მტრების საკითხავი
ყველა ჩემ მაწყევარს, ვინც უფალს არ მაშორებს აი, ერთი და ორი და ხელის გაწვდენაზე ჭრელი ჩიტივით დასკუპდა ჩემი მტერი. ალალად მიყურებს, მიცინის, - მივლის. გარეშემო. მომარხულეა ჩემი მტერი, მკაცრად იცავს მძიმე მარხვას, ცარიელ ზეთზე, პურზეა. მისი ლოცვა კი მიწაშია ჩაკირული, დედამისის თეთრ ძვლებს თუ შეაჟრჟოლებს. ერთი ხელის გაწვდენაზე დასკუპებული მიყურებს, როგორც მწვანე გველი ნაცრისფერ ბოცვერს, და მიცინის ეშმაკურად, ვხედავ მის კბილებში გაჩრილ ჩვილების ხორცს. ღმერთო, შეარგე. ამას უნდა ჭირის დღედ მიქციოს დილა, მოსული არ არის, ღვარძლის წითელ ყვავილებს ჩამოთესავს, ჩემი სულის შესაწუხებლად. პირიდან სცვივა წყევლის დაჩირული სიტყვები, ნაკუწებად ჩამომჭკნარი, გზა-გზა დაკრეფილი, ნასხვისარი. ჩემი მრავალშვილიანი მტერი თვალებით მჭამს. ყვითელ კბილებში შვილების ხორცი მოუჩანს. და : ანგელოზი ერთია - სიკეთეებად ისახებიან ჩემი ჭირის დღეები .