ჭალას
რამდენ რამეს ინახავს ჭალა,
ჭალა ზამთრისა.
რამდენ შეხვედრას, რამდენ ჩუმ ტირილს.
რამდენი კაცის გზაში დარჩენას.
ეს ხეებიც, ფითრის, შავ დარდის,
უნდო სახლებით გადავსებულნი,
ხომ მაინც დგანან,
სხვა მოგონების ერთგულ დარაჯად?!
კენწეროებში ჩახიდვიათ მწვანეთვალება,
მოქვითქვითე გამლღვალ ყინულად.
მთვარე ძველი და მთვარე ახალი,
დღენაკლული და მუცელგავსილი,
ჭალაში დადის ერთი ცალი –
აგროვებს შეშლილ მარტო სულებს და
ალიონს გათქვეფილ მზედ ზეცას აბარებს.
გზა აგრევია,
ამ ჭალაში წინაპარო,
განა ღმერთი შემოგკვდომია?
აბა, ასეთი რა არცოდვისთვის,
ვისჯები განა?!
ან ბილიკ-ბილიკ,
ხან ხეებ-ხეებ,
მოიძურწება, თავის დროს ელის.
წლევანდელი. სამი ყმაწვილის გულისპირად.
ტბას დაემჩნევა.
გაზაფხულია პირშეწმენდილი.
ტყიდან ჩამოკრეფილ პირველ
ყოჩივარდებს
ჩამოყვებიან ბავშვის თვალებით.
ჩვენ ხურდებად გამოვისყიდით.
იესო. შენაც, ჯვარნაცვამი.
იქ, ტბის ნაპირას მდგახარ ხალხში.
თვალიდან თვალში ცრემლგადარგული.
ხევებიც ნისლებჩაყლაპულნი,
გამშრალტბის ხახა დაფჩენილი.
იესო. შენაც,
ჩუმი,
ჩუმი.
მზის ამოსვლისას, ამ ჭალაში, მეც გავერიე
მონატრებად, მოგონებები ყვავებისთვის,
ნარჩენი კაჭკაჭს.
გორაკს მგელი ჰყავს.
ის თუ ყმუის, ჩემსას დაყმუის.
ხელისგულიდან ცვარნამივით
გულისგულში გადანახული – სიმწვანისთვის
ამბად ვაშვილე.
ჭალას ჰქონდეს.
ჭალა დიდია, ინახავს ადგილს.
რომ უშენობას ფეხდაფეხ ვსდიე,
ვემუდარე,
ნუ მიმატოვებ _ ზამთრის ჭალაში,
ზამთრის ჭალაში, ნუ მიმატოვებ.
ასე გიამბობს მუნჯი ჭალა, ჭალა ზამთრისა:
უფალო,
როცა მათ ლოცვით ისმენ,
მეც გამიხსენე.
2008 წ.
18.02.
Comments
Post a Comment