ქაჯავეთის სიმღერა
სამნი დანი დევთა სახლსა გადაგვმალეს ალქაჯებმა. ჩვენი მამის, საქმროების ბანებს ვნატრობთ განდა-განა. ცას უცნაურ ლაჟვარდისფერს, მხოლოდ შინა შევნატროდით. ბროწეულისფერ თავსაბურავებით - ციმციმითა, ცისკრის ჟამსა, სამნი დანი ვნარნარობდით. ჩვენთვის მღერდნენ განთიადზე ჩიტნი ხეზე, ჩვენთვის წყალნი წანწკარებდნენ ღელე-ღელე. სამნი დანი, დევის ქვაბსა, მიწისქვეშეთს გაგვასახლეს. სირაჯებს მჟავე ჟანგი სდით, ვულკანის ნაკვერჩხლებს ფეხს ვადგამთ. დემონთა და ყვითელ-კბილებ მოელვარე ჭინკთა დედებს, ჩაკეტილი აქვთ ბოქლომით სალი კლდე და ოკეანე. მხოლოდ სიზმრად დედის კალთას, მამის სუნთქვას მეტრფეს ჰანგებს – ვერც დილა და ვეღარც ღამე, ვერაფერი განგვაშორებს. სამძიმარს პირიმზისას ეპითალამია: - გესმა თუ არა, რა მესმა, საზღვარს არ უჩანს ბოლო, ჩანჩქერი ქარაფს გადაყვა, ჩაიტანს ჩვენსა ამბავსა, შავ ზღვასა ან და ჭოროხს.. მწვერვალს უფატრეს მუცელი, გადმომაპარეს ულაყით, სალი კლდეების უღრანში, დევების ანბანს ვუბნობ. დამსვეს დევქალა დედაბრის, აულაგებელ სადგომსა, ბავშვი ჰგონია...