ნატალია, მანდ რამ შეგიყვანა?

(მუცოს სალოცავზე.
ფ.ბ.-ზე, ფოტოზე დატოვებული კომენტარი)

რა ვიცი, აბა, მუცოზე,
ფურ-ირემივით ვირწევი.
აქ ადამიანებს მიზანი წყალობთ,
ამათი სახლისკაცს, დალი ჰყვარობს.
ოქროსთმიანმა ღმერთების დამ
ოჩოპინტრეც გადაიბირა -
ჩვენ როდიღა გვწყალობს ჩვენი ღმერთი.
დაცარიელებულ მუცოზე ავდივარ,
ბოლომდე,
უფრსკულებს ქვევით არ ჩავხედავ,
ისინი მაგნიტით უკან მაბრუნებენ.
აქ, უწონადობაა, აქ მომწონს, აქ მხოლოდ,
დრო იყო,
როგორც ნანადირევს, ისე მოგვათრევდნენ.
მინდა ვინახულო ჩემი ძველი მტრები,
რომლებმაც, რატომღაც კერაც მიატოვეს.
და ვხედავ, ქვის თლილი სალოცავის
ამ სიყრუეში და უკაცურებაში.
უცნაურ კაცს ჯვარზე გამოკრულს,
სულ მარტო დატოვებულს.
ვარ ფურ-ირემი სამსხვერპლო,
თავისი ფეხით
ძველ სალოცავში ამოსული.
ამეწვა ხის ბეჭი და რქები,
სად არის ყმაწვილი მონადირე,
ეხში როდისღაც შევიტყუე,
ჩემმა მამებმა და ძმებმა,
ცეცხლის პირას მიიწვიეს,
დაუკლეს შველი მტირალი,
ძვლები კერასთან მოაგროვეს,
ბეჭი ფეხისქვეშ დამალა მონადირემ,
ბზისგან გამოთალეს ეშმაკებმა,
დამკრეს მათრახი და გამაცოცხლეს.
მონადირეს, გამოყვა ჩემი ბეჭი,
უნდა მოვეკალი მშვიდლ-ისრითა,
უნდა ენახა ბზის ბეჭი და
ქვეყანას მოსდებოდა ნაეშმაკარი.
თავისით ამოსული ფურ-ირემი,
ვდგავარ სამსხვერპლოსთან
აბღავლებული.
უფრსკულ-მწვერვალებს,
მზის ხელის ნაბან წყალს ვპირდები,
ოღონდ აღასრულონ სასწაული,
გაიხსნას, გასკდეს დიდი კლდე და
მონადირე მუცოს დააბრუნონ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო