ჭაობის ბინადარ სულების ბალადა

უცხო კაცის სუნი მდის
ჩამოხეულ სხეულზე.
ეს უცხო კაცი შენი მსგავსია.
შემოვიტყუე, ამ ოთახში თითქმის სიკვდილი,
მაგრამ უშენოდ დაშინდა და ზურგი მაქცია.
ამდის სუნი და ამოყვება სულიც ამ სუნებს,
რადგან მეორე კაცი სულით გავს ჭაობის ლანდს,
თითქოს შლამი გახრუკულა მზეზე პურივით და
ნეშომპალებს დამკიდებენ გირლიანდებად.
დღეს ღმერთი მოვკალ.
დავემგვანე წინაპრებს, რადგან სისხლი ერთი გვაქვს.
მერე რა, თუ დიდი ხანია,
ისინი ეშმას ჩამოუჯდნენ თავსასთუმალთან და
ლილიტების გასართობად დგამენ მასკარადს.
უსურვილობას, სარჩულივით დავუდებ ფილტვებს
და როგორც ფრთებს, შიგნით ჩავიზრდი –
სული სამშვინელს დაახრჩობს და გარეთ გამოვა.
მკლავზე დაკიდულს დაგახვედრებ, თუ გამომივლი -
ვერცერთი ორმო ვერ დამფარავს უჭირისუფლოდ,
სანამ არ მოხვალ, ამ დაბლობისკენ სავალი გზები
გაივსება ძეძვით და ეკლით -
ბავშვები შიშით დედის სიზმრებში, იხუჭებიან.
შენ კი რატომღაც, გონებიდან გადაგივარდა,
ოქროს ვაშლები,
ცხრა მთას იქეთ დარგულ ხიდან ჩამოგეკრიფა,
გააღვიძებდი ღმერთს, რომელთანაც
გაგიშვი ნებით და უფალი სულს ჩამიდგამდა.
Comments
Post a Comment