Butco
2010.07.28 სიტკბო ჩაუდგა და სითხე გასდის გადამწიფებულ ლეღვის ნაყოფებს, სდის თეთრი წვენი - რძეა, აპურებს წყალქვეშ ნამყოფებს. შიშველი ტერფით აბიჯებ ქვიშრობს, სურნელი ქვევით ქვესკნელში დგება - მღვრიე ოფლის და დაქცეულ თესლის. მზესუმზირები მზეს იწურავენ მოჭრილ თავების გვირგვინებიდან. მთვარე არსიდან დაგვნათის. ვიწვებით ყინვის სიჭახჭახეში და დემონთა ხორკლიან ენებს ვახვედრებთ ტყავ ახეულ ძვალ ხელის გულებს. ჩვენ, ბეწვის ხიდზე სისხლდენით დავდნით. ჩვენი ორგაზმები საშოდან ამოლოკეთ. ახლა კი როგორც ჩვილნი, ვჩხავივართ და უცხოები კალთას გვისვამენ, რომ ამოვჩიჩქნოთ ჭანგებისგან ამძვრალი ხორცნი. ჩამოაღწია შენმა სუნმა. ცხვირის ნესტოებს ვბერავ მიყვარხარ - ძუძუს დვრილები გადამეხსნა, ხსენით მევსება მდის. ნედლ ფიჭვს ხომ ისევ დასცვივდება ბავშვივით ნაყოფები. გადაღმა ხე და ბუჩქი, ბალახი გახმა. ხმა: მე კი ვირწყვები, შენით ნასუნთქი ჰაერიც კი ნოტიოვდება.