უთხარი რუსიკოს, იცოცხლოს.

(ბავშვობაში, თხილების ბაღი გვქონდა და იქ ვბოდიალობდი. ერთხელ მეზობლის ნაკვეთში,
თმაგაშლილი გოგო დავლანდე.
ხეებს ეჩურჩულებოდა. თქვეს რომ ქალაქში შეაცდინეს და გაგიჟდა. ადამიანებს აღარ ელაპარაკებოდა.
ჩემთან რამდენჯერმე მოვიდა, შუაში მავთულბადე გვყოფდა, მე ამდენჯერვე შემეშინდა და გამოვიქეცი)


დრო შეიცვალა.
ახლა არავინ თავს აღარ იკლავს,
თუ საქმრომ ქორწილამდე მიგატოვა,
ახლა ეს არ ითვლება ტრაგედიად -
ერთ ღამის შეშლილს, უთხარი, რუსიკოს,
მოეშვას მინდორ-მინდორ დარდის ფანტვას,
დაჯდეს სახლში და გამოგავოს,
გარეცხოს დედის დატოვებული
თავისი სამზითვო ბალიშები.
მატყლი მდინარეზე ჩაიტანოს,
მზეზე გაშალოს და მერე პენტოს.

ხალხმაც დაივიწყა ჩვევა,
სირცხვილია -
თითის გაშვერა შუა მოედანზე
მზერების, წყევლის ცეცხლის შემონთება, უთხარი,
რუსიკოს იცოცხლოს.

პეპლები მისი მართალი დობილები, თეთრები,
ჩიტები, მისი ბეღურები, ერთგულები,
ხეები მისი გულისნადების ნაყოფებად გამომტანები,
უნდა თვითონვე მიატოვოს,
ადამიანებს დაუბრუნეს, უთხარი,
მოდებულია სოფელს
რუსიკოს ლოყების სიწითლის ამბავი,
შუადღის მზესავით კბენს ან გაშლილიბზესავით
ქარიბორბალამ გადაიარა, უთხარი,
სიყვარულისგან გაგიჟებულ, რუსიკოს,
ახლა მიტოვება ჩვეულებრივი ამბავია,
მიატოვოს თავისი სინანული და იცოცხლოს.
სანამ იქცა ვაშლის ვარდისფერ ყვავილობად,
სანამ იქცა გულყვითელა მოლაღურად,
სანამ იქცა იასამნისფერ პეპელად,
იყოს გოგონა რუსიკოდ.

ლეგიონების ჯარი, გადავწანი,
მავთულბადე კაბასავით ამომივიდა,
ჩემი წვენით მოქსოვილი და გარს შემოვიკარ -
ელექტრობა გაშვებულია, იდი-ნოს!

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო