საქართველოს სიძველეთა არქივი - ათენგენობის ღამე


ხევსურეთში წამსვლელებს
- გავდივართ მთებში.

-         ჩემი სამშობლო მიყვარს,-  წერილი მუცოდან - მზეო დადექ და დაგვიანდიო.

- შატილის ასული გავხდი - ასე უპასუხა შეყვარებულს, ერთმა გოგომ, ხევსურეთის ტურიდან.
მე ვტიროდი, ლაბილური ფსიქიკა არაფერ შუაშია.  ასე, პირველად, მაშინ დამემართა, მონასტერში ერთკვირიანი ცხოვრების შემდეგ, სახლში, ჩემს ოთახში რომ შევბრუნდი. მწუხრის ჟამს და ავტირდი.
თავიდანვე ავიჩემე მუცოს ვნახავ და გული მიფანცქალებს, მიფრიალებს-მეთქი და არადა, შატილში მივდიოდი. მუცო არის წინასწარმეტყველება და არარეალურობის განცდა. აბა, საიდან ვიცოდი, რომ ფიქალ ქვებზე თავის ქალებს წავაწყდებოდი?! გულრკინიანების ალაგას.
- 7 განზომილებიან ფილმში მივიღეთ მონაწილეობა - მითხრა თანამგზავრმა გოგონამ, და დავეთანხმე, 3 აშკარად არ ყოფნიდა ჩვენს სიტუაციას.
საქართველოს არქივის სამსახური მიდიოდა, საქართველოს მთავარი არქივის, სიძველის სანახავად.
არ ვიცი, ბედისწერის და განგების მჯერა, ჯერ ჩარგალში ვაჟა ფშაველასთან შევიარეთ, ვაჟა თავის დარგულ კაკლის ხესთან, იასამნის ბუჩქთან და ხეჭეჭურის მსხალთან იჯდა და თუთუნს აბოლებდა.
-         ჩანს ძალიან ღარიბად უცხოვრია - დაასკვნა აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა ქალმა.
ვაჟას მუსიკალურ საათს, რომელიც პეტერბურგში აჩუქეს,  მექანიზმი ჩაშლოდა, თულუხჯები ცარიელი, ხურჯინი ფერად-ფერადი, მაგრამ ისიც ცარიელი, საქონლის ბაგა კარღია და ისიც ცარიელი. თუმცა ვაჟას რომ სიტყვა მაუდის, ასეთი გზიანი და ფხიანი, მადლიანი და მდიდარი, ათას ტონა ოქრო-ვერცხლს გადასწონის. მაგან მთელი მთა-თუშეთ-ფშავ-ხევსურეთის ამბები, თქმულებები, ხალხური და არაამქვეყნიური ქვეყანას გამოფინა და გააპიარა.
ხევსურეთისკენ მიმავალ გზაზე, ფოტო-აპარატები არ გაგვიჩერებია, უმეტესობას ერთ საათში დაუჯდა ყველა გადამღები საშუალება, მისტერ ჯონი, მძღოლი მეგრულ-რუსულ-ქართულ-აფხაზურ-ჩეჩნურ კილოზე გვაფრთხილებდა, რომ ასეც დაგვემართებოდა. გვიჯერებდა, აჩერებდა ყოველ ჯვარსა და სალოცავთან მანქანას და ჟურნალისტებს გვეძახდა. ცხრა საათი გზა წამიერად იქცა. აქ მგონი დროებიც არეულია, სეზონებიც. ასკილი ყვაოდა, შინდი შემოდიოდა.
არ ვიცი, რატო გვინდა ქართველებს ყველაფერი ფოტოზე გადავიტანოთ, რისი გვეშინია, ოშკის ბედისა, ჯვარიმც გვწერია?!
თითქოს აქ შემონახული ახლა ფირზე და გუგლი.ჯიზე  უნდა შემოვინახოთ, თითქოს იმედი გველევა და რწმენაც.
მეთქი სალოცავებია, ნიშები, მაგრამ საყდარი და მღვდელი არ. მეთქი კოპალა და იახსარ, სამძიმარის და მზექალას, აშექალის გამოსახსნელად სულეთს ჩასულან, მეთქი დევების დედას არ მიუვა ჩვენი სული, მეთქი ჯვარცმა გვაქვს და ანტონ მარტყოფელის ხატები მანქანის საქარე მინაზე.
შემოდგომის დღის მსგავსი ივლისი, დათვი ჯვარზე ისეთი დადგა, ისეთი გრილი, მზიანი და საამო, დედა ზარები ბევრჯერაც ჩამოვარისხეთ მტრისათვის. ავედით გორაზე, ავედით და იქედან ვეღარ ჩამოვდიოდით, თითქოს ფხა მოგვისინჯაო ხევსურეთმა ბარელებს.
რამდენი დაუთვლელი პეპელა, ჩიტი, ღრუბელი, ნისლების ქორწილი, აყლაყუდა მთების ჯახანი იყო.  მერე ჰალუცინაციები, ჯიხვები გადარბიანო მწვერვალებზეო, მერე ტურისტები სპორტული მოტოციკლეტებით, მერე დაშვება,  მეორე მანქანის წყლის ადუღება და ჩვენი მანქანის გვერდით დადგომა, დაჭრილს როგორ გავუსწროთო და ბოლოს იმან ისეთი მოქოქა, ბოლოს ჩვენ მოგვიტოვა.
ერთი პერიოდი და აღარ იჭერს ქსელი, რომელიც მთელ საქართველოს ფარავს, ვერ მოგართვით, არაა ადვილი მთელ საქართველოს ფარავდე. მოვწყდით ცივილიზაციას და გაგვეხსნა. აიი, ყველას ყველა შეგვიყვარდა, ცა, მზე,  იყვნენ უჩინარიჯერ ვარსკვლავები და მთვარე, ისინიც. გავერთიანდით, ქვევით უფრსკულებში გაფრენილი არაგვი, ნაძვების ტყე, ალპური ყვავილები, ბუჩქები ასკილის ახლადაყვავებული, ყველა და ყველაფერი ერთმანეთში სიყვარულის ძალით აირია, სიკვდილი სიცოცხლეს დაუმოყვრდა. კოსმოსში გავედით. უწუნადობამ და ჟანგბადის ნაკლებობამ თავისი ქნა, დედამიწაზე მოვფრინდით და გავაფრინეთ.
გამოიყვანდა ფშავში ქალი აკვნიანად ბალღსა და თვითონ ხარებს შეაბავდა გუთანში და მიუძღვებოდა, ბალღს ფერდობზე ბუჩქებზე დააბავდა, ჩამოუქროლებდა ალალი არწივი და გასტაცებდა: ძვლები მაინც ჩამამიყარეო - ეს ვაჟა ფშაველას სახლისკაცის სიტყვებია.
გუდანი, ხახმატი, ბარისახო - ყველგან ზარებიანი ნიშები, ასწლოვანი ხეებით შებურულები, შესვლა აკრძალულია, ქალის ფეხი არ ვნახოთ აქ დადგმული.
მომინდა მთელი ხევსურეთისთვის ასევე სარტყელი შემომეხვია, შესვლა აკრძალულია, ბოროტი და ავისმზრახავის ენა და ფეხი არ ვნახოთ აქ დადგმულ-ადგმული.
ერთი მოსახვევიც და უეცრად, არწივის ბუდესავითა, გამოჩნდა კლდეებზე გადმოკიდებული ციხე-ქალაქი, ციხე-სიმაგრე, კოშკებიანი და ბანიანი, ავნებიანი და სათოფურებიანი, მკაცრი და ჩუმი, დაყრუებული დედაბერივით კერასთან მიმჯდარი - შატილი.
მაშინ დაიწყო პირველი სერია.
ჩვენ კოშკში დავბინავდით.  ჯალაბაურების კოშკში. რაღაცა არსებობს. ამასწინათ ზემო იმერეთში, ჭიათურაში ვიყავი. კაცხის სვეტი, მღვიმევი, კლდოვანი ქვაბულები და ჯალაბაძის გვარის კაცი მასპინძელი. ვაჟა ამბობდა, მეე, ხევსური ვარ. ვიკვლევ ახლა და ჯალაბაური გავხდები მალეო. რაღაცა კი არა, მეტიც კი არსებობს. მე ხევსურეთში ჯალაბაურების კოშკში დავბინავდი.
 მე ბანიან სახლის ქვევით ქვებით მოკირწყულ ბილიკზე 20 ქაპიკიანს ვპოულობ. აზერბაიჯანსკ რესპბუბლიკ. საიდან მოხვდა?! ტურისტული კვალია. ან იქნებ ხურდა თავსუკან გადააგდო ახალგაზრდა აზერმა, აქ მობრუნება ყველა კავკასიელის სურვილია.
დავიდეთ ბინა, არწივის ბუდესავით ბოლო სართულზე, აივნიან ნომერში, სადაც ცხელი წყალიც იყო, საშხაპეც, შუქიც და ინტერნეტი კი ჩვენ თვითონაც არ გვინდოდა.
ქვაზე წინაანბანური იეროგრიფები, მე ვკითხულობ: ორი ხელი ეს უფალია, ძე და მამა, შუაში ჩიტი სულიწმინდა, ფარდაგს დაბრძანებული ამომავალი მზის სხივები  დედა ღვთისაა, ცხენზე მჯდარი ადამიანი ეს ამათი წმინდა გიორგია.

ერთ კოშკზე კი, ჭინჭარაულებისაა, დაბალი კარის გვერდით,თითქოს ისარია მოზიდული, გადაუღებ ფოტოს, დააკვირდები და ცხენიანი კაცია, სულეთის ცხენია თუ მთა-ჭიუხს მავალი, ვინ იცის. 
ესეც შატილის წიგნი, იქ კითხვას არაფერი სჯობს, იქ მთელი წიგნი გადაშლილია და ასოები და ანბანი ბუნების დამწერლობაა და ბუნება ხომ უფალს ჰქვია, აქაურად, მთის ენაზე.
გადავძვერით სახურავებიან, ბანიან ქუჩებზე, კარ-კარ - ყველგან სიჩუმე, ჩასაფრება, შიში. 
დაბალი ჭერი, დაბალი შესასვლელი, აქ თავის აწევა და წელში გამართვა არ იქნება, აქ ხის კიბეები და ბანები არის უმოაჯირო, აქ დაყრდნობა და ხელისმოჭიდება არ იქნება.
მორჩილება და რწმენა.
მინდობა განგებას.
გავხედე, სალოცავი ზარით ხეებში შებურული,
ქვევით ძველი დაშლილი კოშკები და ორი არაგვი მთიდან მონადენი და ჩეჩნეთს გადამავალი.
ორი სხვადასხვა მდინარება, მიმართულება.
-მუცოს იქეთ, პირიქეთა არდოტია, დედულეთი, ჩემი მხარე. აქ სასტუმრო კოშკში ვმუშაობ.
- დიასახლისი, მთის ქალა.
საფლავები ნაშენი თლილი კლდეების ნაშალით და თეთრი ქვებით.
 -თეთრი ქვების საიდუმლო გაიგეთ? - ცისფერთვალება, წითელთმიანი ქალია.
თურმე, უშვილ-ძიროდ გადაგებულებს, ბავშვიან-ქალიანა, მოხუცი თუ ყრმა, თუ გარდაიცვლებოდა, თეთრ ქვას დაადგავდნენ.
ამ სითეთრით ვისთვის მონიშნავდნენ?!
კოშკში, როგორც იქ დაბადებული, ისე მოვეწყვე და მოულოდნელად ამოდის მამაო, ნაკურთხი წყალით აპკურებს კედლებს.
- მე სამებისა და პატრიარქის დიაკვანი ვარ. მე და მამა თომა,  „გადავუქროლებ ჩემს საქართველოს“  ერისკაცობაში ვმღეროდით.
ასეთია ჩვეულებაო.
ხვალ ათენგენობააო.
მესამე საუკუნის წმინდანის დღესასწაული, ხევსურების მთავარი დღეობა. ათ მოციქულთან ერთად ნაწამები ათანგენის სახელობისა.
მამა თომა და მამა კონსტანტინე 30 წლამდე იქნებიან, საღამოს პარაკლისი გადაგვიხადეს, ზეთი გვცხეს, დაგვმოძღვრეს, შატილი არ დაივიწყოთო, ორივე პატარა ბავშვებ-შვილებიანები. 
პარაკლისის შემდეგ მასპინძლის ჭინჭარაულის კერაზე, მწვადების და ხინკლის ოხშივარმა მიგვიტყუა. ორი მგლის მსგავსი ძაღლი გვდარაჯობდა, მშვიდები, სტუმართმოყვარეები. 
აფხაზეთშიც წაგიყვანთო, ჩვენმა მძღოლმა ჯონიმ, - ოჩამჩირეშიო. 
იმღერა გაგრელმა მამაკაცმა ვარადა, აფხაზურად, იმღერა და მთელი სულიც ამოაყოლა. 
-მალე გენახოს საქართველსო მთა-ბარი გაერთიანებული. 
აჰა, მაშ მხოლოდ ნიშებია და სალოცავებია და ეკლესიები არ არის?!
ესეც პირველი სასწაული ხევსურეთისა.
ესე იგი, გულთმისანი ხარ აქაურობის ადგილის დედავ?! კეფაზე თვალი გაქვს მესამე და კოსმიურ ენერგიას იღებ?! ჯერ კიდევ კავშირი არ გაგიწყვეტია ზევით ფრთოსნებთან?!
ღამე ვარსკვლავიანი იყო, მთვარე არ გამოჩენილა, იმ იმედით გავიღვიძეთ მზის ამოსვლას ვუყურებთ და გადავიღებთო და ხუთზე ფეხზე ვართ, იქ რომ თორმეტამდე სძინავთ, ასეთმა გოგომ:
- ძილი არა და ისაო.
იქ. იქ, ხო.
 აქ კი ჩვენთან ხევსურეთში.
მზე ჯერ ნიშს დაადგა და მერე მოედო ბანებსაც.
ცეცხლი წაუკიდესო, მეგონა მთის მწვერვალებს.
შატილს ჩრდილი დაეცა და მერეღა ამოიწვერა მზე.
-მთის არწივი ვიყავი და საკუთარ თავს ზევიდან დავფრინავდი - ეს მან თქვა, ჩემს გვერდით რომ ეძინა კოშკში, თანაკოშკელმა, დილის ხუთ საათზე. 
ხევსურები არწივს არაფრით არ მოჰკლავდნენ, როგორც სვანები მგელს, თავიაანთ ძმას უწოდებნენ და ქალები ზამთარში მგლის მთლიან ქურქს იცმევდნენ, პატივისცემის ნიშნად, თავს არ აჭრიდნენ თუ მოიკვლებოდა ნადირი. ხევსურები არწივს ღვთის ქათამს ეძახდნენ. 
გამთენიისას, ბიჭებმა შემოსძახეს უცნაური ფერხული, ღრიალებდნენ და მთები ექოდ, წინაპრების დასტურივით იმეორებდნენ ამათ მოძახილს. 
შატილი ერთი მთლიანი ნაგებობაა, როგორც თემის და გვარის ერთსულოვნება. ეს მთლიანობა იდგა მზეში დიდებულად გაბრწყინებული და მის ბნელ ქვის შუკებში კი ფატიმას სიყვარული წკრიალებდა.
ჩრდილების ქალაქი.
ბავშვობაში ხო გახსოვთ, ყველა ამას ვმღეროდით?!
შატილის ასულო, ლერწამო ფატიმა,
წყაროზე ნუ ჩახვალ, დაგხვდება ხევსურიი..
წყარო ქვევითაა, მდინარე ვაკეზეა. 
მესმის ახლა ეს სიმღერა, მესმის კი არადა, ვხედავ. ამ ფატიმასაც, მის სილამაზესაც და იმ ვაჟის სიმღერასაც ვუსმენ გულისგულით.  ამ კლდეს ექო აქვს, ფატიმას დაღესტნური ვერცხლის ჯინჯილაკებისა, ბერდედა ბანზე საქსოვით, ორნამენტებს და ფერებს ადედებს. თან ცალი თვალი ფატიმას მხარზე თუნგშემოდებულისკენ გამოექცევა, აშოლტილი ქალაისკენ აქვს გულისყური.
- წყაროზე ნუ ჩახვალ, მოგიტაცს ლამაზო, მგლისმუხლა ჩეჩენი.-სათოფურებიდან იზვერება კატის თვალით და ვეფხის გულოვანებით შეყვარებული მამრი ხევსური.
-მუცომდე ერთი საათი ტრანსპორტით, მერე ორი საათი ფეხით.
გზად, თუ რამე გამაკვირვებდა, ბუნებას ვგულისხმობ, აღარ მეგონა, მაგრამ ჯერ თურმე სად ხარ.
არ ვიცი, ასეთი კლდეები, ქვაბულები რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა დალი კლდეში მშობიარობს, დევების ნასახლარზეც ამოდის ჭინჭარი თურმე.
ანგელოზების სავალი გზა, ადგილის დედის საბრძანებელი.
- იქეთ არ გახვიდე, უეცარი უფრსკულია, არ დაგცადოს, მაძახურმა და ალქალებმა, მაცილმა არ გაგიტყუოს ბოროტმა და არ ჩაიჩეხო. - მე.
ხიდებ-ბოგირია ერთი, სახლი უდგათ მდელოზე.
- ამ ოჯახს ამ ხიდზე ბავშვი მოუკვდაო.- გზად შემხვედრი ჯიპიანი ხევსურკაცი.
სურათების გადაღების შეგვრცხვა, შორიახლოს სახლისკაცი ცელით იდგა და სწრაფად ცელავდა ბალახს და ბულახს.
ერთობლიობაა აქ, მიწისა და ცისა. ბოროტისა და კეთილისა, სიკვდილ-სიცოცხლისა. ჯერ სიკვდილისა, მერე სიცოცხლისა. მუდმივი ბორბალის ტრიალისა, ბორბალოს მთაა. ამირანის მუდმივი ტანჯვა, მოვა დრო და.. თავს აიშვებს.
კარვებით ვნახეთ უცხოელი ტურისტები, ხელები დავუქნიეთ, გაიცინეს. ჰელლო. გაუმარჯოს, სტუმარი ღვთისაა, მივაგებეთ.
ეს მერე თავისთავად მოვიდა, მისალმებისა და გაშინაურების გზა.
სტუმარ-მასპინძლობისა და დღეს სტუმარია ალუდა.
-         ალუდა ქეთელაურმა ბევრ ქისტს მააჭრა მარჯვენა, ეს თქვა იმედამ. 
-     - ალუდა ქეთელაურის ორმოცი ჯერ არ შესრულებულა, ჩვენი ლურჯი ალუდა, ჩვენი ხმა. წავიდა. 25 წლამდე იცოცხლა და ალბათ, ჩვენს გასამხნევებლად თუ მოგვივლინეს წინაპრებმა. ალუდასგან სიყვარულის სწავლა შეგვეძლო, დასტოვა სახელი და ნამღერი, სროფერივით კი მიწამ ჩაიბრუა. 
მუცო რომ გამოგვიჩნდა მაშინ.
არ ვიცი, მუცო რომელ სიზმარს შევადარო. ასეთი რამ მე პირადად, პირველად ტელევიზორში რომ პირამიდები ვნახე, მაშინ დამემართა. მეცხრე საოცრება. მიწიერთა სიგიჟე.

- არანორმალურების ადგილია, ალბათ უცხოპლანეტელების ბიძაშვილები სახლობდნენ, ან მარსელების საზაფხულო რეზიდენცია იყო - ესეც მე ვარ.
აი, რა ვთქვა ასეთ ციცაბოზე, თხა თხაზე ნაკლებად თუ არ მირბენია.
რა ძალას ავყავდი არ ვიცი, სტუმართმოყვარეა მუცო, თუმცა გაეეგნობა აქვს პირქუში, ეტყობა აზრების გამომცობია, მოყვარეს მოყვრუად ხვდება ან კიდევ მისთვის სტუმარი უზენაესი არსებაა.
აღმატებული, აწვდენილი, აღმართული, აშოლტილი, აშხვართული, აზიმატი, ანგელოზი, ალავერდი.
ზე.
გზად, საძვალეები ვნახეთ, დაცდილების.
თავის ქალა შემოგვეფეთა, ადამიანი ხელის ძვლებით და მგლის მუხლებით.
გავივაკეთ და სევდიანი ორი შუკუმა.
ერთს დიდი ქვა ჰქონდა აფარებული, პატარა ხის ნერგი ამოსვლოდა ზედ.
გვერდით კი მეორე პატარა სამარე-ძვალთშესალაგი. 
ჩვენ გზად სულ იმას ვახსენებდით, დიდ უფრსკულებსა და ჩქარ მთის წყაროების თავზე რომ გადავდიოდით აქ თეო ქუმსიაშვილის პატარა წყალმა წაიღო.. აქ მოხდა, აქ იყო. 
აქ, ისეთ ავადმყოფებს ამყოფებდნენ, გადადებულებს, რომლებსაც საშიში სენი ეწვეოდათ ხოლმე.
დედა-შვილისა ორი მწვერვალს დაკიდებული ქვების სახლ-განსასვენებელი.
აქ ელოდებოდნენ სულთა მეუფეს.
აქ ეხვეწებოდნენ ახლა, გამამაცხადე სამზესაო, მალაპარაკე ამათთანაო და ასე გვიყვებოდნენ ამ შემძვრელ ამბავს.
ჩემი წიგნი გამახსენდა. დედის კერძი და ტალითა კუმი, თუშეთის ასეთ კეთროვანთა სამარის წარწერა, 16 წლის სოფოს ამბავი. იქნებ ის თავის ქალაც სოფოს ხელა ბიჭის ან გოგოსია. პირველ სამაროვანში რომ შევამჩნიე.
ავედით, ავედით პირველი კოშკი, პირველი სახლი, წასულან მუცოელები, უფრო მაღალი მწვერვალები, ცად აზიდული, თუ უკვე ზეცის კარი გაუხსნიათ. დაუგდიათ ასე ნაშენი სამოსახლო.
აღარც ერთი სახლის ანგელოზი აღარ მოსჩანს.
დაშლილია და ჭერახდილი მთელი ქალაქი. მეომართა და გმირთა ალაგი.
ვხედავ რაღაც უცნაურ კოშკს, მორღვეულს, გვერდულად მდგარს.
ჰგავს მამაკაცს, მთიელს, მრისხანე სახით და თვალებში კი ბზარის ცრემლებით.
გზაც კი ამებნა, უკან ჩამოსვლა გადავწვიტე.
მერე რისკის ქვეშ გადავიარე საცალფეხო კლდის შვერილები. ქვევით ჩახედვა და მიზიდულობით ეს ხეობა ლუკმად გაქცევს. მთა არც ერთ შეცდომას არ გპატიობს, აქ ერთადაა სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. აქ ერთადაა ღმერთიც და წარმართული რწმენაც. აქ ქალიც მეომარია და კაციც.
და რა გასაკვირია ხოგაის მინდიების ქვეყანაში, ყველაფერი ერთმანეთს რომ ეპასუხება, ნიშნებით და სიმბოლოებით, და რა არის გასაკვირი, თუ სასწაულში აღმოჩნდები?!
უფრო ზევით ერთ მწვერვალზე ციხე მოსჩანს, კოშკებითა და გალავნით, ნეტავ იქ ვინმე ასულა, ჩვენს დროში?!
შუაგულ ხეობაში ნასახლარებია. ყრუდ მეჩვენება მოისმის ფანდურის ხმა. ცეკვავენ მთიელნი და ამღერებენ ლამაზ ქალებს. ყური მატყუებს.
აბა, აქ სიმთვრალე ან ცეკვა იქნება? ღამე გამოხვალ და ერთი არასწორი ნაბიჯი -ფრრ.
ბავშვები გამოკიდობანას ვერ ითამაშებენ, ხელს წაკრავ და ფრრ. 
-აფხაზეთის მთები მეტად უფრო ავისმომასწავებელია, იქ კაცის ფეხი არ მოეკიდებაო. - გაგრელმა ქართველმა გვითხრა. 
რა მოზომილი უნდა იყო, რა წესრიგიანი, რა მომთმენი აქ რომ ცხოვრობდე, თუმცა აქ თუ გაჩნდები, გაიზრდები , აქვე მოკვდები. ასე თუ ისე, მაგრამ.. ნებისმიერი აქაური, მშენებელი, მონადირე, დედა თუ წაწალი - სულით ხორცამდე ღირსებაა.
ბოლო კოშკამდე, სალოცავია. ულამაზესი ჯვარცმის ხატით.
დაუჩოქებ და დიდება უფალს, და მერე კიდევ ერთი ნიშია. ჯიხვის თავით და რქებით, საჯიხვე ჰქვია. ეს დალის სალოცავია.
მონადირეებს და ჯიხვების მეზობლებს,
ნადირთმფარველ დალის მეხოტბეებს, ამირანის გამზრდელ სულკალმახის შთამომავლებს, დიადი უფალის გვერდით შემოუნახავთ საჯიხვე.
ბოლო კოშკამდე ისეთ ჭიუხს გადადიხარ, ღამე უგულო თუ გადაივლის.
აი, მაგ კოშკში კი ყველაზე ძვირფას ადამიანს ამყოფებდნენ. ცოლს, ან ასულს ან მოხუც ბერიკაცს, რომელსაც მამასახლისის ფუნქცია ჰქონდა და როგორც აღსარებების ჩამბარებელს, ყველა საქმეს მას დაეკითხებოდნენ, ხოლმე.
- მზეთუნახავის კოშკია, ალბათ, აქ თუ მზეთუნახავმა არ მოინდომა, ვერ შეაღწევს ქალუნახავი - ესეც მე ვარ. 
   - თორღვაი ძაგანის კოშკი ვარ, რა გნებავსთ?! ოქროს ჯაჭვს ვერ მიაგნებთ, გადამალულია განძეულობა, ჩვეენაა ისეთი გალავანი გვქონდა, აქ შიშით ფრინველი ვერ გადმოიფრენდა. ჯიხვის ტარიანი მშვილდისრიდან თუ ისარს გადმოაავლებდი, მერე გიცნობდით რომ მუცოელი იყავი და შემოგიშვებდი. იმ მშვილდისარს ძვრას ვერ უყოფ.. - ნაწილიანი თორღვაი, ბაგრატიოს გვარისა?!


ობლობით ამაიზარდა თორღვა ძაგანის გვარიო,
ამაეს ამაიყოლა ნავთი და ნაკვერცხალიო.
იორში ამაიჩქვიფა, შორით ვინ უგა თვალიო.
დიდებულობა დაუთქვეს, ბეჭებს უნახეს ჯვარიო.
მარჯვნივ მზე წერებულიყვა მარცხნისკე მთვარის ნალიო.
ძაგნაკორნაზე შამოჴდა, თუთა უჭამავ, ბალიო.
ანდაქით ამოდიოდეს მენადირენი რვანიო.
შამოძუგძუგებს თორღვაი, რო ძუძაური ჯვარიო.
"
მშავლებ, უმატეთ ბეგარსა თითო ტარიგი ცხვარიო,
თითო ნაცრიან ტომარა, მთაზე დავყარა მშრალიო.
საკარ-ყმოდ შამიკრიფიდით ლაღის არწივის მჴარიო."
-"
ვინც შენ ეგ მაგცას თორღვაო, მამა წაუწყმდეს მკვდარიო!"
ამაიწვადა ჩოთამა ისარი მჭვარტლიანიო,
გულსა ჰკრა, სუკსა ეწია, წავიდა ნატყვიარიო.
"
ჯაჭვი რა უყავ თორღვაო,ძმობილის ნაჩუქარიო?"
-"
იელოვანზე გავწირე, გაცურდა როგორც წყალიო,
გამუდე დასაჭერლადა, ვეღარ მავხკიდე თვალიო."
-"
სამჯერ მამიხვე, თორღვაო, სამი დაგიკალ ცხვარიო,
მეოთხედ მოსულს დაგიკალ თეთრი ქორაი ჴარიო.
გიზავე-' ვერ დაგიზავე, - ბაგრატიონთა ხარიო."
ქვევით დაშვება, უცნაურია, სწრაფი და ვამბობ,სადა ხართ,  გამოდით მუცოელებო, გამოიტანეთ ცხელ-ცხელი ხინკალი, ჯიხვის მწვადები, თბილი ლუდი და დავილოცოთ. ნეტავ ჩვენს შატილის ასულ ფატიმას მუცოელი ბიჭი ხო არ უხსნიდა სიყვარულს იმ სიმღერით? იქნებ ჩეჩენმა გასტაცა და ამან აამღერა, იქნებ სულაც თვითონ მოიტაცა და აქ ამოიყვანა, მერე ქორწილი და ხინკალი, ლუდი და დალოცვა, მერე აკვნები და დღეობები. მერე დიდთოვლობას სანადიროდ წასული ვაჟიკას შეგვიანება, ფატიმას დარდობა. უეცრად მოსვლა და დიდი სიხარული.
-თურმე, ხევსურეთში ქალი თუ უკანონოდ ბავშვს გააჩენდა, დედა-შვილი თემისგან სასტიკ განაჩენს მიიღებდა და ორივეს ჩაქოლავდნენ. 
სისხლისაღებაც და სხვა ადათებიც ბუნებასავით მკაცრი იყო და ხშირად, ალუდა ქეთელაურის და ხოგაის მინდის მსგავსი სულიერების ადამიანები ეწირებოდნენ ამ წარმართულ წესებს. 
მერე ყვავილები ვკრიფე, მომქონდა დიდი თაიგული და მომქონდა ხევსურების სილამაზე და ძალა.
არაგვმა ცივ-ცივი წყლით გული გაგვიგრილა, ფეხიც დაგვბანა, დიდ, სიპ ლოდზეც წამოვგორდით და მზემაც ჩამოგვაწოდა სინათლე.
წამოვედი და ახლა მდინარის ღია სტაფილოსფერ, ყაყაჩოებს მივდექი,
-         ჩვენც დაგვიტოვე ცოტა, - არაბულები არიან.
სანამ ჩვენს შატილთან მივალთ, ჩეჩნეთის საზღვართან ცალ-ფეხს ვყოფთ,
ეს რა იყო არ ვიცი.
- ჩეჩნეთს ვიყავი, - თქვა გოგომ.
მესაზღვრეებმა ჰაეროვანი კოცნა გამოგვიგზავნეს, ჩვენები იყვნენ. ჩვენ ავძახეთ, რომ მაგრები არიან.
ჩვენ კიდევ ვნახეთ ძვალშესალაგები.
უცნაური, დიდი სევდითა და ტკივილით სავსე ქვის დაბალი ნაშენები.
და დალის გამოქვაბულებს რომ გამოვცდით გამოჩნდა ჩვენი შატილი, ჩვენი ციხე-სიმაგრე და რას ვხედავთ ხატობას მოსულან და ლუდიც მოუხარშავთ, საკლავიც დაუკლავთ, სანამ კოშკში ავალთ და ბარგს შევკრავთ, ბალღები, პატარა ხევსურები, გამორბიან და ახმაურებენ შატილის ქუჩებს.
-       -   წამო ჩვენს კოშკში, - ქერა ბიჭუნა ჩამორბის.
ლუდით დაგვილოცეთ კერა.
ქადები მიირთვით.
მამა თომა და მამა კონსტანტინე საღამოს ექვსზე ლოცვას დააპირებენ, მშენებარე ეკლესიასთან.
შატილი ივსება ნელ-ნელა ფანდურიან და გარმონიანი ადამიანებით, ჩვენ მივდივართ და ვამბობთ, რომ აუცილებლად დავბრუნდებით.
გზაზე გვხდებიან უამრავი ჭინჭარაულები, დაიაურები, ჯალაბაურები, ზვიადაურები.
მიიჩქარიან ჯალაბობით, შატილისსა  და საკუთარი წინაპრების მოსანახულებლად.
-         მენატრება მუცო - თავისთავად გამირბის ფიქრი.
მუცო მოწყენილია.
იშლება და ჯავრობს.
-არღუნს ჩეჩნები ეძახიან არაგვს. არაგვია ესა, ოთხი არაგვია საქართველოში, ჩეჩნეთში მიდის ეს მდინარე..
ბორბალოს მთებიდან ამ მკერდით გატარებ.
ჭინჭარაულებს და ჯალაბაურებს დავემშვიდობეთ. 

მწვერვალებზე ჩამოშლილ ნასახლარებს, ნასოფლარებსდა ძველ ციხე-კოშკებს ხელი დავუქნიეთ,
ნაძვნარზე შემომჯდარ არწივს, რომელიც ბუ მეგონა მოვუბოდიშე და
სადღაც დათვი ჯვრის უღელტეხილზე, როცა ნისლები აიყარა მტირალა კლდესთან, მთამ შორეულმა, თოვლის ნატეხებიანმა, ვნახე გაშლილ ველზე ირაოს კრავდა მთის არწივი და თავს დაგვტრიალებდა. როშკას გადასასვლელს ავხედეთ, პირაქეთა და პირიქეთა ხევსურეთს ჩვენი სულების კუნჭულები გადავუშალეთ, აბუდელაურების ტბებისთვის თეთრები გავამზადეთ, რომ ჩაგვეყარა, თუმცა იქ მისასვლელად შვიდი საათი მანქანით და შვიდი ფეხით უნდა გვეარა და ეს, ალბათ, ამჯერად არ გამოგვივიდოდა და ის თეთრებიც არაგვში ჩაიყრებოდა, ჩვენ ხომ ჩავიფიქრეთ, აქ ზეცამდე ადის  ყველა სურვილი, აქ მთას კვამლივით ასდის ნისლი, დევების კოცონს ჰგავს. მზე.

მოგვაცილებდა და არ დამივიწყოთ, მოგვყიოდა.
ჟინვალის წყალსაცავიდან იავნანის ხმა ამოდიოდა.
არაგველები დაგხვდნენ.
ბაზალეთისა ტბის ძირას.
ესეც ქართული სიზმარ-ცხადი.
რეალობითა და ირეალობით.
იქნებ მუცოელები დღესაც არიან თავიაანთ აშენებულ ციხე-ქალაქში, ჰოდა, აი, ჩვენ აი, ასეთი ქართველები, აი, დანაზებულები, არ მოვწონვართ და არ გვეკონტაქტებიან?!
ქალაქი შუქნიშნების სამი ფერით - წითელით, ყვითელით და მწვანეთი - ყოვლადწმინდა სამებას ნატრობდა.

პ.ს. გამოსვლისას ციხე-ქალაქს რომ ვტოვებდი, შატილის მთავარ ნიშს, შიგნით ქალაქის სიღრმეში აღმართულს, გავხედე, მერე იქვე ბილიკზე გადმოვარდნილ უთეთრეს მუჭისგულისტოლა  ქვას დავხედე და ავიღე, მივიტანე ნიშამდე და ძელზე დავდე-დავტოვე.
ესეც ჩემი სანიშნე.

სიყვარულით თქვენი მზია ბათარეკას ასული
2012 წელი
21 ივლისი


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო