წითელი ბონსაი

რა მოსაბეზრებელია გერქვას ცოლი,
თან საშიშიც.
მოშინაურებული კაცი,
გალიის ვეფხვს არ გავს?
ყალბი იქნება მისი ყოველი კბენა ზურგზე,
ამოოხვრა და ნადირობაც კი,
საეჭვიანოდ, ვნებები რომ არ გაფერკმრთალდეს,
თან სასაცილოდ.
უკეთესია:
ღამ-ღამობით მე ვიქნები,
ფერად კიმონოში გახვეული,
შუშის თვალებიანი
შენი გეიშა.
ჩაის ცერემონიალისას
მედიტაციებს მოვიგონებ -
საკურას ნაკვერჩხლებზე,
ყველა ღალატს ამოვიშანთავ.
ბამბუკების სახლში, ჩალის კონებთან,
წითელი ნეკერჩხლის ხე გავზარდოთ.
ხე იქნება ჩვენი შვილი და მთაში გაზრდილ
ჯუჯა ხეებს ტოლს არ დაუდებს.
ჩვენ ვიქნებით სახლის ორპირი ქარები.
ჩვენ ვიქნებით მისთვის ირმის ნახტომზე,
კაჭკაჭების გადებულ ხიდზე,
მოცეკვავე ღამის პეპლები და ის,
არასოდეს გამოიძახებს შემოდგომას,
შუა ივლისში,
მოიტყუოს თავი და გახმეს.
ჩვენ ისედაც მწარედ გვახსოვს,
აპრილი.
წვიმებმა შვილი გაგვიტყუეს
გზა დაბნეული შევიდა ტყეში,
ტყის სულებმა მოაჯადოვეს სიმღერებით,
გაიტყუეს უფრო სიღრმეში,
დედის მუცელს ვეღარ მოაგნო.
ოკეანეს ვგავდი - წყლებს ვღვრიდი -
შენ მზესავით მიშრობდი ნაპირებს.

რა მოსაბეზრებელია,
ვიყო შენი შვილების დედა,
როცა ბავშვები,
ტყეში წვიმის დასაჭერად წავლენ და
უკან აღარ დაბრუნდებიან.
ჩემი მკერდი გამოშრება თივასავით
და შენ წახვალ ყვითელ ბუდასთან,
რომ მარტოობით დავისაჯო,
რომ ნაყოფი, რომელიც გადმომეცი,
სულივით გზაზე გამექცა
და ვერ დაგიბრუნებ.
უკეთესია:
მდინარის პირას, წისქვილების მეზობლად,
ჩადგა წითელი ნეკერჩხლების სახლი
და ჩეროში საკურას ნახშირზე,
პირშუშხას საწებელს გიმზადებდე.
შენ თევზაობდე მუცელთევზებზე და
სადილობისას ერთმანეთის თვალებში ჩავრჩეთ -
ორივემ ვიცით,
მუცელთევზებს შხამი
ყოველთვის საკმარისად რჩებათ,
სამყოფი
მზის ჩასვლისას,
კედრის ხისგან გამოთლილ ნავში
ჩავწვეთ შიშვლები და ერთმანეთს გადავეფაროთ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო