წითელი ბონსაი

ბექა ლონდარიძე



წითელი ბონსაი
ნატა ვარადას ლექსები


ბონსაი - დეკორატიული, მომცრო ზომის ხე ან მცენარე, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივ პირობებში არსებული ხის მთელი სილამაზე...

ფეერიული და არსობრივი - ორიოდე სიტყვით, ასე შემიძლია დავახასიათო ინდივიდუალური პოეტური სტილის მქონე ეს ავტორი. იგი შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, რაც გემოვნების საკითხია, მაგრამ შეუძლებელია, არ გამოარჩიო ათას ხმაში, რომელსაც თანამედროვე ქართული პოეზია გამოსცემს. მისი პოეტური სიტყვა, ესაა შემოქმედებითად დამუშავებული ფოლკლორის, მითების ”დეკორში” განხორციელებული თქმულება ადამიანზე - ჩვენი, ”ყოვლისშემძლე” ღმერთ-კაცების სულიერი თავგადასავალი; ერთგვარი სათვალთვალო ჭრილი, ”ხარის თვალი” ჩვენივე საძინებელში, რომლითაც საკუთარ თავს ვაკვირდებით - ყოფითი სამოსის, პომპეზურობის გარეშე დარჩენილს... ასეთია ნატა ვარადა.

”შენ,
ნუ ენდობი ჩემს წარმოსახვას,
ის ცრუა, მე მგავს. ჩემს ბერწ საშოს ტყუპისცალივით
ჩამოემსგავსა.”

რა თქმა უნდა, მხატვრული წიაღი თავისთავში მოიცავს ტყუილს - წარმოსახვის ნაყოფია. ამ სამყაროს ასლს ვერ მიაკვლევ ყოფით გარემოში. მაგრამ, ობიექტურ რეალობაში არსებობა, სულაც არ ნიშნავს, რომ მის არსებით მხარეს ხედავ. ეს ავტორსაც კარგად ესმის. და ნუ ვიქნებით იმდენად გულუბრყვილონი, არ ვენდოთ - ხაფანგში ნუ გავებმებით. ყოველდღიურობაში ყოფიერების არსი იფარება საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანის მიკერძოებული ემოციური მიმართებებით, ადამიანური სუბიექტივიზმით; მხოლოდ ნიჭს თუ ძალუძს გაარღვიოს ეს “პირადი” და ნამდვილი, არსებთი სივრცე დაგვანახოს .

“არსებით სივრცეში”, სადაც ნატას ლირიკული გმირები ცხოვრობენ, თვალშისაცემია უნაყოფობა, სიკვდილის სიახლოვის განცდა... ”ხელისგულები მაგნიტივით ამოაკარი მიწისქვევიდან, / დაატოლე ჩემს ფეხისგულებს” ( ”წითელი ვაშლი გაგორდა” ) - ავტორი ტოლობის ნიშანს სვამს მიღმიერ და არსებულ სამყაროებს შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიკვდილის პრიზმიდან იწყებს ყურებას - აქედან კი ყველაფერი “თავდაყირა” ჩანს. და ირკვევა, სინამდვილეში, ეს ჩვენ, ცოცხალი ადამიანები ვართ ისინი, რომლებიც მიწაზე მყარად და ფეხებით კიარა, ხელებით ვდგავართ ანუ არსებითად მკვდრები ვართ, ჩვენი სულდგმულობა მხოლოდ ილუზიაა:

”არც რა. ეს უცხო ქალაქის ცაა და
შინაური ბეღურები ქსოვენ განთიადს.
სახლები წვანან თევზებივით და გონდოლები
მესაჭეებს წყალში ძირავენ.
არა, ფილაქანს თუ ამოვარდნია ქვები თვლებივით
და უჩირქდება გუბეს ჭრილობა, რა?
ბაღს, სადაც ერთგროშიან დრამას მართავენ,
იცავს ცერბერის ფორმიანი კარისკაცი და
არ შემესვლება.
ეს განა რამე. არა. შენ, ხელისგულები
დამატოლე გადაყვლეფილ ფეხისგულებზე -
მტვრის ბუღში გახვეულ
სოფლის გულყვითელა სასაფლაოს მიწის პირიდან
ამომწვდი,თორემ, სადაცაა ცას გაჭიმული ძაფი აწყდება -
და ეცემა შენი გოგო”

განწყობები, რომელთაც ნატა ლექსების სახით აგროვებს, არგუმენტირებულია; ავტორი შეძლებისდაგვარად იცავს ბალანსს , ახერხებს, არ გადაიხაროს დიდი დოზით რაციონალური ან ირაციონალური მიმართულებით - დროში თანმიმდევრულად მონაცვლე და კანონზომიერად ურთიერთდაკავშირებული ხატების/მოვლენების გვერდით, მკითხველს მინიშნებების სახით აძლევს გრძნობის სათავეს ( ”ბაღს, სადაც ერთგროშიან დრამას მართავენ, / იცავს ცერბერის ფორმიანი კარისკაცი და / არ შემესვლება.” - ხაზგასმა ყოფის აბსურდულობაზე ); მხატვრულად განხორციელებული გრძნობის ობიექტის დადგენა მიმდინარეობს არა მხოლოდ მისი განცდის, არამედ გააზრების საშუალებითაც. განცდა და გააზრება მასთან სინთეტურად ხდება. აქ ავტორს ეხმარება ადამიანის კარგი ცოდნა - უპირველესად, შეცნობილი საკუთარი თავი, რაც მკითხველის თვალში გულწრფელობას მატებს პოეტურ ტექსტებს. ნატას შეუძლია თავი დააღწიოს მანერულობას, შიგნიდან განჭვრიტოს და უკიდურესად პირადი გრძნობაც კი საერთო, ნაცნობ ტკივილად დაგვისახოს:

”მტკივნეულია ქვასთან ბაასი. არაფერია _ "ქვათა ღაღადი”.
რა გითხრა პაპი, აბა ახალი? ძველია იგი მივიწყებული.
დავდივარ მარტო, მსგავსი ფოთლისა, ნოემბრის ბოლოს სევდაგამკრთალი.
"მოფრინდნენ მარტის დილას მერცხლები და ოქტომბერში უკან გაფრინდნენ”.
ვენახს მივხედე. თხილი დავფიწლე.
11 ივნისია - დღეს გაჩნდა ნატა... მიყვარხარ პაპა. შენი ნაწერი დღიური მიყვარს.
მე მომენატრე, სად გნახო ახლა? პაპული, სად ხარ?
მე ჩუმად ვტირი. სიცხით ავად ვარ. იცინის ჩემზე მზია არიფი.
-ბანგუნა, ბანგუნიი, - მესმის შენი ხმა. შენ ვერ მოდიხარ? მაშინ მე მოვალ.
გამოვყვები ჩვენი სოფლის ოღრო-ჩოღრო ორღობესა. შევაღებ დაჟანგებულ, ჭრიალა კარსა სასაფლაოისა და ერთმანეთში ჩახლართულ ნაძვს და იასამანს წავადგები თავზე.
მათ ქვეშ კი... შენს მაგივრად, შენი საფლავის ქვა დამიხვდება გამოჯგიმული.”

ზემოაღნიშნული ეკუთვნის ნატას ლექსების საუკეთესო ნაწილს: ”წითელი ბონსაი”, ”Marka. ნიმფა არკადიას ჩრდილში”, ეროტიული გზნებით სავსე ”ამხსენი წყევლა”, ”ფონი ოკეანე” და სხვა, სადაც ნატას პოეტური სიტყვა მეტაფორულია, ხოლო თავად ლექსი - მრავალუცნობიანი მხატვრული განტოლება, რომლის ამონახსენის ( ამონახსნების ) მოძიება არცთუ იოლი საქმეა; დინამიურად მოძრავი, ფეერიული მხატვრული პასაჟებითა და ძლიერი რიტმით დაღდასმული მისი ლექსები არ გაძლევენ ყურადღების მოდუნების შესაძლებლობას.

კიდევ ერთი ნიშანი ნატას შემოქმედებითი ბუნებისა მისი დამოკიდებულებაა სიტყვებისადმი. ლექსიკური თვალსაზრისით მისთვის არ არსებობს აკრძალვები - არსებობს ის სიტყვები, რომლებიც თავისი შინაარსობრივი თუ კონოტაციური მნიშვნელობით ყველაზე უკეთ შეესაბამებიან და გადმოსცემენ, ავსებენ მხატვრულ გრძნობას. მის ლექსებში იმავე დანიშნულებას იძენს გრაფიკა და პუნქტუაცია, რომელიც, რიგ შემთხვევაში, ტროპული მეტყველების მექანიზმია. სიტყვის მნიშვნელობის ასიმბოლირებასთან ერთად კი, არცთუ იშვიათია, როცა მხატვრული გამოსახვისთვის ავტორი მიმართავს სიტყვის ხმოვანებაზე აქცენტირებას და ქმნის ალიტერაციებს. ამ ხერხმა მასთან შეიძლება მთლიანად გაჟღინთოს ლექსი ( ”აბი” ) :

”მო, მე აბი, ღია
ცისფერი, ცის ფერი შემირჩიე,
ფერი, მიფარე - კლეპტომანი,
კოსმონავტი,
ანტი.
ხელისგულზე დავისვამ ღამის
მიტოვებულ ვარსკვლავებს,
ციმ ციმ.”

- ან ლექსის შემადგენელ მხატვრულ ერთეულად იქცეს:

”ჩიხ-ჩიხ,
ახლა უკვე ფრთა აშლილსა
ვეღარც მნახავ, ვეღარც გნახავ.
ამ ქალაქის გზები
აღმართ-დაღმართისა,
დაივიწყე.
რა კარგია, ჩაესახლე ახალ სამყაროს,
შეხვედრის შიში
გადამფრენ ჩიტებს გადაყვა,
სული სულ.

რა უთავბოლოდ
ერთმანეთში ვიკარგებოდით

სულ-სულ

ჩიხია.”

- ლექსიდან ”გაორებები” - ლექსი, მნიშვნელოვანი იმითაც, რომ ატარებს მითოსურ ელემენტს, ცისა და მიწის ”აღმართ-დაღმართის” გზებზე მოარული, შინაგან სიმშვიდეზე ”მონადირე” ლირიკულ გმირის ტრაგიზმს; ღვთიურისა და მიწიერის ვერშეჯერების პროცესს, - რაც დღევანდელ, სულიერებისა და აზროვნებისგან ანუ თვითშემეცნების რთული პროცესისგან გამოფიტულ, პრიმიტიულ გარემოში საინტერესო კუთხით აჩვენებს ავტორს.

პოეტის მსოფლგანცდას, რომელიც, ჩემი აღქმით, მოიცავს უსიყვარულო გარემოში არსებული და საკუთარ ბერწ, ასევე სიყვარულის ვერშემძლე ”მეს” დაპირისპირებული სულის თვითგადაბადების, თვითაღზრდის მცდელობებს ( ”სასწაულის ჯერ კიდევ მჯერა, / შეგინახავ საშვილოში, / იქნებ მკვდრებს მაინც შეგვიყვარდეს ერთმანეთი, / და ყვავილებად გადავიშალოთ.” – ”სარკოფაგი” ), ერწყმის და ავსებს ქრისტიანული ხედვაც. ეს უკანასკნელი არ არის ზნეობრივი იმპერატივების მატარებელი და ვერც იქნება, რადგან შემოქმედებითობა თავისი არსით გამორიცხავს რაიმე სწორხაზოვნებას. რელიგიური თემატიკა, აირეკლება რა შემოქმედებით სარკეში, ნატასთან ქმნის ალტერნატიულ ”სახარებას” (”სასძლოს გალობა”):

”შენ, ჩემი იესო ხარ, ლამაზო კაცო..
მხრები, მკლავებზე ნაკვეთი კუნთები -
მექალწულეს შესაფარი გუმბათია.”

ეს პასაჟი არ ემსახურება მხოლოდ ზეციური საქმროს მომლოდინე ქალწულის სახის გამოკვეთას. მაცხოვარის ფიზიკურ მონაცემებზე აქცენტირებით ხდება მისი ხატის ეროტიზირება, რაც არ არის შემთხვევითი. საქმე იმაშია, რომ ეროტიზმი ავტორთან არაერთგზისაა გააზრებული, როგორც სიცოცხლის მბადი საგანი, მხსნელი უნაყოფო გარემოში მოხეტიალე სულისა: ”ზურგზე ფრჩხილების ნაკაწრებით / წარსულს ჩავკიდო; / მდინარის ნაპირს გამოერიყოს / გაზაფხულზე, / წყალდიდობისას... / დამილეწე ჭიშკრის კლიტენი, / შიგნით შებრძანდი!... / ძუძუს კერტების დაგემოვნებით, / ამხსენი წყევლა!” ( ” ამხსენი წყევლა”); ”პატარ-პატარა ბიძგებით, / დიდი სიკვდილები დამიმსხვრიე, / პრიმიტიულად და ყირამალა” ( ”გაორებები” ) - სიკვდილის დამმარცხებელი; აშკარა ალუზია მაცხოვარზე.

ნატა ვარადას პოეზია საყურადღებოა. ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს მას, არ იცნობს გამორჩეულ ხმას, რომელიც ეს ბოლო წლებია, როგორც ინტერნეტ სივრციდან, ასევე, ბეჭდვური გამოცემებიდან გვესმის. მისი პოეზია ღირებულია თავისი არამარტო ორიგინალური მხატვრული სილამაზით, არამედ სამყაროსადმი მართებული დამოკიდებულებით, რაც გულისხმობს სინამდვილისთვის თვალის გასწორებას და გარემოს ადეკვატურ გააზრებას.

”ნეაპოლის ცა მოწმენდილია -
მარია ამალია ქრისტინა.
იქნებ ქვევით ჩამოგეხედათ,
სადაც ვცხოვრობთ,
ქვევით,
ქვესკნელში.”

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო