ეპიცენტრია

აი, ავდექი
და
ეკვატორი გადავჭერი,
გადავირბინე
 აი, გაბედული ვარ, ბერბიჭავ,
იმ მუქ ლაქებიან გაბურძგნულ კატას ვაჯობე,
აი, გავბედე ჩრდილოეთის ციალს
გადავაბიჯე.
გზაზე არ შეგვხდება ჩემი შეჭრილთმიანი კეფა,
გათავისუფლებ.
შეძლებ ჩაკიდო ხელი იმ ორს,
და სამებასავით მშვიდად იმოძრაოთ.

რა ვუყო,
დილა-საღამო მექნეს მშვიდი,
როცა მივდივარ-მოვდივარ,
გზაზე მარილის დაყრა აღარ დამჭირდეს,
ასე უკან მოხედვასაც შევძლებდი.
განა ვერ შეგასწარ მოსახვევში თვალი,
ბზის ტოტები მკლავებივით გამეზარდა,
უბრალოდ, დაველოდე,
მერძევე უფრო უკან იყო,
მართალია ვმარხულობდი,
ერთი ბოთლით ნაკლებს ზიდავდა.
ამ ბოლო დროს ისე გახდა,
ამ ბოლო დროს,
მალ-მალე დებს ორ დიდ ჩანთას
მიწასაც კი ვეღარ აცილებს, მოდის
მოათრევს და ნატეხ პურზე,
მშიერი კატების გვარი და თემი დაყვება.

არ მინდა ეს ცრუ ამბორები,
არც კარის გახურვა,
არ მინდა ტვირთმძიმე შინაბერობა,
უნდა დავანგრიო ეგ გოდოლი,
აი, ამიტომაც დავკარი ფეხი,
ეკვატორს გადავაბიჯე,
ქვევით დამშრალი წყალივით ჩაიკარგა
ხუთივე ოკეანე,
ო, ღმერთო,
როგორ გავიზარდე.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო