განცხადება ელექტრობოძზე






პროლოგი

იმედი არ მაქვს, რომ მაინც და მაინც ამ დღეებში დაგესიზმრები.
მე კი წინა სამუშაო კვირას ორი დღე-ღამის განმავლობაში გხედავდი. არც გამოვხიზლებულვარ. ასე მძინარე გავდიოდი ხოლმე დილით ადრე, რვა საათისთვის სახლიდან. ვჯდებოდი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ვუსმენდი მუსიკას, ძირითადად რეტროს. თვალები დახუჭული მქონდა და დამგზავრებულნი რომ არ გრძნობდნენ უხერხულობას, მწყინდა. თვალების გახელის მეშინოდა. შესაძლებელია, ჩემ წინაშეც კი მდგარიყავი და ეს აღარ იქნებოდა სიზმარი. მექანიკური გავხდი, ავტომატური ინსტინქტებით. ჩემი დილა-საღამოს ლოცვა საზეპიროების ხმამაღლა თქმა უფრო  ჰგავდა. სამსახურის რუტინაც მექანიკურ ჩარხად იქცა. ყველაფერი თავისით კეთდებოდა. საღამოს კი ტრანსპორტში ისეთი სიხალვათე შეინიშნებოდა, მძღოლის აღქმაც კი მიჭირდა.  
როცა კი აღმართს დავადგებოდი, გზაზე სხდებოდნენ დიდი, ყომრალი ფრინველები და უტიფრად მათვალიერებდნენ.
 `ახლა წაგიყვანოთ თუ კიდევ ცოტა ხანს გადროვოთ?“
- მზეს როდის დამიბრუნებთ?!  
ისინი, გუნდებად მიფრინავდნენ ფრთების ტყლაშუნით და ჩხაოდნენ. საწოლი აღმოსავლეთით იდგა და მაოცებდა მისი უმოძრაობა. მხოლოდ სამჯერ შემოტრიალების შემდეგ ამეხსნებოდა ჯადო და გამახსენდებოდა, რომ სხვები ქუდბედიანები თუ იბადებიან, მე `გამჩენმათავისუფალი ნება და ფრთები დამაყოლა, რომელიც სპილენძის დიდ სკივრშია ჩაკეტილი. გასაღების ადგილი სრულიად უცნობ კეთილ კაცს ემცნო, ვითომ, წერილით..
ღამე პირდაპირი ეთერი. ვჯდებოდი მოციმციმე ეკრანთან და მორბენალ სტრიქონად რომ გარბოდი, გადევნებდი თვალ-ყურს. შენთან ერთად კიდევ სხვა და კიდევ ბევრი სხვა. ადგილ-ადგილ, დროდადრო ქუჩებში დადიოდი ფარნით ხელში და როცა ადიდებული მდინარის ხიდზე გადავდიოდი, შუქს მიქრობდი, რადგანაც საშინლად გინდოდა დავსველებულიყავი და ასეთ უსახურს შენი სახელი ამომეთქვა. ძველ, ჭიისაგან დაფუტურავებულ ხის მიწურებზე, რომლებსაც დანგრევის პირას მიიყვანს ხოლმე უბინადრობა, პლაკატებს აკრავდი  ნისლების, გადახერხილი ხეების, უჯვროდ დარჩენილი ეკლესიების, სამკაპა ღიპიანი კაცუნისა და მყრალი, მრავალწლოვანი ბალახების. უცნობ ქალს, რომელიც ურჩხულების დედას უვლიდა, წერილებს უგზავნიდი. Mსაფოსტო ყუთიდან გპარავდი ამ წერილებს და ვისაკუთრებდი სიტყვებს. დილაობით კი ვერაფრით ვივიწყებდი, რომ გუდა-ნაბადი ავიკარი და ძილში გადავბარგდი.


ერთ-ერთი დღე
პირველი, რაც თავს შევამჩნიე, სოციოფობია იყო; კერძოდ, გულგრილობა და ინდიფერენტულობა მეზობლებისადმი. როცა ბუნაგიდან ცხვირს ვყოფ, ისინი ჯგროდ შეკრებილნი ენას მიყოფენ. მე თავჩარგული მივიძურწები ერთ-ერთი მაღაზიისკენ, სადაც თითქმის ყველა პროდუქტს ერთი ფასი აქვს. ვყიდულობ ლიტერატურულ ჟურნალს, რომელშიც არასოდეს გამოქვეყებულა ჩემი ლექსები და არც არასოდეს დამიწერია ლექსი. უბრალოდ, მინდოდა ცხოვრებაში რამეზე მეოცნება და რაღაცის მოლოდინით სიცოცხლე გამეხანგრძლივებინა. უკან მობრუნებულს გზას ყოველთვის მიჭრიდა ტალახში ამოთხვრილი კატა და ის კნაოდა ჩემი აწურულ-დაწურული სიფათის დანახვისას.  `მაშინა ვრემენიდინამიკებიდან ჩამჩიჩინებდა, რომ ერთხელაც ამეკეცა თმა და ამ ლიტერატურული ჟურნალით ხელში გავფრენილიყავი სამზარეულოს ფანჯრიდან, მაგრამ ყოველთვის მიწის მიზიდულობას ვიმაგრებდი ფეხზე. სახლი ყარდა, რადგან არაფერს ვჭამდი და არც საკვების მომარაგების საშუალება-სახსარი გამაჩნდა. ცარიელ ქვაბებს და ტაფებს გაზქურაზე შემოვდგამდი ხოლმე და მათი დამწვრის სუნით ვძღებოდი. წყლის შიშის გამო ყველა ონკანი გადაკეტილი მქონდა, ხოლო უნიტაზს სამყაროსთან დამაკავშირებელ სრუტედ მივიჩნევდი. Aამიტომაც, უმეტესწილად, ზედ ვჯდებოდი და ვმასტურბირებდი. იშვიათად, მაგრამ როდესაც შენ, ამ ლაივშოუს მთავარი დიჯეი გარბოდი მორბენალ სტრიქონად, უნიტაზიდან ამოდიოდა მწვანე ხავსიანი რვაფეხა და დუნდულებზე მეხვეოდა  ჩემი ერთადერთი და შეუცვლელი პარტნიორი.


კვირის სიზმარი
აეროპორტის მოსაცდელში მდგომს ხელში აბრა მიჭირავს. აბრაზე შენი სახელი წერია ქართულად, მწვანე მარკერით გამუქებული  `იოანე”. მგზავრები ალმაცერად და ცალი წარბის აწევით მათვალიერებენ. გასასვლელიდან შემოდიან და შემოსასვლელიდან გადიან. შემოყავთ აქლემებზე ჩამოკიდებული დაჭრილი ბედუინები, რომლებსაც ხელებიდან სცვივათ ქალწულების თავებიდან ახდილი სკალპები, გრძელი თმით, ლამაზი თმის სამაგრებით და უჩვეულოდ სურნელოვანი ყვავილებით. უეცრად, ერთ წამში, ფოიე ცარიელდება და წითელი, თითქმის მუქი სისხლისფერი ცხენით დგახარ გარეთ და მე ვფრინდებიი.
უშველებელ და გრძელ ვიტრინებს ვაწყდებიდა მინაზე ვრჩები.
არ მეღვიძება.


ერთ-ერთი პარასკევი
`დღეს მოკლე დღეა. გამოიყენეთ თქვენი შემოქმედებითი მიზნებისათვის”, – ეს სიტყვები დეპარტამენტის უფროსმა გამოაკრა დაფაზე. მე შემიძლია სამსახურში დავიგვიანო და რაიმე მოვიმიზეზო. მაგალითად ის, რომ შთაგონებისთვის თავდაყირა ვეკიდე, ან ის, რომ შემოდგომის ბაღში `ბომჟივითდავეხეტებოდი და დამშეულ, ქეციან ძაღლებს დაავადებული კანიდან აცლილ წითელ წყლულებს ვაჭმევდი. ან საერთოდ არ გავალ გარეთ, ან ჩავიცვამ ისე, თითქოსდა წვიმიანი ამინდია და ამგვარად გავყრი ჩემს ავადმყოფურ ბებერ სურვილებს მზიან დღეებში. `სოკოები დაკრიფე ქალაქის განაპირა დასახლებაში, სოკოები დაკრიფე და ხარშე მიტოვებულ კარვის ქალაქში”. ჩემი ფანტაზიების ყოველთვის ეშინოდათ შინაურებს: კატას, ძაღლს, ბატებს და ციცარს. ისინი გამუდმებით თან დამყვებოდნენ. `შეიძლება მეილი მოგწერო?” `შეიძლება მეილი მოგწერო?” `შეიძლება მეილი მოგწერო?” ამ ფრაზებმა ჩუტყვავილას მსგავსად გამომაყარა სახეზე და ერთი მათგანია ყველაზე დიდი და ხასხასა, სახელად `ჩინელისთვალებიანი ბავშვი მინდა”, პეკინელ ბიჭს თუ შევხვდებოდი და მისგან პეკინელისთვალება, პატარა შვილი მეყოლებოდა, რისთვის მინდოდა ასეთი ბავშვი? მას თავისუფლად გავაშვილებდი ბავშვთა სახლში. თუ მილიარდი მისნაირი დარჩებოდა. მაშინ ის შემთხვევით მოკვდებოდა.
ეს მოგზაურთა რასა კალიების შემოსევაა, ფაქტობრივად. რით დამიმსგავსებს? ქერცლიანი გველეშაპის ორკაპა ენას, გრძელ-წითელი საწვიმარის კაპიშონიდან გასდის თქრიალით სითხე ნერწყვივით და მოწურწურებს. აქ ჩემს ეზოში დაიწრიტება. კანის უცნაურ სიკრიალით და სიპრიალით. ის არასოდეს შემოგხედავს ჯიბრით თვალებში, `რაღაცას მალავსმისი ქალი. , შავი ქალი, გრძელი სწორი თმით, როგორც აბაჟურს ან დაღესტნელი მკალავი ლეკის ნაკეთობას, ისე ატარებს ბავშვებს ერთმანეთზე ასხმულებს და მუცელიც დედამიწის მსგავსად მუდამ გაბზეკილი აქვს. მათი ფესვები ქვიშის ნიადაგს ქარმა უმოწყალოდ შემოაფლითა და მოვიდნენ და ჩვენ, ანუ ადამიანებს, გვეჭიდებიან. ჩემი წვრილთვალებიანი ბავშვი, რომელიც ძველი საყდრის უკან მოვკალი, ახლაც ძველი ქვევრის სამაროვნებთან იხრწნება. `დაჯექი, შვილო, რა ფერი გადევს?!“ `გოგო ცუდად გახდა.” რას ფიქრობ, ტრანსპორტში ადგილს ვის უთმობენ? Mმომაკვდავებს. ცხადია! ნუთუ ასე დამეტყო?! როგორ გაძლოს გვამმა ცოცხლებში. ნუ მომაცილებთ ყურსაცვამებს, ნუ გამომირთავთ, ბუდაბარს ვუსმენ და მე თვითონაც გასხივოსნება არ ამცდება. თქვენ რა გესმით, თქვენ ყველანი ჩემი მეზობლები ხართ.. როცა ვუკრავ, გერმანიიდან რუსი გენერლის სახელზე ჩამოტანილ პიანინოს კლავიშები ებზარება და თქვენ ფიქრობთ, რომ დაკვრა ადრე უნდა მესწავლა?! შენს ქუჩაზე ნიშადურის მძაფრმა სუნმა გონს მომიყვანა. `შეიძლება მეილი მოგწერო?” `შეიძლება მეილი მოგწერო?”. „მუცელი ვერ შევამჩნიე გოგოს“.
ვიღაც სჭირდებათ იმისთვის, რომ ამოიჩემონ და ყველამ ერთზე ილაპარაკოს. იმ ერთს ხშირად ხვდება ქვები საფეთქელთან, ან ტალახი სახეში, ან თეთრ ქაფს აფრქვევს პირიდან გველეშაპივით. ის ერთი ზიდავს მარიამისთვის მისატან ამბავს.
იესო გასცეს!

პარასკევის სიზმარი
შენ ძალიან მკრთალი სილუეტი გაქვს და ანათებ, როგორც პოლარული ვარსკვლავი. მახსოვს, ამოღამებული თვალები რომ დაგრჩა და ახლა გამიკვირდა, ისევ რომ მწვანედ გიციმციმებს. გაკვირდები, მიკვირს. ვითომ ცოტაც და სადაცაა უცხო ქალაქის მეტროპოლიტენში ვართ. კაციშვილის ჭაჭანება არ არის. ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შემიძლია. დიდი ფრინველი მოფრინავს გვირაბიდან. მოიწევს... ვიცი, რომ მას შენი წაყვანა დაავალეს და თუ ხელს არ მოგკიდებ, შენც წაჰყვები. Yყვავილის მსგავსი პროექტორი კაშკაშდება და უეცრად ოფლით გეცვარება სახე, ტანი, ხელები და მთლიანად ორთქლდები, ისევე, როგორც გუბე, როგორც მდინარე, როგორც წვიმა. იგივე მინდა დამემართოს, ექკალატორზე ვდგავარ და არ უჩანს ბოლო. მალევე ვხვდები, უკან უნდა დავბრუნდე, უნდა დავბრუნდე უკან, რომ მერე ისევ შევძლო დაბრუნება და დაგიბრუნო.
შენ ზურგზე შეგისვა ლომისსახიანმა ფრინველმა და ასე გაჰყევი.
ასე გადამაფიქრებინე გამოფხიზლება.

ოთხშაბათი დღე
სახლს როგორ გამოექცევა ქალი, სახლს, სადაც საძირკველში პაპის და პაპის პაპის ძვლები ყრია. მიწაზე დაბიჯების შიშით თუ დაინფიცირდი, ისინი მიწის ქვეშ ერთიანდებიან და შენს ნაბიჯებს ებჯინებიან, მაგრამ ფუძეზე დაუწყევლიხარ ოსის პატარძალს. პაპაშენი შეჰყვარებია და მისი უდღეური ქმარი მშიერი რომ დაძრწოდა, თურმე შენს წისქვილში გამოაგზავნიდა ხოლმე. წისქვილის ქვასთან ახლოს, დოლაბთან დასვამდი და დაუკეტავდი გარედან კარს. მთელი ღამე ასე მჯდარა. თვითონ კი მიგიღებდა ჩემს წინაპარს, თავისი სიკეთით აგავსებდა და დილით კი, წისქვილში მობრუნებული კაცი აუშვებდა ძაღლივით მიბმულს და სოფელში აბრუნებდა. თავი მოიგიჟიანა ამ გადაბერებულმა ქალმა. შენს ეზო-კარს შემოეჩვია. საქანელას სურვილი მოიმიზეზა, იჯდა და დიდხანს ქანაობდა, წინ-უკან. წინ-უკან. და წინ და უკან, თან ბუტბუტებდა უცხო ენაზე. აგვისტოს სიცხეში გარეთ გამოძურწულ ფუძის გველ-ანგელოზს დაუდარაჯდა და მოკლა. მისი სისხლით მოგირწყო ხეები. ხილს როცა ჭამდი, ამიტომაც გემწარებოდა და სუნზე კი ბრუვდებოდი. - მამა ჩამოვიდააა, მამა ჩამოვიდააააააააააააააყირაზე გადადი გოგო, მიდი, მოიტეხე კისერი. ეგ ფშეკია ფეხები გადაშალე, ყვავილები ამოგივიდნენ და გზა-გზა დაგცვივდეს და ამ წითელი ყვავილების ნექტარზე ამოვიდნენ მიწიდან ხვლიკის მსგავსი ამფიბიები და დაადგნენ შენსკენ მოსასვლელ ბილიკებს. - მამა ჩამოვიდააა, მამა ჩამოვიდაა. - იცი, მამ, ინათანას ბოტკინი აქვს და საავადმყოფოში წევს... მოგიხურა მანქანის კარი და დაგტოვა გარეთ, აეგრე გახარებული. შედი, შედი და შეიკეტე კარი და ჩაწექი შენს საწოლში და დაიძინე. სიზმარში მოდის მაღალი კაცი, გრძელი თლილი თითებით და მოაქვს შენთვის დატკბილული შხამივით ვნება.
შესვენებაზე გადავწყვიტე ანჩისხატში გამევლო. ჰმ, გამევლო ანჩისხატში და გზაზე ქათმის მოჭრილფრჩხილებიანი კლანჭი ვნახე.
კლანჭმა მითხრა:
- გოგოოოო. დიდხანს ვაგდივარ აქ და შენს მეტმა სხვამ ვერავინ  შემამჩნიაო.
ვეუბნები:
- შენ რა შეგიძლია. ისეთ ვინმესთან მივდივარ... შენ გზას როგორ გადამიჭრი, თვითონ სახსარში გადახსნილი ხარ.
მიპასუხა:
- შვილოო, უკან გაბრუნდი. უკან გაბრუნდიი. ეს როგორი მტრიანი გაჩენილხარ, ეს როგორი თვალები გიყურებენ, ჰა? ეს შავი ბიჭი ვინ არის? ვინ ჩაგიშალა საქმე, ბეჭედზე მისული ლაპარაკი? შვილი არის ცოდო, შვილმა რა დააშავა. დაწვება ეგ ქალი თეთრი თმით კუბოსთან. მის სახეს და თვალებს ნახავ, მიწას მოფხოჭნის გამწარებული. მისმა შვილმა რა დააშავა, შვილით ისჯება.
ვუთხარი:
- დედაშვილობას გამიშვი. ერთ საათში სამსახურში უნდა დავბრუნდე. არავინ დაიჯერებს, რომ ღმერთი მომენატრა და მის სანახავად გამოვიპარე.
მიპასუხა:
- გოგო, ჩამომიწერე შენი, შენი ძმების, დედისა და მამის დაბადების წლები, თვეები. მომიტანე შავი ბზის ჯვარი და გასანთლული ძაფი. ჩაიკეტება ბოქლომი, დარჩები განზე.


ოთხშაბათის სიზმარი
ენით უთქმელი მოწყენილობით მოცული ინფანტილურ არსებად ვიქეცი. როგორ მინდოდა გამომეხატა სიხარული, როცა გხედავდი მდინარის ხიდზე. სრულმა უუნარობამ მომიცვა. რაც ადრე ჩემს სისუსტედ მიმაჩნდა, ანუ სიყვარული, ახლა უნდობლობად მექცა და სწორედ იგივე რამ მაძლიერებდა შენთანაც (და ზოგადად გარე სამყაროსთან). ყელში გამობურთული ხორცმეტი მაძლევდა წარმოუდგენელ ენერგიას და მუტანტის იერსახეს. მუდმივად ჩართული რადიოთი, ტელევიზორით, კომპიუტერით, ყურსაცვამებგარჭობილი გადავრბოდი გზაჯვარედინებზე და თვალებს ვაწებებდი წამწამებით, რომ უბედურება არ დამტეხოდა თავს და ვაითუ, შემთხვევით გამეხილა.. ისე დავპატარავდი.. სილამაზისადმი ყოველგვარი მოწიწების გრძნობა გამიქრა. სიხარულისა და მწუხარების ზეაჭრილი და ხან ქვედაშვებული კლაკნილის რხევით შიშით ვადგამდი თითოეულ ნაბიჯს. გენეტიკურად დავიშალე. ჩემს სოციალურ ქცევას არანაირი ახსნა არ მოეძებნება. მე შემიძლია ათი ფრანკის გამო სიცოცხლეს გამოვასალმო მამა, რომელიც დიდი ხანია არსად არ მუშაობს და დახეული ფეხსაცმლით დადის. აღარც კი მახსენდება ბაბუას სახლში როდის ვიყავი სტუმრად. მასთან ერთად სადმე წასვლაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ის ჩემთვის სრულიად უცხო ეთნიკური ჯგუფის წევრია. ჩემს იდენტიფიკაციას, ანუ დიაგნოსის დასმას მე თვითონაც ვეღარ ვახერხებ და მუდმივად საკუთარ თავთან შეჯიბრში დასასრულისკენ მივექანები.
შენ კი, ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, მამაპაპისეულ სახლში მოგყავს ლამაზი ქალი, წვები მასთან პირველი ღამის უფლებით და ყოველ თვეს მის მენსტრუაციულ ციკლს აკონტროლებ.
ნათესავებთან ერთად აწყობ შაბათობით შეხვედრებს და დიდ სუფრებზე შენი სიმამრი თამადაა.
კვირაობით კი უბნის ტაძარში დადიხარ და სტიქაროსნის თეთრი კვართით აღავლენ მესას. დღეს ჭუჭყიანი ღამე ჩავიცვი.
- მგონი კრიზისული მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოდის. რამდენიმე ფირფიტა დარჩა. ესენიც როგორმე ჩუმად და შეუმჩნევლად შევაპაროთ საჭმელში. ექიმიც ასე ფიქრობს. მთავარია, ვერ მიხვდეს.
- რა ხმა გაქვს, დედა?!
     აღმართს რომ ჩავყევი, ადრიან კვირა დილას, ამ აღმართის ბოლოში ბებერი ანტიკვარი იჯდა თეთრი წვერით და წიგნებს ყიდდა. შემეცოდა და დავპირდი, უკან რომ მოვბრუნდები ვირგილიუსის `ენეიდასვიყიდი. Mმან კი მეექვსე თავი აუცილებლად წაიკითხე. ექვსამდე დაგელოდებიო. მერე დავყევი და ყველა ელექტრობოძს ეს თეთრი ცარიელი ფურცლები დავაკარი. ისინი ჰგავდნენ ზავის მოსურნე მორებს. ოფისში მაგიდასთან დასვამენ ახალ გოგოს. მას ეყოლება საქმრო კარგი ოჯახიდან, სამი ბინით და უმაღლესი განათლებით. ის იქნება მოწესრიგებული, სუფთა და პუნქტუალური. ათიდან ექვსამდე მოამზადებს მასალებს გამოსაქვეყნებლად, უპასუხებს მშვიდი ხმით სატელეფონო ზარებს. შესვენებაზე გავა მეგობრებთან ფინჯან ყავაზე და კომპიუტერისრეცელდ ბინიდან აღადგენს ჩემს არდაწერილ ლექსებს. წაიღებს ლიტერატურულ ჟურნალში და იქ ავტობიოგრაფიასთან ერთად გამოაქვეყნებს, ოღონდ ფოტოსურათის გარეშე, რადგან ფოტოები ყოველთვის იტყუებიან.

ეპილოგის მაგიერ

ტოტი მოტყდება ხეს.
მდინარეს დაუშრება წყალი.
ნისლი გაწვება ქალაქის თავზე.
ვიდრე დიდი, შავი ფრინველები ფრთებს აიკეცავდნენშიშველი ფეხისგულებით ნაწვიმარ მიწას შენს ანაბეჭდებს დავუტოვებ.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო