Posts

ჩემი მესამე წიგნი - Varada mudra

Image
მხატვარი ქრისტინე რობაქიძე ლექსები-ესკიზები

…ან ვიოლინოსთვის ორკესტრის თანხლებით

Image
შუაღამეს, ივლისის გაუსაძლის სიცხეში, თამბაქოსფერი სურნელოვანი ნესვებით, როგორც მფარველი ანგელოზის ღიმილი, ჩემს კალთაში ჩაწვა - გერგეთის სამების გაცრუებული ლოცვა, მუხლამდე დამდნარი ყინულით, გამყინვარება დადგა. არადა, ველოდი ნერვიულ აშლილობით, მობრუნებას გაქცეულ განდეგილის, რომელიც წუთისოფლის მორევში შევიდა, და რომელსაც სამი ვეშაპის კანი მოსავდა. წითელი - როგორც ჩემი წილი სისხლი. შავი - როგორც მიწისპირი. თეთრი - როგორც ჩემი ხმაგაუმტარი სახლის გლოვა. უკუთქმით, დიდმარხვის გატეხვას ჰგავდა - მეჩხერი ტყის გადაღმა, მინდვრებიდან ჭალაკს შეჰყვა, გზად, ორი ნესვისფერი ქედნის ხუნდი, მწიფე ნევსვებივით ხურჯინში ჩააბუდა - რა ნანაჯოგად დაიკარგა, თან ჩემი სურვილი წაიყოლა. არც მიწამ ჩაყლაპა, არც ცამ. წყალში შევიდა და დაიფარა. ხი-ნანა, ძი. დალაი, დალაი. წყლის დედავ, ადგილის დედავ, ნანა, ნანინა, ჯოგები გადარეკე, მწყემსი გაიტაცე, ალი-კვალი ვეღარსად ვნახე. მე თმა კარაქით გაგიპოხე, ფრჩხილები, კაცნაკლავ ქარქაშიდან უკლებლივ დაგიბრუნე, არათითისა კი ვერსად ვნახე. ხი-ნანა, ნანი-ნ...

სიმღერები მკვდარ ბავშვებზე

არც ბოლო ვარ და არც პირველი, სადღაც შუაში ვარ გადებული. ჩემზე გადადიან უმწიფარნი, მამაჩემის ნანატრი ვაჟები. აგზავნის უფალი, მოწყალე, დედაჩემი კი იცილებს, ვისა სჯის?! თვალი ვეღარ მომიხუჭავს, სიზმარ-ცხადიდან ამოდიან სანაგვეზე ამოსული ხეებივით, ზოგს კიდურები აკლია და ზოგსაც თავი, პატარა მატლებივით ზოზინობენ, ჩვილებივით იდორბლებიან. - ბავშვებო, ბავშვებო, როგორც გამხმარ ბროწეულის ნატვრის ხეზე შებმულებო, სათითაოდ ხელებში ვიგროვებ: -შენ პირველ შვილად გაგაჩენ, შენ იქნები ნაბოლარა.

ფასკუნჯის ფრთა

სამი ქაჯი წამოაგდო პირიდან. ხმალი შემოუქნია მზე-ქალს:  უნდა ეხლავე გაგათავოო.  სამთვარეულომ წამოუარა არაამქვეყნიურ მზე-ქალას. - დამკარ, დამკარ ვულკანოსის ხმალი, სამჯერ, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს. მითხარ უნდა გაგათავო ახლავე და პირიდან წამომვარდეს სამი ქაჯი, სხეულში რომ გულს მიჭამდნენ. ალგეთის ჭალაში, ქაჯავეთს, უთმო, უწამწამო გველებმა, დორბლივით წამოსულმა ურჩხულმა, ღორისთავიანმა ქალსახამ,   ახალ მთვარეზე და უკუნეთს სამსხვერპლო ქვაზე დამაკრეს, აირია სეზონები, კალენდარი პირობითი. დღე ღამეში, მზე მთვარეში, ცნობამიხდილს გამისწორდნენ, თვალით მჭამეს, გამთვალეს, გამჩხიბეს და მათ მბრძანებელს სილამაზით მახარბეს. ნამდვილი გიჟის სახელი მომაწებეს და ნიავქარზე, ღრუბლების ჭვრეტამ თუ დამღალა, თავი მხოლოდ ზეცას შევატოლე. არრა რა მახსოვდა, თმა მომკვეცეს, არრა რას გარდა არრა რა. მხოლოდ სიყვარულმა არ დამტოვა, მხოლოდ სიყვარულის ამარა, კლდის ნატეხ ქვაზე სამსხვერპლოზე, სვავებისმოლოდინით, გულაღმა დამაკრეს, გაბანგული, სამთვარე...

ნაზმი

ჩვენ ხომ მხურვალე დუღილისას ცეცხლით გამოგვჭედა ჩვენმა დებეჩიმ. ჩვენ ვართ ომის ღმერთების სუნთქვა, ორი ძმა, ახლა მიწისთვის ერთმანეთის სისხლის სმაში ვეჯიბრებით ერთმანეთს. ჰე, ერთო, მოგვიხედე ჩვენსა მშვიდობას, გამოითხოვე ორთა სულები სამზეოსკენ, მტყუან-მართლის მხარეზე მორიგეობა დაგვიწესე, შენი სამსახური და რისხვა გვაღირსე . კლდეების ეხში დავიბუდეთ, დევების ცოლები მონებად გვყავს . აბა რა ეგონათ, რას გვიცინოდა დევის ქალა, რას გვიელვებდა თეთრსა კბილსა. ჩვენ ვუჭედავთ ვულკანის ლავისგან ახალ კაცებს სხეულს და ვჭედთ, რომ ზღვა და მთა ცხრაჯერ გადაიარონ, რომ რკინის ქალამნები აღარ დაჭირდეთ, რომ ფასკუნჯის ფრთებმა უწამლოთ, თუკი ჯოჯოხეთისკენ გეზით გაიგნეს, ჩაწვდნენ თავიაანთ ჯალაბობას, თავიაანთ მკვდრებს, ხმა მიაწვდინონ, გაიხარონ ათასწლოვანმა ხავსიანმა სულებმა, ლოპრიანი მკლავები გაუწოდონ. სიყვარულის და გრძნობების სიმხურვალემ, ჩვენი ლავისგან ნაჭედი გულები დაულღოთ. ცამცუმის სადიდებელი ნეტაი მათ, ვინც შუაღამეს ადგა სიფხიზლით, ვინც, გალობით მოელის ...

ეთეროვანი. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა

ეკლები მწერებივით მესევიან, საიქიოსკენ მივისწრაფვი. მერცხლების ყურწამღები ჟღურტულით, კვიცის ჭიხვინით და ჭენებით. სააქაოში უკუნია, ჩემუნახავი სიყვარულით, მე აბესალომი მოვკალი. უკარო ციხესავით სხეულში, თავი შევიმწყვდიე, ჯანაბამდის, ხელუკუღმა თუ შემოგაყაროთ კაცმა ქორწილში მარცვლეული, იმ კაცის სული ეშმასია. ეშმაკის ხრიკებით დავსნეულდი, ფეტვივით შემესია მკბენარები, ობლის გამომცხვარი კვერი, კუტია და ნაცარშია. საიქიოსკენ დავიძარი დედა ცხენების ჭიხვინითა და ჭენებითა, ქმარმა, რომელიც მე მოვკალი, ჩემი სიყვარულით და ეჭვებით დასნეულდა, ეკლები ეჭვებივით ესობიან. უნდა გამაცინოს, თავის ხილვით, პირიდან გადმოვყარო შროშანები, მაგრამ ეკლები მერჭობიან. აბესალომო, ვერ მიცანი, თვალში სიბნელე ჩაგწოლია, ვეშაპივით, შენი თეთრი ცასავით ფითქინა ცოლი ვერ მიცანი, შენთან მოვიდე, გველეშაპი შავი, სულის მზერიდან ამოგიხაპო. ვინც გაგვყარა, მან შეგვაერთოს.

მესეფების ასულები. ნოემბერი

-ჩუუ, ჩუ, ჩუმად, არ გამთქვა, არ თქვა, უღრან ტყეში ვის ასულს, ვის სულს გადაეყარე. ჩვენ ამოვედით წყლის ქვეყნიდან, რომ შემოდგომის ბალახები მოვაძოვოთ საქონელს. - ჩუუ, ჩუ, ჩუმად, მწყემსო, ენას კბილს თუ დააჭერ, მოგცემ გახვრეტილ ქვებს, ავგაროზებს, წაგიყვან დიდი ლოდების ქვეყანაში, ზღვის ფსკერზე გაცხოვრებ, ჩემი მამის ლამაზ ქოხში, ზღვის მეფის ასულის სასახლეს გაჩვენებ. გაჩუქებ ბეჭედს, ოღონდ არ უთხრა შენს ადამიან-ცოლს, ჩემი ამბავი. რომ ნახევარქალა, ოქტომბრის მიწურულ ღამეს, მოვდევნი საქონელს წყვილ-ჩლიქოსანს, რომ ქვის სახლი მიდგას უღრან ტყეში, რომ მინდორში ხმელ ჭვავს ცეცხლი გავუჩინე, ახლა კვამლის ხიდზე გავდივარ. რომ კვირიონების ბუდეებს ვიყენებ სადილად. არ გათქვა, გამხმარი ქერცლით და ძუძუთი, წყლის ადამიანი, ისედაც რას ვგავარ. ენას კბილი აგიცდა, მზეჭაბუკო, თხების მწყემსო, მოულოდნელად, უკანასკნელ დღეს როდესაც მიწისკენ მიშვებენ, შუადღის გულზე დავბრუნდი, მზეს მიფიცხებულს სული აგართვი, ჩემი ბეჭედი შენ ხორციელ ცოლს, შენი სული კი ზღვის ფსკერზე. გავთავდით.