არაწმინდას გალობა
ნუ შემოდიხარ ჩემში, სატანა, რადგან ბრმა ვარ და ყნოსვით შეგიგრძნობ. ვგრძნობ რომ აქ დგახარ. გინდა სარკეს ამოეფარო ანარეკლიდან შემოხვალ ჩემში, ძველი ფანდია, ეგ უკვე გაგთქვამს, ხელის ცეცებით გამოგზომე აზიმუტებით. შენ დაგავიწყდა - დამიბერდი ერთგულო პრინცო, არასოდეს ვუსწორებ თვალებს სარკეს მხოლოდ ჩემს გვამში ჩავიყურები. კარგია კარი თუ არის ღია. ღიაა კარი მეპასუხები. ღია თუ დამრჩა, ველურ ალუბალს მჯდომიარე შაშვის ნერვიულ ჭახჭახით ტყდება ღამის ყინული ჭაობის თავზე და კვამლივით ირევა ნისლი დაგემალე.. მალე, ალვის ხეების კენწეროები საყლაპავში გაჩხერილ კვირტებს მიწის ნერწყვით დაილბობენ - გადი, ნაცნობო, ძველო მეტრფევ ჩემო მეგზურო. უარყოფილი სატრფოსავით ახლა შენ დარჩი, შენ იგლოვე სიყვარული შენშივე მკვდარი, შენ ათრიე ღობე ყორეს შენვე გამოდე. გული არ დაგწყდეს, წვირიანო, უკისრო კაცო, გადანახული შავდღისათვის უფალი, ღმერთი გამომელია ამ შუაღამეს, გარიჟრაჟისას. ორივემ ნება გამიჩინეთ შიშის საბაბით; ჩემი სიბრმავით მყვარებოდით, რიგს თქვენ იცავდით. დაუზავდით მეტოქეები. მე ვარ ერთი და არაწმინდა..