„ნაკლეინკის” გოგო
რას წარმოვიდგენდი, რომ მათ ადგილას ყოფნას ვინატრებდი,
ეს დროც დამიდგა,
მაცივარზე და სააბაზანოს ცივ მეტლახზე მიკრული
გადამყვანი გოგონები,
დაასველებ და მერე ააძრობ
და რჩება ნახატიდან,
მხოლოდ გოგო, ქაღალდი ქრება.
ცოცხლდება გოგო,
ან მაცივარს აკვრია და თავის უცნაურ,
ვიქტორიანულ მოდის მიხედვით
უცნაურ მაქმანებიან შარვალს,
კაბას და ბლუზს ნამდვილივით მოიხდენს და
თან საყვარელი ძაღლი ახლავს,
ან საყვარელი თოჯინა.
ისინი დარჩნენ,
ძველ სახლში, სადაც დავტოვე პაპა და ბებო,
და ახლა კი მხვდებიან დედ-მამა,
რომლებიც ისე დამსგავსებიან
პაპას და ბებოს,
ვერც განასხვავებ ერთი მეორეს.
მე დაორთქლილ სარკეში ჩახედვისაც კი
მერიდება
და მაცივარზე მიკრულ ფუშფუშა კაბიან
მხიარულ გოგონას
ვთხოვ, ყელის გამოწევით,
ჩამოვიდეს, გაიაროს, გამოიაროს
და მე ავეკრა ახლა გრილ ადგილს,
და დავრჩე, ისე რომ ვერ წამშალონ.
მაგრამ გოგონა,
აი, რას ამბობს:
-განა არ მახსოვს, როგორ
გეშინოდა, როცა წყალში დამასველე,
რომ არ გადავსულიყავი ცივ ფიქალზე,
რომ ნახე რომ ცოცხალივით ვარ,
ყოველ დილით მესალმებოდი და ვჭორაობდით
გაზსა და მაცივარზე მიწებებულ,
შიშველ გოგონებზე.
ახლა, დრო მოვიდა, მალე გამოგვცვლიან,
ახალ მეტლახებს მიაკრობენ კედლებს,
ჩააბარებენ გაზსაც და მაცივარსაც, მეორად ტექნიკის
მიმღებ ზონაში.
ამიტომაც,
მოდი მე წავალ, ისედაც, ისე მომბეზრდა ასე,
გაშეშობანა,
ნუ კი ტირი,
შენ მითხარი - თავისუფლად.
გზაჯვარედინზე,
სადაც აბრა სამწარწერიანია,
ჩვენ-ჩვენს ბილიკს შევყვეთ ცალკ-ცალკე.
თუ ოდესმე მექნება ტატუ -
შენნაირი გოგო და გულზე.
Comments
Post a Comment