Posts

Showing posts from June, 2018

გოდერძი ჩოხელი - ბებო

Image
ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს კი, ისევ უამრავი გადაუდებელი საქმე ელოდებოდათ თბილისში. მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა ბებომ. ერთთავად თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხეს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა. გზას გასათიბი ბალახი და შამბი მოსდებოდა, აღარც კი ეტყობოდა წესიერად. დილით, ანდა ნისლიანში რომ მოგენდომებინა გავლა ამ გზით, ისე იყო ბალახი ცვარით დამძიმებული, წელს ქვემოთ უცებ დასველდებოდი. ბებოს იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდნენ მისი შვილები, რძლები და შვილიშვილები, ამიტომ წინასწარ თადარიგს იჭერდა ნისლიან ამინდში. რამდენიმეჯერ აივლ-ჩაივლიდა გზაზე. თან ჯოხით ცვარიან ბალახს ბერტყავდა, რომ „ქალაქელები“ არ ჩაელპო (ასე ეძახდა თავის შვილებს). სახინკლე ხორციც რამდენჯერ გაამზადა წინასწარ. სიზმარს ნახავდა ხოლმე, რომ ყველანი სახლში იყვნენ...