ლანდშაფტი შუშის
გამჭვირვალე არსებებს, აღმოსავლურ ტაბაკებზე დაუფენიათ თეთრი სუდარები. ნელი ტაატით მოირწევიან ჩემკენ, ვინც გავარვარებული მინის კოლბებიდან გადამადნო და ფერად შუშის სხეულად იქცა - აუმხედრნენ საკვერცხეები და ფოლიკულები მომხვდურებად გაუუცხოვდნენ. სისხლმა დამშრალი ღელესავით გაპარვა მოინდომა - ბუნებრივი კატასტროფაა გრძნობის ხელოვნურად გაძევება. ასე ემართება მარტო წასულს, გრძელ და ყვითელ დერეფნების დაწესებულებაში, სადაც ქარია კედლებს შორის მოქცეული, თუთის ხის ტოტებს ბეღურები შვილებივით ეყუჟებიან. მარყუჟია - ტანწვრილი ფეხები ერთმანეთში გადაზრდილი. მოდიან თხლად ამობზეკილ მუცლებში გახვეული ხორცის ცოცხალი ნაფლეთები, შემოჰყავთ მამებს ხელში აყვანილი მომავალი თვალებისდამხუჭველები, - სასუფეველშიც ერთად იქნებიან.. შენთანაც კი ვიდგმები ზუსტად ასე: ხელისგულებში მოკუჭული საშვილოსნოს ნეგატივით. გარდაცვლილი სიტყვების და მოგუდული გრძნობის ზურგზემოკიდებული ზედმეტი ბარგით. მოუცლელობით გაამართლე ზედრომარმიყურებდი. რა გამიკვირდება - ჯერ კიდევ მბჟუტავი პროჟექტორებიდან: როგორ გადმოგცეს ჩვილი, როგორც შესაწირი. თუ მკვდარი ჩიტები ისიზმრებენ ფრენას, მე აბრეშუმის ფაბრიკა მახსენდება. გასული საუკუნის ციხის ნანგრევებთან უსახურ შენობაში, ნესტის და ერთნაირად ამოშლეტილი ათასი ჭუპრის სუნით გაჟღენთილი ჰაერით ფილტვები რომ გამისკდა ბურთივით, ვერააფრით წარმოვიდგინე, სხვენზე, თუთის ტოტებზე რბილი მატლები, გაბუტულები ერთ ღამეში გორგლებად იქცნენ და მეორე დილას, თითებზე ვიხვევდით ძაფის გორგალებად, და ეზოში აკაფული თუთის ხე თავწაკვეთილ იოანესავით იდგა. მაინც, ვერაფრით წარმოვიდგინე, საბოლოოდ, დახუთული სივრცისთვის გავზარდეთ, სუიციდისგან გათეთრებული პეპლები. მე თვითონ ვარ აბრეშუმის ჭია, თეთრ ქაღალდებს შესეული. გაფრენამდე ერთი ღამეა.
ianvari
Comments
Post a Comment