ანგელოზად ქცევის გენოგრამა
კლასობანა ვის უნდა?
ვის უნდა კლასობანაა -
არავის.
ვისია ვისია ეს ბალღი -
შავ-შავი დედაბრის
უკბილო. თავშალით.
ძაფივით თვალები ამოყვნენ
მოგუდულ ხმის ბგერებს -
ამაღამ გამოვშუშდები.
ვისია ეს ბალღი,
ეს ბალღი ვისია?!
დილაა. ქალაქი მღვიმევში ჩაითრევს
წყალივით მოდონდლო
არსებებს,
ჩაიხვევს შეიწოვს
და მერე, აღმართზე მზეა
ან შეშრობა.
სხეულით როგორმე ატარო
ცოდვა და ვნება და სხვა ბევრიც,
ტელეფონს შინას თუ გარეთას
დუმილი დაედო სასჯელად,
ელფოსტის ახალი გზავნილი
ციფრების გარეშე.
ვისია ეს ბალღი,
ქალებო, ეს ბალღი ნეტაი ვისია?!
მომყვება შავ-შავი თვალები
უსახო ბებერი ქალისა და
ხმა კედლებზე ხავსივით
ექოა!
ციგნების ქალები ბავშვებით
ზურგზე და პარმაღზე თოვაა.
ციგნების პალატკებს ჩამორჩი - მეჯერა,
ან იქნებ მართლაცდა,
დამტოვეს..
არავინ დღეს აღარ გიკითხავს, რა დროა, სადა ხარ,
იქნება, მიწაზე ფეხს ვეღარ აკარებ,
ცალფეხზე დგომაც კი მოგბეზრდა,
იქნება, მეზობელ ქალაქში,
სადგურზე წითელი ტუჩსაცხით, აჟურულ კოლგოტკით
ქუჩისკენ მძღოლები გაძლევენ მოწმობას
შენც გასცემ..
იქნება, ხურდისთვის, თავჩახრით დგახარ
ხელ არა.
არც ენა. ცალ ფეხზე, არც არა.
თავჩახრით. თავჩახრით.
სად არის ნეტავი, ის ბალღი,
მწვანთვალა, თეთრი და პატარა..
დედაბერს მთის წვერზე
რა უნდა?!
მოხუცი თავშალით.
Comments
Post a Comment