ოთხი კიდე და სამი მდინარე

ნინო სადღობელაშვილი



ნატა ვარადას  „კათაკმეველთა”

ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, ვიდრე სამყაროს ჯერაც დაბადებისდროინდელი ყიფლიბანდი არ აშრობოდა, მის ყოველ საგანსა თუ მოვლენაში ალბათ საერთო სული იდგა. ალბათ სწორედ ეს სული იძვროდა კაციდან ხეში, მთიდან – მდინარეში; ალბათ ადამიანი არასდროს ისე ძალიან არ მგვანებია ბუნებას, როგორც მაშინ, როცა იწყებდა.
აი, წარმოიდგინეთ, ადამიანზე ყვებოდი და, გეგონება, შენს წინ მდინარემ ჩაიარა, ან მთა გადაადგილდა, ან ბალახმა ნაზამთრალი მიწა მოიცვა..
ეს ყოველივე გემრიელი ფიქრია. Gგემრიელი ხსოვნაა, რაც დღეს, ამდენნანახ და ამდენგანცდილ ადამიანს შემორჩა.
და, რა კარგია, როცა ეს ფიქრი და ხსოვნა პოეზიად გარდაიცვლება ხოლმე. Uუფრო სწორედ, ჯერ ვიღაცაში ბლომად დაგროვდება, მის ბედს და იერს ფერს შეუცვლის, ყველა სხვა საფიქრალ-საზრუნავზე მეტად მიეცემა და, პოეზიად აქცევს.
მერე, კითხულობ მას და, იხსენებ.. გიკვირს და იხსენებ.
ნატა ვარადა ჩემთვის ამ უხსოვარი ფიქრის პოეტია.
ხანდახან ძნელიცაა, გაიხსსენო, საიდან მოდიან მისი ეს შორეული, უცხო, პირველქმნილი მზით სავსე ხატები.
რამდენიმე ხნის წინ მისი ერთი ლექსი “კათაკმეველთა” წავიკითხე. ნატას პოეზიაზე სასაუბროდ უფრო დიდი ენერგია და შინაგანი მზაობა მჭირდება, თუმცა, ამ ლექსმა ამ ისედაც გემრიელი ფიქრების საღერღელი უფრო ამიშალა და, სევდიანი სიხარულიც მომგვარა.
სევდიანი იმიტომ, რომ სიშორის განცდას ყოველთვის ახლავს მსუბუქი, უთქმელი ნაღველი. მონატრებასავითაა, ოღონდ ისეთი რამის მონატრებასავით, რომელიც ალბათ არც არასდროს გადაგხდენია, მაგრამ ყოველთვის შენში ცხოვრობდა..
სიხარული კი იმიტომ, რომ დღეს, ჩემს გვერდით, ამ ქალაქში, ამ ენაში, ცხოვრობს პოეტი, რომელიც იხსენებს და წერს, და ხანდახან ისე ღრმაა ეს დაწერილი, ისეთი ძველი და სიძველით გამუდმივებული..
“კათაკმეველთა” ნახატივით ლექსია. სამი შენაკადი აქვს, სამი ქალის ისტორია: სოჰრაია, ლია და ესთერი. სახელებიდანაც ცხადია – საქმე ბიბლიურ ამბებთან გვაქვს. Lლექსს ცოტა ზემოდან რომ დახედო, ასეც კი შეგიძლია დაინახო: სამი ქალი, როგორც სამი მდინარე: ტიგროსი, ნილოსი და ევფრატი. მით უფრო, რომ პოეზიაში, ანუ სამყაროს პირველსაწყის სუნთქვაში, ვინ გაყო ერთმანეთისგან ქალის და მდინარის სულები, ვინ დაანაწევრა!
მიედინებან, მიაგრიალებენ ყოველი ქალისთვის ნაცნობ ტკივილებს, ვნებებს, სიკვდილს და თავგანწირულ სიყვარულს. “კათაკმეველთა” მკაფიოდ მდედრული საწყისის ლექსია, აქ ქალს “კაცში” ანუ ადამის ძეში ვერ განაზოგადებ. აქ ქალი ინდივიდუალური სტიქიაა, მარტოსული მოვლენაა, რომელმაც ნახა, ივნო და შეიყვარა. რომელმაც თავისი აქტიური მედინობით სიცოცხლე დღემდე მოიტანა.
აი, სოჰრაია: “უკანასკნელ წამსაც, როცა განვეშორე სულით სხეულს –
არას ვნანობ,
მართალი ვარ”.
საკუთარ სიმართლეში არიან დარწმუნებულნი ლიაც და ესთერიც. მიუხედავად შეცოდებებისა, ვნებებისა, თვითმკვლელობისა, ღალატისა – ისინი მართლები არიან უზენაესი ღმერთის – სიყვარულის წინაშე.
ვინ არის სოჰრაია? – მოღალატე, დედობაწართმეული ქალი, რომელმაც შვილებთან ერთად მდინარეს მისცა თავი; ლია – ელამი და ხელმრუდე, რაქელის მოსამსახურე და ათასი მავნებლობით სავსე, თუმცა – ნაყოფიერი. რაქელის ბერწობის გამომსყიდველი.
“რაქელს მართლაც უნაკლოს და შნოიანს
არ ეყოლა შვილი მასთან არც ერთი,
მე კი, ასე ელამიდა ხელმრუდე,
იოსების ბავშვებს ვაჩენ ზედი ზედ.”

ლია ნამდვილი, სრულყოფილი ქალია, რომელმაც თავის პატრონს ნაყოფიერებით აჯობა. სხვას მისგან არც არაფერს მითხოვდნენ..
ესთერი კი – სილამაზით განთქმული დედოფალი, რომელმაც ეს სილამაზე თავის ხალხს, სამშობლოს შესწირა მსხვერპლად. Dდიდია მისი შინაგანი ტრაგიზმი:

ბედუინები შემოდიან ობიანი უდაბნოს სუნით,
აქოთებული აქლემის ბეწვით, ავსებული ხალთა-კალთებით,
ჩვენ ვეძლევით მათ ნამზეურ ვნებას,
ისინი
გვსვამენ - მწყურვალებივით ეწაფებიან,
ჩვენი მიმჭკნარი მკერდის სიცივეს
და ჩვენც გვავსებენ, თავიაანთი ბერწი თესლით,
როგორც ქარში უნაყოფონი - გაიბნევიან.

უსიყვარულოდ ათას მამრს უნდა გაეყოს, რათა ერთი, ყველაზე ძვირფასი სარეცელი – სამშობლო, შებილწვას გადაარჩინოს..
სამივე ქალის ტკივილი მარადიულია. მთლიანად ლექსიც ისეთ დინამიურ რიტმშია დაწრილი, ისეთი ჯავრითაა ამოთქმული, რომ მკაფიოდ გრძნობ: პოეტიც ამ ტკივილების მემკვიდრეა. Eეს ქალები ჩვენი თანამედროვენი არიან. უბრალოდ, ხანდახან ტკივილებს აი ასე, ლექსებით ვაყუჩებთ.
“კათაკმეველი” მოუნათლავს ნიშნავს და, როცა ლექსის სათაურზე ვფიქრობდი, მენიშნა, რომ სამივე ქალის ისტორია ქრისტეშობამდე, ძველი აღთქმის წიაღში ვითარდება. ქრისტე კი, ის სამანია, რომლის აქეთაც ნათლობა, ანუ სულიწმიდის მადლს ზიარება, უპირველესი აქტია ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. ძველი აღთქმა მთლიანად კათაკმეველთა “საცხოვრისია”. სულიწმინდა კი, ის ერთი დიდი სულია, რომელზეც თავშივე ვამბობდი – პირველქმნილი სამყაროს საგნებსა და მოვლენებს შორის განფენილი, კაცსა და მთას, წყალსა და მიწას შორის მოარული. ალბათ სწორედ ამიტომაა, ამ ქალებშიც ბიბლიური მდინარეების სული რომ დგას, მათი განფენა კი, სამყაროს ოთხივე კიდეში, ქალური საწყისის აქტივობაზე მეტყველებს. სიცოცხლე მიაქვს, სიცოცხლეს მიედინება.
სამი შენაკადი და ოთხი კიდე. ისე, ამ ხატებში სამ-ოთხეც გაილანდა.. უფრო სწორედ, დიდი ადამანური ოცნება სამოთხეზე..
ნატა ვარადას ლექსის სამი პერსონაჟიც, “მოუნათლავი” დროის შვილები არიან, ოღონდ რწმენა და სიყვარული აქვთ ისეთი მძლავრი, ისეთი თავგანწირვაც შეუძლიათ, როგორც ეს ნამდვილ მორწმუნეებს შეჰფერის.
ნატას პოეზიაც ამ ენერგიის მატარებელია – რწმენა და სიყვარული, თავგანწირვა, თვითდაკვირვება. ეს ყველაფერი კი უცხო, უფრო სწორედ, უხსოვარ სივრცეში გამოხატული და ადამიანური განცდების სიღრმიდან დაძრული.
მთავარი მაინც ის არის, რომ მთლიანობა აღდგენილია. კაცსა და სამყაროს, ანუ, ადამიანსა და ღმერთს შორის მთლიანობა.
ეს კი უკვე პოეზიის გამარჯვებას ნიშნავს.

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო