კათაკმეველთა


ხმა 1. სოჰრაია
ჩვენ ხორცი გვესხა, სანამ ვიყავით.
დღეს თხელი ძვლები, თეთრ გარსაკრავით
გრძელი თმის ბეწვით გადავიფარეთ.
ნაქმარისაკენ დედაზარდლიან
სოფლის მოედნამდე დაწყობილან
ქვა ღორღიან ხელისგულებს მალავენ უკან.
ზიზღის მზერებით, ანგელოზებად გარდავისახეთ.
სოჰრაია, აი მე ვარ, ეს ხვეული, გრძელი თმით და
შავი კანით,
მოღალატე და დედობა წართმეული,
არას ვდარდობ -
უკანასკენლ წამსაც, როცა განვეშორე სულით სხეულს -
არას ვნანობ -
მართალი ვარ.
ჩემი ოთხი შვილით ვდგავარ მეუფის წინ.
ორი გოგო, ორიც ბიჭი. ოთხი ფრთა მაქვს,
სხეულს ვწონი -
თეთრი ძვლები მდინარის ქვეშ -
სული ზეცას.

- ცეცხლი რომ დაენთოთ შავ-შავი მორების
მოზიდეს ტყეები,
ბიჭებმა შავტუხა კლდე-ღრეზე,
საცალო ბილიკს გაუტიეს
პატარა გუდებით გამოზიდეს სიპი და წვერ
თლილი ნაშალი.
პატივი - პირველად მიუგდეს მამილოს,
თან სიტყვით. წყევლაა. სიკვდილი წინ და წინ,
წინდაწინ - ტკივილი განელდეს.
ჩვენ ვიცით. ერთმანეთს თვალებით ვუღიმით.
მადლობა.
და მერე შვილების აცდენილ ქვებს შორის
ცრემლები სისხლამდე,
წითელ ალისგან ალესილ
ხვატში გაწოლილა დედაზარდლიან.
სოფელი, რა
ენა გრძელია.


ღამე კი დუმილი.
მდინარის დუდუნი არავის ლოცვაა.
ალიონს, ტურების ხახაში დამდნარი,
მზეზე მზის სხივებად
ქვების ქვეშ ელავენ ეშვები -
ძვლებია.

სამი წლის, გრუზა თმით, მამილოს
ჩავყავარ ნაპირზე. თვალებში
ორი მუგუზალი მინთია -
ვანათებ.


ხმა 2. ლია
მე ვარ ლია.
ელამი და ხელმრუდე.
გამოვედი იოსების აქლემით.
მამის კერპებს საჯდომის
ქვეშ ვამყოფებ.
მე რაქელის შვილებს სიტყვით განვდევნი,
მოვიყვან და სხვა ქალს ვუყოფ სარეცელს,
ოღონდ, შვილი იოსების დაბადოს -
სატყუარა ღამ-ღამობით
ვაყლაპებ,
მწარე არის ეს ტყუილი,
ვაშაქრებ.

იოსები მწყემსად ედგა ცხრა წელი,
მამაჩემის საძოვრებზე ათას მგელს.
მე ვარ ლია,
ელამი და ხელმრუდი,
რაქელი კი ბავშვებს აჩენს
ბაგაში
ჩვილის ნაცვლად ძველ თოჯინებს ჩავუწვენ.

იოსები მწყემსად ედგა მამაჩემს.
ფარას მწყემსდა
ათ-თორმეტსაც წელიწადს,
რაქელს მართლაც უნაკლოს და შნოიანს
არ ეყოლა შვილი მასთან არც ერთი,
მე კი, ასე ელამიდა ხელმრუდე,
იოსების ბავშვებს ვაჩენ ზედი ზედ.
ყინვა-ყინულ, ტყე-ველებს
ქარივით რომ გასდებიხარ, იოსებ,
გაავდრდება,
აშრობ ხეებს დარდს და ნაღველს,
რაქელის.
ვკერპდები.


ხმა 3. ესთერი
თვლა ამერია, მზე მომდებია.
ამ საზაფხულო ჰარამხანაში
თვლემის წებოვან გარსში ვინთქმები.
ველის წვრილ, ათას დეკა-შროშანებს მოუფენიათ
ტანზე, ტერფებზე.
იუდეველთა ბებერ კერპების
ჩრდილი მგონია.

ბედუინები შემოდიან ობიანი უდაბნოს სუნით,
აქოთებული აქლემის ბეწვით, ავსებული ხალთა-კალთებით,
ჩვენ ვეძლევით მათ ნამზეურ ვნებას,
ისინი
გვსვამენ - მწყურვალებივით ეწაფებიან,
ჩვენი მიმჭკნარი მკერდის სიცივეს
და ჩვენც გვავსებენ, თავიაანთი ბერწი თესლით,
როგორც ქარში უნაყოფონი - გაიბნევიან.

შაჰი კი დადის, ქვეყანას უვლის,
ავხორცობა ერთ ადგილას არ დააყენებს,
სისხლი სწყურია.

იპყრობს ახლო და შუა მდინარეთს.
მინარეთს მოლა დააბოლებს, შუაღამიანს,
ეს მერამდენჯერ,
ყირავდება ჩვენი დარწეული დათლილი აკვნები,
ყრმები პირაღმა წვებიან წყებად,
სადილი მლაშდება,
ქვაბშივე რჩება.

რიგი გადაიწევს.
სხვა წელთაღრიცხვამდე.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო