არისო, ხატობას რომ ჩამოვიდა და მამაკაცებთან ერთად იმღერა, ხევისბერთანაო?! რა იცის ამ ჭინკამ, არადა ნამდვილია, იცის, სხვამ არავინ, მხოლოდ მთვარეულამ. გულისხმა აქვს ამ პატარა ალქალასა, ფიქრით და გუმანით მიმხვედრი. ისიც იცის, ხატობის ღამეს დედაკაცთ რომ არ მიესვლებათ. პიროფლიანთა  საჯვარეში ვიყავი ათანგებობას, ჰეე... მაშინ დამცადა, რა იყო, ღამეს სულ ცივოფლიანობა მეტყობოდა და მამცივნებდა გოგოსა. ვის ვეტყოდი, ამის გაგონება და ჩემი ჭედილასავით დაკვლა ერთი იქნებოდა. თებჟორიკამ ესეც იცის. იქ ვიყავიო, გარე-გარე მავალიო. ხევისბერის ზანზალაკებიანი დროშის ზარებზე ყურებზე ხელებდაჭდობილიო.

    არა მჯერა მე მათესი.

    მათეს დედა ჰყავს, დილაობით ყველ-კარაქით ითხვრის პირსა. პაპაცა ჰყავს, ბაბოცა. ხის ცხენი აქვს სათამაშო, მთელი დღე დარბის, არაფრის გამკეთებელი. მე ვინა მყავს ამ თებჟორიკების გარდა, ხელი ვკრა ამათაცა?! გამებუტნენ და წავიდნენ ჭალის ტყესა?! აბა, აქ მათ მეტი ვინ ამამყოლია?!

    მართაცა მყავს დობილი. ის თებჟორიკა არ არის, ხორციელია, ბევრს ვერაფერს მეხმარება, ალალ-მართლობით მარტო. თაფლიან წყალს მასმევს ხოლმე, მაგათთან თუ მივალ. მართას მამას, სიმონას, ცხენი ჰყავს ლამაზი, დარახტული, ყორნისფერი და კვიცით. იმ ცხენის და კვიცის ყურება ერთ რამედა ღირს. ერთხელ მართა შეესვა მამამისს და ასეირნებს, სანამ ცხვარს წავლენ ზევით, ზევით კავკასიონს საძოვრებზე. Gგავუარე. თუნგულა და ბალალაიკა ზურგს  მიმძიმებს, მივჩანჩალებ და ეს ცისფერი თვალები უფრო გამიდიდდა, ღრუბლისხელა გაგიხდა მაშინაო, სხვა დროს მითხრა მართამა და სიმონამ გაიცინა რაღაცნაირადცის გახსნასავით გააშუქა, მტაცა ხელი და მართას გვერდით მიმსვა. ყორანამ კიდე გაიქნია ლამაზი თმა, მერე ძუა და გაიჭრა ქვევით, მინდორზე. ეგ კარგად მახსენდება მეც. ჩემს მამილოს ბებერი ცხენი ჰყავს და თავის ბარგს ძლივს დაათრევს. როცა ზამთრობით, აი, ამ დროს მიდიან ხოლმე თვეობით საძოვრებზე, სულ მეშინია, რომ ეს ჩვენი თეთრონა ერთხელაც უკან აღარ ჩამოჰყვება ცხვარსა.

    მართა და მათეს სულ სანთელი და საკმეველი აკერიათ პირზე. სულ ხატობისა და დღეობის ნატრულები არიან. ხინკლაობა უყვართ, სალოცავებზე ხალხის და ფანდურების სმენა, მე არა...  მე უფრო დემონებისა და დევებისა მჯერა და ადამიანების მეშინია, ვიდრე იმათი. ადამიანებისგან, მათთგან შორს ყოფნა მინდა, აბა, რა საშიშები არიან ტყის სულები და მდინარის ალები, ადამიანი ყველაზე საშიშია, ყველაზე... მე თუ ვინმე მკითხავს, დემონები თვითონ ადამიანები არიან.

 

სოფიო ბაბოს ასული თილიძე

   ვქსოვ რაღაცეებს, პატარა წინდებსა, ბაჩიებსა, ჯვალოებს. მათეს ბაბოსა, ყორეზე დამჯდარსა დავაცქერდი და ვისწავლე ჩემით. ქვებს ვაცმევ ხოლმე შუადღისკენ. დავტოვებ ხოლმე ხეების ძირში, ვითომ ჩემი მეგობრები იყვნენ, ჩამოვიარო მეორე დღესა და დავუწყო ძებნა, გავძახო, თევდორეე, ანასტასიაა, ნუგზარ, ბალღეებო, მაგროვდით ერთად, ტყეში მგლები არ იყვნენ, მოქუჩდით კვირიას ნაბუდარზედა.  

    თოვლის კაცები და კუდიანი დედაბრები არ არიან. ეგეთები ტყუილია. როჭოები კი იცოცხლე, იმდენია, იმდენიი. თოვლის დერეფნებში დავძვრები ხოლმე.

    არც ზამთრობით და არც ზაფხულობით, არცა არა დროს, არ გავდივარ, ტყის გადაღმა მინდორში, იქ ერთი ვერხვი დგას, ნახევარი გვერდი გამხმარი აქვს და იმის ფუღუროში გველი ცხოვრობს. მამილო მთელ პატარობას დამძახის ხოლმე, მაქეთ არ გახვალ, გველ არ იყვესო. სამი წლის ვიყავი, დედამ რომ წამიყვანა ვერხვის ხესთან. მღეროდა ხოლმე ჰიმნებს და საგალობლებს დედილომაღალზე ძალიან მაღალს, გრძელი თივისფერა თმა, წელს ჩაცდენილი, ნიავზეც კი უთრთოდა, ისეთი ნაზი თმის ღერი ჰქონდა და მღეროდა, მაშინ გამოძვრა ის არსახსენებელი, წამოვიდა ჩემკენ, გადამეფარა დედი და გველმა დაგესლა. ეს მახსოვს. ამიტომაც მამილომ რომ არ მითხრას. ისედაც, ჩემით ვიცი, რომ იქით ვერხვიანში არ უნდა გადავიდე.

მთა-თუშეთს ყველაზე ლამაზი ცა არი დედამიწაზე. ყველაზე დიდი დღე აქა დგება.

 

მე, სოფო, ბაბოს ასული. თექვსმეტი წლისა.

მე, სოფო, ბაბოს ასული, თექვსმეტი წლისა,

ჭრიჭინობელა პატარა ქალოს მეძახის მამა.

მე, სოფო, ბაბოს ასული

 

გადავიცვალე მე უგვირგვინო ქალი

   ამ გაზაფხულის პირას, იანვრის ბოლოსკენა, სოფელი უცნაური ჭირით დაავადდა. მთის გადაღმა, ხეობის გასწვრივ ძველ აკლდამებში სათითაოდ  ადიოდნენ გადადებულნი, შედიოდნენ და ქვაზე სხდებოდნენ. Aასე რჩებოდნენ, სანამ  არ მოაკითხავდა  ძუძუმწოვარა ღმერთი.

უხნოს დამრია სენმა, პატარა ვიყავ, დამჩრდილა. ჭრიჭინობელავ ჩემო, რა უცნაურ ქვეყანაში შეგირბენიაო, _ გამიოცდა მამა და ჩვენი თხაცანცარა ჭედილასავით გადაუთეთრდა თმა-წვერი.

   სანამ ეს კეთრი ბოლომდე დამანამცეცებდეს, ვიხედები გალავნის გადაღმა, ვაკვირდები ჩვენ ჯვარ-ხატებს, ქალს იქ ვინ აუშვებს?! ასე შორიდან ვუყურებ ლაშარის ჯვარსა, კოპალასა, იახსარსა  – საფშავლოს გზაზე მავალთ. ჩვენთან ანგელოზთა ბურთაობა იცის მარიამობას. იქნება მეც ვნახო, მეც დავცადო.

პეპლები და დეკები, გვირილები და წყარო ანკარა, სანამ არ დააჭერს მზე, ესენი გარეთ არ გამოვლენ, მაგრამ ეს ჩემი სამი დობილი, ჭინკების პატარა ქალები სადღა გადამეკარნენ?! ეს დღე არ გამოჩენილან, იქნებ საღამომდე მე ვეღარც კი მიმყვეს სული. მათი ნახვა კი ანგელოზის ბურთაობის დარად მინდა, ძალიან.

   ხახმატის ჯვარსა არაფერს ვჩივი. ერთია, ბუერასავით თმა მქონდა წელამდე. ბღუჯა-ბღუჯა გამცვივდა. თმით მედგა სული. ახლა თითქოს ყველაფერი სულერთი გახდა. სად ვიქნები, ვისთან ერთად, მაგრამ, სანამ მე აქ ვზივარ, სხვა ჯერ არ ამოვა სოფლიდანა. სხვა ჩემნაირი, ჩემსავით უცბად დახლაკნილი, დაცდილი. სნებაშეყრილი ვცდილობ დიდხანს ვიჯდე, ჯერ მე ვიყო ამ ქვას მჯდომარე ბნელში, ნელი და ხანგრძლივი გადასვლით დაღვრემილი, იმ უცნაურ ქვეყნისაკენ. აქეთობას კი სხვას შევუნარჩუნო დღენი.

  ხანდახან საღამოსპირზე  გრძელთმიან ქალს დავლანდავ, ნიავი რომ უშლის ბუერასავით ჩალისფერ ბოლოებს.

   შორიდანვე მიძახის:

- ჭრიჭინობელების მდევნელო, , ჩემო, მამის გარეშეეს რა უცნაურ ქვეყანაში შემოპარულხარ!*

 

 დილიდან ამ რიყის ქვას ვუზივარ, ამოვღარე დაბნელებისას ეს წარწერა:  

 

1907 წელსა, იანვარის 27-სა დღესა

გადავიცვალე მე უგვირგვინო ქალი

სოფიო ბაბოს ასული თილიძე

საფლავსა შიგა მდებარე ვარ მე უდროვოთ

მიწისა სტუმარ და სოფო ბაბოსა

ასული _ 16 წლისა ქალი

 

მშვიდობითა დაო გზაზედა,

ნუ მიხვალო დედანთ ჯანზედა.*

 

* - ეს იესოს პირველი სასწაულიძველებრაული სიტყვები, ქართულად – „აღსდექ, გოგონა”.

* - ეს ხატობის სადიდებლიდან

* - ვერა ბარდაველიძის წიგნიდან.

* - იაპონური ჰაიკუ.

*- ესეც იმავე ხატობის საგალობელი.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო