ნანა კუცია ... რომ სული არ მიისილოს
ნატა ვარადას ყარაჯა დაილამაო
გალაკტიონის პოეზიაში არის სტრიქონი: „... მხურვალება ქვიშაზე კვნესის. უნდა რომ სული არ მიისილოს“ („სარკოფაგიდან დგება მუმია“).
სული რომ არ მიისილოს, წარმოუდგენელი რამ ხდება _ მუმია, თავადაც მტვერი და სილა, სარკოფაგიდან დგება.
წარმოუდგენელი ვიზიონი ვარვარა უდაბნოს უფლის წყალობად დაეფინება _ `სიჩუმეა. ჰაერი ლურჯი აბრეშუმია. ორხიდეები ეცემა ნილოსს“...
სულის მისილვა ტრაგედიათაგან უმძიმესია, წყევლათაგან _ უსაზარლესი.
ვიზიონის (ნილოსზე დაცემული ორქიდეების) გაგრძელებაა (ან _ პოეტური ჯუფთი) გალაკტიონისავ პარადიგმა _ „სილაში ვარდი“ _ მიუსილავი მშვენიერება, `ნათელი _ ზეცით მოსული.“
ცა-ლაჟვარდი (`ჰაერი _ ლურჯი აბრეშუმი~) და სილა ოქსიმორონად აღიქმება გალაკტიონთან. რემინისცენცია _ ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიოს `უდაბნოს~ პერსონაჟებიც თავისუფალი `ლურჯი კაცები~ არიან _ ისინი, ვის `გარდაც ვერავინ იცხოვრებს უდაბნოში~ (ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო, `უდაბნო]~)...
სილა _ `უნაყოფო მიწა~ ლაჟვარდის მწყალობელ სიგრილეს მოინატრებს. `ლაჟვარდი უკვე ღმერთისაა~ (ლია სტურუა).
`თოვლშიც~ გაკრთება იგივე ვიზიონი _ `უდაბნო, ლურჯად ნახავერდები~ _ კვლავ დაწყვილდება სილა-უდაბნო და `ცისა ფერი.~
ცვეტაევასთან ლაჟვარდიც ვარვარებს: `Кთკ აოთსენნრ ვ ოთზუპმ~.
გალაკტიონი `მეფისტოფელის საუკუნეშიც~ იგზნებს მთავარს: `დევნილ-ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ~ (II კორ. 4, 9), ამიტომ მისი სილა ნაწვიმარია, ღვთაებრივი წყალობით დამბალი, გაცოცხლებადი.
არარადან (ღმერთივით!) სილაში ვარდს ამოზიდავს პოეტის ძალუმი წარმოსახვა _ `მგოსანთ სითამამე~ (`მთაწმინდის მთვარე~).
წარმავლობის ლამში უფლის ყვავილს _ ვარდს მოინატრებს პოეტი, ჟამიერ სოფელში _ უჟამო უფალს [`რა შეიძლება იყოს სამყაროს ყვავილი, თუ არა სახელი ქრისტესი?!~ _ განმარტავს ორიგენე `ქებათა ქების~ კომენტირებისას (Тროკრვთჭ Бმქომჭ მომ კრსსენითპმმ ნთ ვყე კნმგმ Вეიხრგრ მ Нრვრგრ Зთვეით, კნ. 2).
„მეფისტოფელის საუკუნე“ მხოლოდ მეოცე როდია და ნატა ვარადასეული დალამული საყდარი (მისილული ყარაჯა) სილაში ვარდის პოეტურ ჯუფთად აღიქმება (ნატა ვარადა, ყარაჯა დაილამაო, „ჩვენი მწერლობა“ №14, 2008.)
„ვპოვე ტ ა ძ ა რ ი შესაფარი, უ დ ა ბ ნ ო დ მდგარი~ უკვე თქმულიყო.
სილაში ვარდი ბრწყინავდა, უდაბნოში ტაძარი გეიმედებოდა.
ტატო შორიდან ესიტყვებოდა მეფსალმუნის სინათლიან ნატვრას:
`შევიდე სახლსა შენსა, თაყვანის-ვსცე ტაძარსა წმინდასა შენსა შიშითა შენითა, უფალო~ (ფს. 5, 7).
მეფსალმუნეს განემარტა ღვთაებრივი ლტოლვა-მოშრომის მაღალი მიზეზი: `შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე“ (ფს. 68, 9), თვითმფლობელი ნებით აღერჩია `მივრდომაი სახლსა ღმრთისასა“, რადგან, როგორც თავადვე ეზრახებოდა უფალს: `სჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ~ (ფს. 83, 10).
„ყარაჯა დაილამაო“ მაღალ დარდს და გამთანგავ შუქს იმარხავს.
მაღალი პოეზიის არსი, `დანიშნულება და საღმრთო ვალი~ დარდის შუქად ტრანსფორმირებაა (კონსტანტინ ბალმონტი ესეის `სიტყვა კალიდასაზე~ ეპიგრაფად პოეტისადმი მიმართვას გაიტანს: «Дთღ ნთს ჩულრ ზვრნკმხ ოტლმნ. Сმორღ სეპნრგრ ყიპთლთნტჭ ლთღ ნთს ხპთსძ მზრ ოტლთ».
`ყარაჯა დაილამაო~, საყდარი მიისილაო _ კონსტატირდება საზარი ფაქტი.
ტექსტს სრულად ამოვწერთ:
ყარაჯა დაილამაო, ეს-ემ-ეს-ს მწერენ
კლასელი ბიჭები.
ალავერდზე თეთრიც კი ყოფილა,
მაგრამ ოშკივით უბედური.
ვაბრუნებ პასუხად:
რა გინდათ, ერთგულად დაუმარხავს,
უპატრონია ბუტბუტა ალაზანს,
უდედატერეზა.
დაუმღერია დუდუნა საგალობელი,
ქვიშის ფარდაგი ამოუკეცავს.
აბა, წელს რაღა დროს,
დამდეგს კი საშოში ჩავისვამ ლაზარეს,
ცხრა თვეში მზის სინათლეს გამოვაჩენ
და უფალს მივაბარებ.
ოცი წელი ღმერთისა _ ერთი წამი.
ბიჭს საულვაშე შავად დაეღინღლოს,
არმაზის აბანოებს და ბაგინეთს მოვატარებ.
ყარაჯავ, დაფლული გულისკენ დავგეშავ
და თლილი თითებით ხელახლა აღმოგაჩენს.
შლამს რომ გადაგაცლის, შენამც ამოხედე,
უთეთრეს ღრუბელად ცას წელში გაემართე,
დედოფალ თამარის ფრესკებით გაანათე.
ალაზანს თავს ვახვეწებ:
ნესტიან უბეში კარგადაც შამინახე!
ყარაჯა საყდარი ლამს გადაუფარავს,
ჩვენი მოწყენილი, მუნჯი ბერიკაცი...
კლასელმა ბიჭებმა ქედი მოიხარეს.
ლაზარეს გავაჩენ!
`ყარაჯა დაილამაო~ ნატა ვარადას ლექსთა თვალთაიში ერთი მარგალიტია.
ნატიფი, დარდიანი ტექსტების პირველ პუბლიკაციას ავტორისეული _ დაწურული და ტევადი მინართავი უძღვის:
`დავიბადე ყვარელში. ბავშვობიდან დაკარგული ადამიანების დასაბრუნებლად პოეზია მოვიშველიე (კვლავ _ დარდის შუქად ტრანსფორმაცია _ ნ. კ.).
დავიწყების შიშით ყოველ წუთს და წამს ჩავინიშნავ ხოლმე და ასე იბადებიან ლექსები.
პოეზია ჩემი ერთადერთი მეგობარია. კონტაქტური ადამიანი არ ვარ და სათქმელს, ძირითადად, ფურცელს ვუმხელ.
ინტერნეტ-სივრცეში, წლებია, ვაქვეყნებ ნაწარმოებებს, მაგრამ _ ნაბეჭდი სახით _ პირველად.
ყოველთვის ვამბობდი, ჩემს შვილთან ერთად მეორედ დავიბადები-მეთქი, ახლა კი თითქოს ლექსებად ვიბადები.
თერთმეტ ივნისს 30-ის გავხდი.
ახლა უკვე სიბერეა.~
ავტორისეული მინართავი მშრალ თვითწარდგინებად როდი, მხატვრულ ტექსტად, უფრო _ მინიატურად აღიქმება, ან `ლექსივით მკვრივი და მუსიკასავით მეტყველი ნოველის~ (ლამარა კიკილაშვილი, `ეგეთად დარჩი...~, `მნათობი~ #3, 1992) მონახაზად _ მინართავიც პოეზიის ნასხლეტია.
ყვარელში დაბადება გულისხმობს მადლს _ ყვარლის მთების ჩრდილში `ქართვ(ე)ლად გაზრდა~, ალაზნის ტალღებში სიყრმიდანვე განათვლა უკვე წყალობაა (ქართული ცნობიერება ასე იაზრებს ამ წმიდა ალაგის მისტერიას).
ლოკალისა და ასაკის დაკონკრეტება პოეტს პატივს სდებს _ მადლს გზნებს ნატა ვარადა _ მადლს ალაგისა, მადლს ასაკისა.
ლექსებში საკრალურ სახელებად გაბრწყინდებიან `ალაზანი~, `ალავერდი~, `ოშკი~...
ეს ინტერნეტსივრცე როდია, სულისაა, სულის სახლი, პურის სახლი, სულის ბეთლემი (იმ დიდმა ყვარლელმა, ქართველთაგან გამორჩეულმა აკი ქართული ბეთლემის სილუეტიც მოხაზა!).
`ფუჰ, ეს არის ალაზანი?!~ _ გაწბილებითა და ტკივილით იკითხავს ნაირა გელაშვილის პერსონაჟი `დედის ოთახში.~
ალაზანი განსაწმენდელად აღიქმებოდა (იყო კიდეც), ოღონდ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართულ რომანში უღმერთო ჟამისაგან ჟამიერად გასვრილი მდინარე (ყოფიერების, მედინობის მარადი პარადიგმა) იჭვის, ტკივილის გესლს ჩაანთხევს ენდის სულში.
მაგრამ ბუნება თვითმკმარია, თვითგანმწმენდი. ალაზანიც.
ალაზნით გაწბილებული, ბაზალეთის განმწმენდ ზვირთს მოინატრებს ენდი.
ნატა ვარადას ლექსში ალაზანი უღმერთო ჟამის გადავლამდე სიწმინდის _ ყარაჯის საყდრის დამმარხველად გარდაისახება. პარადიგმა ტრანსფორმირდება.
`დალამვის~ მაღალ არსს პოეტი გაიცნობიერებს. გაცნობიერებული ტკივილი იმედს ესაძირკვლება.
ავტორისეული რემარკა ლექსების მინართავში (`ახლა უკვე სიბერეა~) ინტერნეტსივრცული, წამიერი წაწუწუნებაა.
`გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში~ ნატიფად ითქმოდა _ `კეთილი მოხუცებულებაი გონებისაი~, `ჯერკუალის~ განმგდებელი, `კეთილის~ შემწყნარებელი.
ოცდაათი წელი ის ასაკია, როდესაც პოეტი ისე უნდა შევიდეს ალაზანში, როგორც ოცდაათი წლის მაცხოვარი _ იორდანეში (`ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი~ _ იტყოდა მეფსალმუნე (ფს. 81, 6).
ინტერნეტსივრცის, მობილურის (და შემაძრწუნებლად `მობილური~!) ეპოქის პაროლი _ ეს-ემ-ესი პოეზიაშიც შემოიჭრება (არადა, აქ, თითქოს, არცაა მისი ალაგი _ აქ, სპილოს ძვლის უნატიფეს კოშკში) _ არქაულ, ლამის ფოლკლორულსათაურიანი `ყარაჯა დაილამაო~ ასე იწყება: `ყარაჯა დაილამაო, ეს-ემ-ეს-ს მწერენ კლასელი ბიჭები...~
მოკლე ტექსტური შეტყობინება ვარამს (ვარადას ვარამს, რჩეულთა არჩივს) დაიმარხავს _ ტკივილის ელდას, რომელსაც არც მოუხდება გრძელი დალაი, ან ხმით ნატირალი _ ჟამია სხვა, სხვანაირი _ გლოვა ფუფუნებაა.
მხოლოდ ფაქტი კონსტატირდება.
ეს-ემ-ესი ტელეფონში ან ინტერნეტსივრცეში, იქნებ, წაიშალოს კიდეც, ოღონდ _ არა გულიდან.
დაილამაო... სხვისი ნათქვამის `ო~ ტკივილს ამძაფრებს...
ეს-ემ-ესი ადრესატის გულში იმარხება და პოეტურ, ოქროვან სიტყვად გამოხურდება ვარამი.
მერე წარმოსახვაა _ `სინამდვილეთაგან ყველაზე უფრო დიადი~ (გ. დოჩანაშვილი), სინამდვილითვე ნასაძირკვლევი: ყარაჯა, თურმე, `ალავერდზე თეთრიც კი ყოფილა, მაგრამ _ ოშკივით უბედური...~
`ჭალიდან თეთრი გედივით ამოვარდნილი ალავერდი~ გურამ რჩეულიშვილისეული მხატვრული სახეა (საცნაურია, რომ ლია სტურუას პოეზიაშიც გედია თეთრი ეკლესიის მეტაფორა) _ კახეთის (სრულიად საქართველოს) ერთი სიწმიდეთაგანი, ქრესტომათიული ტკივილის დამმარხველი _ ვაჟას `ბახტრიონიდან~, აკაკის `ბაში-აჩუკიდან~ გადმოღვრილი ვარამისა _ ალავერდი _ გველეშაპშემოსალტული.
ყარაჯა _ `ალავერდზე თეთრი, მაგრამ ოშკივით უბედური~ რთული მხატვრული სახეა _ თეთრი სიწმინდის, ღვთაებრივი ყოვლისდამტევნელობის ფერია, შეუბღალაობის სინონიმი (და უფლის სახლი იმარხავს ამ სისპეტაკეს, განსხვავებით `კირით განგოზილი სამარეების~ საზარი სითეთრისაგან), `ოშკივით უბედური~ _ მიტოვებულობის, მრევლისაგან დაცლილობისა (ერთია სანუგეშო _ უფლის მადლით, ოშკის შემოგარენისაგან განსხვავებით, ყარაჯის სიახლოვეს `სხვა ხალხის ჟრიამული~ არ ისმის (თუ... არ გვესმის?!).
კლასელების ეს-ემ-ესი შემთხვევით როდი წარეგზავნება პოეტს _ უკეთესს.
ტკივილს მხოლოდ პოეტის გონი გამოახურვებს ნუგეშად, საპასუხო გზავნილი რომ დაიმარხავს:
რა გინდათ, ერთგულად დაუმარხავს,
უპატრონია ბუტბუტა ალაზანს,
უდედატერეზა.
დაუმღერია დუდუნა საგალობელი,
ქვიშის ფარდაგი ამოუკეცავს.
`ლექსის მეტრულ სხეულში ლირიკული გრადაციის მიზნით ნახევარსტრიქონებად იმსხვრევა სტრიქონი~ (შორენა ქურთიშვილი, `ჩამხედე ლექსში, როგორც თვალებში~, `ჩვენი მწერლობა~, 25-31 ივლისი, 2003) _ ელა გოჩიაშვილის უნატიფეს პოეზიაზე თქმული ესადაგება ნატა ვარადასეული ტექსტის მხატვრულ ქსოვილსაც.
ზმნათა ფორმების მონაცვლეობა (`დაუმარხავს~ და `უპატრონია~-ს თურმეობითი და `უდედატერეზას~ წყვეტილი მიდმოგონების (რუს. პთზსძშოენმე-ს ძველქართული ჯუფთი), განსჯის, ტკივილის ნუგეშად გამოხურვების (გავიმეორებთ ზემოთქმულს) რეფლექსიაა, პოეტური ანარეკლი.
მერე წყვეტილს კვლავ თურმეობითი ჩაენაცვლება: `დაუმღერია~, `ამოუკეცავს.~
`დაუმარხავს~, `უპატრონია~… განსჯის მდორე, დარდიანი მელოდიაა, `უდედატერეზა~ _ თავისი მოკვეთილი, მკვეთრი მახვილით _ უკვე დასკვნა, გროტესკის სანელებლით გაჯერებული _ რაც ადამიანებმა ვერ შეიფერეს, ვერ დაიცვეს, მდინარემ დაიმარხა.
ეს ლამი ლაფი როდი, საფარველია, `ნუ განმაშორებ საფარველსა შენსა~ _ ღვთისმშობლის სავედრებლის ერთი ვედრებათაგანი (ლოცვანი).
იქნებ, ეს ლამი იმ ღვთაებრივი სიგრილის და სინოტივის პარადიგმაა, მარინა ცვეტაევა რომ წერდა (ხეებს მიმართავდა (`ხე ადამიანის მოძმეა შუასკნელში~ (გ. გაჩევი, საქართველოს კოსმოსოფია, `არილი~ 9 მარტი, 1996, 2): `Лეჩმიე რქმლუ ვპესენმ აპრხოთლრღ ვეჩნრყიმ» (М. Цვეითევთ).
იქნებ, ალაზნის ლამიც, ყარაჯის ჟამიერ დამმარხველი, ჟამის წყენა- ტკივილებს მარადისობის სიგრილით განკურნავს?! (`ს ა გ რ ი ლ თ ა ფრთეთა შენთასა ვესვიდე~ _ ლოცვის შუქიანი ანარეკლია).
`დუდუნა საგალობელი~, ალაზანი რომ აღავლენს, ცის მელოდიას იმარხავს, ალაზნისგანვე ამოკეცილი ქვიშის ფარდაგი _ მიწისას.
ცის და მიწის ხიდად დაიმარხება ყარაჯა _ უკეთეს ჟამამდის.
`ეკლესიანი, ცათა მობაძავნი~ წარსულიდან გვწყალობებოდა უარესი ჟამის მკვიდრთ.
Uმაგრამ უკეთესი ჟამი რომ დადგება, `კეთილი მოხუცებულებაი გონებისაი~ უკარნახებს პოეტს.
მარადი ქალი, პოეტში დავანებული, უკეთეს გამოსავალს, გზათაგან უპირატესს იპოვის ტაძრის აღდგინების, სულიერი აღორძინებისათვის:
წელს, აბა, რაღა დროს,
დამდეგს კი საშოში ჩავისვამ ლ ა ზ ა რ ე ს...
შემთხვევით როდი სწორედ ლაზარეს _ მკვდრეთით აღმდგარს, აღდგომის ღვთაებრივი მისტერიის დამტევნელს (მითოლოგიური შრეც გაილანდება _ ლაზარე _ მიწისა და ლამის `პირმშო~, `ამინდის გამოსაწვევი რიტუალის პერსონაჟი~ _ ქსე, ტ. VI).
ლექსი ბიბლიის (და მითოლოგიის _ პროფეტული აზროვნების) ლაკონურობას დაიმარხავს, გამეორდება შობისა და ადამიანის ღვთაებრივი `დანიშნულების და საღმრთო ვალის~ გაცნობიერებისა და აღსრულების მისტერია: ცხრა თვეში სამზეოზე ამოჩენილ ლაზარეს დედა _ პოეტი, მარადი ქალი, ერის სულის კვინტესენცია უფალს მიაბარებს (სიბრძნეთაგან უღრმესი სიბრძნე _ უფალს მიაბარეს ქალწული მარიამი, იოანე ნათლისმცემელი...).
`მიუტევე უფალს ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ~ (ფს. 54, 22) _ მეფსალმუნე ლაკონურია და მანუგეშებელი.
ლაზარესაც უფალს `მიუტევებს~ (მიაბარებს) ყარაჯაზე მონაღვლე.
გამეორდება მისტერია:
`ცხრა თვეში მზის სინათლეს ამოვაჩენ~ _ ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობითაც წაიკითხება _ მზის სინათლეზე ამოჩნდება ლაზარე და გადატანითითაც, ალეგორიულადაც _ მზის სინათლედ თავად ლაზარე გაბრწყინდება.
ლაღია პოეტი ალეგორიულისა და რეალურის სამანზე (ასოციაცია: `განა ლაღია, რომ (მღერის)?!~ მაგრამ ვაჟას ყველაზე ტრაგიკულ ლექსებსაც `სიმღერა~ ჰქვია...).
Dღვთაებრივი სიმშვიდე დაივანებს სულში, სტრიქონში ჩაიღვრება _ `ოცი წელი ღმერთისა _ ერთი წამი~ (`წელი ათასი წინაშე თვალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა~ (ფსალმუნი 89, 4-5)].
უფალს მიბარებულ, უფლის `წილ~ ჭაბუკს დედა (პოეტი და, იმავდროულად, მარადი დედის პარადიგმა) არმაზს და ბაგინეთს (ოშკ-ალავერდივით საკრალურ, საქართველოს გულისგულის, გულისცემის დამმარხველ სიწმინდეებს, საწმიდარს) მოახილვინებს (შდრ. `რაჟამს იგი (უფალი _ ნ. კ.) ლაზარეს აღადგენდა, ლ ო ც ვ ა დ დადგა~ (იოანე ოქროპირი, თარგმანებაი მათეს სახარებისაი, I).
წმიდა ალაგნი საკრალური მადლით აღავსებენ ღვთაებრივი ყრმის სულს და, ყარაჯის `დაფლული გულისაკენ დაგეშილი~ ლაზარე (მკვდრეთით აღმდგარი ქვეყანა) თლილი თითებით გადააცლის შლამს სიწმინდეს.
`თლილი თითების~ კონსტატირებაც საცნაურია. ჯერ კიდევ ქართული მწერლობის უმკვიდრესი ლიბოს _ აგიოგრაფიის ესთეტიკური პრინციპებიდან გამომდინარე, `სხეულიდან მხოლოდ ხელები და თვალები მიაჩნდათ სულის გამომხატველად, ადამიანის ხელებს ეტყობაო სულის მოძრაობა, თვალები სულის სარკეაო~ (რევაზ სირაძე, ქართული აგიოგრაფია).
ბაგინეთ და არმაზმოვლილ, ქრისტიანობამდელი და ქრისტიანული საქართველოს საწმინდარების მომლოცველ ყრმას საფიქრალსაც დედა განუსაზღვრავს.
`ყარაჯავ, დაფლული გ უ ლ ი ს კ ე ნ დ ა ვ გ ე შ ა ვ~ _ უზუსტეს სიტყვებს იპოვის პოეტი.
`ვზი მზრდელად სიყვარულისადო~, _ ერთი და იმავე ფრაზა-კონსტრუქციით იტყოდნენ მაღალ სათქმელს ნესტანიცა და თინათინიც...
`გულისკენ (სიყვარულისთვის) დამგეშავი~ და `მზრდელი სიყვარულისა~ _ ქართველი ქალი ჟამის ლამში იმარხავდა საღმრთო ნიჭის, საღმრთო მადლის _ სიყვარულის და მსახურების, სიყვარულით მსახურების მზიურ ნაღვერდალს.
ტრაგიკულ, ტკივილიან, მაინც იმედის შუქით გალიცლიცებულ სათქმელს ლექსის მხატვრული ქსოვილი ამოამზევებს.
თლილი თითებით ხელახლა აღმოგაჩენსო ლაზარე, წმიდათაწმიდას _ საყდარს, უფლის სახლს აღუთქვამს ქალი _ დედა ლაზარესი, ზურაბისა, ბაზალეთის აკვანში ჩაკრული ჩვილისა...
Uუცხოელის აზრით, `ყოველ ეპოქას ხელახლა უხდება თავისი სულიერების პროექტის გამოგონება~ (სიუზან სონტაგი, დუმილის ესთეტიკა, `ხელოვნება~ #5, 1990).
ქართული `სულიერების პროექტი~, ალბათ, გამოსაგონებელი როდია, მხოლოდ _ გასახსენებელ-გასაფრთხილებელი _ `დასამარხველი~, რადგან, როგორც გიორგი ათონელი განუმარტავდა თეოდოსი პატრიარქს, `წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ და, ვინაითგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებასა მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი... ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ~ (გიორგი მცირე, გიორგი ათონელის ცხოვრება).
ბაზალეთის ტბაში თამარს აკვანი ჩაუდგამს, ალაზნისაგან დალამულ ყარაჯაში მეფექალის ფრესკები ანათებს...
უცვლელია `სულიერების პროექტი.~
ფოლკლორული ტექსტის ყუჩ სურნელს ამოიყოლებს სტრიქონები, დალამული საყდრისადმი ვედრებად აღვლენილი:
შლამს რომ გადაგაცლის, შენამც ამოხედე,
უთეთრეს ღრუბელად ცას წელში გაემართე,
დედოფალ თამარის ფრესკებით გაანათე.
ალაზანს თავს ვახვეწებ: ნესტიან უბეში
კარგადაც შამინახე...
სურამის ციხე ერის სულს იმარხავს. ალაზანიც დაიმარხავს, დალამავს ყარაჯას, როგორც ბაზალეთის ტბა _ ნაოცნებარ აკვანს _ ჟამამდის.
ორივე ყვარლელი წყალში `დამარხავს~ საწმინდარს _ თამარისეულ აკვანს, თამარისეულ ფრესკებს...
მარადიული პარადიგმები მხატვრულ სიტყვაში დაიმარხება.
ვარადასეული ყარაჯა _ `მოწყენილი, მუნჯი ბერიკაცი~ `ძველი დღის~ ხატებასაც დაიტევს _ `ნიკოლოზ გულაბერისძის `საკითხავის~ მიხედვით სვეტიცხოველი ანუ ნათლის სვეტი გამოხატავს `ძველ დღეს~, ანუ მამა ღმერთს... სვეტიცხოვლის სახეა `მოხუცი კაცი~ _ თხზულების ბოლო ნაწილში ვკითხულობთ: ღვთისმოყვარესა ვისმე სარწმუნოსა კაცსა, თავადსა საყდრის შვილსა, ქადაგსა მას ღამესა ძილსა შინა ეჩვენა სუეტი ცხოველი სახედ მოხუცებულისა ბერისა კაცისა.~
`მოხუცებული კაცი~ სვეტიცხოვლის სახეში მისტიკური ხილვაა, რომლის წარმოსახვაც მასთან სულიერ ზიარებას გულისხმობს, ანუ გულისხმობს სასწაულის მომლოდინე ლიტურგიკულ ცნობიერებას. ...`მოხუცებული კაცი~ სვეტიცხოველზე ანუ ეკლესიაზე ამბობს _ `ჩემი საყდარიაო~ (რევაზ სირაძე, ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა, I).
რაც შეეხება ბერიკაცის `სიმუნჯეს~ _ ანუ დალამული საყდრის მდუმარებას, იოანე ოქროპირი განმარტავს უკეთ: `დუმილიცა მისი (ოქროპირი გულისხმობს მაცხოვარს _ ნ. კ.) სწავლაივე იყო~ (იოანე ოქროპირი, თარგმანებაი მათეს სახარებისაი, I).
მთავარი ცოდნა მისტიურ ფორმულად ჩამოწურულიყო, დამამშვიდებელი, მანუგეშებელი: `დ ა მ ა რ ხ უ ლ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მესიისა საწამებელად...~
და ესე ენაი მ ძ ი ნ ა რ ე ი არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლ ა ზ ა რ ე ჰქვიან...~
უცნაურად თანხვდებიან იოანე-ზოსიმეს საგალობლისა და ოცდამეერთე საუკუნის ქართული ლექსის პარადიგმები.
დამარხულიყო ენა, დალამულიყო საყდარი _ ჟამამდის...
(`უფალო, ვიდრემდის?~ _ ფსალმუნში გაკრთება ტკივილიანი კითხვა (ფს. 6, 3).
ეს-ემ-ეს-ის წარმომგზავნელნი _ ყარაჯისავე მრევლი _ პოეტისაგან `ნუგეშსა ამას მიიღებს~ _ პოეტი ლაზარეს `გააჩენს~ _ გამეორდება აღდგომის მარადი მისტერია...
ესემესურ, მატიანურ, კომენტარის დამმარხველ (კომენტარი _ `მართლგამომეტყუელებაი~ (იოანე ოქროპირი, თარგმანებაი მათეს სახარებისაი, I) სტილთა ნატიფი ურთიერთშერევა ლექსის განსაკუთრებულ მხატვრულ ქსოვილს ქმნის. მოკლედ თქმულ სიტყვაში დამარხული სატკივარი კონტექსტიდან სისხლად (და შუქად) ჟონავს.
იგივე ტკივილი _ ტაძრის ჟამიერი `დალამვისა~, სიწმინდის `დამარხვისა~ ვარადამდეც დაემარხა ქართულ მწერლობას.
`ქართული ტრადიციული ხედვა ტაძარს იმთავითვე ინტიმური თვალით უყურებდა _ ანუ როგორც ღმერთისა და თავის საერთო სახლს~ (ჯანრი კაშია, უბისა, ანუ რენესანსი `ურენესანსოდ~, `მნათობი~, #5, 1990).
კუმურდოსაკენ დაძრულიყვნენ სიმონ ჩიქოვანი, აკაკი ბელიაშვილი, სერგო ზაქარიაძე _ ოთარ ჩხეიძის ნოველა `კუმურდოში~ გაჯერებულია ტკივილითა და სევდით, სიწმინდეს მიახლების მოსურნეთ რომ დაუფლებია: `სიმონს არ უნდოდა, გამოსულიყო ბურანიდანა იმა დროისა, ოშკის დროისა (აქაც ოშკის სილუეტია _ ნ. კ.), ხახულის დროისა, კუმურდოს დროისა, არ უნდოდა და არც გამოდიოდა. იგონებდა: `შეწევნითა ღვთისათა იოვანე ეპისკოპოსმან დადვა საძირკველი ამის ეკლესიისაი ხელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისაითა~... საკოცარი რქმევია ხუროთმოძღვარსა და აუგია საოცარი~ (ოთარ ჩხეიძე, ჩემი სოფლის ეტიუდები).
თქეში მოუსწრებთ (ნატა ვარადასთან ლამია, ოთარ ჩხეიძესთან _ თქეში _ ნ. კ.).
...გადაკარების იმედით (საცნაური პასაჟია!), ტაძარს შეეფარებიან `სხვა საუკუნის მგზავრნი გვიანნი~, უღმერთობას განრიდებულნი,Mმაგრამ ტაძარშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ: `მორღვეულიყო თითქოს ყველაფერი, ჩამოქცეულიყო ერთპირიანადა. ესეც ვიცოდით, სხვაც გვენახა, ბევრი... გვენახა გუმბათჩალეწილი, შელახული და შებღალული, არათუ ძველი შებღალული, რა თქმა უნდა... იყო უარესი, შემზარავი... განაცვიფრებდა თვით ჩვენივე მემატიანეთა~.
`არათუ ძველი შებღალული~ _ ხშირია ეს დეტალი ქართულ პროზაში. რევაზ ინანიშვილის `განდეგილში~ დახატულ `მამა რაჟდენის~ ქვაბულში მეთოთხმეტე საუკუნის, მეთექვსმეტეში განახლებულ `ფრესკებზე, ფერებჩამაგრებულზე კახთბატონის _ ალექსანდრეს ბრძანებით, მაცხოვარს თვალები აქვს დათხრილი. ეს უკვე, ეჭვი არავის ეპარება, ჩვენი საუკუნის ოციან წლებში არის ნამოქმედარი~ (რევაზ ინანიშვილი, პატარა ბიჭი გოლგოთაზე).
Uუსახურავო ტაძარი იავარქმნილი ქვეყნის უგამჭვირვალესი მეტაფორაა.
რეზო კვესელავას მოგონებიდან: თენგიზ აბულაძეს უსახურავო ტაძარი შეურჩევია იავარქმნილი ქვეყნის ხატებად ვაჟას პოემების ეკრანიზაციისას _ `გადავწყვიტეთ, ბაგრატის ტაძრის ნანგრევები გვენახა. მით უმეტეს, რომ ზოგი სცენა მომავალი ფილმისათვის აქ უნდა გადაგვეღო. ჩვენთვის ბაგრატის ტაძარი წარმოადგენდა საქართველოს სიმბოლოს. მას სცენარში ერქვა `ჭერახდილი სახლი.~
რ. კვესელავას ნ. ბერდიაევის სიტყვები წამოაგონდება: «В ჩეს აპმიჭგმვთბწთჭ ნთყ ითღნთ პთზვთომნ? В არქელე Вეჩნრყიმ ნთლ Вპესენეს» (როგორ იქმნებოდა `ვედრება~, `სინემა~ #4, 1991).
`ჭერახდილი სახლის~, იავარქმნილი ტაძარ-ქვეყნის მკვიდრთა მძაფრ სულიერ ტკივილს წარმოაჩენს ოთარ ჩხეიძე:
`ვიდექით, ვიდექით აწურულნი, თუ გაწუწულნი, რო არ ვიცოდით, თუ რა გვეღონა~ (`კუმურდოში~).
`ცოდვათა შინა განფრდილნი~ (იოანე ოქროპირი, I, 241] `ხატის მოედანზეც~ კი სახლდებოდნენ, კადნიერად იტყოდნენ უღმერთო სათქმელს: `ხატზე დიდი მე ვარ. თუ სადმე ხატი არსებობს, გამოვიდეს და ან გამოირეკოს თავისი ეზოდან ძროხები. მე შემიძლია, ავიდე და აი, ის გამოხრული ხე იქით მხარეს გადავაქციო, მაგრამ არ გადავაქცევ. ხო ხედავთ, რომ საყდარს დაეცემა. ჰოდა, თუ ჩემზე დიდია, აიცილოს თავიდან~ [გოდერძი ჩოხელი, შავი არაგვი).
`განა შენსავით ცოდვიანია~, _ მიუგებს სოფელი.
ხეპრული დემონსტრირება `ძალმოსილებისა~ `არახალია.~
`თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი~ (13, 1) _ ფსალმუნს დაემარხა.
ვარსქენიც დაცინვით ეუბნებოდა შუშანიკს: `არა გერგო შენ ეკლესიაი შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი და უფალი იგი მათი~ (იაკობ ხუცესი შუშანიკის წამება).
აბოსაც არწმუნებდნენ: `რაი სარგებელ გეყოს შენ ქრისტე იგი შენი?!~
ხატზე უფრო ძლიერად უგუნურთ თავი იმიტომ წარმოუდგენიათ, სალოცავისკენ წამოხრილი ხის სხვა მხარეს გადაფერდება რომ `ხელეწიფებათ~, მაგრამ ამასაც ამადლიან წმიდათაწმიდას.
სინათლედ იღვრება სტრიქონი: `ხალხის უმეტეს ნაწილს სჯერა, რომ ის ხე საყდრისკენ არ გადმოიქცევა~ (გოდერძი ჩოხელი).
ეს რწმენაა, ცოდნის `სიცოფეს~ აღმატებული...
საუკუნეების არმურიდან აღწევს ვედრება-გაფრთხილება:
`უფალსა ჰნებავს დამკვიდრებად ასოთა შინა თქვენთა, ვითარცა თქვა წმიდამან მოციქულმან პავლე, მოძღვარმან ეკლესიათამან, ვითარმედ: ტაძარნი ხართ ღმრთისანი და სული წმიდაი დამკვიდრებულ არს თქუენ შორის და უფალი იტყვის წინაისწარმეტყველისა მიერ: მე მოვიდე და დავიმკვიდრო თქუენ შორის~ (იოვანე საბანისძე, აბოს წამება).
დალამულ ტაძარში ნაღვერდალივით ღვივის ღვთაებრივი სული _ ჟამამდის დამარხული, ამომზევების მომლოდინე.
ყვარელში დაბადებული უდიდესი ქართველი იტყოდა: `თვითეული ცემა გულის ძარღვისა გვჭრის და გვაწყლულებს ჩვენ და ჩვენი სიცოცხლე ჭრილობით ამ სისხლის შეუწყვეტელი დენა იქნებოდა, რომ ქვეყანაზე პოეზია არ ყოფილიყო~ (ილია ჭავჭავაძე).
`ქვეყანაზე პოეზია არის.~
ლამიდან ამომზევდება სიტყვა _ `საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი.~
P. შ. `ყარაჯა დაილამაო~ ერთი მარგალიტია ლექსთა თვალთაიდან.
ღვთიური შუქით ლიცლიცებენ სხვა მარგალიტები (თუნდაც _ უნაზესი `რაქელ~, უსაზმნო ტკივილით გაჯერებული, ბეთლემისა და რამას საგოდებლის დამმარხველი).
`ნატა ვარადას სამყარო, ის, რაც ამ ლექსებიდან შეიცნობა, ატარებს ფარულ, ან იქნებ ნახევრადგამხელილ განწირულობის ტონალობას~ (გივი ალხაზიშვილი, უცნაური `ქორწინება~, `ჩვენი მწერლობა~ #14).
`თქვენთან ყველაფერი ლამაზია, თავადის ასულო _ მინდორიც, მთაც, ქვებიც, ბალახიც~, _ ეტყვის გერმანელი არტური თექვსმეტი წლის ქართველ გოგონას რევაზ ინანიშვილის ნოველაში `სამგორი~ (რევაზ ინანიშვილი, პატარა ბიჭი გოლგოთაზე).
`_ რადგან ყველაფერს განწირულობის შუქი ადგას, არა?!~ _ ტრაგიკული და დიდებულია თავადის ასულის პასუხი.
`დევნილ-ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ~ (გავიმეორებთ ზემოთქმულს) _ `განწირულობის ტონალობას~, `განწირულობის შუქს~ იმედის ვარვარა სინათლე ჩაენაცვლება. `სასოებამან არა არცხვინის~...
`...მხურვალება ქვიშაზე კვნესის. Uუნდა რომ სული არ მიისილოს~...
სული არ უნდა მიისილოს, აკი
`შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო, სულო, ჭაობზე უნოტიესო... სულო, იმ ცეცხლზე უმხურვალესო... სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო~ (გალაკტიონი, ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა).
რა ზუსტია ცვეტაევასეული: `Кთკ აოთსენნრ ვ ოთზუპმ~... სული ოქსიმორონია _ მეწამულის და ლაჟვარდის იდუმალი ჯუფთობის დამმარხველი.
…
ბიბლიური დარდი და ბიბლიური შუქია ნატა ვარადას ულამაზეს პოეზიაში, ჩუმად რომ უნდა იკითხო და ღმერთთან _ სიტყვასთან განმარტოვდე, სიტყვას გაუყუჩდე.
...ფსევდონიმი მეგონა ვარადა.
`ლიტერატურული პალიტრის~ პუბლიკაციის მინართავში დაკონკრეტებულია: `თითქმის აღარც მახსოვს, რომ ვარადაშვილი ვარ (ალბათ, არც ფიროსმანს ახსოვდა, რომ ფიროსმანაშვილი იყო _ ნ. კ). ასე იცის ლიტერატურულმა თამაშმა~ (#4, 2009]).
`ლიტერატურული თამაში~ როდია `თამაში რიოში მარგალიტებით.~
ნატა ვარადას სხვა მარგალიტი სწყალობებია _ `ვაჭარნი სასუფევლისანი~ რომ მოინატრებენ. გვარადაც _ მადლი `ჟრუანტელის მომგვრელი ვაჰრადასი~ (კონსტანტინე გამსახურდია, მთვარის მოტაცება)...
ნამდვილი პორტრეტი ჩემი სულისა:)
ReplyDelete