თოჯინების სკივრი


წლებია ამ სახლს ვქირაობდით
მე და ჩემი ორი და
ბალკანური ზღაპრის სამი პერსონაჟი.
დედაბრების გზაზე შემდგრები,
კბილებდაცვენილები და ენაჭრელები,
მხოლოდ ივნისის ექვსში, სამზარეულოს
ხის იატაკზე შევამჩნიე, რომ
შავი ლაქები სულ არაა
მხოლოდ ჭუჭყის და მტვრის ნალექი.
სიკვდილი ქალი ეშმაა,
ხის ჩლიქებზე დგას და რქოვანს
უკან პატარა ფრთები, შავი წაზრდია და წინ კი
 პატარა ბიჭივით გოგო ჰყავს მკერდში თავჩარგული
ისე დგანან
ჯიქურ, უტიფრად და მიჯრით -
სანდალოზის სტატუეტია,
ძეგლობანაა მასზე ფეხის დადგმა,
თუ ერთი ხიჭვი ნემსის ტოლა
შესრიალდა
წამში გულში შეგიძვრება და შეშდები,
არ ამართლებს ნიჩურტი ხელზე,
და მაგ დროს მხოლოდ ის გახსოვს, როგორ აღმოაჩინე
ხუთი წლისამ მეორე სასაფლაო,
როცა ვიწრო მავთულბადეს გაუძვერი და დიდი ველი
საფლავის ქვებით დანაღმული
 შენს წინაშე გადაიშალა.
შენ გაბედე და ახლად გათიბულ ბალახებზე
გადაიარე,
 სადღაც სოროში გველი გასრიალდა,
აქ ხელის გაშვერის ეშინიათ მიცვალებულებს,
თუ შენდა უნებურად თითი გაიშვირე
სამჯერ უნდა იკბინო მერე,
უკარო სტადიონზე
სკოლის მოსწავლეები
თამაშობდნენ ფეხბურთს და მათი ბურთი
საქექაოდ გამოსული კვერცხის
მდებელი ქათამია,
თავი ფეხებზე განასკვული აქვს
და
პატარა მდინარის სიპი ქვის ქვეშ
სამი წლის გოგონა ქვითქვითებდა
ისეთი გულამომჯდარი, ღმერთოო,
თითქოს მარტო რომ დატოვეს, და არავინ ჰყავდა
ვინც ეთამაშებოდა,
მისი ხმა იყო გულდამთუთქველი
რამაც უკანვე გამომაბრუნა,
ხოლო ანგელოზები არასოდეს გეჩვენებიან,
მშობიარე ქალივით კვნესიან შუაღამისას,
როცა სახლის სახურავზე, ანტენებზე
ბუკნაჭოტები ტყიდან გამოდიან და სხდებიან
როცა კივიან ბუკნაჭოტები,
როცა იასამანი დეკემბრის ბოლოს ყვავილობს გაგიჟებული,
როცა ეზოს ძაღლი იმალება და ჩუმად ტირის.

მე ვარ უსახლკარო გოგონა.
და უკვე რამდენჯერმე დამითხოვეს სახლის მეპატრონეებმა,
სამი კარი მოიხურა ზურგს უკან.
სამოთხიდანაც გამომაძევებენ,
მამაჩემის შრომა ამაოდ დაშვრა.
ის მიძირკვავდა ამ სიჯიუტეს და მმორჩილებდა,
 მაგრამ ძალით არაფერი გამოუვიდა და ნებაზე მიმიშვა.
მაშინაც ხუთი წლის ვიყავი, სტუმრად ვიყავით,
იქ კარალიოკის ხეების ტყეში დავწანწალებდი,
ქარს დაჭერობანას ვეთამაშებოდი და ქარისმდევნელს,
მკაცრად მსჯიდა, მებუტებოდა,
მთელი გზა მანქანის უკანა სავარძელზე ვიჯექი გაშეშებული
ხმას არ მცემდა და თქვა: შენ არა ხარ ჩემი გოგო,
ჩემი გოგო სოფოა.
რომ ჩავედი, კარში მომყვა ერთი თითი და ფრჩილი წამძვრა
და მაშინ პირველად იტირა მამაჩემმა.

მე მექნება დიდი მიწის სახლი,
 მე ვიცხოვრებ იქ როგორც ფიფქია,
რომელსაც ჯუჯები დაუხოცეს მონადირეებმა
ჩემი საქმრო,
რომელიც დღე ბიჭი იყო
და ღამე სინდიოფალა,
რომელსაც კისერზე ყვითელი ბეწვი უბზინავდა,
არ არსებობდა,
და მიწიდან თუ მომკრეფენ, თორემ
ისე რაღა ამომიყვანს.

ეს ბოლო წლებია, სადაც შევდივარ, კედლებს
უჩნდებათ ლაქები, ნაღვენთები.
ფრესკების ღიმილები, ჯოჯოხეთის იდილიაა

- თუ რამე შეგიძლია, საბა გააცოცხლე!

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო