Posts

Showing posts from July, 2012

თეთრი დევი

შენ, ჩემი ცოდვის კალოს მლეწავო, ტაფობს ჭივჭავივით გუთნის დევობ. არ გჯერა, ცეცხლის დედის, კერიისა, საჯოჯოხეთო მუგუზლების მთხოვნელისა. საახალმთვარეოდ, სურვილს ატანილო, რომელი კერპის ნანგრევებით შეკოწიწდი? შენ გამორეკავ, მათ, ვინც დარჩნენ იქეთ და მოგვბღავიან სულისწამღებად. მოადგებიან სამანს და ჯებირს , მათ თვალებში ნისლები წვებიან, რომ მერე, დაალბონ გამხმარი დარდები, რომ მერე, ქვა-მარილად იქცნენ, იქეთელები. მზე მიდგა-მოდგა, საცერივით დედამიწას ფქვილი ადინა, ანუ მტვერი, ანუ ჩვენ - მიწის ბუქნი. ახლა ვის ხელს ველოდებით? ზღვიდან წყალი გადმოინთხეს, წყლადქცევისათვის, მიწის ბალახი - შეგვერიოს, ცოტა სისხლი ანგელოზისა. ცოტა ხორცი ნაეშმაკარი. სხვა რა არის ადამიანი? დაე, ითქვას.

ივანე ამირხანაშვილი. ჩვენი მწერლობა, ივლისი

უკვე შეიძლება   ითქვას, რომ ნატა ვარადამ იპოვა თავისი სტილი, მიაგნო თავის თავს მხატვრულ-პოეტურ სტიქიაში. მას აქვს ტვითგამოხატვის წესი, ნება და უნარი. ნატა ვარადა არის ნათელხილვის ოსტატი, რომელიც ლექსს კი არ სწერს, არამედ აშენებს, აღმართავს, აყალიბებს როგორც თვითკმარ სივრცეს, სადაც ახალ სიცოცხლეს ანიჭებს მითო-პოეტურ სიმბოლოებს... პოეტურ ტექსტებში ეთერის, ყამარის, ცამცუმის, მესეფის ასულთა თუ სხვა ზღაპრულ-მითოლოგიურ პერსონაჟთა გამოჩენა იმას მოასწავებს, რომ დესტრუქციის სულიდან იბადება მხატვრული სინამდვილე. ფრანგმენტი წარმოადგენს მთელს. ვარადასეული მანერა, პოსტმოდერნისტული ციტირების ხერხს მოგვაგონებს, სინამდვილეში მიზნად ისახავს მითის დეტალებად დაშლას და ამ დეტალებიდან ახალი, სუბიექტური რეალობის შექმნას. მის ლექსში ენობრივი, ინტონაციური და აზრობრივი ნიშნები შერწყმულია ჰარმონიად, რომელიც ემსახურება ესთეტიკურ ფასეულობათა მხატვრულ გაფორმებას. ნატა ვარადას ეპიკურ ხილვებში არის წესრიგი, სისტემა, სიუჟეტი, დინამიკა და მიწიერება. წესრიგი იმისათვის, რომ სიტყვა და იდეა თანხმიერი იყოს; სისტემა იმი

საახალმთვარეულო

როცა ისე ცოტავდები, გალეულ მთვარეს ემსგავსები, მაშინ,   შენ ამოდიხარ დედამიწაზე - გულის მხარეს, ნაკლულ ნეკნს ვავსებ. ისევ ერთად ვართ, სიყვარულის   მიქცევამდე.

http://taobebi.site.ge/wordpress/?p=2968

გიორგი კილაძე : ქალბატონო ნატა, ალბათ დამეთანხმებით, თქვენი თაობის ჟურნალისტების უმრავლესობა მწერალიცაა…  ჩვენი ტრადიციულ კითხვა: თქვენი ლიტერატურული და არამარტო ლიტერატურული СV.   ნატა ვარადა : გამარჯობა გიორგი , რამდენი ხანია ჩვენ აღარ გვისაუბრია . გმადლობთ საინტერესო კითხვებისთვის , ვეცდები გულწრფელად გიპასუხოთ . ერთიც , საქალბატონე , ჯერჯერობით . დათანხმებით კი ნაწილობრივ დაგეთანხმები და აქვე ერთ შესწორებას შევიტან , თქვენის ნებართვით . თუ ადამიანს გააჩნია წერის ნიჭი და რაც მთავარია სათქმელი , არ არის აუცილებელი ფილოლოგიური განათლება ჰქონდეს მიღებული . ჟურნალისტიკა მეტ - ნაკლებად ახლოს არის მიმდინარე პროცესებთან , ანალიტიკური აზროვნება და ფიქრი , ზოგჯერ არღვევს სწორედ ჟურნალისტ - რეპორტიორის ჩარჩოებს და შესაბამისად ვიღებთ მხატვრულ ლიტერატურას . მწერლობა კი , ჩემის აზრით , ისეთი საქმეა , არანაირად არ მოითხოვს ზედმეტ ჩარჩოს . რაც შეეხება СV - ს . ეს ყველაზე მოსაბეზრებელი რამ არის , რისი გაკეთებაც ხშირად მიწევს

ნატალია, მანდ რამ შეგიყვანა?

(მუცოს სალოცავზე. ფ.ბ.-ზე, ფოტოზე დატოვებული კომენტარი) რა ვიცი, აბა, მუცოზე, ფურ-ირემივით ვირწევი. აქ ადამიანებს მიზანი წყალობთ, ამათი სახლისკაცს, დალი ჰყვარობს. ოქროსთმიანმა ღმერთების დამ ოჩოპინტრეც გადაიბირა - ჩვენ როდიღა გვწყალობს ჩვენი ღმერთი. დაცარიელებულ მუცოზე ავდივარ, ბოლომდე, უფრსკულებს ქვევით არ ჩავხედავ, ისინი მაგნიტით უკან მაბრუნებენ. აქ, უწონადობაა, აქ მომწონს, აქ მხოლოდ, დრო იყო, როგორც ნანადირევს, ისე მოგვათრევდნენ. მინდა ვინახულო ჩემი ძველი მტრები, რომლებმაც, რატომღაც კერაც მიატოვეს. და ვხედავ, ქვის თლილი სალოცავის ამ სიყრუეში და უკაცურებაში. უცნაურ კაცს ჯვარზე გამოკრულს, სულ მარტო დატოვებულს. ვარ ფურ-ირემი სამსხვერპლო, თავისი ფეხით ძველ სალოცავში ამოსული. ამეწვა ხის ბეჭი და რქები, სად არის ყმაწვილი მონადირე, ეხში როდისღაც შევიტყუე, ჩემმა მამებმა და ძმებმა, ცეცხლის პირას მიიწვიეს, დაუკლეს შველი მტირალი, ძვლები კერასთან მოაგროვეს, ბეჭი ფეხისქვეშ დამალა მონადირემ, ბზისგან გამოთალეს ეშმაკებმა, დამკრეს მათრახი და გამაცოცხლეს. მონადირეს, გამოყვა ჩემი ბეჭი, უნდა მოვეკალი მშვ

„ნაკლეინკის” გოგო

Image
„ნაკლეინკის” გოგო რას წარმოვიდგენდი, რომ მათ ადგილას ყოფნას ვინატრებდი, ეს დროც დამიდგა, მაცივარზე და სააბაზანოს ცივ მეტლახზე მიკრული გადამყვანი გოგონები, დაასველებ და მერე ააძრობ და რჩება ნახატიდან, მხოლოდ გოგო, ქაღალდი ქრება. ცოცხლდება გოგო, ან მაცივარს აკვრია და თავის უცნაურ, ვიქტორიანულ მოდის მიხედვით უცნაურ მაქმანებიან შარვალს, კაბას და ბლუზს ნამდვილივით მოიხდენს და თან საყვარელი ძაღლი ახლავს, ან საყვარელი თოჯინა. ისინი დარჩნენ, ძველ სახლში, სადაც დავტოვე პაპა და ბებო, და ახლა კი მხვდებიან დედ-მამა, რომლებიც ისე დამსგავსებიან პაპას და ბებოს, ვერც განასხვავებ ერთი მეორეს. მე დაორთქლილ სარკეში ჩახედვისაც კი მერიდება და მაცივარზე მიკრულ ფუშფუშა კაბიან მხიარულ გოგონას ვთხოვ, ყელის გამოწევით, ჩამოვიდეს, გაიაროს, გამოიაროს და მე ავეკრა ახლა გრილ ადგილს, და დავრჩე, ისე რომ ვერ წამშალონ. მაგრამ გოგონა, აი, რას ამბობს: -განა არ მახსოვს, როგორ გეშინოდა, როცა წყალში დამასველე, რომ არ გადავსულიყავი ცივ ფიქალზე, რომ ნახე რომ ცოცხალივით ვარ, ყოველ დილით მ

ყრუ ელია

გამო, გამო ელიავ, დაიგრუხუნე, გადაირბინე ბორბლებიანი ეტლითა. ღრუბლები შეკრიბე, მოშავდღევდი, ცეცხლის ბურთები გამოსტყორცნე, ყინვის ქვები დაგვიშინე, ასე დაგვაშინე, მიწის კაცები ვართ, ცის ვალი გვადევს, ხელებით მხოლოდ ლურსმნებს ვასხავთ, სანთლების ჩამოქნა აღარ გვინდა. ყრუ ხარ ელიაო, ერთს გეუბნებოდა და სხვა გაიგონეო. სხვაზე გითხრეს და ჩემ ვენახს სეტყვავო, მე შენთვის არა დამიშავებია. ნავენახარი ამტკივდა, შვილმკვდარს ვგავარ. საფლავები მიწამ ამოანთხიაო. ჩემი ცოლი თავის ხეხილს დასტირის, უჭერო სახლები ცარიელი აკვნებივით ღია ცისქვეშ დაგვირჩაო. ასე რამ დაგაბერა, ქვის გული რამ ჩაგიდგა. გამო, გამო ელიაო, ნახე, ღმერთის ვალში ყელამდე ვდგავართ. ჩვენი შინაური ცხოველები ტალახში წვანან, ჩვენი ძაღლები დაგვყმუიან, ცოცხლად გვიგლოვენო. ნავენახარში დაჩოქილა ივანე პაპა, ფესვებს მიწისგულში ეფერება, ვაზისას. ვაზის ტირილობა გვიკვირდა და აჰა, ვაზმა ჩვენც ხომ აგვატირა. ყურძენი ვეღარ მოვკრიფოთ, შენი სიყრუის შიშითა, ჭედილა ვეღარ დაგვიკლავს, რთვლობის, მაჭრობის ლხინითა, ფეხ

გუთნისდედა

Image
აჰა, შენ კალო, მინდორი, აჰა, უღელი ხარები, ნაცარში ისე გორაობ, შურით სკდებიან ქათმები. ამ ზამთარს, შენსა შემყურეს, არ დამემშიონ ბალღები. გაბრაზდა ფშავლის ქალაი, გადგა შუადღეს აკვანი, აისხა ქამარ-ხანჯალი, გამაიყვანა ხარები, გუთანს გაუდო ღარები. მზეო დადექ სამზეოსაო, დადექ და დაგვიანდიო. იავნანა ამღერე დედასა, ჩვილმა მოავლოს თვალი ქვეყანას. აკვანი ფერდობს, უფრსკულს მოაფარა, მერე შინდის ხეებს ქამრით გამოაბა, მერე დაძინებულ შვილს ჩახედა, მერე გუთნის კოფოზე ხარებს შეუძახა. ხარი ხნავს, ამოდის მიწის ბელტები შავადა, ამოჰყვებიან უცნობი ჭია-ღუები მრავლადა. ამ მიწას დაჩერებული ქალი ღიღინებს, თავის ფიქრს: დავთესავ ხორბალს, მოვიმკი დავფქვავ და მოვზელ ცომსაო, დავუცხობ ქადა-ნაზუქებს, ჩემს პატარუკა ოჯახსო. მოფრინდა დიდი არწივი, აკვანში მწოლიარესა, ეთამაშება კლანჭებით ღუღუნებს ადამიანი, იმას დედის ხმა ჩაესმის. არწივმა შეისვა ფრთებზე, თავის მართვეებს წაუღებს. მზეო, აჩქარდი, გადადი, სამზეოს მაეფარეო, თორემ დედისა ტირილზედ, აღარ ამოხვალ ხვალეო. აჰა, მიწ

იქნებ ციდან კი არა, მიწიდან მოდიხარ?

რა დროს აჯანყებაა, ამბოხი. ახლა სხეულის ნაწილებს მოუნდათ გაქცევა. ვიყავი დარჩენილი ამ ჩემი სისხლის და ხორცის ამარად, ახლა ამიმხედრდა საშვილოსნო, უცხო ფრინველივით, ბოლოქანქარა. მოლოდინის ლოდებს ჩამომიფცქვნის, ბოლო იმედი უნდა მოვკლა და ჩავწვე ემბრიონის პოზაში. ცარიელ ადგილებზე მოვიყარო ფხვიერი მიწა. პირი ამოვივსო მიწით, მიწა ვიშვილო, ვიწვე მარადიულად მარტო, მეორის იმედით. და ბალახები, ხეები. და ყვავილები, ბუჩქები. და ტოტები და ფოთლები. ჩემი უდედო შვილები ამოვიყარო, ან ამოვიზარდო.

წაწალო

კლდოვან ქვაბულების ძირას მზე მოეფარა მწვერვალებს, ყაყაჩოების ფარდაგს გავშლი და არაგვის ექოდ მოგძახებ: -სწორფერო, ამღამისაო, დაიგვიანე, სად ხარო? დალიმ ხომ არ შეგიტყუა გამოქვაბულისკენაო, მოისმის მისი კვნესაო. ოქროს დალალებს მომიტან, ოქროს თმიან ბიჭსაო, მე გავზრდი, სულკალმახის სულო, მე გამოვიბამ კერასო. თენებას, ავიკრავ გუდა-ნაბადსა წამოვალ, დილის ნისლივით ქარაფებს ისე გადმოვალ, ტოლს არ დავუდებ დალის ჯიხვებს. მოვალ და მაგ ბოზქალას, თმით ვითრევ, ისეთ დღეს ვაყრი, კვნესით გადაიაროს ჭიუხები. უნდა დაგიხსნა, დალის მოჯადოებული ხელიდან, გადმოგიყვანო სამზეოსა და ხელად სული ჩაგიდგა.

სულეთი

„ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი" აქ, ყველა მბრძანებლის ტახტი დგას, რომელსაც ვახსოვართ, არ გვტოვებს. აქ, ყველა ღვთისშვილი დამრჩალა და ცოდვილთ მიწას პატრონებს, სიკვდილი ყვითელ ფრინველს ჰგავს, ბოლო მოუჩანს წითლადა, ალალად ჩამოიქროლებს, ჩამოზვავდება ხელადა, მიწა, კლდე, გინდაც ჭიუხი. თუ გამჩენ-ღმერთი გაუწყრა, მეომარს ხმალ გადაუტყდა. თუ ბერდედების ბუტბუტი, ქარმა წაიღო, ტიალმა, ვაჟკაცს შხამადა წამალი ექცევა, გაატიალებს. სამზეოს შენი ნამღერი, დამრჩალა ნანდაურივით. იქ, იმღერ ხევსურთ კილოზე, სულეთის ხიდზე გადიხარ. მთები გუგუნით გყვებიან, შენს სახელს მოიგონებენ.

საქართველოს სიძველეთა არქივი - ათენგენობის ღამე

Image
ხევსურეთში წამსვლელებს - გავდივართ მთებში. -          ჩემი სამშობლო მიყვარს,-  წერილი მუცოდან - მზეო დადექ და დაგვიანდიო. - შატილის ასული გავხდი - ასე უპასუხა შეყვარებულს, ერთმა გოგომ, ხევსურეთის ტურიდან. მე ვტიროდი, ლაბილური ფსიქიკა არაფერ შუაშია.  ასე, პირველად, მაშინ დამემართა, მონასტერში ერთკვირიანი ცხოვრების შემდეგ, სახლში, ჩემს ოთახში რომ შევბრუნდი. მწუხრის ჟამს და ავტირდი. თავიდანვე ავიჩემე მუცოს ვნახავ და გული მიფანცქალებს, მიფრიალებს-მეთქი და არადა, შატილში მივდიოდი. მუცო არის წინასწარმეტყველება და არარეალურობის განცდა. აბა, საიდან ვიცოდი, რომ ფიქალ ქვებზე თავის ქალებს წავაწყდებოდი?! გულრკინიანების ალაგას. - 7 განზომილებიან ფილმში მივიღეთ მონაწილეობა - მითხრა თანამგზავრმა გოგონამ, და დავეთანხმე, 3 აშკარად არ ყოფნიდა ჩვენს სიტუაციას. საქართველოს არქივის სამსახური მიდიოდა, საქართველოს მთავარი არქივის, სიძველის სანახავად. არ ვიცი, ბედისწერის და განგების მჯერა, ჯერ ჩარგალში ვაჟა ფშაველასთან შევიარეთ, ვაჟა თავის დარგულ კაკლის ხესთან, იასამნის ბუჩქთან და ხეჭეჭ