ვაშლის ხეები - წითელმიწით მირზას ხელები (ბალადა)

 

1.
ვაშლის ხეები,
ფარაჯიანი ჯარისკაცები,
მწვანე ნაყოფით სავსე ხელებით.
ეზოში მწკრივი მირზას ლექსები -
მაისის თვეშიმთვარის შუქზე აყვავდებიან.
დაბზარულ კედლებს, სახლის კედლებს,
ალბათ ზამთარში იფარავს თოვლი.
ახლა ივლისის თვე გაიწურა. ჩამავალ მზის სხივს
მორცხვი ალმურით უკუნეთს აშლის ახალი მთვარე.
ერთი ქლიავის ჩამოვარდნაზე ჭრიალით კრთება
ხის იატაკი.
ჭრილობას გულისპირთან რა უნდა,
ეს მწიფე ნაყოფი გაიტყაპნა შავ მიწაზე.
სარკმელს ჩაუტყდა ლოდინის მინა,
წითელ კრამიტს კი ეცვალა ფერი.
რიკულებდამტყდარ უძველეს აკვანს
ფარდაგზე სახლის ლეკვივით სძინავს და
ესიზმრება ძილში ყრმა მირზა.
ჩვილის ღუღუნით ელდანაცემი
ირწევა ნელი თავისკანტურით,
თითქოს საფშავლოს სხედან ქალები,
მღერიან უტყვად, თავგადაქნევით.
რვა საფეხური კიბის მოელის
ნაცნობ ნაფეხურთ,
მეხუთე -  ნატვრით ჩატეხილია
ან ჯარისკაცულ ნაბიჯს  ვერ უძლებს.
მთვარიან ღამეს  უჩუმრად მოდის
და ძველ კიბესაც აახმაურებს.

2.
ზემო სოფელში,
ივრის ჭალების ყვითელ იელებს
სახლობს მოხუცი  ქათქათა თმით და
მწვანე თვალებით.ვიცი რომ მოვა.
განთიადისას სხლოვანის მინდორს
ეცემა სხივი, მისი ფერია.
მოკუმულ ტუჩებს აროდეს ცდება,
იქნებ ნატვრა, იქნებ სურვილი,
სხვა სიცოცხლისას გადასახდენი.
-         როგორ გაზრდილა ეს ნაწნავები -
თივის სუნი აქვთ.
-         ხელები როგორ დაღარულია -
პურის სუნი აქვთ.
„ჩემი და თეთრი თოვლის ქალია,
„მე დავბრუნდები,
მე დავბრუნდები,
მე თქვენი თმები დამაბრუნებენ“.

3.
არ გწერ რომ ბაღში აყვავდა შენი შვიდი ძმა-დების
მარტო საფლავი. ეული მთვარეც გატრუნულია.
სიტყვას არც როდის არ გადადიხარ.
„ოღონდ გჯეროდეთ“.
ცალ მუხლზე მდგარი,
წითელმიწა შემხმარ ხელებით
ვაშლის ხეებთან, შენს ხელებთან,
ჰო, დაგვიბრუნდი.

Comments

Popular posts from this blog

ბოროტებისთვის წესის აგება

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო