გუთნისდედა
აჰა, შენ კალო, მინდორი,
აჰა, უღელი ხარები,
ნაცარში ისე გორაობ,
შურით სკდებიან ქათმები.
ამ ზამთარს, შენსა შემყურეს,
არ დამემშიონ ბალღები.
გაბრაზდა ფშავლის ქალაი,
გადგა შუადღეს აკვანი,
აისხა ქამარ-ხანჯალი,
გამაიყვანა ხარები,
გუთანს გაუდო ღარები.
მზეო დადექ სამზეოსაო,
დადექ და დაგვიანდიო.
იავნანა ამღერე დედასა,
ჩვილმა მოავლოს თვალი ქვეყანას.
აკვანი ფერდობს, უფრსკულს
მოაფარა,
მერე შინდის ხეებს ქამრით გამოაბა,
მერე დაძინებულ შვილს ჩახედა,
მერე გუთნის კოფოზე ხარებს შეუძახა.
ხარი ხნავს,
ამოდის მიწის ბელტები შავადა,
ამოჰყვებიან უცნობი ჭია-ღუები მრავლადა.
ამ მიწას დაჩერებული ქალი ღიღინებს,
თავის ფიქრს:
დავთესავ ხორბალს, მოვიმკი
დავფქვავ და მოვზელ ცომსაო,
დავუცხობ ქადა-ნაზუქებს, ჩემს პატარუკა
ოჯახსო.
მოფრინდა დიდი არწივი,
აკვანში მწოლიარესა,
ეთამაშება კლანჭებით
ღუღუნებს ადამიანი, იმას დედის ხმა ჩაესმის.
არწივმა შეისვა ფრთებზე,
თავის მართვეებს წაუღებს.
მზეო, აჩქარდი, გადადი,
სამზეოს მაეფარეო,
თორემ დედისა ტირილზედ,
აღარ ამოხვალ ხვალეო.
აჰა, მიწა და ხარები,
აჰა, კალო და გუთანი,
ნაცართან დამსვი, ჩემო ქმარო,
ჩემი პატარა დავიტირო.
ახლა ვიქნები გუთნის დედა,
გუთანს ვუმღერებ ძილისწინა.
არწივო, ძვლები მაინც გადმოყარე,
ემაგ მიუვალ მწვერვალიდან.
გამთენიისა, როცა მიწა, ცვარ-ნამითაა
ნატირალი.
რას ეძებს ნეტავ გუთნის დედა,
რომ გადააბრუნა დედამიწა.
Comments
Post a Comment