მარინა ტურავა - ნატა ვარადას ახალი წიგნი „გამრავლების ტაბულა“
როგორია თანამედროვე ქართული პოეზია, საით მიდის
ქართული ლექსი, როგორია მისი ხვალინდელი დღე? რა მიმართებაა ქართულ და ევროპულ
პოეზიას შორის დღეს, რამდენად ითვალისწინებს იგი მსოფლიო კონტექსტს?
რთული კითხვებია, ცალსახა პასუხს რომ ვერ აიტანს და
ვერ იგუებს. ბევრი ლექსი იწერება, მაგრამ უმთავრესად მღვრიე ნაკადად უერთდება
ლიტერატურულ პროცესს და არსობრივად ვერ ცვლის მხატვრული სიტყვიერების მდინარებას.
უამრავმა წყალმა ჩაიარა გალაკტიონის შემდეგ, მაგრამ მასზე დიდი ვერავინ მოვიდა,
ვერავინ გადაფარა პოეტების მეფის შარავანდედი.
იქნებ ამგვარი მოლოდინია იმთავითვე გაუმართლებელი და მცდარი, იქნებ დღეს
პოეზია ავტოთერაპიისა და თვითგამოხატვის ფუნქციამდე დავიდა? იქნებ წარსულს ჩაბარდა მხატვრულ-ესთეტიკური სიახლეები და
ნოვატორული ძიებები?
დიდი ხანია გაქრა სუგესტიური განწყობებიცა და პოეზიით
თრობაც, პოეტები გაერთიანებებს ნაკლებად ქმნიან, თუ ლიტერატურულ პრემიებსა და
სნობისტურ დაჯგუფებებს არ ჩავთვლით. არც ერთი დაჯგუფების წევრი არასოდეს ყოფილა
ნატა ვარადა _ გამორჩეული სახელი თანამედროვე ქართულ პოეზიაში, რომლის ახალი
პოეტური კრებული „გამრავლების ტაბულა“ კიდევ ერთი საინტერესო მოვლენაა იმათთვის,
ვისაც ნამდვილი ლიტერატურა უყვარს.
ნატას ლექსები იმაზე მეტს გვეუბნება საკუთარ თავზე,
ადამიანზე, სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრობთ, ვიდრე ჩვენ ვიცით. მიუხედავად ამისა,
ეს არის ინდივიდუალიზმით აღბეჭდილი პოეზია, რომლის ავტორიც _ მკვეთრად გამოხატული
სათქმელითა და სამყაროთი არასოდეს გავიწყდება. მრავალი სახითა და ჰიპოსტასითაა
განფენილი პოეტის „მე“ „გამრავლების
ტაბულაშიც“, რომელიც უდავოდ ახალი სიტყვაა, ახალი კოსმოსი. ნატა ვარადა თითქოს ერთ
ადამიანში დაგროვილ მთელ კაცობრიულ გამოცდილებას, ცოდვასა და მადლს, ტკივილსა და
სიხარულს ერთ დიდ ლექსად ამოთქვამს. საერთო სიუჟეტით, ნოველების ციკლით შეკრული,
რომანის მსგავსად, ეს არის რომანი ლექსად, ერთი სულის ისტორია _ რომლის
ანაბეჭდებიც ქართული მითოსის სიღრმეებიდან და სამარიტელი ფოტინესა და იესოს საუბრიდან
იღებს სათავეს.
სამხრეთის ქარი,
ასფოდელოთა გვირგვინებით
შუბლსაც მიმკობდეს.
სულო, შენც შენი
უბრალოებით, ნათელსა მფენდე.
წყალი მთხოვო და მიცქირო თვალში,
განზე გავწიო თიხის ჭურჭელი.
„სიცოცხლის
წყალს მომთხოვდი, ქალო, სამაგიეროს,
ანუ მამრავლებ?!“
მითხრა: მე ვარ
შენთან მოლაპარაკე.
ფოტინე ნათელაა ქართულად, სანათა უფრო ძველია. „ნათელსა
მფენდე“ სწორედ ამის გათამაშებაა. ებრაელები სამარიტელებს ერიდებოდნენ, რადგან ისინი
წარმართებად რჩებოდნენ, უფალმა ფოტინესთან საუბრით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი _
ადამიანთა თანასწორობას, რაც ნატა ვარადას პოეზიის ამოსავალიცაა.
იოსიფ ბროდსკის თუ დავუჯერებთ, ეპოქა ირჩევს თავის
პოეტს, მართალია, ის მეცხრამეტე საუკუნის
დასაწყისზე წერდა, მაგრამ რა ხდება ოცდამეერთის დასაწყისში? დიდი ხანია პოეტმა
დაკარგა საკრალურ-იდუმალი შეფერილობა და მიწაზე დაეშვა, ყოფიერებას მეტად
მიეჯაჭვა. თუმცა „გამრავლების ტაბულაში“ ყოფიერება არასოდესაა არაპოეტური,
პირიქით, ნატა ვარადას შესწევს უნარი, ყველა მოვლენას საოცარი სიღრმე შესძინოს.
სოფლის სასაფლაოზე მორბენალი ბავშვებიც კი ორი სამყაროს გზაგასაყარზე, მედიტაციის
ზღვარზე ამყოფოს:
ქარს გაჰქონდა სოფლის ბოლოსკენ –
ივანე ჯარში. ახალგაზრდა ივანე, ჯარში.
მოხუცი კაცი,
დარდმა მოკლა თავისი შვილის.
გუდაუთაში აფხაზებმა მოკლეს ეს ბიჭი,
ამ ბავშვს შემთხვევით მეზობელმა
ივანე ჯარში. ახალგაზრდა ივანე, ჯარში.
მოხუცი კაცი,
დარდმა მოკლა თავისი შვილის.
გუდაუთაში აფხაზებმა მოკლეს ეს ბიჭი,
ამ ბავშვს შემთხვევით მეზობელმა
დიდი მანქანით გადაუარა.
და აი, ბოლოს, სადღაც ბოლოსკენ,
საყდრის იქეთ ჩამწკრივებულნი,
შინმოუსვლელი კაცები უჯვროდ,
და აი, ბოლოს, სადღაც ბოლოსკენ,
საყდრის იქეთ ჩამწკრივებულნი,
შინმოუსვლელი კაცები უჯვროდ,
მათზე
ბებოები ყვებიან ამბებს.
ებრაელების მსგავსად გულებზე,
ებრაელების მსგავსად გულებზე,
ფაშიზმს რომ ღმერთი ამოუქარგავს.
პოეზიის განმსაზღვრელ მრავალრიცხოვან ფორმულებს
შორის, ყურადსაღებია კოლრიჯის სიტყვები: „პოეზია არის საუკეთესო სიტყვები,
საუკეთესო თანმიმდევრობით“. ამ ფორმულის არსი იმაშია, რომ სიტყვა გავლენას ახდენს ადამიანის
ცნობიერებაზე და სიტყვა ქმნის პოეზიას, არა განწყობა, ემოცია, რაციო ცალ-ცალკე,
არამედ სიტყვა, რომელიც ყველაფერს იტევს და მოიცავს. თვეების სახელები და
განწყობები _ ნატა ვარადას ახალი ინსპირაციის წყაროა. ივნისი _ „ჩემში ჩემსავე შვილს უღიმის მამაჩემი
ჩემი ნახვისას“, მაისი _ „აქ ეს, იქ ისა -
დაიხრები და ბალახებს აძრობ პაპა, ბებიის
გულებს ან ფილტვებს“. მარტი _ „რამდენჯერ შენკენ გამომაგდო სიძულვილმა ბავშვების, რადგან ვიდექი მარტო, ვიდექი ცალკე, ვიდექი
ისე აბუზული, საკუთარი ჩრდილი მზეში მემალებოდა.“ თებერვალი _ „და დაიძვრება საფლავის მიწა, და მოედება ცემენტის ქალაქს,
ბეტონის ქალაქს, სადაც სული
მოუკვდათ სახლებს“. ყველაფერია აქ - ამ მინი პოემაში: ბავშვობის დაუნდობელი სუსხი, მამის მოლოდინი, გაუცხოებული ქალაქი, მკვდრები, რომლებიც ნატას სასაფლაოებზე და სტრიქონებში განაგრძნობენ არსებობას, ბებერი და სევდიანი სამყარო, მაგრამ ამასთანავე რაღაცნაირი ჩუმი, უსიტყვო სიხარულის დამტევიც.
ჩემი ნახვისას“, მაისი _ „აქ ეს, იქ ისა -
დაიხრები და ბალახებს აძრობ პაპა, ბებიის
გულებს ან ფილტვებს“. მარტი _ „რამდენჯერ შენკენ გამომაგდო სიძულვილმა ბავშვების, რადგან ვიდექი მარტო, ვიდექი ცალკე, ვიდექი
ისე აბუზული, საკუთარი ჩრდილი მზეში მემალებოდა.“ თებერვალი _ „და დაიძვრება საფლავის მიწა, და მოედება ცემენტის ქალაქს,
ბეტონის ქალაქს, სადაც სული
მოუკვდათ სახლებს“. ყველაფერია აქ - ამ მინი პოემაში: ბავშვობის დაუნდობელი სუსხი, მამის მოლოდინი, გაუცხოებული ქალაქი, მკვდრები, რომლებიც ნატას სასაფლაოებზე და სტრიქონებში განაგრძნობენ არსებობას, ბებერი და სევდიანი სამყარო, მაგრამ ამასთანავე რაღაცნაირი ჩუმი, უსიტყვო სიხარულის დამტევიც.
პოეტისათვის
მეცამეტე თვეც არსებობს, სიყვარულისთვის გაჩენილი მის პოეზიაში, მაგრამ ვერჩატეული
საწელიწდო ნუსხაში: „ოღონდაც, შენი მამის გულისათვის, გადაშალე სიცოცხლის წიგნი და
გადააკეთე: იმას სიცოცხლე, მე სიყვარული. რომ მე და მას ერთ სულად გადაგვაქცევ სასუფეველში. ის იქნებოდა წყალობა და მე მისი ჟესტი – მარცხენა ხელისგული მიწისკენ, ეს ნიშნავს ღვთისგან დამწყალობებას და ხელის ანბანი (ყრუებისთვის)“.
გადააკეთე: იმას სიცოცხლე, მე სიყვარული. რომ მე და მას ერთ სულად გადაგვაქცევ სასუფეველში. ის იქნებოდა წყალობა და მე მისი ჟესტი – მარცხენა ხელისგული მიწისკენ, ეს ნიშნავს ღვთისგან დამწყალობებას და ხელის ანბანი (ყრუებისთვის)“.
პირველი
სიყვარულიდან აქამდე დიდი გზაა, ყველა ქალის მაგივრად და ყველა ქალთან ერთად
გამოვლილი, ასე ნაცნობი და ახლობელი, და მაინც უცხო: „ასეთია პირველი სიყვარული, როცა პირის ბანას
სწავლობ, თმას ივარცხნი, როცა სარკეში
საკუთარ თავს აკვირდები, თვალებში კი შენი შეყვარებული სახლობს“.
ნატა
ვარადას შემოქმედებაში სიტყვას ორმაგი
ცხოვრება აქვს _ ხან ბალახივით, ყვავილივით, ხესავით ბუნებრივად ამოიზრდება, ჟღერადია,
ხანაც მთლიანად ემორჩილება პოეტის გონებას _ საზრისის გამომხატველი, კონცეფციის
აღმნიშვნელია. ორივე შემთხვევაში „საუკეთესო სიტყვების“ საუკეთესო ნაკრებია,
რადგან პოეტის დამოკიდებულება სიტყვის მიმართ ძალიან ღრმა და რთულია.
შემოდი ჩემი სხეულის ყველაზე
ბურუსიან
ლაბირინთში,
ლუციფერ!
რა შორი-ახლოს დამხეტიალობ,
ჯოჯო ხეების,
მებაღევ,
მუნჯო.
ნატას პოეზიაში
მკითხველს მეტაფორასა და მხატვრულ აზროვნებასთან ერთად ხიბლავს პოეტური
მეტყველება, რომელიც სამყაროს სხვადასხვა ფერებში წარმოგვიდგენს, მეორე მხრივ, კი
ხშირად ორიგინალურ, პარადოქსულ აზრთან
არის შერწყმული. ამასთან პოეზიას, განსაკუთრებით მაღალ პოეზიას, აქვს უნარი უკვე
გაცვეთილ, ერთი შეხედვით, ტრივიალურ სიტყვას, გამოთქმას სრულიად ახალი სიცოცხლე
ჩაბეროს და ახალი ჟღერადობა მიანიჭოს: „მამაჩემი
კი ამ ხესთან წლებია უბრადაა;“ „კუნძულზე, სადაც დობილ
ნიმფების გარემოცვაში, ვლაზღანდარობდი, მხარნაქცევი,
მკლავდალეწილი ერთგული ქმრის ზღვაოსნური სინანულითა, არასოდეს მომსვლია თავში,
ქაღალდის გაშლით დრო გამეყვანა;“
გავწურე ღამე და გავშრი,
როგორც მეძუძური ქალი
რძეს იშრობს მკერდში.
კიდევ ერთი მინი-პოემა („ცვალებადი ფაზები“)
მარტყოფის ბავშვთა სახლის ბინადარ გოგონებს ეძღვნება, იგი სამი ფაზისა და სამი
საგალობლისგან შედგება. ეს არის კრეაციული პოეზიის ნიმუში, არაერთი საინტერესო
ტროპითა და მხატვრული სახის პროდუცირებით.
ალბათ, ერთადერთი შემთხვევა „გამრავლების ტაბულაში“, სადაც სათქმელის სიღრმე
ლექსის საზრისს აბუნდოვანებს. მკითხველს უჭირს ჩაწვდეს პოეტის ჩანაფიქრს, თუმცა
ისიც უსათუოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ხელოვნური სირთულე და მას ნარაციის
ფორმა და მინი-პოემის თემატიკა უფრო განაპირობებს.
ყოფის მარწუხებიდან
გამოღწევა არასოდესაა ნატა ვარადასათვის თავისუფლების მეტი ხარისხის აღმნიშვნელი,
პოეტმა კარგად იცის, რომ თავისუფლებაცა და პოეზიაც აქ უნდა იპოვოს: ქალაქური
მეტროსადგურებისა და სეკენ-ჰენდების („სექენდჰენდის
(კ) აბები“) ლაბირინთებში, თორემ მის სამშობლოში ჰაერი რაა, ისიც აღარ
არის უკვე არათუ გამჭირვალე, არამედ საკმარისიც. და მაინც მეტროც კი შეიძლება
სამოთხის შუაგულს უკავშირდებოდეს:
მეტროს მგზავრი უცხო ქალი,
სამოთხის ბაღიდან შესვენებაზე
გამოპარულს
არ ჩამოჰგავდა?!
ასე უკავშირდება
„გამრავლების ტაბულაში“ ერთმანეთს _ იდუმალი და ყოფითი, საკრალური და სეკულარული, ხილული
და უხილავი; ასე ერთიანდება სიტყვის გარეგნული ხიბლიცა და ცნობიერებისმიერიც. ეს ოქსიმორონული კი არა, კონცეფციური
მთლიანობაა, დაცლილი პირველადი მხატვრული შინაარსისაგან. კონცეფცია მხატვრული
სამყაროს სპეციფიკასაც განსაზღვრავს და პოეტურ მეტყველებასაც. პიროვნული სიღრმე და
აზროვნება ლექსის მეტყველებასაც განაპირობებს და იმაგინაციასაც აძლიერებს. სწორედ
ამიტომაა ნატა ვარადას პოეტური სამყარო, კოსმოსი კონტრაპუნქტული, მრავალხმოვანი და
ერთიანი ერთდროულად. ეს კარგად ჩანს „გამრავლების ტაბულის“ კომპოზიციასა და
ლექსების თანმიმდევრობაში, რაც უდავოდ წიგნის რედაქტორის დამსახურებაც უნდა იყოს.
„საერთოდ კი იქნებ ნატა ვარადას მოეთავებინა „ასი ლექსის“ სერია, უსათუოდ დაშვენდებოდა“ (როსტომ ჩხეიძე, ეპილოგი „ასი
ლექსისა“) - ესეც ამ წიგნის რეადაქტორის ანგარიშგასაწევი სიტყვებია, გამომცემლობა
„ინტელექტის“ მიერ გამოცემული სერიის მისამართით.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურბანულ ხატწერაზე უფრო ორგანული ნატა
ვარადასათვის _ სოფლის სახლი, ბავშვობის მოგონებები, მშობლიური ჭალა, ტყე და
ხეობებია, პაპა-ბებიები, მამა და დედაა. სწორედ ამგვარად ცოცხლდება პოეტის
წარმოდგენაში ნამდვილი სამშობლო. ამის იქით კი, „სახლიდან სადღაც ჯანდაბაში“ ის
აღარ არის, რაც უნდა იყოს, თავის თავს კარგავს...
„ნუ მნახავ,
ნუ მნახავ,
წმინდა ბაგეები, წყევლით არ აგივსო, ჩემდა უნებურად,
რადგან, მეც მზის გულზე,
მთვარის რკალივით მოვმრგვალდი, მცურავი,
დავდივარ, ვერ კი გამოვისხი ნაყოფი“, ამბობს პოეტი ლექსში „სანიშნე, იამბიკო“. ამ პოეზიაზე უკეთესი ნაყოფი ძნელი წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, ნატა ვარადას პოეზია აღსავსეა დაუბადებელი, მუცელში წყლად ქცეული ბავშვების სევდით. სწორედ ასეთ პოეტებს ირჩევს ეპოქა, რომლისთვისაც სწორედ კონკრეტული ქრონოტოპის ტკივილის გაზიარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა რომელი ეპოქა ყოფილა უტკივილო?! არარიტორიკულად გაიჟღერებს ჰოლდერლინის კითხვაც _ რა საჭიროა პოეტი მძიმე ეპოქაში?
წმინდა ბაგეები, წყევლით არ აგივსო, ჩემდა უნებურად,
რადგან, მეც მზის გულზე,
მთვარის რკალივით მოვმრგვალდი, მცურავი,
დავდივარ, ვერ კი გამოვისხი ნაყოფი“, ამბობს პოეტი ლექსში „სანიშნე, იამბიკო“. ამ პოეზიაზე უკეთესი ნაყოფი ძნელი წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, ნატა ვარადას პოეზია აღსავსეა დაუბადებელი, მუცელში წყლად ქცეული ბავშვების სევდით. სწორედ ასეთ პოეტებს ირჩევს ეპოქა, რომლისთვისაც სწორედ კონკრეტული ქრონოტოპის ტკივილის გაზიარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა რომელი ეპოქა ყოფილა უტკივილო?! არარიტორიკულად გაიჟღერებს ჰოლდერლინის კითხვაც _ რა საჭიროა პოეტი მძიმე ეპოქაში?
კრებულის
ბოლო აკორდი პოემაა _ „მერვე დღისა, უადამიანოდ“, ლირიკას კი სწორედ ის ლექსი
ასრულებს, რომლის სათაურიც წიგნმა მიიღო.
ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. პოეტმა კიდევ ერთხელ აირჩია არა ფიზიკა,
არამედ მეტაფიზიკა, სამყაროს, კოსმოსის არა ზუსტი, არამედ პოეტური, აბსტრაქტული,
იმაგინაციური ხედვა: „გამრავლების ტაბულა,
როგორც ჩემი ჩინური“.
საუკუნეების
მანძილზე პოეზია ლიტერატურის უმაღლეს გამოვლინებად ითვლებოდა, მაგრამ
ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, ინტერნეტმა, სოციალურმა ქსელებმა იგი სუბკულტურის
ნაწილად აქცია. მიუხედავად ამისა, ნატა ვარადას პოეზია არ არის მეისტრიმზე
ორიენტირებული შემოქმედება. ნამდვილ
ლიტერატურას, ალბათ, ყველა დროსა და ეპოქაში მცირერიცხოვანი, მაგრამ გამორჩეული
მკითხველი ჰყავდა. „გამრავლების ტაბულასაც“, სავარაუდოდ, ასეთი რაფინირებული,
მაგრამ მცირერიცხოვანი მკითხველი ეყოლება.
ნატას პოეზიაში ღირებულია მთელის ჰარმონია, აზრები
და დეტალები, ესთეტიკური განვითარების პრინციპი. ამიტომ პოეტურ ტექნიკასთან ერთად,
სწორედ ამ კატეგორიების ანალიზია ძალიან მნიშვნელოვანი. ნატა ვარადას პოეზია კიდევ
ერთხელ ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ვერლიბრი შეუთავსებელი აღმოჩნდა ქართული ენის
ბუნებისათვის. თავისუფალი გრაფიკით წარმოდგენილი პოლიმეტრული ლექსებიცა და
ანჟანბემანიც ის საზომებია, სადაც ნატა თავს კომფორტულად და თვითგამოხატულად
გრძნობს.
კითხვაზე _ საით მიდის ქართული პოეზია?
ამ კრებულის წაკითხვის შემდეგ ასე უნდა ვუპასუხოთ _
ოცდამეერთე საუკუნის ქართულ პოეზიაში ავტოროთერაპიას
მკითხველის თერაპია ენაცვლება და ავსებს.
ქართული ლექსი უბრუნდება თავის ფესვებსაც და
„ევროპული ლექსის რადიუსზეც“ სწორდება. უფრო სწორად კი, ქართული ევროპულსაც
ნიშნავს და პირიქითაც.
ამ პოეზიით ავტორი საკუთარ თავსაც პოულობს და ჩვენც
გვეხმარება ამაში.
***
ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ 2014 წლის 13
ივნისის (#12(220))
ნომერში ნატა ვარადას პოემა _ „მერვე დღისა უადამიანოდ“ გამოქვეყნდა, სწორედ ამ
პოემით სრულდება „გამრავლების ტაბულა“. ამ პუბლიკაციას მაშინ წერილით შევეხმიანე,
რომლის ფრაგმენტებს აქაც შემოგთავაზებთ.
პოემა დამოუკიდებელი ლექსებისაგან შედგება, რომელთა
ნაწილს შესაქმის აქტი, დაბადების მისტერია აერთიანებს. „სიტყვაში დაშვებული
შესაძლებლობები“ ამ პოემაში სხვადასხვა ნაკადში, მოტივსა და ქვეტექსტში ვლინდება.
იგი ორი ნაწილისაგან შედგება. თითოეული ლექსის სათაურიც და ეპიგრაფიც გააზრებული,
გათვლილი და მხატვრული ფუნქციის მატარებელია. იგი კომპოზიციური ელემენტია,
თავისებური გასაღები, რომელმაც უნდა გაგვიადვილოს ნატა ვარადას პოეტურ სამყაროში
გზის გაკაფვა. პირველივე ლექსში მეტაფორული აზროვნება და წმინდა წერილის უჩვეულო
ალუზია იპყრობს მკითხველის ყურადღებას:
შვიდივე
დღეს მიწაში დავფლავ,
სისხლის
მდინარით მოვრწყავ,
საორშაბათო
_ მერვე დღის მიწის ბორცვები
რომ
გადაიხსნას:
_
ლაზარე არ გამოხვიდე!
ბეთანიელი ლაზარე, მარიამისა და მართას ძმა, უფალმა
იერუსალიმში შესვლამდე გააცოცხლა, ოთხი დღის მკვდარს უბრძანა: ლაზარე,
გამოვედ გარე! რამდენიმე დღის წინ დაკრძალული მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. მღვდელმთავრებმა, კაიაფას მეთაურობით, სწორედ ამ სასწაულის შემდეგ გადაწყვიტეს იესო ქრისტეს შეპყრობა და მოკვდინება, ვინაიდან მათში აღიძრა შური და ბოროტება განკაცებული უფლის მიმართ, რომელიც მათთვის დაუჯერებელ სასწაულებს ახდენდა.
პოემაში ეს რეალობა
შეცვლილია _ ლაზარე არ გამოხვიდე, რაც
უფლის ჯვარცმის გადავადებას ან სულაც ადამიანის, კაცობრიობის ამ ცოდვისაგან
გათავისუფლებას უნდა გულისხმობდეს... თუმცა პოემის სათქმელიდან გამომდინარე,
ლაზარე არ გამოხვიდე _ ისტორიის სრულიად განსხვავებულ მდინარებასაც,
სრულიად სხვაგვარ არჩევანსაც უნდა ითვალისწინებდეს...
პოემის ეს ფრაგმენტი არ არის აპოკრიფული მწერლობის
ნიმუში, როცა ავტორი ბიბლიაში დაწყებული სხვადასხვა ამბის დასრულებას
ცდილობს. ნატა ვარადასათვის უცხო არ არის
ბიბლიური თემატიკა, მოტივები, ალუზია, რაც ამ პოემაში ბარელიეფის, ლექსებში
ამოტვიფრული პასაჟების სახით ვლინდება, სწორედ ამ ბარელიეფების ერთიანობამ უნდა
შეკრას კომპოზიციური ქარგა, ლირიკულ-სუბიექტური ნაკადი.
მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“ მარადიული ძიების
პროცესს განასახიერებს, ნოვალისის „ცისფერი ყვავილი“ უმაღლესი პოეზიის მარადიულ
სიმბოლოდ იქცა. ნატა ვარადას პოემაში „ლურჯი შაშვის სიმღერა,“ პოეზია არის დედამიწის აღორძინება:
ვარდების
მელოდიაა ჩემი ზეციური ხმა,
ლურჯი
შაშვის გაზაფხულზე სიმღერით კი
დედამიწა
აღორძინდება:
_ ვცხოვრობ უშენო სიზმრებით, მე შენი ფრთები.
აქ, ერთი მხრივ, „შაშვი მგალობელის“ ქართული
მოტივებიც ცნაურდება, მეორე მხრივ, კი
„პირველქმნილი ფერის“ ზოგადპოეტური განცდაც, შემოქმედის ზეცასთან, უფალთან
ზიარებაც...
თანაგანცდისა და თანალმობის საოცარი შეგრძნება
გეუფლება, როცა ნატა ვარადას სტრიქონებს კითხულობ ქალებზე, საკუთარი საშოები
„ეშმაკების საბუდრებად“ რომ უქცევიათ, „დედობა რომ არ ეღირსებათ“, სხვათა შვილებს
ბოროტის მზერას რომ არიდებენ. სქემარქიმანდრიტი მამა ვიტალი (სიდორენკო,
1928-1992) გამახსენა ნატა ვარადას „ლოცვამ მეძავებისათვის ეშმაკთა
განსადევნებლად.“ განსაკუთრებული მადლის გამო
მისთვის არაფერი იყო დამალული. დიდ ეპიტიმიას არ
ადებდა იმ ადამიანს, ვინც ვერ
აღასრულებდა; სამაგიეროდ, მივიდოდა წინამძღვართან და სთხოვდა: „ეპიტიმია დამადე - აბორტი გავიკეთეო“. „გგონიათ, ადვილია იყო დაფარულის მხილველი? როცა ხედავ, ადამიანი იღუპება, იცი, როგორ დაეხმარო და ისიც
იცი,
რომ
ამ
დახმარებას არ მიიღებს, გული
დიდი
მწუხარებით გევსებაო“, - უთქვამს ერთხელ. პოეტის გულიც თანაგრძნობით არის
აღსავსე, იგი მთელი გულით ევედრება დედა ღვთისმშობელს ილოცოს „მეძავ ქალწულებზე“:
მარიამ,
მათ
მოეხურათ, ფეხშიშველთ და სამოსგანძარცვულთ
სამოთხის
კარი. ცხვირწინ პირდაპირ.
და
მათ სულებს აღარ აქვთ შვება,
თუ
გაქვს დრო და თუ გაქვს მოცდა, დაო,
ამო-
თქვი
მათთვის.
შემდეგ ლექსში ნატა ვარადა თავის საყვარელ პოეტ
ქალებზე საუბრობს _ სილვია პლათი, რომელიც თვითმკვლელობის შემდეგ, ფემინისტებმა
მამაკაცურ ძლიერებას შეწირულ ქალურ გენიად აღიარეს, ენ სექსტონი მეოცე საუკუნის
გამორჩეული ამერიკელი პოეტი, ფორუყ ფაროხზადი _ ირანელი პოეტი ქალი, ჩადრისა და
უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი და ესმა ონიანი, ვისაც ნატა ვარადა თავის
მასწავლებელს ეძახის. ინტერესთა სფეროც მოინიშნა და გემოვნებაც, პოემის ერთ-ერთი
სათქმელიც _ კაცობრიობის სულის ისტორია, მისი უმშვიენიერესი და უნატიფესი ნაწილის
მიერ შექმნილი, სიტყვაში და საქმეში დაშვებული შესაძლებლობა... აქვე კიდევ ერთხელ
და მერამდენედ ქალთა შორის უმთავრესის _ ღვთისმშობლის სახება და მასთან
დაკავშირებული პოეტის დედის სახე _ „დედაჩემს კი თვალები აქვს ბოდბის
ღვთისმშობლის“...
ამას მოყოლებული _ „ვაზის სატირალო“ _ პაპა-კაცების
საქმე, ვაზის მოვლა, გასხვლა, გარანდვა „კოჟრიანი ხელებით“ და მაინც მშობიარობა,
შობის მისტერია: „მარადიული ცრემლით სიცოცხლის ზიარება“ და მოსავლის აღება
„მშობიარობის დარად.“
შემდეგი ბარელიეფი „სადიდო დის სიმღერა“ ყოფიდან
ამოზრდილი მამის სახითა და ნატა ვარადას მხატვრული აზროვნების კიდევ ერთი
თავისებურებით გვამახსოვრდება _ პოეზიად იქცეს ყოფა, გარემო, ყველაფერი, რასაც
პოეტის კალამი შეეხება:
მოდი
დავდოთ ფული,
დაო,
დაიკო,
არ
დაველოდოთ თვის ბოლოს,
არ
დაველოდოთ ხელფასის დღეს.
მოდი
ავაგროვოთ ფული,
დაო,
დაიკო
და
მამიკოს საშობაოდ ფეხსაცმელი ვუყიდოთ.
ბავშვობის განცდაც _ როცა დები, მამის წყალობით,
თბილ ღუმელს ეფიცხებოდნენ, უღელტეხილს სერავდნენ საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი
ორსული ქალები _ „მუცლებში შვილებს მალავდნენ, ისე დაუტკბათ დედაშვილობა, დაუშაქრდათ
მურაბებივით ქალებს სხეული.“ კიდევ ერთი შტრიხი, ნიშანი _ განწირულებიდან,
უსასოობიდან ამოზრდილი იმედი, სინათლე...
შემდეგი ლექსი კოპენბერგში დაკარგულ 130 ბავშვს
ეძღვნება, 130 ზვარაკს, რომლებიც 1284 წელს ჰამელნიდან წაუყვანია უცნობ მესტვირეს
და უგზოუკვლოდ დაუკარგას:
_
ჭიამაია, დედა, დედა მაპოვნინე
ჭიამაია.
მე
შენ დედას გაპოვნინებ, ჭიამაია.
ქალაქის ხიდზე მდგარი, წითელქუდიანი მესტვირის
პორტრეტს ისე აშკარად, ისე ხელშესახებად, ისე ნათლად გვიხატავს პოეტი, რომ
მკითხველს კარგად ხანს არ შორდება „მონადირის სტვირის ხმა“ და გაუჩინარებული
ბავშვების დარდი.
ლოგიკური გაგრძელებაც, ამ ბავშვების დედობაზე
არანაკლებ ძნელი უფლის დედობა, ჯვარზე გაკრული შვილის ხილვა, მერე რაა, რომ
სულიწმინდით ნაყოფი გეხარა. შვილის სიკვდილი ყოველთვის უმძიმესი განსაცდელია:
მთავარ
ანგელოზი ფრთებს შენკენ გამოწვდილი,
მზერას
ვერ გისწორებს _
ლურჯი
მონატრებით იღიმი.
ისევ სილურჯე, ზეცასთან და პირველყოფილ
სიწმინდესთან, უფალთან, სიყვარულთან ნაზიარები...
ჯვარცმით მთავრდება პირველი ნაწილი და იწყება მეორე
_ ბარელიეფი: „კუმურდოსფერი“. პიეტა _ მწუხარებისა და ტკივილის მარადიული ხატი _
მგლოვიარე ღვთისმშობელი _ კიდევ ერთხელ წამოიზრდება ჩვენ თვალწინ. ლექსს სევდის
საოცარი ჰარმონია აქვს: „ბოლოქანქარა ბიჭო-გოგოები, მოლაღურები, სამოთხის ჩიტები.
დანარჩენნი გალობენ, გალობენ.“
კიდევ ერთი მოულოდნელობა _ პოეტის მიერ დაწერილი დაუჯდომელი წმინდა
ადრიანესი და ნატალიასი (საშინაო საკითხავი). წმინდანები ახალგაზრდობაში შეუღლებულან, წამებამდე სულ
ერთი
წლით
ადრე.
ბითვინიის ნიკომიდიაში უცხოვრიათ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს.
საგულისხმოა, რომ წმინდა ადრიანე და ნატალია ითვლებიან როგორც კათოლიკური, ასევე
მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანებად, ხსენების დღე აღინიშნება 26 აგვისტოს (8
სექტემბერს). დასაწყისი ლოცვები, ძლისპირი, ტროპარი და კონდაკი ლექსს, მართლაც,
დაუჯდომელის კომპოზიციურ ქარგაში აქცევს, წმინდა სალოცავებისა და ფსალმუნთა
მელოდია და ინტონაცია ლოცვის შეგრძნებას გიჩენს. სულიერ მზაობასთან ერთად,
გამბედაობაც სჭირდება ამგვარი სტრიქონების შექმნას... სილვია პლათის, ენ
სექტონის... სხვათა და სხვათა...
რაზეც
არ უნდა წერდეს პოეტი, რომელ სატკივარსააც არ უნდა უტრიალებდეს, სამშობლო არასოდეს
ავიწყდება: ბედკრული, ტანჯული, მაგრამ მშობლიური, ერთადერთი, შეუცვლელი. არსად
პათეტიკა და სიყალბე, ყველგან ცოცხალი, ემოციური, უშუალო განცდა:
ჰოი ყური
დამიგდე, ბებერო სამშობლო,
როგორიც
ხარ, ასეთი მინდა მიყვარდე.
არ გაბედო,
არ გაგიწყრეს გამჩენი,
ისე არ
მოიმშიო ეგ ტიალი მუცელი,
მე
თმათეთრა დედ-მამას,
უკბილოებს,
ბავშვების გულდანაქცევს არ გავცვლი სხვა სიკეთეზე,
თავში არც
კი გაივლო,
ჩამოთოვლილ
მთა-გორებს დაგიფატრავ,
გპირდები.
განცდის სიმძაფრით, სახეობრივი აზროვნებით _ პოემის უძლიერესი ფრაგმენტი,
არაკონვერსიული ლექსის ოპონენტებისათვის კი კითხვა _ რომელმა რითმამ და კლასიკურმა
საზომმა უნდა გადასძლიოს ეს ემოცია, ეს ტკივილი?! შინაგანი ორგანიზებულობა, რიტმი
და მუსიკალურობა კი ყოველთვის აქვს ნატა ვარადას ლექსს.
აქვე მინდა შევეხო პოეტურ მიმართვას, რომელსაც ავტორი განსაკუთრებული
ოსტატობით იყენებს და გამორჩეულ მხატვრულ ფუნქციასაც აკისრებს. წარმოსახვითი
ადრესატები ბლომად არის ნატა ვარადას შემოქმედებაში, პოეტური მიმართვა მას
უშუალობის, სიყვარულის, ერთგულების გამოსახატავად სჭირდება უმთავრესად და გამორიცხავს
ფამილარობას, უკრძალველობას: დაო, დაიკო მისთვის საკუთარი დაც არის და
ღვთისმშობელიც, ბებერი სამშობლო _ უტკბილესი სინტაგმა, ტკივილსაც და სიხარულსაც
რომ იტევს ერთდროულად... მომდევნო ლექსში ასეთ „წარმოსახვით ადრესატად“ ენა
წარმოჩინდება:
ო, ენავ ჩემო, ჩემო ენავ,
ჩემო სამშობლოვ,
ჩემი ხმა მინდა ამოგაცალო.
აქ სამშობლო და ენა ერთი და მთლიანია, მაგრამ რატომ
გადაუწყვეტია პოეტს გაჩუმება _ საკუთარი ხმის ამოგლეჯა სამშობლოს კონტექსტიდან. რა
ტკივილს მივყავართ აქამდე, რა საფიქრალს, რა სიყვარულს, რომელ ინვესტიციას, ისტორიის
წაშლას, წყლით გავსებულ მთის რომელ სოფელს, რომელ უბადრუკობას?! სიტყვა აღარ არის
საშველი, ლექსი აღარ არის ტალკვესი, ამიტომაც
„ჩემი ხმა მინდა ამოგაცალო“,
უსარგებლო, არაფრის მომტანი, ამიტომაც „უხმოდ და ჩვენ გარეშე წყალსაც კი წაუღიხარ,
ხუთას ფაბრიკიანო გუბერნიავ.“
ისევ ღვთისმშობელი, ამგვარი სასოწარკეთისა და
განწირულების, ტრაგიზმის შემდეგ, დაცემულთა და უიმედოთა მხსნელი, სამშობლოს
მხსნელი, კუმურდოსფერი, აყვავებული, მბჟუტავი იმედი:
შენ დგახარ, უცქერ სამივე
დროში
განფენილს,
როგორ ქათქათებს
შენი
სამშობლო საზღვარზე
მდგარი.
ბავშვობის უნაზესი მოგონება ლეკის ქალი მესეიდე და
მელოტი მთის იქეთ მცხოვრები „დედის მამის ყონაღნი“ ცოცხლდებიან შემდეგ ლექსში.
მესეიდე, რომელიც ჩუმ-ჩუმად ყიდის დაღესტნურ ვერცხლს, სახლის დათბილულ ფეხსაცმელს,
ჭრელ-ჭრელ მოსახვევს. როგორ არ უნდა პოეტს „ერთმორწმუნე რუსების“ მიერ
„მონადირებული ლეკები“ გაქრნენ და მხოლოდ ჩვენ გადავრჩეთ, ამ სურვილს უტკბილესი
შეგრძნება _ ლეკურიც აძლიერებს, ნატა ვარადა „უფრო მეტად მესეიდურ ლეკურს“ რომ
უწოდებს. სწორედ ეს არის ვაჟა-ფშაველას სამშობლო, სადაც მუცალი და ალუდა, ჯოყოლა
და ზვიადაური ერთნაირად უნდა გიყვარდეს, მესეიდე _ შენი წარსულის, ისტორიის,
ერთიანი კავკასიის ნაწილად უნდა აღიქვა...
ნათელში ინთქმება პოემის ბოლო პასაჟი და შვებით
ამოისუნთქავს სევდითა და დარდით, განწირულებით დაღლილი მკითხველი:
ყოველი
სოფელი მოინადირე სინანულმა.
მე
სად გამიქრი ახლა, რა
ღა
ვთქვა,
რა
ამოვთქვა, ამოდ სიყვარულისა.
ამოდ
ამოდი, მზეო ნათელო,
ღვთაებრივ,
ანუ!
ხილული ნათელი უხილავში, სიმბოლურში გადავიდა,
გადასხვაფერდა, ხილული მზე ღვთაებრივში... ისევ ბიბლიური სიმშვიდე, იდუმალება,
ინტონაცია...
პოემა ნატა ვარადასათვის ჩვეულ ანჟანბემანშია
შესრულებული, ლექსებად დაყოფას პლუსიც აქვს და ნაკლიც. პოზიტიური ისაა, რომ
ანჟანბემანის ერთფეროვანი ინტონაცია და ინერტულობა აქ დაძლეულია, ყველა მონაკვეთს
საკუთარი ინტონაცია და მხატვრულად გათვლილი ფინალი აქვს. ნაკლი კი ის, რომ პოემას
ჟანრულად დასრულებული სახე ნაკლებად აქვს და უფრო ციკლს ჰგავს, რამდენიმე მოტივით
გაერთიანებულს, მაგრამ, თავისი მხატვრული თავისებურებით, მაინც ციკლს. მართალია, თანამედროვე პოემა რადიკალურად
განსხვავდება ეპოპეისაგან, რომელსაც ამბავი, კომპოზიციური სირთულე, დიდი მოცულობა, მოქმედების ფართოდ გაშლა, დროის მონაკვეთი, პერსონაჟების სიმრავლე, ზოგჯერ გმირთა მოქმედების იდეალიზაცია, ამბის ჰიპერბოლური გადმოცემა, დინჯი, დარბაისლური კილო
ახასიათებდა. თანამედროვე პოემასაც, ჟანრული ნომინალიზმის მიუხედავად, მაინც
სჭირდება ავტორისა და პერსონაჟის განცდები, ლირიკული ელემენტი, რომელიც ზედაპირზეა
და მიმართულებას აძლევს სიუჟეტის განვითარებას. ამ პოემაში ეს ელემენტი მკითხველის
საძიებელია... რთული მხატვრული სამყარო, ჩემი აზრით, განსაკუთრებულად მოითხოვს ჟანრობრივ სიმარტივეს...
ნატა ვარადას პოეტური ენა, მხატვრული სამყაროს
მსგავსად, არის რთული და საინტერესო.
ზოგჯერ ძალიან ყოფითი, სამეტყველო, ზოგჯერ წმინდა წერილის ლექსიკით
გაჯერებული, ძარღვიანი, ძირძველი... მას აქვს უნარი ერთ ლექსში, სრულიად
მოულოდნელად, შეურწყას ერთმანეთს ეს ორი საწინააღმდეგო ნაკადი, მეტყველების სტილი
და ამით მხოლოდ საკუთარი პოეტური მეტყველება შექმნას. ნატა ვარადას აქვს უნარი
სიტყვის თამაშზე ააგოს ფრაზა, სტროფი, ლექსი. ამ მაგალითში ერთი ფუძისგან
ნაწარმოები ზმნები (აგიხსნი-აგხსნი-აასხეს-შესხმაა) ქმნის მხატვრულ ეფექტს:
აგიხსნი!
წვიმა
წაასხეს ქარებმა,
მე
შემოვედი ზაფხულის მზესავით.
აგხსნი
_
აასხეს
უჩინარმა დედაბრებმა ვნება გასაღებს.
შესხმაა.
ადამიანათყოფნისა,
ან
ყოფილისა.
ფრთათა,
ენათა.
საოცარია პოემის ფერთა პალიტრა _ შინდისფერა
მწვანე, ცეცხლოვანი ვნება, ოქსიმირონად
გადმოღვრილი _ ნათელი შუაღამე, აღდგომისფერი, ხახვის ფურცლებისფერი, დედისფერი
საღამო, თეთრი სტუმრები, სითეთრემ შთანთქა, ლილიისფერი თვალები, ტბისფერი თვალები,
თივისფერი თმა, კუმურდოსფერი... მეტაფორა ნატა ვარადასათვის გამოსახვის
უმნიშვნელოვანესი საშუალებაა და ყველაზე ხელმისაწვდომიც, ძნელია დაადგინო სად
გადის შესაძლებლობის ზღვარი. „მიეცემოდა დედის გაბავშვებურ ხელებს, მოფერების
შვებას მისცემოდა.“ ისევ ზმნის თამაში (მიეცემოდა-მისცემოდა), სიბერისა და
ბავშვობის ნაცნობი შედარების პოეტურ ხატად ტრანსფორმაცია... სიტყვასთან, ფრაზასთან პოეტის დამოკიდებულება
ყოველთვის ფაქიზი, მოკრძალებულია. ნატა ვარადა განსაკუთრებულად გრძნობს ქართულ
სიტყვას. პოემაში არ არის დაუხვეწავი, გაურანდავი ფრაზა, როგორც ჩანს, იგი ბევრს
მუშაობს თითოეულ გამოთქმაზე, პოეტურ
სინტაქსსა თუ ლექსიკაზე...
***
ტომას ელიოტი წერდა: „ყველა ჭეშმარიტი პოეტის უკან
დიდი ფილოსოფოსი დგას“. თანამედროვე პოეზია შეუძლებელია ფილოსოფიის, განსჯის,
კონცეფციის, ერთიანი ხედვის გარეშე. თუ ცნობილი გამოთქმის პერიფრაზს გავაკეთებთ _
მომავალ დიდ პოეტში სწორედ რეფლექსიის უნარი და ქართული ღირებულებები უნდა
შეერთდეს. თუ სწორი მიმართულებით გააგრძელებს სვლას, ნატა ვარადას აქვს ამის
პოტენციალი.
დრო გვიჩვენებს, ყველაზე დიდი მსაჯული...
ყველაზე დიდი მასწავლებელი ამქვეყნად...
Comments
Post a Comment