ბოროტებისთვის წესის აგება


ნატა ვარადა

ბოროტებისთვის წესის აგება


„სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია-მეთქი!”
„ლამბალო და ყაშა”. მიხეილ ჯავახიშვილი. 1925 წელი.

 1921 წლის 25 თებერვალი, რუსეთის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაციის ისტორიული თარიღია. მოთხრობა „ლამბალო და ყაშა“, სადაც ცარიზმის ერთმორწმუნეობის ფარსია  მხილებული, მიხეილ ჯავახიშვილმა 1925 წელს დაწერა.  იმავე წელს ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდება, ხოლო, შემდეგ ის ქვეყნდება 1926 წელს სახელგამის მიერ გამოცემულ კრებულში „ორი განაჩენი“. ამის შემდეგ მოთხრობას კიდევ ორჯერ, 1933 წელს და 1937 წელს ეღირსება დღის სინათლე.
1937 წელს წითელი სატანა მწერალსაც მისწვდება.
მოთხრობას, თან ახლავს მწერლის მიერ გაკეთებული შენიშვნები, სადაც უცხო სიტყვების, ისტორიული თარიღების, გეოგრაფიულ ტერმინთა განმარტებების წაკითხვისთანავე მიხვდება მკითხველი, თუ რა დიდ შრომასთან აქვს საქმე. პირად არქივში მწერლის მიერ გაწეულ წინასწარ მუშაობაზეც მოიპოვება ცნობები. დაცულია საქაღალდეები წარწერით: „ქურთები“, „სპარსეთი“, „აისორი“, „ურმია“, „ომი“. გასაკვირი არაა, რომ  მწერალს რომანის დაწერაც კი განუზრახავს, იმავე ურმიის თემაზე. რომანის დასაწყისი „მიწის ყივილით“ დაუსათაურებია. ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის არქივში დაცულია „ლამბალო და ყაშას“ კინო-სცენარის სამუშაო ეგზემპლარი.
შემზარავია, თავისი რეალიზმით, თუნდაც ერთი შეხედვით ნაწარმოებში აღწერილი ურმიის ტბის გარემო, ინგლისის წაქეზებით სპარსეთსა და რუსეთს შორის ატეხილი ომი.  სპარსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის, მაჰმადიანებისა და ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტვას დაუნდობლად აწარმოებს რუსული ხიშტი და მას, სათავეში უდგას, ცრუმესიანობით შეპყრობილი,  განუკითხაობისა და ინტრიგების ხლართვის წყალობით გამდიდრებული საეპისკოპოსო. აკი ურმიის ვალის, ითიმად უდ დოულეს გაცნობაც ამ სიტყვებით ხდება: „ვიღუპებით... სპარსეთის ლომი დაბერდა... ურუსი და ენგლიზი საბოლოოდ გაიყოფენ ირანს..“. აქაც ვხედავთ რომ რუსები სპარსეთის დაჩოქებას „მოღალატის“ ხელით ცდილობენ, როგორც ეს მათ საქართველოს შემთხვევაში გამოუვიდათ. პავლე ციციანოვი სინამდვილეში ციციშვილების საგვარეულოდან ბრძანდებოდა და, სწორედ, მან ჩააბარა საქართველოს სამთავროები და მთლიანად კავკასია ცარიზმს.  რუსული ჩინ-მედლებით გაყოყლოჩინებული, მოფრანგულე მაჰმადიანი გენერალი ფლამინგოს, ამ ერთადერთ ნათელ წერტილს ურმიის ჩაჟამულ გეოგრაფიულ გარემოში საუცხოო ფრინველად დაახასიათებს და ამატებს განმარტებას: „მხოლოდ წინა აზიაში გადარჩა. ასობით და ათასობით ცხოვრობენ ერთად. როგორც ეტყობა ეს ფრინველი დანარჩენებს ჩამორჩენილა და ეხლა...“. აქაც მწერლის მინიშნება ამოცნობილია. ძალა ერთობაშია. პატარა ეთნოსი ერების გადარჩენა შეკავშირებით და თანადგომით შესაძლებელია, რომ არ ჩაყლაპოს დიდმა და ფლიდმა, ცხვრის  ტყავში შემალულმა საშიშმა მგელმა.
დღევანდელობის უსამართლობაში მცხოვრებ ადამიანისთვის, ამ მოთხრობის სარგებლიანობა, უამრავი კუთხით არის შესაძლებელი. ეს მოთხრობა ტრიდეს პრინციპით რომ დავინახოთ ანუ ვირტუალურ სამყაროში გადავიტანოთ, ჩვენი ხედვის არეალში მოექცევა, თუ რამდენი პატარა დეტალია, სახეა, ადგილია, სახელია, რომლებიც ჰქმნიან მთლიან სურათს და მთავარი საერთო სათქმელიც იკვრება: ბოროტებისა და სიკეთის შებრძოლების სურათ-ხატი,  ამბავი.
მაინც, ძალიან მნიშვნელოვანია მოთხრობის პირველი წინადადება: „ღმერთსაც და კაცსაც დაუწყევლიათ ურმიის უცნაური ტბა.“ ღმერთკაცის აქ უცნაურად გალანდვა, თითქოს უფლის სახელის მოხმობას, უძველეს ტრადიციას, ქართულ ხალხურ ზღაპრების დარად, ვახსენოთ ღმერთი („ოძელაშვილმა არსენამ ღმერთი მაღალი ახსენა“) და დავიწყოთ  ამბავიც, – ედარება. მოთხრობა მრავალი მეტაფორით, მრავალი პოეტური შედარებით და, რაც მთავარია, რეალიზმის სისასტიკით იწყება, სწორედ ისტორიული მხატვრული მიმოხილვით, საიდანაც შესანიშნავად იგებს მკითხველი რასთან აქვს საქმე. მხარეში, რომელზეც მიდის დაუნდობელი ომი, არ არის მხოლოდ მიწისთვის ბრძოლა. აქ ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს ორი სარწმუნოების დაპირისპირებასთან, თვითმპყრობელი ქვეყნების მიერ მცირე ერების ჩაგვრისა და მოსპობის ფაქტების აღწერასთან და საერთოდაც, კეთილის, როგორც ჯანსაღი, საღი, ლამაზი, საიმედოსა და ბოროტის, როგორც წყევლის, უჯიშოების, გარყვნილებისა და ავადობის ურთიერთდაპირისპირებას, სიტყვის სასწაული ფლობის მეშვეობით კინოკადრებივით გვიჩვენებს მწერალი. მნიშვნელოვანია, რომ მაჰმადიანი – ამ შემთხვევაში სიმართლის მხარეს წარმოადგენს, ხოლო ფსევდოქრისტიანობა, რომელიც გამდიდრების, კაცთა მოსპობისა და მონღოლური ჟინით, სხვათა ტაციაობით ხასიათდება, ტყუილის განსახიერებაა.
ურმიის ტბის მიდამოები ახლანდელი აზერბაიჯანის გეოგრაფიული გარემოა, ირანის აზერბაიჯანად რომ იყო მაშინ ცნობილი, ხოლო, უფრო ადრე მას მიდიის შემადგენელ ნაწილად თვლიდნენ. მიდია კი ის სახელმწიფოა, სადაც მოგვები მესიას წინასწარმეტყველებდნენ, მოგვები, რომლებიც ამ ქვეყნიდან ეახლნენ ბეთლებში შობის ღამეს ახალშობილ იესოს.
შემთხვევითი არ არის რუსეთის მიერ ტფილისიდან ქართველი ექიმის გაგზავნა წითელი ჯვრის ჰოსპიტალში. გურჯებისადმი თათრების დამოკიდებულით, მიუხედავად სპარსელების ისტორიული მტრობისა, მწერალი აჩვენებს, რომ მუსლიმები უსამართლობასთან მებრძოლ გურჯებს დიდ პატივს სცემენ, ხოლო ქრისტიანობას ამოფარებული, ტიპური მტაცებელი ქორ-ეპისკოპოსი პავლე, რომელიც „ერთმორწმუნე რუსეთის” სიწმინდის დამცველის სახელს უნდა წარმოადგენდეს, დაუნანებლად არის მხილებული. კონსულის სიტყვებიც ამის დასტურია: „თქვენი ქართული გული მშურს. სიმართლე გწამთ და დაეძებთ. მე კი ურწმუნო ვარ.“ ეს სიტყვები არა მარტო ნაწარმოების პერსონაჟის წითელი ჯვრის ექიმის მისამართით არის თქმული, არამედ თავად მწერლის ბიოგრაფიაზეც ზედგამოჭრილია.
მწერალი აჩვენებს იმ პრობლემებს, რომელნიც დღესაც აქტუალურია და თითქმის მთლიანად თანამედროვე მსოფლიოსთვის. მათი მოგვარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. საქმე გვაქვს, რაღაც მოურჩენელ ბოროტების დასაბამთან და ახლაც კი, როცა ამდენი დრო გავიდა, იგი თავისი მთელი შემადგენლობით მძვინვარებს.
მთავარი გმირები, ლამბალო და ყაშა, ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ. ლამბალო, იგივე მაშად ჰასანი, ადგილობრივი თათარია.  „მაშადი იმიტომ დაარქვეს, რომ ბავშვობაში მისმა მამამ წმინდა ქალაქ მეშხეთში წაიყვანა. თვითონ მაშადი ჰასანი მეეტლე კი არ არის, მებაღეა, ჩვენი მებაღე. წითელ ჯვარს ურმიის მახლობლად სოფელ ასკერაბადში იჯარით ბაღი და ბოსტანი აქვს აღებული. მაშადი ჰასანიც იმ სოფლელია, თვითონაც იქვე აქვს სახლ-კარი და ბაღი. მაშადი ჰასანი და იმის მამა მაშადი იზათი ორივე მამულს უვლიან. გარდა ამისა, მაშადი იზათს კიდევ რამდენიმე ხელობა აქვს: მირაბია, არხები გაჰყავს, ჭებსა და ,,ილანებს’’ იჭერს. – ილანებს, - გველებს? – ბალი აღა, გველებსაც იჭერს. თუ ვინმეს ბაღში ან სახლში ბევრი მცურავი შეეჩვია, მამა-ჩემი შეულოცავს და გველებს იმ ალაგიდან განდევნის, და თუ იშვიათი მცურავი შეხვდა, დაიჭერს და გაჰყიდის.”…  ,,ლამბალო’’ ჰასანის მიერ მოგონილი სიტყვაა. სხვამ არავინ არ იცის ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა, თუმცა ურმიაში უკვე ბევრნი ხმარობენ მას. მაშ რას ნიშნავს ეს სიტყვა? ყოჩაღს, შახიანს, კოხტას. – მერმე, საიდან მოიგონე ეს სიტყვა? ჰასანმა ბავშვივით გამიღიმა. – ერთხელ მამაჩემს ბორჩალოში ბოსტანი ჰქონდა... მე სიტყვა გავაწყვეტინე: – დაიცა, ბოსტანი სოფელ ლომბალოში? სადახლოს გაღმა, სუმბათაშვილის მამულში არა? – ბალი აღა, ბალი. – გაუხარდა ჰასანს, - ტკბილი სიტყვააშაქარ სიოზდი, შაქარ!“.
ყაშა კი…  „ყაშა აქაურია. ათიოდე წლის წინათ ქურდობდა, კონტრაბანდას ეზიდებოდა და ჯაშუშობდა. მერმე მამა შემოაკვდა. – მამა? ვისი მამა? – თავის ღვიძლი მამა მოჰკლა. მძინარეს მიეპარა. ყელი გამოსჭრა და მერმე ჩვენს მისიონერებს შეაფარა თავი. მათ ჯერ შეინახეს, მერმე რუსეთში გააპარეს. სტავროპოლში ლუდის დუქანი გახსნა. დუქნის უკან ბნელი ოთახი ააშენა, ხოლო ეზოში სამი კახპა გაიჩინა. – საროსკიპო? – დიაღ, ნამდვილი საროსკიპო მოაწყო. ამავე დროს სასულიერო სემინარიაში შინაურ კაცად ითვლებოდა, ბერები, სემინარიელები და ყაშა ერთმანეთის მუშტრები იყვნენ. დიდხანს ჰბანეს ერთიმეორეს ხელები. ერთხელ ყაშას დუქანში ქალებმა მუშტარი დაახჩვეს. ყაშას სისხლის საქმე დაუმტკიცეს და დააპატიმრეს. ისევ ბერებმა უშველეს: საპატიმროდან გამოიყვანეს. ანაფორა ჩააცვეს და სამშობლოში დააბრუნეს. ხელი ვერავინ ვერ ახლო. რუსეთის ქვეშემრდომია! მისიონერია! მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული მუშაკია!”.
 ხელოვნურად შექმნილი მცირე ერების გაუსაძლისი ყოფა, მჩაგვრელი, სახელმწიფოს მხრიდან, მეოცე საუკუნის მწერლის გულისტკივილია. რუსეთის მტაცებლური იერ-სახე ნიღაბჩამოხსნილია. თითქოს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი გენიოსის წინასწარმეტყველური გუმანით აღწერს, აფხაზებისა და ოსების, ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენელი ერების ბედს, ქრისტიანული რუსეთის ხელში. როგორც მოთხრობაში, საკუთარი ხელით, მოღალატე ყაშა ლაზარეს ჯაშუშური საქმიანობით ყელს იჭრის რუსული  ძალით გაქრისტიანებული აისორთა დასახლება და ქურთებს უპირისპირდება. საბოლოოდ კი ორივე ძველი, ერთდროს ძლიერი და სახელგანთქმული მიდიის სახელმწიფოს ახლანდელი წარმომადგენელი ეთნოსური ჯგუფი ნადგურდება და კარგავს მამულს. წითელი ტერორის რენტგენის სურათი სახეზეა: აფხაზებში გამოძებნილი „მოღალატეები” და ოსების მხრიდან ფულს დახარბებული „ყაჩაღების ბანდა”, საკუთარი სისხლით  და ხორცით ვაჭრობს.  რუსული სამხედრო ძალით წაქეზებულნი, ისტორიულ ქართულ მიწებზე მოსახლე მონათესავე ორი ტომი, თითქმის თვითმკვლელობის მსგავს საქციელს, გამოუსწორებელ შეცდომას გაიმეორებს. უბიხებმა თუ დასთმეს მიწები, თურქეთში გაიყიდნენ შინაური ღალატის გამო და ასე გადაიშენეს თავი, (რელიგიური სიბრმავის ფაქტორი) კავკასიელი აფხაზნი და ოსნი კი კვლავ რუსთა ზეწოლით ადგილზე ინადგურებენ თავს. სამწუხაროა, რომ თუნდაც ურმიის მაგალითი მათთვის საცნაური არ არის. „მუჰაჯირობის” შემდეგ, რუსეთი, დამახინჯებული ქრისტიანობის სახელით,  დღესაც აგრძელებს ბრძოლას ნამდვილ რწმენასთან.  აფხაზეთში ქართულ უძველეს  ეკლესიებს ათეთრებს კირით, რათა იქ დაცული ქართველთა გამაერთიანებლის, აფხაზთა და ქართველთა მეფის ბაგრატ მესამის ფრესკა და ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები გაანადგუროს და წაშალოს კვალი საქართველოსი,  მაგრამ ნამოქმედარი ისტორიულ რუკაზე ბოროტების ნიმუშად რჩება. 
ლამბალო  თუ ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა თათარია - მაშადი ჰასან, რომელსაც სურს ალალ-მართალი, პატიოსანი შრომით, წინაპართა მიერ გადმოცემული ადათ-წესების მიხედვით, ტრადიციების დაცვით შექმნას ოჯახი და სიყვარულით მემკვიდრეობა გაიჩინოს, სიცოცხლე გააგრძელოს. მეორე, საპირისპირო მხარე აისორი ყაშა ლაზარე, ის კაცია, რომელიც ქრისტიანად მონათლულა და თავისი ყალბი მღვდლობით, უფალსაც არცხვენს და თავის პატარა ნაციასაც. ქურთებისა და აისორების სოფლების წაკიდება, ამ სადისტ ყაშა ლაზარეს დამსახურებაა. მას სძაგს ყოველი კეთილი და პატიოსანი და უკანასკნელი, მხეცური ჟინით  ცდილობს სასიკვდილოდ გაუსწორდეს მას. თუმცა საკუთარი ჯილაგის და რწმენის მოღალატე, სამედიცინო დასკვნით სადისტი ყაშა ლაზარე წაქეზებულია და მთლიანად „შექმნილია” რუსი ეპისკოპოსი პავლეს გონებითა და ხელშეწყობით. საცნაური ბიბლიური ალუზიაა. მოციქული პავლეს შემობრუნებული გზა და ჯვარზე უკუღმა გაკვრა, რუსებში კვლავ პირიქით შებრუნებულა. პავლე, თვითმარქვია მორწმუნეა. იგი თავის რწმენას უკუღმართად (მაგალითია. ნებისმიერი გაუკუღმართებული, ეს იქნება სოდომ-გომორულ ცოდვასთან გატოლებული და ის ერის გადაგვარებას შეუწყობს ხელს), სუსტთა დაჩაგვრის იარაღად იყენებს და ეთნიკურ უმცირესობას ფიზიკურად უსწორდება, ყვლეფს და საბოლოოდ, თვითონაც გამძღარი, ერის, რუსეთის სახელსაც დროშასავით სათავისოდ ააფრიალებს აღმოსავლეთის მიწაზე. აკი, ხშირად იმეორებს, რუსული ტაძრის საკურთხეველთან: „სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია-მეთქი!”. პავლეს პორტრეტი ქართველ მწერალს ასეთი კადრით შეუქმნია: „მაღალს, პრანჭიასა და მეტად ლამაზ ეპისკოპოსს ფაფუკ ხელზე ვემთხვიე“. იქვე „პრანჭიას” სიტყვები: „ქართველობა დიდი უბედურება არ არის, რადგან ქართველიც ადამიანია და კეთილი ქრისტიანი ქართველებშიც მოიპოვება“… და პასუხის შემდგომ: „კეთილი ადამიანი მარტო ქართველებში კი არა, რუსებშიც მოიძებნება“…, ამ დიალოგის შემდეგ  „ერთმანეთი თვალებით დავხვრიტეთ“. პავლე ეპისკოპოსი ნიღაბს იხსნის: „არა, სად გაგონილა, რომ ურმიაში „წმინდა რუსეთის განუყრელ აზერბაიჯანში“, აქვე თავრიზში, სპარსეთის ტახტის მემკვიდრე „ვალიაგდი“ იჯდეს და ჰფიქრობდეს, ვითომ თავრიზი და ურმია სპარსეთს ეკუთვნოდეს!“. 
დღევანდელობასთან პარალელების გავლა ნაწარმოების მსვლელობისას ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია. თითქოს არც არაფერი შეცვლილა. თითქოს პავლე ეპისკოპოსს აზრი დანარჩენ მსოფლიოს მიმართ, გუშინ გამოეთქვას რომელიმე სოციალურ ქსელში: „მართლმადიდებლებს ყველანი სდევნიან: ნესტორიელი პატრიარქი „მარშიმუნი“ ბენიამინე, - ცრუ, ფლიდი და უსახლკარო ლტოლვილი, რომელსაც რუსეთი ინახავს; ამერიკელი მისიონერი - მზაკვარი დოქტორი შეედი, რომელიც დოლარებით ყიდულობს აისორების საცხონებელ სულებს; რუსეთის მოკავშირე ფრანგი იეზუტი მონსინიორი დეკრო, რომელსაც გაიძვერობაში მუსლიმანებიც კი ვერ დაეწევიან; ინგლისელი მისიონერი ბრაუნი, - ორპირა და გამოქნილი ფარისეველი, რომელმაც სტერლინგებით გაავსო ურმია. ეს კიდევ არაფერი: სპარსელებიც, - წუნკალი, ველური „პერსუკებიც“ კი ჩუმ-ჩუმად სდევნიან მართლმადიდებელ აისორებს და ათასი ხრიკით იბრძვიან თავიანთი „უწმინდური“ მუსლიმანების დასაცავად!“.
      ქართველმა გენიოსმა და მოაზროვნემ შემთხვევით როდი დაიწყო „ლამბალო და ყაშა“ ისტორიული შესავლით, რითაც გაახსენა თავის მკითხველს ძველი სპარსეთის სიძლიერე და როლი მაშინდელ მსოფლიო არენაზე. გაიხსენა ის სიმდიდრე და განსაკუთრებული ძალა, რაც ამ დიდ სახელმწიფოს გააჩნდა. გავიხსენოთ ალექსანდრე მაკედონელის წარწერა, რომელიც ძველ სპარსეთში დატოვა, თავზეხელაღებულმა 36 წლის მსოფლიოს მპყრობელმა ბერძენმა და მწერლის მიერ გაკეთებული კომენტარიც: „მე ალექსანდროს... ყოველივე აქაური ემორჩილების ნებასა ჩემსა“.
ახლა კი იმ კლდის მკერდიდან ის სამი ასო ისე მოისმის, როგორც წყალწაღებულის უიმედო ძახილი:
       - ააა.... ო..ო..ოს!“
    ისტორიული მოთხრობისათვის უმნიშვნელოვანესი დასასრულია შესავალი ნაწილისა, მერეღა იწყება მეორე თავი, სადაც არსებული დროება შემოდის. ჩვენ, მწერალი, როგორც დოკუმენტალისტი, გვაწვდის ცნობებს მიმდინარე მოვლენების შესახებ, ხოლო დასასრულს კი ვხედავთ, რომ როგორც ალექსანდრე მაკედონელის კვალი და დიდება წაიშლება და უიმედო ძახილად დარჩება კლდეების მკერდზე, ასევე „ბედი-მდევრის“ მიერ ყოველი დამპყრობელი იქნება ძლეული, მაგრამ ჯერ მივყვეთ დროის დინებას და გავეცნოთ, გურჯი ექიმის ურმიის მიწაზე ჩასვლით როგორ განვითარდება სიუჟეტი.
       მაშინ, როცა რუსეთის ცრუ მესიანობა, „კეთილი ფსევდო ერთ მორწმუნეობა“ სააშკაროზე გამოდის, როდესაც ყაშა ლაზარე და ეპისკოპოსი პავლე მხილებულნი არიან, როგორც ხელქვეითნი და შემსრულებელნი თავად ბოროტების მბრძანებლისა, (აქ, ბიბლიური სურათია გაცოცხლებული სიტყვის ჯადოქრის მიერ. უდანაშაულო ადამიანის გაროზგვა და სიკვდილამდე მიყვანა, ბოროტების მიერ) ამ დროს, ისინი მიზანს აღწევენ და კლავენ ახალგაზრდა, გულკეთილ მაშადი ჰასანს, შეუბრალებელი და უსამართლო სასჯელით – სიკვდილი როზგებით – ცრუ ქრისტეს სახელით. სიკვდილის მებაირაღეს, სადისტ ლაზარე ყაშას მიმართ გაღიზიანებულ და გონებადაკარგულ ლამბალოს მამას, შვილის სიკვდილის გამო, აღეძვრება სასტიკი შურისძიების სურვილი. გველების შემლოცველი მოხუცი, სწორედ შხამიან გველებს გამოიხმობს და დააგესლინებს საკუთარ სახლში, ეკლესიის წიაღში შეპარულ გაიძვერას. (აქაც კვლავ კრთება ბიბლიური სურნელი: საუცხოო ბაღის მფლობელი, მამა, ალალ-მართალი შვილის სიკვდილს მიუტევებელ დანაშაულად მიუთვლის მკვლელებს) და გველიც იმავე ბაღშია, სადაც დასაბამიდან მიესაჯა უფლისგან.
     აქ, მართალია, ბოროტება უსასტიკესი შურისძიებით მთავრდება, მაგრამ მოთხრობის დასასრული ამ კითხვასაც მოუძებნის პასუხს: „საზარელ არს ყივილი განგების ეთიკისა! დიდ არს ძალა ბედი-მდევრისა!“.
მიხეილ ჯავახიშვილთან  ქართულ სიტყვას, უპირველესად, არ დაუკარგავს ძალა. მწერალი ძველი ქართული სიტყვის ხატოვნების ოპიზარია. სიტყვის ჩუქურთმები მრავლადაა ამ მოთხრობაშიც, ზოგადად კი უნდა ითქვას, რომ პოეზიის უცნაური გაელვებით, პოეზიის სიზუსტითა და მახვილგონიერებით ჯავახიშვილის პროზა სულ სხვა ელფერს იძენს.
აღმოსავლური ქორწილი – უბრალო ხალხის ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან სურათს მწერალი, როგორც სიყვარულის სურვილს გააცოცხლებს მხატვრულ ტილოზე. ახალგაზრდის დაკრძალვა – ცხედრიან ცხენს სირბილით გადევნებული დედა და ლამაზი, ჯერ კიდევ ბავშვად დარჩენილი ჩადრიანი ქვრივი – ზეკია ყიზი, ტკივილის დაუვიწყარ სახედ გამოძერწავს. როგორც ბეწვის ხიდზე სიარული, საზღვრებზე გავლებული კონტრასტული ხაზები, გამოკვეთს მწერლის პოზიციას და ადამიანის დისკურს.
მრავალი სხვა მნიშვნელოვანი კუთხით არის მოთხრობის განხილვა საინტერესო. თითქმის ცალკე ნოველას ჰგავს არა ერთი პასაჟი, წინადადება, სიტყვაც კი. დაუვიწყარი ფინალი, თავისი მომთენთავი შურისძიებით. წარმართული და წინაპრებისგან გადმოცემული განსაკუთრებული ცოდნა, შხამიან გველთა გამოხმობის უნარი, რომელსაც მოხუცი თათარი, სიკეთეს მოახმარს. ახლა ის შვილის სისხლის აღების წყურვილით შეპყრობილი, ბოროტების განსაგმირავად უნდა გამოადგეს, უსამართლოდ დაჩაგრულ შვილმოკლულ მამას.
მიხეილ ჯავახიშვილი მოთხრობას სჭედს, ამდიდრებს ანდაზებით, აფორიზმებით, ხატოვანი სიტყვა-თქმებით: „აპრუწული პირი ააცმატუნა და ახლად მიღებულ ზიარებასთან ერთად თავისი სულის შხამიც ამოანთხია“, „ბედი-მდევარი სხვებსაც ურმით დაეწია“, „დაბალი ბუჩქნარი ქამარივით აკრავს გარშემო“, „დაბალ კუნძულაკებს სქელ ბურუსში სძინავთ“, „მთების ნაოჭებში მკრთალი ლილისფერი ნისლი წევს“, „მთელი ხეობა ისეთი სასოწარკვეთილი და უიმედო კვნესით აღმუვლდა, თითქო ათასი ჩაცუცქებული ძაღლი თავიანთ უბედურებას და დაობლებას ზეცას შესტიროდაო“, „ეტლების კუდი აქლემთა ქარავანში იკარგებოდა“ და სხვათადასხვათა, მრავალის შედუღაბებით მკითხველს, ლიტერატურა, როგორც არქიტექტურული ძეგლი, ჩამოქნილი და გარანდული ხელთ გვრჩება.
ნაწარმოებ „ლამბალო და ყაშას” დასაწყისის ისტორიული მიმოხილვა, შემდეგ იქ განვითარებული უსამართლობის ზუსტი, თითქმის ფოტო-აღწერა და ბოლო, დაგვირგვინებული „სამართალმა პური ჭამა” – ფინალი, ასევე ის ეთნიკურ-გეოგრაფიული აღწერილობანი: ქორწილი, ბუნება, ჰავა, ხასიათი – კოლორიტულ აღმოსავლურ სურათებს აცოცხლებს და ამბავს ხდის დაუვიწყარ მთლიან აფორიზმად.
ლიტერატურულ გმირობად მესახება ასეთი გაბედული გამოსვლა, ასეთი მნიშვნელოვანი დისკურსი. მწერალი გაბატონებულ რეჟიმს ამხელს ყოველგვარი დათმობის გარეშე. იგი მიმოიხილავს მსოფლიო ერების ისტორიულ შეცდომებს, ბოროტებას ებრძვის უძლიერესი იარაღით, მართალი სიტყვის ძალით და სულ არ არის გასაკვირი, რომ ამ ყველაფერზე, დიახაც განზრახვით, გააზრებით და რწმენის იმედით მიდის.
ლამბალოსა და ყაშას მოთხრობა, იმ ადამიანის დაწერილია, ვინც იცის, რომ ბოროტებას ყველაზე მეტად მხილების ეშინია და ზუსტად, მართალი სიტყვის გმირებს უსწორდება განსაკუთრებული სისასტიკით.
მწერალს, სიმართლისთვის ფიზიკურად უსწორდება რუსეთის თვითმპყრობლური, დამნაშავე ხელისუფლება, როგორც მის პერსონაჟს ლამბალოს. გასაოცარია, ასე წინასწარმეტყველება საკუთარი აღსასრულისა, თუმცა სულიერებას, დაწერილსა და უკვე კეთილ თესლს, რომელიც ხალხის გონებაში ჩაინერგა, ვერა ძალით ვეღარ ამოძირკვავს. აი, სად მარცხდება თვითმარქვია „ერთმოწრმუნე”, ფარისეველური რუსული ძალა. საქართველო მიხეილ ჯავახიშვილის შრომას და ღვაწლს, მოგვიანებით, მაგრამ თავის დროზე აღიარებს და მემკვიდრეობით,  იმ ლამბალო მამულიშვილთა სახელებს გააგრძელებს, რომლებმაც ერი სულიერად გაამხნევეს, გააცოცხლეს და ნებისმიერ შემთხვევაში გადაარჩენენ. 
ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა წითელ ტერორს წესი აუგო. ბოროტების დეგრარირებული სახით გაცოცხლება, ნებისმიერ ეპოქაში, ისეთივე მარცხით დასრულდება, როგორც ეს თავად პირველ პირს სამოთხეში დაემართა და რომელსაც დაცემული ანგელოზის სახელი დაერქვა. 

Comments