პოეზიის კუნძულის სამი ქალთევზის მემკვიდრეობა

კადრი მესამე. შორი პლანი ნელ-ნელა ახლოვდება
თავი დაიხრჩო სიმხიარულემ – გრძელდება და ძლიერდება, როგორც მდინარე. ხომ იცი ვგავარ ველურ წარმართებს - მიმართავს საყვარელს მარიჯანი. აქ კი კვლავ შემოდის ნინო თარიშვილი, რომელმაც უკიდურესად გარიყულობისა და პაოლოს მიტოვების გამო სულიერად მან თავი მოიკლა. ის დემონს უხმობს, რათა სიმარტოვე დაძლიოს, თუნდაც დემონთა ალერსში გაატაროს წუთი სოფელი, ოღონდაც არ იყოს მარტო. ლექსში „არავინ მოდის, რომელიც პოეტმა 1922 წელს დაწერა, არის ასეთი მონაკვეთი:
ნიავი არხევს ბუჩქებში იებს,
ხელს ვერ შემახებს ვერვინ ამქვეყნად,
მთვარე იფარებს ვერცხლის არშიებს,
სიკვდილის ჩონჩხზე უნდა დავემყნა – დამეთანხმეთ რომ ეს უკვე გადაწყვეტილებაა.
სულით ხორცამდე შემზარავი სტრიქონებია. წარმართულ რიტუალებში მონაწილე, სისასტიკითა და წარმოუდგენელი სიველურით აღვსილი, მსხვერპლშეწირვის და სისხლს მოწყურებული თემური წყობილების რასის, რიტმული მუსიკისა და სარიტუალო ჰანგების გონგადასული პრიმატების სახეებია ჩემთვის.
ინდივიდუალურობას, განყენებულობას ყოველთვის ასე უსწორდება ბრბო.
განწირულობა, იფიგენიას მსგავსად, სამსხვერპლო ქვაზე გართხმული პოეტის, სასოწარკვეთილი სახე და ხმაა და ფანტასმაგორიამდე მისული.
მარიჯანი - ალბათ ახერხებდა, გათხოვილი ქალის სტატუსით დაეშოშმინებინა გარშემო მყოფნი, უმკაცრესი მოვალეობების (ოჯახი) შესრულების მოთხოვნისას და შინაგანი თავისუფლებისთვის მიეცა გეზი. ნინო თარიშვილის თავისუფლება კი ჩანასახშივე ჩაკლულ იქნა. აქ არ შეიძლება არ გაგახსენდეს, ფალესტრას - მოცეკვავე მთიელი ქალწულის შმაგი სახე, რომელიც სიცოცხლის წყურვილით დაიპყრობს „ველურ” ევროპას, თუმცა ბოლოს, მას თავისი მთის ჭაუხთა სიყვარული ფესვებს მოგლეჯილ დეკასავით გამოახმობს.
ნინო თარიშვილის ლექსში „იმის ხელებს“, „ჩემს ტოლებს“, - ეროტიული პლანი წინ არის წამოწეული. მიუხედავად ნოვაციისა და წარმოუდგენელი სითამამისა, მისი პოეტური ენა არის ქართული, შემიძლია ვთქვა, ძველქართული, ძარღვიანი. რაც მთავარია, ამ თავგადადებამ შემოგვმატა უფაქიზესი, ვნებიანი და გულწრფელი პოეზია.
კადრი მეოთხე: შენელებული კადრები
მარიჯანის ლექსი კალაპოტს იცვლის, როგორც გვალვის დროს ამომშრალი და მიწაში მიკარგული მდინარე. წარსულში მოგზაურობა, ველური წარმართი სიყვარულის მსხვერპლად შეწირვა, იქნებ ამორძალური გრძნობა და თავგაწირვა ქალისა, რომელიც ვნებით არის აღვსილი, დროის შეწირვასაც მოითხოვს. ქალწულ მადონებისთვის წყალმორეული ცქერა, გამოხედვა მისი – მშვიდი, მშიერი, მკაცრი და მწველი – მკითხველში აღძრავს სევდიან მოგონებებს და აქ, სიყვარულის მარადიულ, უცნაურ ტკბილ ტკივილთან ფრთხილი, კატასავით მოქნილი ნაბიჯებით მივყავართ ავტორს. – მოკლდება ხელი გაწვდილი შენსკენ.
მელოდი, მაგრამ ვერ მოვედიო.
იყო ღამე და მთვარე, როგორც რევოლვერი,
როგორც შეყვარება ტიციანის ხელებზე.
სიზმარში მაკოცებს ვამპირი,
(ნ. თარიშვილი (ალერსი მინდა ფეხშიშველა) – დედის კულტის მსხვრევის ხმაა. ქალი, საყვარელი გამოდის წინა პლანზე და არა ქალი – დედა, ქალი - ოჯახის დედა-ბოძი და სხვ. გოიმური, მეტად ჩამორჩენილი კოლექტიური აზროვნების ნიმუშები.
დინების საწინააღმდეგო ცურვა
ეს ფრთიანი თქმა თუ გამოთქმა – დინების საწინააღმდეგო ცურვა – ქართველი პოეტების, ახალგაზრდა ქალ-პოეტების შემოქმედებაში წარმოუდგენელი წარმატების მომტანია, თუმცა ამასთან ერთად, პირადი ცხოვრებისა და ალუზიების პუბლიკის წინ სარეცხივით გამოფენა, დალეწვისა და ხშირად სიცოცხლის პინაზე შემოდების ტოლფასიცაა.
ნ. თარიშვილის პოეზია, ვნებით, მუხტით, არსით ეროტიზმით არის თავიდან ბოლომდე გაჟღენთილი. ყველა სტრიქონი და სიტყვა, გულწრფელობის დაღს ატარებს. როგორც ჩანს, 20-იანი წლების თბილისი, ჯერ კიდევ წართმეული ფეოდალური წყობილების აგონიურ სულიერ მდგომარეობაშია. ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა, რუსულ ჩინ-მედლებზე იცვლება და ხურდავდება. მაიკო ორბელიანის სიქალწულე რუსეთის მეფის ერთ „ჩამოსტროინებაზე” უკვე გადაცვლილია. ქაქუცას გმირობები მზადდება, ერთმანეთშია აღრეული აღმოსავლური და ევროპიული სულის კვეთებები და ვერ მიმღებლობა ღია ეროტიზმისა, საბოლოოდ, ახალგაზრდა პოეტის, კუნძულის ქალთევზის ქანდაკად ქცევის მიზეზი ხდება.
როგორ მთავრდება მარიჯანის ლექსი?!
კულმინაცია: გარდასული ურთიერთლტოლვის გახსენების მიუხედავად შეხვედრა არის უნიათო. – დღეს კი ერთად ვართ მზის დავალებით,
და ვიტანჯები რომ მომანათებ
ნაცემი ძაღლის მუნჯი თვალებით – ნახეთ, აქ, ქალის როგორი იდუმალი ძალა გამოსჭვივის. მორჩილი, შინაურ ძაღლის, თანაც ნაცემის თვალებით ამოხედვა, ყველაფრის მთქმელია, თუნდაც ეს ძველი საყვარლის თვალები იყოს. ნინო თარიშვილთან ფინალი მიუხედავად სასოწარკვეთილი ხმისა, ყოველთვის ამოუხსნელად მისტიურია. სიცოცხლისადმი უცნაური ლტოლვა თარიშვილის პოეზიის თანმდევი ხაზია, თუნდაც ალუზიური სამყაროს გამომსახველობაში. ნაწარმოები „იმის ხელებს – ნახეთ და გაოცდით, რა უცნაურად ფინალდება იგი:
ატყდება ქარი საოცარი იდუმალებით,
ტყეს მწვანე წარბებს ჩამოართმევს, ტყეს გაახელებს.
მე გაბრაზებულ მზის აჩრდილებს დავემალები
და ფოთლებშუა დავინახავ თოვლივით ხელებს.
ცისფერი, ვარდისფერი, თეთრი ფერებით გამოქსოვილ სიყვარულის, ატმის ნელ-სურნელებით, მარადიული, ულამაზესი სული აგრძელებს სიცოცხლეს.
ასევე, მე მახსენდება ძალზედ უცნაური სტრიქონები ლექსიდან „ტყვე”. `შენს წინაშე ვარ მწარე სიუხვით, სხეულთა შეტკბობის უიმედო სიშორით – ეს ეროტიზმი, ქართველი პოეტის ესმა ონიანის განუმეორებელი, ინდივიდუალური პოეზიიდან მოდის, მოედინება.
ესმა ონიანი თბილისში დაიბადა 1938 წლის 20 ივლისს. ის სწავლობს სამხატვრო აკადემიაში. 1978 წელს პირველი ლექსების კრებულის განხილვა ეწყობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ესმა ონიანის მეწამული ფერის პოეზია, ასევე უსწრებს დროს. იგი საზოგადოებისთვის როგორც, ნებისმიერი სიახლე საშიშია და იძულებულია ე.წ. „განათლებული საზოგადოება ესმა ონიანის პოეზიას დაემალოს.
წარმოუდგენელ გრძნობათა სიშიშვლე, ვნებების ზედაპირზე ამოტივტივება, მთელი თავისი თანმდევი ტკივილით, რწმენით, სიცხადით – ეს ესმა ონიანის, ველასკესური ულამაზესი, ღრმა და მისტიური და ბოლომდე ამოუხსნელი პოეტური ნატურაა.
-ჩემი ფირების მარწუხებში მყავხარ მომწყვდეული
თავის მიდრეკას არ გაცლი – ვის მიმართავს პოეტი ესმა ონიანი, თუ არა მარადიულ მეტრფეს.
ჩემი აზრით, ქრისტიანულ რელიგიაში მკვეთრით აღდგომის სასწაულს ჰგავს პოეტური კუნძულის ქალთევზების სულისმიერი განწყობილებაც. სიყვარულის (იესოს) ჰიმნების სიტყვიერი და მუსიკალური მელოდიურობით შთამბეჭდავობის მონაწილენი ვხდებით. თუმცა კი ფესვები, განსაკუთრებულად, მიწაზე ამოზრდილი ფესვების დანახვისას, მივყავართ შორეულ წარმართულ ქართველურ ტომების სამყაროსკენ - სერაფიმას შეძრული სილამაზისკენ, მედეას საბედისწერო დედობისკენ, დალის სულკალმახთან ერთი ღამით მომხდარი გამიჯნურების ისტორიისკენ, დევების ცოლების და დედა-დედაბრების აგონიურ თავგადასავლებისკენ, ყამარის ოქროს ტახტის მიტოვების გამო, ქმრის გვერდით დგომის გამო, ბოზ დიაცად მოხსენიებისკენ და ასევე უცნაური, ვანის ნაქალაქევის ქალღმერთთა ფრთოსანი ქანდაკებების სამყაროში.
ესმა ონიანი სვანური თქმულებაა. მისი მწველი სხეულის მზე, ფერები, რომლებიც სიტყვებად ეწყობიან და შემოდიან ჩვენში, „ეს მე ვარ ესმა, ნუთუ მე ვარ, ისევ მოვედი – მდედრი ძალის დემონსტრაციაა.
ამირანის სისხლ-ხორცის, სულკალმახის - მონადირეთა შორის უხუცესის და მონადირეთა ქალღმერთის ოქროსთმიანი დალის ბალადა პოემაში - „დალი კლდეში მშობიარობს - პოეტ ესმა ონიანის ისეთივე მნიშვნელობის ლიტერატურული ძეგლია, როგორც, სხვა განზოგადოებული მოვლენა, არა კუთვნილი ერთ სახელისა, არამედ ერისა.
სისასტიკით ამართული ცხოვრებისეული რეალობა, მითოსური პლანით გახსნილი ყველა სასიცოცხლო არტერია, როგორც სიყვარულის მორევში თავით გადაშვებული ერთარსებად ქცეული წყვილი, დალის სიმძაფრე და თავის გაწირვის ხელოვნება – აი, ის რაც გუგუნებს სვანური ლილესავით ესმა ონიანის პოემაში.. სისხლის ნაკადად მოედინება და მეწამულ ფერად რჩება კიდეც. მოარღვევს ის, აღმოსავლურ დოგმატს – ქალი, მთელი თავისი წარმართული ძალით და მაგიური, ქურუმის მნიშვნელობით ამორძალური სულისკვეთებით წარსდგება, აღმოცენდება სიტყვაში. გარდაისახება სიტყვად, ემოციად, გრძნობად, თითქოს მარიჯანის გაბედულება, ნინო თარიშვილის გზნებით და სინაზით გადმოღვრილი შინაგანი ეროტიული სტიქია ერთიანდება.
– წაგიღებს სიცხე და ბურანი
ჩემი სხეულის მდინარე – მართალია მონადირე მეფისა და დალის, ნადირთა დედოფლის ძალას, რომელიც „ცხრა ჯიხვს მოიმადლის შემდგარს ვერ ვუწოდებთ, რადგან სიყვარულის სანაცვლოდ,
ერთი ღამის ტრფობას გაჩუქებ, ჩემს საწოლს გაგიყოფ,
გინდა?! მათრობელ სურნელით ღამე იელისფრად მოგევლინო,
შეუბოჭავი ალერსით, ჩურჩულით და სუნთქვით დაგიპყრო?!
მოწყდები ყველაფერს თავდავიწყებით, არას ინანებ,
... /გინდა, მონადირევ, მოხდენილო,
ერთი ღამის თრობად მოგევლინო\"...
..მაგრამ ბედმა ხელუკრავი შემთხვევა აღირსა -
მოხვეჭისა და დიდებისა და პატივისა და ამისა,..
დიდებას და პატივს აირჩევს, საბედისწერო ნაბიჯს გადადგამს და თავისავე დაგებულ ხაფანგში თავადვე გაებმება. არჩევანი დაამარცხებს სულკალმახს.
„გდია მონადირე, შუბლმოშლილი,
ყველაფერი შიგ ნაშობ-ნამალავი უკუნეთში მიაქვს” – მაგრამ „რძეო, ჩამიდექ, ქვიშავ, მერიდე".- დალი მემკვიდრეს, ღმერთების სადარს შობს.
თუ მარიჯანის პოეტური ფინალური ფიასკო, ნინო თარიშვილის მისტიურ-ალუზიური განზომილებაში გადატანილი სიცოცხლე სულს გვიმწუხრებს, ესმა ონიანი საოცარ მზის დუღილსა და სიქაფქაფეში, მემკვიდრის დაბადებით იმედს შობს. იბადება ახალი ერა, სამყარო, კუნძული ქართულ პოეზიაში. გულწრფელობის, ღიაობის და თითქოს წარმართული სილუეტებიდან - უიმედო, ჯოჯოხეთური წყვდიადიდან ჩნდება სხივი – ყრმა-მემკვიდრე, რომელიც ქრისტე-ღმერთის ნათლულია და ღმერთების სა-დარია. რწმენის მარადიულობის, სიკეთის გადარჩენის მანიშნებელია.
გაგრძელება იქნება
დიდი ხანია მამაჩემის სახლისკენ აღარ მიქნია პირი. aმ წერილის დასრულება კი ივლისის ბოლოს, ლაბირინთივით მრავასართულიან და დიდოთახებიან სახლში მოვახერხე. აღარაფერი შემორჩენოდა სახლს აკრძალული და მიუწვდომელი. ტაბუ ახსნილი დამხვდა ყველა დაგმანული ღრიჭო და კუნჭული. სულმა წამძლია და ბავშვობის სურვილები ავისრულე. ავწიე ძველი, აბლაბუდით გადათეთრებული ჩემოდნები და ჩამეღიმა: შხამის, შაბის, დამდნარი ცვილის თუ ტყვიის ნაცვლად, სხვა ყველაფერი დამხვდა, ოღონდ, სწორედ ისეთი რამ, რასაც, თქვენ ვერ რას დროს გამოიცნობთ.
სინოპსისი: ლურსმნები.
ესმა ონიანი
შუმერთა ლოცვა აბზუსადმი*
აბზუ,ნუ მოხვალ! ფისისფერი თვალი გვაშორე!
სადაც ხარ,იყავი!
ბებერ მეფესავით ბარდებში იბოდიალე
გასიპულ ფლასტებით.
ფშუტეთვალებიან კვერთხ-გვირგვინს ჩამქრალ ოქროსას ატარებ.
აბზუ,შენთან წამოსულნი დაითვალე
ნელ-ნელა,არ იჩქარო;
მზერა მოანაცვლე,
სუყველა გაიხსენე სათითაოდ:
მოხუცების თეთრი ხუხულები,
წვერებით, წაქისფერებით,
აბზუ,კაცები,შეწყვეტილნი ,ძალადაულევი,
ბებერი ქალები ფქვილიან თვალებით,
აბზუ,ბავშვები მობარბაცე,
აბზუ,რძესავსე დედები,
ძუძუ სამუდამო შედედებით,
აბზუ, თოთო-ფრცქვნილი ქალწულები
სარეცელს მიჯაჭვიან ეკლიანს,
აბზუ,ჭაბუკები თმების მზიანი ხვრელებით,
ვნებადაუმცხრალი გახელებით,
ყველას შეხედე -
კაჟისფერ მზეში კრიჭა შეკვრიათ!
აბზუ,ნუ მოხვალ,
ჯერ შენთან წამოსულნი დაითვალე სათითაოდ,
ნელა დაითვალე,
არ იჩქარო!
- - - - - - - - - - - --
აბზუ - სიკვდილის ღმერთი შუმერულ მითოლოგიაში
Comments
Post a Comment