Posts

Showing posts from April, 2017

მარინა ტურავა - ნატა ვარადას ახალი წიგნი „გამრავლების ტაბულა“

როგორია თანამედროვე ქართული პოეზია, საით მიდის ქართული ლექსი, როგორია მისი ხვალინდელი დღე? რა მიმართებაა ქართულ და ევროპულ პოეზიას შორის დღეს, რამდენად ითვალისწინებს იგი მსოფლიო კონტექსტს? რთული კითხვებია, ცალსახა პასუხს რომ ვერ აიტანს და ვერ იგუებს. ბევრი ლექსი იწერება, მაგრამ უმთავრესად მღვრიე ნაკადად უერთდება ლიტერატურულ პროცესს და არსობრივად ვერ ცვლის მხატვრული სიტყვიერების მდინარებას. უამრავმა წყალმა ჩაიარა გალაკტიონის შემდეგ, მაგრამ მასზე დიდი ვერავინ მოვიდა, ვერავინ გადაფარა პოეტების მეფის შარავანდედი.   იქნებ ამგვარი მოლოდინია იმთავითვე გაუმართლებელი და მცდარი, იქნებ დღეს პოეზია ავტოთერაპიისა და თვითგამოხატვის ფუნქციამდე დავიდა? იქნებ წარსულს   ჩაბარდა მხატვრულ-ესთეტიკური სიახლეები და ნოვატორული ძიებები? დიდი ხანია გაქრა სუგესტიური განწყობებიცა და პოეზიით თრობაც, პოეტები გაერთიანებებს ნაკლებად ქმნიან, თუ ლიტერატურულ პრემიებსა და სნობისტურ დაჯგუფებებს არ ჩავთვლით. არც ერთი დაჯგუფების წევრი არასოდეს ყოფილა ნატა ვარადა _ გამორჩეული სახელი თანამედროვე ქართულ პოეზიაში, რომლის