Posts

ესკიზი

თითქოს მოლოდინს შევუპყრივარ, ისე სიჩუმეში ჩავეფალი, მაგონებს მიწის გაყუჩებას, ჩემი ტკივილის სამარხები. გზაშია. გზები თოვლში გაქრნენ, ფრთები მოყინული ზეცას მიეწება. ასე გაუსაძლის უდროობას ჩივის, ჩვილი მარტოობა. როგორ ვუბრძანო საკუთარ მეს, როგორ ვუთხრა ეს საიდუმლო, რომ მე, მეს დავიწყების აღმართს დავადექი?! ბევრად მარტივია, უშენოდ. სურვილების, გრძნობების მიღმა   - სადაც სულერთი სიჩუმე მოფენილა, რაც უდავოა დასარულის ექვივალენტია.

ხეობა

Image
რაც იყავ მიწაში ჩაგდე, ისევ ის ამოგჩიჩქნე. თეთრ მარლებში გაგხვევ, მხარზე გაგიდებ და აი, მაინც, სადამდე გავძლებ?! დაუმარხავი ძვალი სულს მომთხოვ, სული წყალგაღმა დაიწყებ მოთქმას. ნება დამრთოს და მერე მე ვიცი, ჩემმა ქალობამ და გავშლიდი ამ ძვლებს გამოქვაბულში, გავიშლიდი თმას, ბუტბუტით შევულოცავდი. გამო, გა- მო- დით. ხორცს ავასხავდი, ამოვკემსამდი, სულს ვშთაბერდი, ჩავარდნილ თვალს ამოვიყვანდი, თავიდანაც კი დაგართავდი. ასწლოვან უთხოვარას ძირში ხავსიან ქოხმახს აბლაბუდებს გავუქრობდით, ცეცხლს დავანთებდით, გავაცოცხლებდით. რადგან დავრჩით ხეების ანაბარა, რადგან დავრჩით მიწის პირზე, რადგან დავრჩით ალალბედზე, წყალმაც კი არ წაგვიღო.

ლანდშაფტი. ტაძრად გადაცემისა

Image
ხის ფესვების სიძლიერით მოიწევს ეს მაგნიტური მიზიდულობა ორ სხეულს შორის არსებული. და შიგნიდან გაჩენილ ცეცხლს, მზის ამოსვლამდე, დეკემბრის სუსხი - მეხანძრე აქრობს. ოფისის დალუქულ სარკმლიდან მოისმის ეკლესიის სამრეკლოს დედა ზარის ხმა. თეთრ შროშანით ხელდამშვენებული, პატარა გოგო - მარიამი, ამოდის გუმბათიდან თავმოდრეკით. ირმების ჯიუტი ვნებით შემოსილი. ვძრწი. თვალები გარბიან მდნარ მზისკენ, სხეული ყოფის სიმსუბუქეს ნებდება.

კონცერტი შინაური ქოთნის ყვავილებისთვის

Image
რა სიმშვიდეა ჰო, იქ, სადაც გზა უსასრულოა. მარტოსული მოხეტიალე, ზამთრის გზაში. შუბერტი ღამის წყვდიადში, მიულერის პოეზიის ცისკრის სიმღერა. გუშინ ვიყავი სახლში და მაინც, მეგონა სასტუმროში გათენდა.

Einsam. Lonely

Image
ზამთრისპირის მოჩვენებავ, დამუწე პირი, გაბრუნდი და კიბეებზე დაგორდი პირქვე. ვერ ხედავ?! კედლებს საათების დარჩათ ოვალი, ალი და კვალი ავურიე, აქ, მე სეზონებს   ანუ გავაქრე. კარი, ფანჯრებიც წელვადია. არის დამდნარი. ხის იატაკიც, ლაქწასმული, აქერცლილია. აქ, ჩემი ნებით, შუაღამეს მსტუმრობ ორალით, და ფლამინდიურ სიმღერებით მართობ მოძღვარი. არჩევანს, ახლაც, მივანიჭე შანსი დარჩენის, როგორც ბავშვობის კიბისქვეშიდან ამოსულ   ჩვილ ხმებს დავურწიე თხილის აკვანი. უმზეო დილა, ჰგავს ქვიშაში მოჩხრიალე ზღვის ვერაგ ტალღას. ცა კი განრთხმული მიწისპირზე - შეშლილ მოლოზანს.
1. ობოლე. 2. პავიჩი ხაზარული ლექსიკონი 3. კუნდერა

ტკბილხმოვანი სულები შლიან კიდეებს

სულებმა, რომლებმაც ვერ კი დაივიწყეს მკვდარი სხეულები მიწამიყრილები, ნელი ტორტმანით მოარღვევენ ბინდბუნდის სინესტიდან გაზაფხულების ნეტარ გაყუჩებას. ტკბილხმოვანი სულები შლიან კიდეებს. მე ვუყვარდი, მე ვსურდი;- გამოკრთის მათთგან განწირულობა. მე კომშის ხის ყვავილობას განვიცდიდი ტანზე, არ მცალოდა. სახლის ანგელოზები მამაჩემის   გარეცხილ ქვევრში იბანებიან, გოგირდი ფოსფორისფრად ყარს. წითელი ღვინით დალაქავდება, სუნი გახდება გაუსაძლისი - ღვინო კი არა, ღმერთის სისხლია, გაისმება ქება. ეს ვაჭრობა ცელს გამომისვამს კოჭისთავებზე, მოვიკვეთები კვეთით სახლიდან. ყურის, ენის და ცხვირის მოჭრას გადავურჩები, მამაკაცური სურვილისგან შორს ვარ. მივიზლაზნები აღმოსავლური თრიაქის და ხემის წყვეტამდე, სულებო აქეთ, რომლებსაც ჯერ კიდევ გვტკივა სხეულზე ნაფერები მწიფე ადგილები,   გავყვეთ მდინარეს, დავიწყების სახელს ატარებს. მეზარები შესაზარად მეზარები, დილის სიბლანტევ. მაინც ვიწევი, სათითაოდ ჩემი წილი ხმაურისთვის შევიხსენი მე ზარები. გზა წვიმის თა...