ჯერ ხეები, ქვები. მდინარეები. ჩვენც
ივლისი. გაჩვილდა შემოდგომა.
- ჯერ ჩვენ - შრიალებენ ტანწვრილი ნეკერჩხლები.
ქვებიც დათლილები, დგანან გვდარაჯობენ.
ასე ჩამოქანცულ დილას ამ ზაფხულის
გვერდი ავუარე, ალვას ავაცქერდი.
თავი მოწიწებით მერე დავუხარე,
მე ხომ ისევ მახსოვს,
შუა ბავშვობაში, ხევთან მდგარი ალვა
უყვავილო, ფოთოლს ათი ათას ერთხმად აამტვერებს,
მამის განრისხებულ გულს რომ გააყოლოს:
ერთი. დაკვრა.
მეორეც. აცდეს გოგოს ცრემლი.
ცულსა ცუნცულასა ტარი გადაუტყდეს.
ქვები?!
პაპის ძალას ქვები აწონიდნენ. თავს აიმჩვილებდნენ.
როცა გწამს ისევ მოგყვება ჯანი და
ქვებსაც გადაზიდავ ბაღიდან ეზოში -
ესე იგი ცოცხლობ.
აქ: მშიერი ლეკვივით ავეკარი
მღვრიე მდინარის დამშრალ კალაპოტს.
იქ: დედაჩემი უეცრად გამიბავშვდა.
ჯიუტად მოითხოვს, ტკბილეულს, გასართობს.
უკბილო - მხედავს და გულღიად იცინის -
მე უნდა ვიშვილო!
ტანით ვგრძნობ:
ივლისი. ჩვილდება შემოდგომა.
მორჩილად ჩაბრუნების უსულო მდგომთა
იწყება სპექტაკლი- ჩვენთვის,
სულიერთა გადაღლილ არსებების,
ადამის ცოდვიან მოდგმა-ჯილაგისთვის.
2010.17.07
Comments
Post a Comment