მღვიმევის ჰიმნი


შვიდიდან თორმეტამდე გასასვლელ-შემოსასვლელის
ოთხივე კარი ჩემი საშოსი
იღება და იხურება ერთდროულად ათი ათასი მოქალაქისთვის
ერთობლივად, რათა,
ერთობის ძალამ მოხნას აღმართები და დაღმართები ექსკალატორის.
მოლარე ქალები და პოლიციელი დაცვის ბიჭები,
გუგუნებთ, მღერით,
ერთ ხმაში ჰიმნებს, საგალობლებს,
საკმეველსაც გააფრქვევენ ჰაერის გამწმენდი ვენტილატორები,
რომ თქვენ შეიძინოთ და მემრე და მემრე ჩაუშვათ
ჩემი მდგრადი კრინის ასოებში ჟეტონები
და აწითლებულ და აწკრიალებულ და გათეთრებულ
ფერთა შეხამებით და ხმით, ჩაგაწყოთ მიჯრით.
ხელი მოკიდეთ ექსკალატორის სახელურს და არ გაინძრეთ,
არ ჩამოჯდეთ,
არ დაუსტვინოთ.
ციგით, სათხილამურო ნივთებით, საბავშვო ეტლით,
საშინაო ფრინველ-ცხოველით გადაყვანა ორმაგ ფასში -
სახელმწიფოს უჭირს - გაიღე.
შარდის სუნი და სარეკლამო აბრები -
შენ დილის ბურუსიდან,
გარეუბნის აშმორებული კორპუსიდან გამომძვრალო, ერთჯერადო,
ამფიბიავ,
რომელიც ჩამოძვრები მიწის წიაღში და ჩემს მღვიმევში
ადგამ ნაბიჯებს,
გაიხსენე, თუ ამოხვედი რუსთაველზე, ანძა გიღიმის,
გიციმციმებს:
რა ლამაზია ჩვენი ქალაქი.
თავისუფლება ირჩიე და გახედე, აბა, ჰავლაბარი როგორ ლაპლაპებს,
ლაპლადიიდან სანტა-კლაუს გულიც, ერთი მსუქანი ადგილიც კი
აქეთ მოუწევს,
რისი ბრალია?!

მენაგვეთა არმიის არია:
- ჩვენ სინათლის და სისუფთავის ქალაქში,
მენაგვეები დავფრინავთ და ციხის საკნების,
ჭლექის და დიფტერიის სუნით მოცულებს
არ გვაშინებს ჩვილებით და ჭიანჭველებით
გადავსებული ნაგვის ურნები -
ეს სიმღერა შემოგესმას
ღია სადგურზე, ახლად ყვითელ ფილა დაგებულ „დიდუბეში“,
ყური დაიხშე და მათხოვარ ბოშა ბავშვებს პანღური უთავაზე,
ხოლო მოხუც ქალებს,
შავ-შავი თავსაფრებით,
ჩაუგდე ხურდა,
დაიბევე სასუფეველი:
შენი რა მიდის?!
ხოლო მატარებლების ვაგონებში მჯდომიარე ფსალმუნიან ხელებ
გადაშლილ მანდილოსნებს
ტყორცნე მზერა ირიბი და ირონიული:
კანონი ერთი აქ მოქმედებს
თვალები უნდა დახუჭო რომ
გახელილი აღარ დაგრჩეს სამარადისოდ.
იჯექი მყარად მოპოვებულ სკამზე,
ნუ იძვრი,
მერე რა, რომ 80 წლის ბერიკაცი თავზე გადგას,
ყურსაცვამებს არ გასდის ყავლი, გაგაყრუებენ და თვალებიც აწებებული,
არ გაახილო.

ეს მეტროა, მიწისქვეშეთი -
ჯოჯოხეთამდე ერთი ნაბიჯი,
გვირაბი რომ აერიოს ელმშენებელისწითელჯვრიან ახალ ვაგონებს,
იქნებ საზვერე მეჩვიდმეტეს მიუახლოვდე და
მეტის მეტი არ მოგივიდეს -
მოგენატროს შენი ქალაქი,
უკან გაბრუნდე,
თუნდაც სული სხეულიდან გამოძვრე და უკან მობრუნდე.
ცხრიდან ექვსამდე,
რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების
დახშულ აკვარიუმში მჯდარი,
მონიტორ მინოტავრთან იცახცახე:
- დღეს მე არრ.
შევინარჩუნე ხელფასი და პურის ფული,
ის გაიძახეს,
ის დაითხოვეს..
მერე რააა, თვალი ხომ ისევ დახუჭული მაქვს,
სამება და ანჩისხატი კი აქედან არ ჩანს.
მათ გუმბათებს ფარავს,
ფარავს
გუმბათებს იფარავს წმინდა გიორგის მაღალი ძეგლი.
ფარა!
ფარა!
ფარი!
მიფარე.
ჰოი, საკვირველებავ, ექვსის მერე დაუბრუნდი
მარჯანიშვილის მეტროს ჩასასვლელს
ანუ ჩემს მღვიმევს, შენი ქალაქის დიად საშოს და
თანამოქალაქეთა შორის შემოდი ჩემში,
რომ გაჩვენო ვაგონების სარკეებს გასწვრივ გაკრული
სარეკლამო განცხადებები:
- მხოლოდ თბილისელთათვის ძუძუს და საშვილოსნოს კიბოს
უფასო გამოკვლევა.
გერმანელი ყასაბი.
იოლი ლიმონის არაყი.
აი, რა მიყვარს: მაკდონალდსის სასაცილო ფასები.
თუ უკანონობას წაააწყდი სახელმწიფო დაწესებულებაში:
დაგვიმესიჯეთ..
სხვა რა გზაა ან და ჩარა გვადგას ზურგზე.
უფროს სწორედ გადგათ მხრებზე ან ვინ “გახურავთ” ჭერს თქვენ
მტილებო, მტვერნო და ნაცარს აზელილებო.

სანამ უკანვე ამოგარწყევ, როგორც იონას
მე ვეშაპის გრძელი საშო,
ჰიმნი შეწყვიტე და ვაგზლის მოედნის გადასასვლელ,
მეორე ხაზზე, ორმხრივ კიბეებს განუდექი.
ყური მიუგდე, ბრმა დედა-შვილს, ბრმების კოლონას, გრძელ
დერეფნის გასწვრივ ხეებივით გამწკრივებულთ
გამოყოფილთ, მიუგდე თვალნიც, ყურნიც და ბაგეც:
ცხრა აპრილის სიმღერას გაუყუჩდი.
ამ ჰიმნისგან განსხვავდება მისი ბგერები, აკორდები.
სიტყვები და
მაშინ ტიტები, ზღაპრები და თვალის ჩინები
საჩუქრებად ჩამოვარიგეთ, ასე გავეცით
მთელი ჩვენი საკუთრება და გავმათხოვრდით და ერთი წამით გაახილე ეგ ორი თვალი
აიხედე ზევით,
ჩემი საშოს, შენი ქალაქის მიწისქვეშეთის საშოს
გუმბათის გასწვრივ დაფრინავს ორი ბეღურა ჩიტი,
ისინი უმზეოდ,
უჰაეროდ, უსაკვებოდ, მაშასადამე, ყვავილების და სხვა ფრინველთა
გარეშე
აქ დაფრინავენ,
აშენებენ ბუდეს და ჩამოცვენილ ბომბებისაგან,
ბუმბულებში გადანახულ, ჭორფლიან სამ კვერცხს
მალავენ, რომ გამრავლდნენ:
ხელი არ ახლო.
დახუჭე თვალი.
ყური დაიხშე.
და მღვიმევის ჰიმნი იგალობე
დილა საღამოს
შვიდიდან თორმეტამდე.
გადაშენებას რომ გადაურჩე.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო