ყრუ ელია
გამო, გამო ელიავ,
დაიგრუხუნე, გადაირბინე ბორბლებიანი ეტლითა.
ღრუბლები შეკრიბე, მოშავდღევდი,
ცეცხლის ბურთები გამოსტყორცნე,
ყინვის ქვები დაგვიშინე, ასე დაგვაშინე,
მიწის კაცები ვართ, ცის ვალი გვადევს,
ხელებით მხოლოდ ლურსმნებს ვასხავთ,
სანთლების ჩამოქნა აღარ გვინდა.
ყრუ ხარ ელიაო,
ერთს გეუბნებოდა და სხვა გაიგონეო.
სხვაზე გითხრეს და ჩემ ვენახს სეტყვავო,
მე შენთვის არა დამიშავებია.
დაიგრუხუნე, გადაირბინე ბორბლებიანი ეტლითა.
ღრუბლები შეკრიბე, მოშავდღევდი,
ცეცხლის ბურთები გამოსტყორცნე,
ყინვის ქვები დაგვიშინე, ასე დაგვაშინე,
მიწის კაცები ვართ, ცის ვალი გვადევს,
ხელებით მხოლოდ ლურსმნებს ვასხავთ,
სანთლების ჩამოქნა აღარ გვინდა.
ყრუ ხარ ელიაო,
ერთს გეუბნებოდა და სხვა გაიგონეო.
სხვაზე გითხრეს და ჩემ ვენახს სეტყვავო,
მე შენთვის არა დამიშავებია.
ნავენახარი ამტკივდა, შვილმკვდარს ვგავარ.
საფლავები მიწამ ამოანთხიაო.
ჩემი ცოლი თავის ხეხილს დასტირის,
უჭერო სახლები ცარიელი
აკვნებივით ღია ცისქვეშ დაგვირჩაო.
ასე რამ დაგაბერა,
ქვის გული რამ ჩაგიდგა.
გამო, გამო ელიაო,
ნახე, ღმერთის ვალში ყელამდე ვდგავართ.
ჩვენი შინაური ცხოველები
ტალახში წვანან,
ჩვენი ძაღლები დაგვყმუიან,
ცოცხლად გვიგლოვენო.
ნავენახარში დაჩოქილა ივანე პაპა,
ფესვებს მიწისგულში ეფერება,
ვაზისას.
ვაზის ტირილობა გვიკვირდა და
აჰა, ვაზმა ჩვენც ხომ აგვატირა.
ყურძენი ვეღარ მოვკრიფოთ, შენი სიყრუის შიშითა,
ჭედილა ვეღარ დაგვიკლავს,
რთვლობის, მაჭრობის ლხინითა,
ფეხზე ვერ წაგვიძვრია ქალამნები,
საწნახელში ვერ ჩავმდგარვართ,
ყურძენი ვერ დაგვიწურია,
ქვევრი ვერ გაგვირეცხია,
ღვინო ვერ გადაგვიღია,
საარყე ქვაბთან ღამე ვერ გვითენებია,
ბადაგი ვერ გვიდუღებია,
ჩურჩხელები ვერ გაგვივლია,
ზამთარში კავკასიონზე შემომჯდარი სიკვდილისთვის,
თვალი ვერ მოგვიტყუებია,
ვერ გვიმღერია.
რა გულებს გვიხეთქავ, რას დაგრუხუნებ
შენი ეტლითა,
ოდესმე, ხო უნდა, ჩვენც დავმოყვრდეთ,
ღმერთი და კაცი,
მოდი, ჩემს ჭირში,
მოდი სატირალში,
გვერდით მომიჯექი და საქართველო დამიტირე.
ეს უკეთ გამოგდის.
Comments
Post a Comment