ტვიფრი


ნინო სადღობელაშვილს „თავშესაფარს“.


მცხეთაში, სამეფო ბაღის მცველის სახლში 9 თვიანი ცხოვრების შემდეგ წმ. ნინო გავიდა ქალაქის ზღუდის გარეთ და დაბინავდა ერთ მაყვლის ეკალ–ბარდით შებურულ ადგილას. იქ შექმნა მან ვაზის ნასხლევისაგან ჯვრის გამოსახულება და ფარულად ლოცულობდა სამი წელი და ახდენდა მრავალ კურნებას (დღეს სწორედ იმ მაყვლოვანის ადგილას არის ზემო ეკლესიის, ანუ სამთავროს საკურთხეველი). ამ ხნის განმავლობაში, სასწაულებრივი კურნების ძალის წყალობით, წმინდანმა დაიმოწაფა შვიდი ქალი, რომელთა შორის იყო სიდონიაც, აბიათარ მღვდლის ასული.

მასწავენ მე, თუ ვითარ ვმსახურებდე მას სარწმუნოებითა და სიყუარულითა და ღმრთისმოსაობითა პატივსგცემდე შენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისა დედაო, უფროსადკურთხეულო მარია! შენთა წმიდათა ლოცუათა შევვედრებთ თავსა ჩემსა ვიდრე აღსასრულადმდე ცხოვრებისა ჩემისასა. ამინ.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი „შეუწველი მაყვალი“



შემოდგომაზე, უჟმური და მოჟამული დღეების, კვირეების და თვეების განმავლობაში, მუხლუხიანი ტრაქტორით ბინდში ბრუნდებოდა ხმაურით და მიწაზე კბილანების კვალს ტოვებდა. კიდევ, მიწის და მიწაში აგლესილი ბალახების ბოლქვების, გაჭყლეტილი ჭიაყელების სუნს. ჩაივლიდა რახრახით და სუნიც ეფინებოდა სახლებს და მიწურებს.



მინდვრიდან რკინის ჯართს აკრულნი, ახლა, სოფელში შემოღწეული ალქაჯებისა და დემონების ხმებთან ერთად, მთელი შუადღე რომ ერკინებოდნენ სამკაპა ჯოხებით და რქენდნენ პაწია რქენუკებით, ამ ათხრილ ასფალტს კევასავით ეწებებოდნენ, მაგრამ ჩამავალი მზის სინათლესავით ისინიც იკარგებოდნენ დასალიერზე.

მიწურში კიდევ ხუთი ბავშვი ეზრდებოდათ, ამ უფროსის გარდა. მიწაზე ამოზრდილ ოთხ კედელში მუდმივად ჩვრების ფარდები ფრიალებდნენ, ქარსაც ამათი ეზო-კარიდან სუნი სულ ჩვილებისა მოჰქონდა. ან წყალში ჩამბალი საფენების, ჭუჭყიანი ჩვრებისა და შიმშილისა.

მინდვრებისა და სახნავ-სათესი მიწების ბოლოს, ცოტას კიდევ თუ ჩაივლიდი გზას, მდინარის ჭალაც იქვე ღაღანებდა, დაშლიგინობდა ბუერა მცენარეებში პატარ-პატარა ძუძუმწოვარა ცხოველების ოჯახობა.



სკოლაში დამლაგებელ ზინას შავტუხა გოგომ, კლასელებში რომ იდგა ერთ დილას და რაღაც რომ ეთქვა და ჩუმად რომ არ მდგარიყო - „საღამოობით მაგათი პატარა დები ეგრევე კიდიან ცოცხალ თხას და თბილ-თბილ რძეს წოვენ ჯიქნიდან“.

ეს ხმა ძალიან სწრაფად მოედო კვამლამონადენ ფიცრულ სახლებს, ელვის სისწრაფით გავრცელდა, ბევრი აალაპარაკა და ბევრმა ვერც კი დაიჯერა.



თუმცა, კიდევ მოხდა ერთი რამ, რის გამოც, საბოლოოდ ყბამოიქციეს ამათზე.



ომი რომ იყო, არადა, ხო ნამდვილად იყო და არა ერთი, მაგრამ ყველა სამოქალაქო, ყველა შინაურული ომი, არც ერთ ერთხელ მტერი არ შემოსულა და დუშმანი, ბოლოსდაბოლოს ერთმორწმუნეების ორთაბრძოლა, რა ომია?! ადგა ეს ტრაქტორისტი ვიქტორას ბიჭი, მოხალისედ წავიდა. ქედს გადაღმა წითელი ყაყაჩოების სოფლიდან მთაგრეხილების ბოლოს, ლურჯად ალივლივებულ ზღვის სამშობლოში, პირველად ნახა ზღვა და გაუკვირდა, „შენც ჩემს ქვეყანაში ყოფილხარ და ჩემი ზღვა გქვია“. მარილიანი სუნი ფილტვებში ჩაიგუბა, როცა მინდორში წავალ მიწის მოსახნავად, ბელტებს რომ ამოყრის მამაჩემის ჟანგიანი რკინის ჯართი ამოგისუნთქავ და იქ დაგთესავ“. სანაპიროზე, ტალღების ქაფში მწოლიარე ცას აკვირდებოდა და სანამ თვითმფრინავს, წითელვარსკვლავიანს შეამჩნევდა - მოასწრო წითელი ყაყაჩოების სოფლის, ცის ნებიერა თეთრი ღრუბელი. „მაინც მომაგენი“. „გარეგნობით ჩეჩენს კი ვგავარ და ამ მამაჩემის ტრაქტორის გადამკიდე კრინის ჯართის მართვას რაღა სწავლა უნდა.“. – ტანკზე დასვეს გამოცდილმა სამხედროებმა და მზვერავად გაუშვეს.

ზოგმა კი მაშინვე თქვა, ფულის გულისთვის წავიდა. „მოროდიორობდნენ სხვები და ესეც გააბრიყვეს“. არადა, მხედრული მამაცობისთვის მადლობაც კი გამოუცხადეს, ოღონდ სიკვდილის შემდეგ. ამისი მოჭრილი თავისთვის, ჩეჩნების მეთაურს ჯილდო ჰქონდა რამდენიმე ათასი დაწესებული, ნადირობა გამოაცხადეს, პირდაპირ.

შავი, მონღოლური თვალის ჭრილით და გაფშეკილი ყავისფერი თმით, შეუმჩნევლად იპარებოდა მტრის ბანაკში, ჩეჩნები ქართველად ვერ აღიქვამდნენ. „ალალი გულის ბიჭია“, მიუშვებდნენ. ტანკზე დასვეს და უხაროდა, ეს ტანკი გრუხუნით დადიოდა მიწაზე და კვალს ტოვებდა, მუხლუხო რკინის კვალს, რომელსაც აღარც მიწის და აღარც ბალახების ბოლქვების სუნი არ რჩებოდა.



ცინკის კუბო ცივი იყო. მარცხით დამთავრებულ და წაგებულ ომს ჰგავდა.

მამამისმა ის ტრაქტორი გაყიდა.

მოკრძალებული სუფრით დაასაფლავეს.

თბილისელმა ჯარისკაცმა უამბო ტანკის და ამის სიხარული, ცხვირპირაწითლებულ მამამისს.

მერე ისიც თქვეს, ცინკის კუბოში არასწორად აწერდნენ სახელებსო.

შეუჩნდა ეჭვის ჭია ვიქტორას, გაზაფხულზე აიღო ბარი და მარტო წავიდა სასაფლაოზე. ჩაუარა დიდ ნეკერჩხლებს. იცოდა ამათი ფესვების ამბავი, როგორ ხვრეტდნენ კუბოებს და გამწარებულმა მოიქნია და პირველს მეორე მიაყოლა. გაწკრიალდა რკინა კრინაზე.

„ვიცნობ. ვიცი, როგორც უნდა ვიცნო.

თავი ჰქონდა ჩემს შვილს ბავშვობაში გატეხილი. ვიცი, როგორც უნდა ვიცნო“.

და ვერ ნახა.

ამბობდნენ, მალევე კი გარდაიცვალა, შვილის ჩონჩხად ქცეული სხეულის დამნახავი, მაგრამ ამის თქმა მოასწრო: „რა მნიშვნელობა აქვს ვის ეკუთვნოდა ეს პატარა უთავო სხეული, ჯარისკაცისაა და ჩემიც არის“.



დარჩა მარტოქალად.

უნდა აეღო სიცოცხლე და ტანზე ნაოცნებარი ლამაზი კაბასავით მოერგო. საკუთარ თავს ჭიგოსავით უნდა შეყუდებოდა. დაყრდნობოდა საკუთარ გულის ხმას და ევლო დედამიწაზე, ევლო და ქვეშ არ უნდა შეწოლილიყო.

„ჩემგან, შვილი და მამაც ეყოფა“.



დილაუთენია დგებოდა, გზაზე გამოდიოდა და უგზო-უკვლოდ მიექანებოდა მდინარის ჭალისკენ. ისეთ ნაბიჯებს ადგამდა, გეგონებოდა, ბეწვის ხიდზე გადიდის და ტანს ვეღარ იმაგრებს. ჰაა და, ჰა სადაცაა, ან მარცხნივ ჩამოიქცევა და ანაც მარცხნივ.

მიქანაობდა გონებაარეული და არარსებულ ადამიანებს ელაპარაკებოდა, „დარდმა იცის ასე, დარდის გამო ვსვამ ღვინოს, აღარ მინდა ფიქრი, რომ ვფიქრობ, ასე მგონია, ვგიჟდები“.

მდინარესთან ახლოს, დიდი და ძალიან ლამაზი მაყვლის ბუჩქი იდგა. მრავალწლოვანი. დაბურული. მრავალ ჩიტბუდე გამოსხმული. ბევრ ბაჭია შეფარებული. გამოედო მაყვლის ეკალი შავ კაბაზე, თავი ვეღარ შეიმაგრა და მიწაზე მუხლებით დაემხო.

გაბრაზდა.

მერე იტირა.

მოეშვა გულზე.

„კარგი ყოფილა ცრემლები. თითქოს გეშვება გულზე, მადლივითაა“.

დაეჩვია მაყვლის ბუჩქთან ტირილს, ტიროდა და თავის ამბავსაც ყვებოდა.



გაზაფხულზე, მდინარის ნაპირზე ნარიყზე თავისით ამოზრდილმა და გახარებულმა მაყვლის ბუჩქებმა მწვანე ფერი მოიდეს. მერე ჯერ თეთრად გადაიფიფქეს და ბოლოს წითლად აბრდღვიალდნენ.

შეეჩვია მაყვლის ბუჩქებს. დაუსახლდა მაყვლოვანს, ეჭუკჭუკებოდა თავისი გულის ამბებს.

უყვებოდა ბიჭი როგორ მოუკლეს, როგორ უღმერთოდ.

ერთ დღესაც, „მაყვალს მაინც წავუღებ. მშივრები ყრიან“.

კაბის კალთა აევსო და თვითონაც ტუჩები შავი მაყვლის წვენით ჰქონდა მოთხვრილი. ტაატით მოდიოდა, როგორც იცოდა, თითქოს მოფრინავსო, კი არ მოდისო. იცინეს დებმა გულიანად. მათი სიცილის შემხედვარე ქალმა, თვითონაც სიცილი მორთო.

წამოიყვანა მერე ეს მშივრები და დასვა მაყვლის ბუჩქთან.

დაძღნენ და მერე გაკრიფეს.

წამოიღეს სოფელში და კარდაკარ ყიდეს.

უკვე პურიც ჰქონდათ, უცაბედად გაუჩნდათ.

შავად რომ გაითაფლა მაყვლის ბუჩქი.. თავიდან ფეხებამდე შავებში გამოწყობილი, უცნაური სიარულის მანერით, ქანაობით მოვიდა. ქვა აიღო და ბუჩქის ტანზე, ხელისკანკალით, ნელ-ნელა, ამოატვიფრა: „მადლობა, მ ა რ ი ა“.



Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო